გაკვეთილი 28
სასაუბრო სტილი
მეგობრებთან საუბრის დროს თავს თავისუფლად ვგრძნობთ და აზრებსაც შეუზღუდავად გამოვხატავთ. ზოგს ცოცხლად და ემოციურად ლაპარაკი ახასიათებს, ზოგი კი საუბრის დროს, ჩვეულებრივ, დინჯია. ნებისმიერ შემთხვევაში, სასიამოვნოა ისეთი ლაპარაკის მოსმენა, რომელშიც ხელოვნურობა არ იგრძნობა.
უცნობთან საუბრისას კი მიუღებელია ზედმეტად თავისუფალი ან მეტისმეტად შინაურული ლაპარაკი. ბევრ ქვეყანაში მკაცრად არის განსაზღვრული, როგორ უნდა დაიწყო უცხო ადამიანთან საუბარი. პატივისცემით მიმართვის შემდეგ სასურველი იქნება, ფრთხილად გადახვიდე ნაკლებად ოფიციალურ სტილზე.
სცენაზე გამოსვლის დროსაც გმართებს სიფრთხილე. ზედმეტად თავისუფალი ლაპარაკი არ შეეფერება ქრისტიანულ შეხვედრებსა და განსახილველი თემების სერიოზულობას. ზოგ ენაში განსაკუთრებული სიტყვებით მიმართავენ ხანდაზმულებს, მასწავლებლებს, სახელმწიფო მოხელეებსა და მშობლებს (ყურადღება მიაქციე მიმართვის ფორმებს საქმეების 7:2-სა და 13:16-ში). მაშინ კი, როცა მეუღლეს ან ახლო მეგობრებს მიმართავენ, განსხვავებულ სიტყვებს იყენებენ. სცენაზე გამოსვლის დროს საჭირო არ არის ზედმეტად ოფიციალური ლაპარაკი, მაგრამ აუცილებელია, პატივისცემით ვილაპარაკოთ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლაპარაკი რამდენიმე მიზეზის გამო ჟღერს ოფიციალურად და ფორმალურად. ერთ-ერთი მიზეზი წინადადების აგებულებაა. პრობლემა მაშინ იქმნება, როდესაც სცენაზე გამოსვლისას ზუსტად იმას ვიმეორებთ, რაც ტექსტში წერია. წერისა და საუბრის დროს სხვადასხვა ენას ვიყენებთ. გამოსვლისთვის მომზადების დროს თემის გამოსაკვლევად, ბუნებრივია, პუბლიკაციებით ვსარგებლობთ. ზოგჯერ თემის მოსამზადებლად დაბეჭდილი გეგმა გვეძლევა. მაგრამ გამოსვლის დროს თუ სიტყვასიტყვით გაიმეორებ პუბლიკაციის წინადადებებს ან პირდაპირ წაიკითხავ გეგმაში მოცემულ ფრაზებს, გაგიჭირდება სასაუბრო სტილით გადმოცემა. საკუთარი სიტყვებით გამოხატე აზრები და მოერიდე რთულ და ძნელად აღსაქმელ წინადადებებს.
სასაუბრო სტილით გადმოცემა ტემპზეც არის დამოკიდებული. ლაპარაკი ოფიციალურად ჟღერს, როდესაც გამომსვლელი სიტყვებს თანაბარი შუალედებით წარმოთქვამს და ტემპს არ ცვლის. ყოველდღიური საუბრების დროს ბუნებრივად ვცვლით ტემპს და ხშირად ვაკეთებთ სხვადასხვა ხანგრძლივობის პაუზებს.
ცხადია, როდესაც მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ, სასაუბრო სტილით გადმოცემასთან ერთად, მნიშვნელოვანია ძლიერი ხმით, შემართებითა და ენთუზიაზმით ლაპარაკი, რათა მსმენელს ყურადღება არ გაეფანტოს.
ქადაგების დროს აზრების სასაუბრო სტილით გადმოცემა რომ შეძლო, ყოველდღიურად დახვეწილად უნდა იმეტყველო. ამისათვის არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლება. შეეცადე ისე ილაპარაკო, რომ პატივისცემით მოგისმინონ. დაფიქრდი, ხომ არ გჭირდება, ყოველდღიურ საუბრებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციო ქვემოთ მოყვანილ რჩევებს.
მოერიდე ისეთ მეტყველებას, რომელშიც შეიმჩნევა გრამატიკული წესების უხეში დარღვევა და არ ილაპარაკო მათ მსგავსად, ვინც ღვთის ნორმებს არაფრად აგდებს. მხედველობაში მიიღე რჩევა კოლოსელების 3:8-დან და მოერიდე უხეში და ვულგარული სიტყვების გამოყენებას. ამასთანავე, არ იფიქრო, რომ სასაუბრო ენა მიუღებელია. სასაუბრო სტილი არაოფიციალურია, მაგრამ არ ეწინააღმდეგება სალიტერატურო ენის ნორმებს.
მოერიდე სხვადასხვა აზრის ერთი და იმავე სიტყვებითა და ფრაზებით გამოხატვას. ისწავლე იმ სიტყვების გამოყენება, რომელთა მეშვეობითაც აზრებს ზუსტად გადმოსცემ.
მოერიდე ერთი და იმავე აზრის რამდენჯერმე გამეორებას. წინასწარ მოიფიქრე, რის თქმა გინდა და შემდეგ დაიწყე ლაპარაკი.
გახსოვდეს, რომ მრავალსიტყვაობის გამო შეიძლება აზრი ნათლად არ გამოჩნდეს. თუ გინდა, რომ მსმენელმა შენი ნათქვამი დაიმახსოვროს, შეეცადე, მარტივი წინადადებებით გარკვევით გამოხატო აზრი.
შენს საუბარში უნდა იგრძნობოდეს მსმენელისადმი პატივისცემა.