გაკვეთილი 30
ადამიანებისადმი ინტერესის გამოვლენა
ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარების დროს მსმენელისთვის ცოდნის მიცემაზე მეტი გვმართებს. ჭეშმარიტება მის გულამდე უნდა მივიტანოთ. ამის ერთ-ერთი შესაძლებლობა მსმენელისადმი გულწრფელი ინტერესის გამოვლენაა. ასეთი ინტერესი სხვადასხვაგვარად ვლინდება.
გაითვალისწინე მსმენელის თვალსაზრისი. პავლე მოციქული ითვალისწინებდა თავისი მსმენელების წარმომავლობასა და შეხედულებებს. მან თქვა: „იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა; კანონს დაქვემდებარებულთათვის კანონს დაქვემდებარებული გავხდი — თუმცა არა ვარ კანონს დაქვემდებარებული — რათა კანონს დაქვემდებარებულები შემეძინა; კანონის უქონელთათვის კანონის უქონელი გავხდი — თუმცა ღვთის კანონის უქონელი არა ვარ, არამედ ქრისტეს კანონს დაქვემდებარებული — რათა კანონის უქონელნი შემეძინა; სუსტებისთვის სუსტი გავხდი, რათა სუსტები შემეძინა; ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი. ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე სხვებთან ერთად“ (1 კორ. 9:20—23). ჩვენ როგორღა უნდა გავხდეთ „ყველასთვის ყველაფერი“?
თუ შესაძლებლობა მოგეცემა და ლაპარაკის დაწყებამდე მცირე ხნით მაინც დააკვირდები ადამიანს, ალბათ, გარკვეული წარმოდგენა შეგექმნება, ვინ არის და რა აინტერესებს. შეგიძლია განსაზღვრო, რა საქმიანობას ეწევა ის? რომელი რელიგიის მიმდევარია? რამე ხომ არ მეტყველებს მის ოჯახურ მდგომარეობაზე? მსგავსი დაკვირვების მიხედვით შეგიძლია შეცვალო შეთავაზება, რათა მან მეტი ინტერესით მოგისმინოს.
შენი პირველი სიტყვები უფრო საინტერესო რომ იყოს, წინასწარ უნდა მოიფიქრო, როგორ მიუდგე შენს უბანზე მცხოვრებ ხალხს. ზოგან უცხოელები ცხოვრობენ. თუ შენს უბანზეც ცხოვრობს უცხოენოვანი მოსახლეობა, რა მეთოდებია უფრო ეფექტური მათთან ქადაგებისას? ღმერთს სურს, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“, ამიტომაც შეეცადე, ისე იქადაგო სამეფოს შესახებ, რომ სიამოვნებით მოგისმინონ (1 ტიმ. 2:4).
ყურადღებით უსმინე. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ყოვლისმცოდნეა, ის უსმენს სხვებს. წინასწარმეტყველმა მიქაიამ ხილვაში ნახა, როგორ აძლევდა იეჰოვა ანგელოზებს შესაძლებლობას, გამოეთქვათ აზრი კონკრეტული საკითხის მოგვარების შესახებ. ის ერთ-ერთ ანგელოზს დაეთანხმა და ნება დართო მას, შესაბამისად მოქცეულიყო (1 მეფ. 22:19—22). როდესაც აბრაამი წუხდა იმის გამო, რომ სოდომი უნდა განადგურებულიყო, იეჰოვამ მას სულგრძელობით მოუსმინა (დაბ. 18:23—33). როგორ მივბაძოთ იეჰოვას, რათა ქადაგების დროს კარგი მსმენელები ვიყოთ?
მიეცი ადამიანს აზრის გამოთქმის საშუალება. დაუსვი სათანადო შეკითხვა და საკმარისი ხანგრძლივობის პაუზა გააკეთე, რომ გიპასუხოს. ყურადღებით მოუსმინე. ყურადღებიანი თუ იქნები, მოსაუბრე უფრო თავისუფლად ილაპარაკებს. თუ პასუხში გამოჩნდება, რა აინტერესებს მას, ტაქტიანად დაუსვი სხვა შეკითხვებიც. შეეცადე უკეთ გაიცნო ის, მაგრამ ფრთხილად იყავი, დაკითხვა არ გამოგივიდეს. შეაქე გამოთქმული აზრებისთვის, თუ ამის საფუძველი გექნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის თვალსაზრისს არ იზიარებ, თავაზიანობა გამოავლინე და აგრძნობინე, რომ აფასებ მის გულწრფელობას (კოლ. 4:6).
ადამიანებისადმი ინტერესის გამოვლენის დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ზღვარს არ გადავცდეთ. სხვებით დაინტერესება მათ პირად საქმეებში ჩარევის უფლებას როდი გვაძლევს (1 პეტ. 4:15). აგრეთვე ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელმა არასწორად არ აღიქვას ჩვენი თავაზიანობა. ინტერესის გამოვლენასთან დაკავშირებით ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ნორმებია დადგენილი და ამის თაობაზე თითოეულ ადამიანსაც კი განსხვავებული შეხედულება აქვს. ამიტომაც გამჭრიახობაა საჭირო (ლუკ. 6:31).
მომზადება გვეხმარება, რომ კარგი მსმენელები ვიყოთ. თუ გონებაში ნათლად გვექნება ჩამოყალიბებული ის, რის შესახებაც უნდა ვილაპარაკოთ სამქადაგებლო მსახურებაში, არ დავიძაბებით და ბუნებრივად შევძლებთ ყურადღებით მოსმენას. ამგვარად, სხვებიც თავისუფლად იგრძნობენ თავს და განეწყობიან ჩვენთან სასაუბროდ.
მოსმენით ადამიანებისადმი პატივისცემას ვავლენთ (რომ. 12:10); ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ მათ აზრებსა და გრძნობებს. ამის გამო, შესაძლებელია, მათ მეტი ყურადღებით მოგვისმინონ. ღვთის სიტყვა სრულიად საფუძვლიანად გვირჩევს, რომ ‘სწრაფი ვიყოთ მოსმენაში და ნელი — სიტყვაში’ (იაკ. 1:19).
დაეხმარე ადამიანებს სულიერ ზრდაში. მზრუნველობა აღგვძრავს, ვიფიქროთ მათზე, ვინც ჭეშმარიტებისადმი ინტერესს ავლენს, და კვლავაც მოვინახულოთ და გავუზიაროთ ის ბიბლიური აზრები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ მოთხოვნილებებს. განმეორებითი მონახულებისთვის მომზადებისას დაფიქრდი, რა გაიგე მათ შესახებ წინა შეხვედრების დროს. მასალა მათთვის საინტერესო თემაზე მოამზადე. ხაზი გაუსვი მის პრაქტიკულ მნიშვნელობას და დაანახვე, რატომ არის ის სასარგებლო (ეს. 48:17).
როდესაც ვინმე თავისი მდგომარეობის ან პრობლემის შესახებ გესაუბრება, ეს შემთხვევა სასიხარულო ცნობის გაზიარების განსაკუთრებულ შესაძლებლობად ჩათვალე. მიჰბაძე იესოს, რომელიც ყოველთვის მზად იყო ნუგეშის საცემად (მარ. 6:31—34). მოერიდე მაშინვე გამოსავლის ჩვენებას ან ზედაპირული რჩევის მიცემას, რადგან თუ ასე მოიქცევი, ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ არ გაინტერესებს ის, რაზეც გელაპარაკება. ნაცვლად ამისა, გულისხმიერება გამოავლინე (1 პეტ. 3:8). ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებში მოძებნე აზრები, რომლებიც რთულ მდგომარეობასთან გამკლავებაში დაეხმარება და გაუზიარე მას. ცხადია, სიყვარული და მზრუნველობა რომ გამოავლინო, არ უნდა გაამჟღავნო მისი საიდუმლო, თუ ეს აუცილებელი არ იქნება (იგავ. 25:9).
ინტერესი განსაკუთრებით მათ მიმართ უნდა გამოვავლინოთ, ვისაც ბიბლიას ვასწავლით. ილოცე და დაფიქრდი თითოეული შემსწავლელის საჭიროებებზე. შემდეგ, როცა შესწავლისთვის ემზადები, მხედველობაში გქონდეს მათი მდგომარეობა. იფიქრე, რა სჭირდებათ სულიერი ზრდისთვის. სიყვარულით დაეხმარე შემსწავლელს, გაერკვეს, რა არის ამ საკითხის შესახებ ნათქვამი ბიბლიაში და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ გამოცემულ პუბლიკაციებში (მათ. 24:45). ყოველთვის საკმარისი არ იქნება რაღაცის მხოლოდ ახსნა. ზოგჯერ დაგჭირდება, შემსწავლელს საკუთარი მაგალითით აჩვენო, როგორ უნდა გამოიყენოს ესა თუ ის პრინციპი (იოან. 13:1—15).
ზომიერება და საღი აზროვნების უნარია საჭირო, როდესაც ვინმეს იეჰოვას ნორმებთან შეთანხმებული ცხოვრების დაწყებაში ვეხმარებით. ყველა ადამიანს თავისი წარსული და შესაძლებლობები აქვს; შესაბამისად, ზოგი სწრაფად იზრდება სულიერად, ზოგი კი — ნელა. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი გონივრული უნდა იყოს (ფილ. 4:5). არავის აიძულო ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა. ამისკენ ის ღვთის სიტყვამ და წმინდა სულმა უნდა აღძრას. იეჰოვას უნდა, რომ მას ადამიანები ნებაყოფლობით ემსახურებოდნენ და არა იძულებით (ფსალმ. 110:3). როდესაც ადამიანმა პირადად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავს ნუ მოახვევ საკუთარ აზრებს. მაშინაც კი, თუ ვინმე აზრს გკითხავს, ფრთხილად იყავი, სხვის მაგივრად არაფერი გადაწყვიტო (გალ. 6:5).
დაეხმარე პრაქტიკულად. თუმცა იესო, ძირითადად, მსმენელების სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავდა, მათ სხვა მოთხოვნილებებსაც არ ივიწყებდა (მათ. 15:32). იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენი მატერიალური შესაძლებლობები შეზღუდულია, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია სხვების დასახმარებლად.
ადამიანებისადმი ინტერესი აღგვძრავს, ყურადღებიანები ვიყოთ. მაგალითად, თუ ცუდი ამინდია, ისეთ ადგილას შეაფარეთ თავი, სადაც მსმენელი თავს უფრო კომფორტულად იგრძნობდა ან სხვა დროს შეხვედრაზე შეთანხმდით. თუ მოუხერხებელ დროს მიაკითხე, მოგვიანებით მისვლა შესთავაზე. თუ მეზობელი ან სხვა ნაცნობი, რომელმაც ჭეშმარიტებისადმი ინტერესი გამოავლინა, ავად გახდა და საავადმყოფოში დააწვინეს, პატარა ბარათი გაუგზავნე ან მოინახულე. ზოგჯერ კარგი იქნება, რამით გაუმასპინძლდე ან სხვაგვარადაც გამოავლინო სიკეთე.
ბიბლიის შემსწავლელებმა, რომლებიც სულიერად იზრდებიან, შეიძლება ემოციური სიცარიელე იგრძნონ იმის გამო, რომ ნაკლებ დროს ატარებენ ძველ მეგობრებთან. შენ დაუმეგობრდი მათ. ესაუბრე როგორც ბიბლიის შესწავლების შემდეგ, ისე სხვა დროს. ურჩიე, რომ კარგი მეგობრები შეიძინონ (იგავ. 13:20). დაეხმარე მათ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაში. ერთად დასხედით შეხვედრებზე. შენც მიაქციე ყურადღება მათ ბავშვებს, რათა ყველამ შეძლოს პროგრამის უკეთესად მოსმენა.
გამოავლინე გულწრფელი ინტერესი. ინტერესის გამოვლენა უბრალოდ ურთიერთობის მეთოდი არაა, რომელსაც უნდა დაეუფლო; ის შენი ბუნების ნაწილი უნდა იყოს. ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად ვართ დაინტერესებული სხვებით. მაგალითად, ის, თუ როგორ ვუსმენთ ადამიანებს და რას ვეუბნებით. აგრეთვე, ვავლენთ თუ არა მათ მიმართ სიკეთესა და ყურადღებას. მაშინაც კი, როდესაც არაფერს ვამბობთ და ვაკეთებთ, სხვებისადმი ინტერესი ჩვენს განწყობასა და გამომეტყველებაში ჩანს. თუ გულწრფელად ვართ დაინტერესებული ადამიანებით, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება.
მთავარი მიზეზი, რის გამოც სხვებისადმი გულწრფელი ინტერესი უნდა გამოვავლინოთ, ის არის, რომ ამგვარად ჩვენს ზეციერ მამას მივბაძავთ სიყვარულსა და გულმოწყალებაში. გარდა ამისა, ასე ადამიანებს დავეხმარებით, გაიცნონ იეჰოვა და მოისმინონ სასიხარულო ცნობა, რომლის ქადაგებაც დავალებული გვაქვს. ამიტომ ქადაგების დროს ყოველთვის გახსოვდეს პრინციპი: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილ. 2:4).