თავი მეცხრამეტე
განაგრძე ღვთის სიტყვის შესახებ გაბედულად ლაპარაკი
1. ა) რა სასიხარულო ცნობას აცხადებდნენ იესოს მოწაფეები, მაგრამ როგორ რეაგირებდა ამაზე ზოგი იუდეველი? ბ) რა კითხვები იბადება ამასთან დაკავშირებით?
თითქმის 2000 წლის წინათ ღმერთმა თავისი ძე, იესო ქრისტე, მომავალ მეფედ სცხო, რომელსაც მთელ დედამიწაზე უნდა ემეფა. თუმცა იესო რელიგიური მოწინააღმდეგეების წაქეზებით სიკვდილით დასაჯეს, იეჰოვამ მკვდრეთით აღადგინა იგი. იესოს წყალობით ადამიანებს მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცათ. როდესაც იესოს მოწაფეები ამ სასიხარულო ცნობას სახალხოდ აცხადებდნენ, მათი დევნა და შევიწროება დაიწყო; ზოგ მათგანს აპატიმრებდნენ, როზგავდნენ კიდეც და იესოს შესახებ ლაპარაკსაც უკრძალავდნენ (საქმეები 4:1—3, 17; 5:17, 18, 40). როგორ მოიქცეოდნენ ისინი ამ სიტუაციაში? როგორ მოიქცეოდი თავად შენ? განაგრძობდი გაბედულად ქადაგებას?
2. ა) რა შესანიშნავი ცნობის გაცხადებაა აუცილებელი ჩვენს დღეებში? ბ) ვინ უნდა იქადაგოს სასიხარულო ცნობა?
2 ღმერთმა იესო ქრისტეს 1914 წელს ღვთის ზეციერი სამეფოს ტახტი უბოძა, რათა მას ‘თავის მტრებს შორის’ ემეფა (ფსალმუნი 109:2). ამ მოვლენის შემდეგ დედამიწაზე სატანა და მისი დემონები იქნენ გადმოყრილნი (გამოცხადება 12:1—5, 7—12). ამით დაიწყო დღევანდელი ბოროტი სისტემის უკანასკნელი დღეები. როდესაც ეს დღეები დასრულდება, ღმერთი სატანის მთელ სისტემას გაანადგურებს (დანიელი 2:44; მათე 24:21). გადარჩენილები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე, რომელიც სამოთხედ გადაიქცევა. თუ ეს სასიხარულო ცნობა შენს გულს შეეხო, სურვილი გაგიჩნდება, სხვებსაც გაუზიარო ის (მათე 24:14). მაგრამ, როგორ გამოხმაურებას უნდა მოელოდე?
3. ა) როგორ ეხმაურება ხალხი სამეფოს შესახებ ცნობას? ბ) რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
3 სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადებისას ზოგი შეიძლება დადებითად გამოეხმაუროს მას, მაგრამ უმეტესობისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ამ ცნობას (მათე 24:37—39). ზოგმა შესაძლოა დაგცინოს ან წინააღმდეგობა გაგიწიოს. იესოს გაფრთხილების თანახმად, შესაძლოა ნათესავებიც შეგეწინააღმდეგონ (ლუკა 21:16—19). შეიძლება წინააღმდეგობას სამსახურში ან სკოლაში შეხვდე. ზოგ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას მთავრობაც კი კრძალავს. თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდები, განაგრძობ ღვთის სიტყვის შესახებ გაბედულად ქადაგებას და ‘მტკიცედ იდგები რწმენაში’? (1 კორინთელთა 16:13, სსგ).
იმედს ნუ დაამყარებ საკუთარ ძალებზე
4. ა) უპირველესად, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ღვთის ერთგული მსახურები ვიყოთ? ბ) რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე დასწრება?
4 იეჰოვას ერთგული მსახურები რომ ვიყოთ, უმნიშვნელოვანესია, ჩვენი სულიერი კეთილდღეობისთვის მის მიერ შემუშავებულ ღონისძიებებზე დავამყაროთ იმედი. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა კრების შეხვედრები. საღვთო წერილი მოგვიწოდებს, რომ არ მივატოვოთ კრების შეხვედრებზე სიარული (ებრაელთა 10:23—25). ისინი, ვინც ბოლომდე დარჩნენ იეჰოვას ერთგულ მოწმეებად, ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ თანამორწმუნეებთან ერთად კრების შეხვედრებს რეგულარულად დასწრებოდნენ. ამ შეხვედრების საშუალებით ვიღრმავებთ ბიბლიურ შემეცნებას. ამავე დროს, უფრო ღრმად ვწვდებით კარგად ცნობილ სწავლებებს და უფრო კარგად ვხედავთ, რა შემთხვევაში გამოვიყენოთ ისინი; თაყვანისმცემლობაში ერთსულოვნების წყალობით უფრო ვუახლოვდებით ქრისტიან ძმებს და ვძლიერდებით ღვთის ნების შესასრულებლად. იეჰოვა თავისი სულიწმიდით კრების მეშვეობით გვხელმძღვანელობს და სწორედ ამ სულის საშუალებით იმყოფება იესო ჩვენ შორის (მათე 18:20; გამოცხადება 3:6).
5. როგორ ხერხდება შეხვედრების ჩატარება, როცა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა იკრძალება?
5 ესწრები რეგულარულად კრების ყველა შეხვედრას და იყენებ განხილულ მასალას ცხოვრებაში? ზოგჯერ, როდესაც იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა აკრძალულია, აუცილებელი ხდება შეხვედრების პატარ-პატარა ჯგუფებად ჩატარება ბინებში. შესაძლოა, შეხვედრის ადგილი და დრო შეიცვალოს, რაც ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, რადგან ზოგი შეხვედრა გვიან ღამით ტარდება. მოუხერხებლობისა და მოსალოდნელი საშიშროების მიუხედავად, ერთგული ძმები და დები მთელი გულით ცდილობენ, დაესწრონ კრების ყოველ შეხვედრას.
6. რით ვაჩვენებთ, რომ ვენდობით იეჰოვას და როგორ გვეხმარება ეს გაბედულად ქადაგების გაგრძელებაში?
6 იეჰოვასადმი ნდობას მაშინ ვავლენთ, როცა ვხვდებით, რომ მის დახმარებას ვსაჭიროებთ და არაერთხელ მივმართავთ მას გულწრფელი ლოცვით. იქცევი ამგვარად? იესო თავისი მიწიერი მსახურების პერიოდში გამუდმებით ლოცულობდა (ლუკა 3:21; 6:12, 13; 22:39—44). სიკვდილის წინა ღამეს ის მოუწოდებდა თავის მოწაფეებს: „იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში“ (მარკოზი 14:38). როდესაც სამეფოს შესახებ ცნობას გულგრილად ეხმაურებიან, შეიძლება ამან ჩვენზე იმოქმედოს და ნაკლებად აქტიური მქადაგებლები გავხდეთ. შესაძლოა, დაცინვის ან დევნის შემთხვევაში პრობლემების თავიდან ასარიდებლად ქადაგებაც კი შევწყვიტოთ. მაგრამ, თუ გულწრფელად ვთხოვთ იეჰოვას ლოცვაში, რომ თავისი სულიწმიდით დაგვეხმაროს გაბედულად ქადაგების გაგრძელებაში, შევძლებთ ამ განსაცდელების ატანას (ლუკა 11:13; ეფესელთა 6:18—20).
გაბედულად ქადაგების შემთხვევები
7 ა) რატომ არის წიგნ „საქმეებში“ ჩაწერილი შემთხვევები საინტერესო ჩვენთვის? ბ) უპასუხე ამ აბზაცის ბოლოს დასმულ კითხვებს და ყურადღება გაამახვილე, თუ რით არის სასარგებლო ეს ინფორმაცია ჩვენთვის.
7 თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან საინტერესოა წიგნ „საქმეებში“ ჩაწერილი შემთხვევები. მასში მოთხრობილია, თუ როგორ გადალახეს მოციქულებმა და პირველ საუკუნეში მცხოვრებმა სხვა მოწაფეებმა — ადამიანებმა, რომლებსაც ჩვენნაირი გრძნობები ჰქონდათ — დაბრკოლებები და როგორ დაამტკიცეს, რომ იეჰოვას გაბედული და ერთგული მოწმეები იყვნენ. მოდი განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა ქვემოთ მოცემული კითხვებისა და საღვთო წერილიდან მოყვანილი ადგილების დახმარებით. განხილვის დროს დაფიქრდი, თუ პირადად შენ როგორ შეგიძლია წაკითხულიდან სარგებლობის მიღება.
იყვნენ მოციქულები უაღრესად განათლებული ადამიანები? იყვნენ თუ არა ისინი ბუნებით გაბედული ადამიანები, რომელთათვისაც ნებისმიერ სიტუაციაში ადვილი იყო ამ თვისების გამოვლენა? (იოანე 18:17, 25—27; 20:19; საქმეები 4:13).
რამ შეაძლებინა პეტრეს გაბედულად ელაპარაკა იუდეველთა სასამართლოს წინაშე, რომელმაც მსჯავრი დასდო თვით ღვთის ძეს? (მათე 10:19, 20; საქმეები 4:8).
რას აკეთებდნენ მოციქულები კვირების განმავლობაში სინედრიონის წინაშე წარდგომამდე? (საქმეები 1:14; 2:1, 42).
როდესაც მმართველებმა მოციქულებს იესოს სახელით ქადაგება აუკრძალეს, რა უპასუხეს პეტრემ და იოანემ? (საქმეები 4:19, 20).
ვის მიმართეს მოციქულებმა დასახმარებლად გათავისუფლების შემდეგ? სთხოვდნენ ისინი ლოცვაში ღმერთს, რომ შეწყვეტილიყო მათი დევნა თუ სხვა რამეზე ლოცულობდნენ? (საქმეები 4:24—31).
როგორ დაეხმარა იეჰოვა თავის მსახურებს, როდესაც მოწინააღმდეგეები სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერებას ცდილობდნენ? (საქმეები 5:17—20).
რით ცხადყოფდნენ მოციქულები, რომ ესმოდათ თავიანთი გათავისუფლების მიზეზი? (საქმეები 5:21, 41, 42).
რის გაკეთებას განაგრძობდნენ მოწაფეები მაშინაც კი, როცა ბევრი მათგანი დევნის გამო გაიფანტა? (საქმეები 8:3, 4; 11:19—21).
8. რა გასაოცარი შედეგები მოიტანა პირველი მოწაფეების მსახურებამ და ჩვენ როგორ ჩავებით ამავე საქმიანობაში?
8 სასიხარულო ცნობის ქადაგება უშედეგო არ ყოფილა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაახლოებით 3000 მოწაფე მოინათლა. „ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი“ (საქმეები 2:41; 4:4; 5:14). დროთა განმავლობაში ღვთის ხალხის საშინელი მდევნელი ტარსუსელი სავლეც კი ქრისტიანი გახდა და გაბედულად დაიწყო ჭეშმარიტების შესახებ ქადაგება. ის მოციქულ პავლედ გახდა ცნობილი (გალატელთა 1:22—24). პირველ საუკუნეში დაწყებული საქმიანობა დღემდე არ შეწყვეტილა; ამ უკანასკნელ დღეებში ის კიდევ უფრო აქტიურად სრულდება დედამიწის ყველა კუთხეში. ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ამ საქმიანობაში; ამ მხრივ, ჩვენამდე მცხოვრები ერთგული მოწმეების მაგალითიდან ბევრის სწავლა შეგვიძლია.
9. ა) რა შესაძლებლობებს იყენებდა პავლე, რომ ექადაგა? ბ) როგორ უქადაგებ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობას?
9 რა გააკეთა პავლემ, როცა იესო ქრისტეს შესახებ სიმართლე გაიგო? „სასწრაფოდ დაიწყო... ქადაგება იესოზე, რომ ის არის ძე ღვთისა“ (საქმეები 9:20). ის მადლიერი იყო, რომ ღმერთმა მის მიმართ მადლი გამოავლინა და ხვდებოდა, რომ ყველას ესაჭიროებოდა სასიხარულო ცნობის მოსმენა, რომელიც თავად მიიღო. პავლე, როგორც ებრაელი, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, სინაგოგაში დადიოდა საქადაგებლად. ის აგრეთვე სახლებსა და ბაზრებში ესაუბრებოდა ადამიანებს. პავლე მზად იყო, სხვა ტერიტორიებზეც გადასულიყო სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად (საქმეები 17:17; 20:20; რომაელთა 15:23, 24).
10. ა) როგორ ცხადყო პავლემ თავისი ქადაგების მეთოდით, რომ გაბედულებასთან ერთად გამჭრიახობასაც ავლენდა? ბ) როგორ შეგვიძლია, მივბაძოთ პავლეს ნათესავებთან, თანამშრომლებთან ან თანაკლასელებთან ქადაგების დროს?
10 პავლე არა მარტო გაბედული, არამედ გამჭრიახიც იყო, რაც ჩვენც მოგვეთხოვება. ის იუდეველებთან იმ აღთქმებზე ამახვილებდა ყურადღებას, რომლებიც ღმერთმა მათ წინაპრებს დაუდო. ბერძნებთან კი მათთვის ცნობილ საკითხებზე საუბრობდა. ზოგჯერ პავლეს, სხვებისთვის რომ ექადაგა, საკუთარი მაგალითი მოჰყავდა, თუ როგორ გაიგო ჭეშმარიტება. მან აღნიშნა: „ყოველივე ამას ვაკეთებ სახარებისათვის, რათა მეც გავხდე მისი თანამონაწილე“ (1 კორინთელთა 9:20—23; საქმეები 22:3—21).
11. ა) როგორ იქცეოდა პავლე მოწინააღმდეგეებთან გამუდმებული დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად? ბ) რა შემთხვევებში შეგვიძლია პავლეს მიბაძვა და როგორ? გ) საიდან ვიღებთ ძალას გაბედულად ქადაგების გასაგრძელებლად?
11 წინააღმდეგობის დროს, საჭიროების შემთხვევაში, პავლე არჩევდა, გარკვეული დროით სხვა ტერიტორიაზე ექადაგა, ნაცვლად იმისა, რომ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება გამოეწვია (საქმეები 14:5—7; 18:5—7; რომაელთა 12:18). მაგრამ პავლეს არასდროს რცხვენოდა, ექადაგა სასიხარულო ცნობა (რომაელთა 1:16). თუმცა არ სიამოვნებდა, როცა მოწინააღმდეგეები შეურაცხყოფდნენ და სასტიკადაც კი ეპყრობოდნენ, ღვთისგან გაძლიერებული გაბედულად განაგრძობდა ქადაგებას. მან თქვა: „უფალი ამომიდგა მე და გამაძლიერა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულდეს ქადაგება“ (1 თესალონიკელთა 2:2; 2 ტიმოთე 4:17). ქრისტიანული კრების თავი, იესო, კვლავაც საჭირო ძალებს გვაძლევს ჩვენი დროისთვის მის მიერ ნაწინასწარმეტყველები დავალების შესასრულებლად (მარკოზი 13:10).
12. რაში ვლინდება ქრისტიანების გაბედულება და რა არის ამის საფუძველი?
12 ჩვენ ყოველგვარი საფუძველი გვაქვს იმისა, რომ გაბედულად განვაგრძოთ ღვთის სიტყვის შესახებ ლაპარაკი, როგორც ამას იესო და ღვთის სხვა ერთგული მსახურები აკეთებდნენ პირველ საუკუნეში. ეს არ ნიშნავს, რომ წინდაუხედავნი ვიყოთ ან სასიხარულო ცნობა ძალით მოვახვიოთ თავზე მათ, ვისაც არ აინტერესებს. მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ ქადაგებას ადამიანთა გულგრილობის გამო და ვერც მოწინააღმდეგეები გვაჩუმებენ. იესოს მსგავსად, ყურადღებას ვამახვილებთ ღვთის სამეფოზე, როგორც მთელი დედამიწის კანონიერ მთავრობაზე. ჩვენ სრული დაჯერებულობით ვლაპარაკობთ, რადგან იეჰოვას, სამყაროს უზენაესი ხელისუფლის, წარმომადგენლები ვართ და ცნობა, რომელსაც ვაცხადებთ, ჩვენგან კი არა, იეჰოვასგან მომდინარეობს. დაე იეჰოვასადმი სიყვარული ყოფილიყოს ჩვენთვის მთავარი აღმძვრელი ძალა მის განსადიდებლად! (ფილიპელთა 1:27, 28; 1 თესალონიკელთა 2:13).
გამეორება
• რატომ არის მნიშვნელოვანი, შეძლებისდაგვარად, ყველას გავუზიაროთ სამეფოს შესახებ ცნობა, მაგრამ როგორი გამოხმაურებაა მოსალოდნელი?
• როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ იეჰოვასთვის მსახურების შესასრულებლად საკუთარ ძალებზე არ ვამყარებთ იმედს?
• რა ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის ბიბლიის წიგნი „საქმეები“?
[სურათები 173 გვერდზე]
როგორც წარსულში, ისე დღესაც იეჰოვას მოწმეები გაბედულად ლაპარაკობენ ღვთის სიტყვის შესახებ.