ახალგაზრდებო, როგორ გამოიყენებთ ახალგაზრდობის წლებს?
„რაც შეიძლება საუკეთესოდ მინდა გავატარო ცხოვრება“, — ამბობს ერთი გოგონა. უეჭველია, შენც იგივე გსურს. მაგრამ, როგორ შეძლებ ცხოვრების „საუკეთესოდ“ გატარებას? მასმედია, თანატოლები და, შესაძლოა, მასწავლებლებიც კი გეუბნებიან, რომ გამდიდრებითა და პრესტიჟული კარიერით მიაღწევ ამას!
ბიბლია კი ახალგაზრდებს აფრთხილებს, რომ ქონების დაგროვება მხოლოდ „ქარის დევნაა“ (ეკლესიასტე 4:4). დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან ცოტა ახალგაზრდა თუ ახერხებს გამდიდრებასა და სახელის მოხვეჭას. ისინიც კი, რომლებიც ყველაფერს აღწევენ, ხშირად საშინლად იმედგაცრუებულნი რჩებიან. „სიმდიდრე ცარიელი ყუთივითაა, — ამბობს ერთი ბრიტანელი ახალგაზრდა, რომელმაც პრესტიჟული კარიერა შეიქმნა, — რომელშიც, როცა ჩაიხედავ, ვერაფერს იპოვი“. მართლაცდა, სამუშაომ შეიძლება გაგამდიდროს და სახელიც კი გაგითქვას, მაგრამ ის ვერ დააკმაყოფილებს შენს „სულიერ მოთხოვნილებას“ (მათე 5:3, აქ). გარდა ამისა, 1 იოანეს 2:17 გვაფრთხილებს, რომ „გადადის წუთისოფელი“. აქედან გამომდინარე, ამ წუთისოფელში წარმატებასაც რომ მიაღწიო, მაინც ხანმოკლე იქნება.
ეკლესიასტეს 12:1 ახალგაზრდებს მოუწოდებს: „გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში“. დიახ, ახალგაზრდობის წლებს საუკეთესოდ იეჰოვა ღმერთის მსახურებაში გაატარებ. ამისათვის კი, უპირველესად, ღვთის მსახურად გახდომის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდე. როგორ შეგიძლია ამის გაკეთება? რას მოიცავს ღვთისთვის მსახურება?
რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ იეჰოვას მოწმე გახდე?
თავდაპირველად, ღვთისადმი მსახურების სურვილი უნდა განივითარო. ეს სურვილი კი თავისთავად არ გაგიჩნდება მაშინაც კი, თუ შენი მშობლები ქრისტიანები არიან. იეჰოვასთან ურთიერობა პირადად უნდა განავითარო. „იეჰოვასთან ურთიერთობის დამყარებაში ადამიანს ლოცვა ეხმარება“, — ამბობს ერთი გოგონა (ფსალმუნი 61:9; იაკობი 4:8).
რომაელთა 12:2 კი იმ მეორე აუცილებელ ნაბიჯზე მიუთითებს: „შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“. დაეჭვებულხარ ოდესმე იმაში, რასაც გასწავლიან? თუ ასეა, მიჰყევი ბიბლიის რჩევას და „შეიცანი“ ანუ დარწმუნდი, რომ ის ჭეშმარიტებაა! პირადად გამოიკვლიე ყველაფერი. იკითხე ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა. თუმცა, ადვილი არ არის, ღვთის შესახებ შემეცნებას ჩასწვდე და გაანალიზო. გამონახე დრო, რომ წაკითხულზე დაფიქრდე, რათა ის გონებაში ჩაგებეჭდოს სამუდამოდ. სწორედ ეს გაზრდის ღვთისადმი შენს სიყვარულს (ფსალმუნი 1:2, 3).
შემდეგ ეცადე, ნასწავლი სხვებს, მაგალითად, თანასკოლელებს გაუზიარო. კარდაკარ ქადაგება კი შემდგომი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ქადაგებისას ზოგჯერ, ალბათ, თანაკლასელებსაც შეხვდები, რამაც თავდაპირველად შეიძლება აგაფორიაქოს. მაგრამ ბიბლია მოგვიწოდებს, არ ‘შეგვრცხვეს სახარების’ ქადაგება (რომაელთა 1:16). შენ ხომ სიცოცხლისა და იმედის შესახებ ავრცელებ ცნობას! რატომ უნდა გრცხვენოდეს ამის?
თუ შენი მშობლები ქრისტიანები არიან, ალბათ, მათთან ერთად სამქადაგებლო მსახურებაში უკვე ნამყოფი ხარ. მაგრამ შეგიძლია კართან წყნარად დგომასა და უბრალოდ ჟურნალის ან ტრაქტატის მიცემაზე მეტი გააკეთო? შეგიძლია ბიბლიაზე დაფუძნებით შენ თვითონ ესაუბრო მობინადრეს? თუ არა, სთხოვე დახმარება მშობლებსა და კრების მოწიფულ წევრებს. მიზნად დაისახე, რომ სასიხარულო ცნობის მოუნათლავი მაუწყებელი გახდე!
დროთა განმავლობაში კი სურვილი გაგიჩნდება, თავი მიუძღვნა ღმერთს — აღუთქვა, რომ ამიერიდან მას ემსახურები (რომაელთა 12:1). მაგრამ ღვთისადმი მიძღვნა, უბრალოდ, საიდუმლოდ შესანახი საქმე არ არის. ღმერთი მოითხოვს, რომ ყველამ საჯაროდ ‘აღიაროს გადასარჩენად’ (რომაელთა 10:10, აქ). ნათლობისას ჯერ სიტყვიერად აცხადებ შენს რწმენას, შემდეგ კი წყალში ინათლები (მათე 28:19, 20). რა თქმა უნდა, მონათვლა სერიოზული ნაბიჯია, მაგრამ უკან არ დაიხიო მხოლოდ იმის შიშით, რომ შეიძლება ყველაფერი სათანადოდ ვერ გააკეთო. თუ იეჰოვას მიენდობი, ის მოგცემს „აღმატებულ ძლიერებას“ და მტკიცედ დგომაში დაგეხმარება (2 კორინთელთა 4:7; 1 პეტრე 5:10).
მონათვლით იეჰოვას მოწმე გახდები (ესაია 43:10). ეს გავლენას იქონიებს იმაზე, თუ როგორ გამოიყენებ ახალგაზრდულ წლებს. მიძღვნა ‘საკუთარი თავის უარყოფასაც’ ნიშნავს (მათე 16:24). შეიძლება რაიმე პირადი მიზნებისა და მისწრაფებების დატოვება მოგიწიოს, რათა ‘უწინარეს ეძიო ღვთის სასუფეველი’ (მათე 6:33). მიძღვნა და მონათვლა კი სწორედ ასეთი მსახურების უამრავი შესაძლებლობებისკენ გიღებს კარს. მოდი განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
ღვთისთვის სრული დროით მსახურების შესაძლებლობები
● პიონერობა ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობაა. პიონერი მონათლული, სამაგალითო ქრისტიანია, რომელიც სასიხარულო ცნობას თვეში, სულ მცირე, 70 საათს ქადაგებს. სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის დროის გაზრდა ქადაგებისა და სწავლების ოსტატობის განვითარებაში დაგეხმარება. ბევრი პიონერი ხარობს იმით, რომ ბიბლიის შემსწავლელებს მონათლულ მოწმეებად გახდომაში ეხმარება. რომელ სამუშაოს შეეძლო ასეთი სიხარული და კმაყოფილება მოეტანა?
თავის სარჩენად ბევრი პიონერი ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. ამისათვის ზოგი სკოლაში ან მშობლებისგან სწავლობს რაიმე ხელობას. თუ შენ და შენი მშობლები ფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ დამატებითი განათლების მიღება, შეამოწმე რა აღგძრავს ამისკენ და დარწმუნდი, რომ ამას გამდიდრებისთვის კი არ აკეთებ, არამედ იმისთვის, რომ მსახურების, მათ შორის სრული დროით მსახურების, შესაძლებლობა მოგეცეს.
პიონერის ცხოვრებაში მთავარი სამუშაო კი არ არის, არამედ ქრისტიანული მსახურება — სხვებისთვის სიცოცხლის გადამრჩენი დახმარების გაწევა! იქნებ დაგესახა მიზნად პიონერად მსახურება? ხშირად პიონერობას მსახურების სხვა შესანიშნავი შესაძლებლობებიც მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, ზოგიერთი პიონერი გადადის იქ, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე უფრო დიდი მოთხოვნილებაა. სხვები სწავლობენ რომელიმე უცხო ენას და თავიანთ ტერიტორიაზე უცხო ენოვან კრებაში მსახურობენ ან სხვა ქვეყანაშიც კი გადადიან. დიახ, პიონერობას კურთხევები მოაქვს!
● მისიონერად მსახურება კიდევ ერთი შესაძლებლობაა. 1 943 წლიდან მოყოლებული „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ გამოცდილ პიონერებს მისიონერული მსახურებისთვის ამზადებს. ამ სკოლის კურსდამთავრებულებს სხვადასხვა ქვეყნებში აგზავნიან სრული დროით საქადაგებლად. ბევრ ასეთ ქვეყანაში ცხოვრების პირობები რთულია, ასე რომ, მისიონერული მსახურებისთვის კარგი ჯანმრთელობა და ამტანობაა აუცილებელი. მიუხედავად ამისა, მისიონერებს საინტერესო და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება აქვთ.
● მსახურებაში დახელოვნების სკოლა დაუქორწინებელი უხუცესებისა და თანაშემწეების მოსამზადებლად დაარსდა. ამ ინტენსიური რვა კვირიანი სწავლებისას ისინი ეცნობიან, თუ რა ევალებათ უხუცესებსა და თანაშემწეებს, სწავლობენ ორგანიზაციულ საკითხებსა და იმას, თუ როგორ გამოვიდნენ აუდიტორიის წინაშე. ზოგიერთს თავისივე ქვეყანაში ნიშნავენ, სხვებს კი მსახურების გასაგრძელებლად სხვა ქვეყნებში აგზავნიან.
● ბეთელში მსახურება იეჰოვას მოწმეთა რომელიმე ფილიალში მოხალისედ მსახურებაა. ბეთელის ზოგიერთი წევრი უშუალოდ ბიბლიური ლიტერატურის მომზადებაზე მუშაობს. სხვები ამ სამუშაოს შესრულებას უწყობენ ხელს, მაგალითად, უვლიან შენობებს და მოწყობილობას ან ბეთელის ოჯახის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნავენ. აქ თითოეული დანიშნულების მიღება დიდი პატივი და იეჰოვასთვის წმინდა მსახურებაში მონაწილეობის საშუალებაა. გარდა ამისა, ბეთელელებს ძალიან ახარებთ ისიც, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო უამრავი და-ძმისთვის არის სასარგებლო.
ზოგჯერ ბეთელში სპეციალური ხელობის მქონე ძმებს იწვევენ. უმეტეს შემთხვევაში კი ახალი ბეთელელები იქ სწავლობენ ამა თუ იმ ხელობას. ბეთელელები გამორჩენისთვის არ მსახურობენ, არამედ კმაყოფილდებიან საკვებით, ბინით და იმ მცირე თანხით, რომელიც პირადი ხარჯების დასაფარავად ეძლევათ. ერთ-ერთ ბეთელში მომსახურე ახალგაზრდა თავის მსახურებას შემდეგი სიტყვებით აღწერს: „ეს ფანტასტიურია! რეჟიმში ყოფნა ადვილი არ არის, მაგრამ აქ მსახურებისას საკუთარ თავზე უამრავი კურთხევა გამოვცადე“.
● საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობა კი ფილიალებისა და სამეფო დარბაზების მშენებლობაში მონაწილეობის მიღების საშუალებას იძლევა. საერთაშორისო პროგრამებში მონაწილე მშენებლები ქვეყნიდან ქვეყანაში გადადაინ, რათა სხვებსაც დაეხმარონ ასეთ მშენებლობებში. ესეც წმინდა მსახურების ერთ-ერთი ფორმაა, ისეთივე, როგორსაც სოლომონის ტაძრის მშენებლები ეწეოდნენ (მესამე მეფეთა 8:13—18). საერთაშორისო პროგრამაში მონაწილე მშენებლების მიმართაც ისეთსავე მზრუნველობას ავლენენ, როგორსაც ბეთელის ოჯახის წევრებისადმი. რა დიდი პატივი ხვდათ წილად ამ ძმებსა და დებს, რომ მონაწილეობენ ისეთ მსახურებაში, რომელსაც იეჰოვასთვის დიდება მოაქვს!
იეჰოვასთვის მთელი სულითა და გულით მსახურება
იეჰოვას მსახურებაში ახალგაზრდული წლების გატარებას არაფერი ჯობია. დაუფიქრდი, შეგიძლია თუ არა მიზნად დაგესახა ღვთისადმი სრული დროით მსახურების დაწყება. ესაუბრე ამის შესახებ მშობლებს, უხუცესებს და სარაიონო ზედამხედველს. თუ ბეთელი, სკოლა „გალაადი“ ან მსახურებაში დახელოვნების სკოლა გიზიდავს, დაესწარი სარაიონო და საოლქო კონგრესებზე ამ სხვადასხვა სახის მსახურებაში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარებულ შეხვედრებს.
გასაგებია, რომ ყველას არ შეუძლია სრული დროით მსახურების დაწყება. ზოგჯერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა თუ ოჯახური მოვალეობები ზღუდავენ მაუწყებელს. მიუხედავად ამისა, თითოეულმა მიძღვნილმა ქრისტიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბიბლიურ რჩევას: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (მათე 22:37). იეჰოვა მოითხოვს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რისი გაკეთების საშუალებასაც ჩვენი მდგომარეობა გვაძლევს. რა მდგომარეობაშიც უნდა იყო, დაე იეჰოვასთვის მსახურება იყოს შენს ცხოვრებაში მთავარი. დაისახე რეალური თეოკრატიული მიზნები. დიახ, „გახსოვდეს შენი გამჩენი შენს სიჭაბუკეში“ და მარადიულ კურთხევას მიიღებ!
ციტატები ებრაული წერილებიდან აღებულია ბიბლიის საქართველოს საპატრიარქოს გამოცემიდან, ხოლო ციტატები ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან — წიგნიდან „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ (ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).