საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lr თ. 39 გვ. 202-206
  • ღმერთს ახსოვს თავისი ძე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ღმერთს ახსოვს თავისი ძე
  • ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
  • მსგავსი მასალა
  • იესო ცოცხალია
    ბიბლიური მოთხრობები
  • იესო აღდგა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • იესო მკვდრეთით აღდგა!
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • „უფალი ჭეშმარიტად აღდგა“!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
იხილეთ მეტი
ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან
lr თ. 39 გვ. 202-206

თავი 39

ღმერთს ახსოვს თავისი ძე

იესო აცრემლდა, როცა თავისი მეგობარი ლაზარე მოკვდა. როგორ ფიქრობ, რას იგრძნობდა იეჰოვა, როცა იესო იტანჯებოდა და კვდებოდა? ~ ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა შეიძლება ძალიან განიცადოს მომხდარი და გულიც კი ეტკინოს რაღაცის გამო (ფსალმუნები 77:40, 41; იოანე 11:35).

წარმოგიდგენია, როგორ ტკივილს განიცდიდა იეჰოვა, როდესაც უყურებდა, როგორ კვდებოდა მისი საყვარელი ძე? ~ იესო დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი არ დაივიწყებდა. ამიტომაც თქვა სიკვდილის წინ: „მამა, შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული [ანუ სიცოცხლე]“ (ლუკა 23:46).

იესო დარწმუნებული იყო, რომ აღდგებოდა და არ დარჩებოდა „ჰადესში“ ანუ საფლავში. იესოს აღდგომის შემდეგ მოციქული პავლე ბიბლიიდან ციტირებდა მასზე, რომ ის „არც ჰადესში იქნებოდა მიტოვებული და არც მისი ხორცი გაიხრწნებოდა“ (საქმეები 2:31; ფსალმუნები 15:10). მართლაც, იესოს სხეული იმდენ ხანს არ დარჩენილა საფლავში, რომ გახრწნილიყო და აყროლებულიყო.

დედამიწაზე ყოფნისას იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ დიდხანს არ იქნებოდა მკვდარი. მან თქვა, რომ ‘მოკლავდნენ და მესამე დღეს აღდგებოდა’ (ლუკა 9:22). ამიტომ, მის მოწაფეებს არ უნდა გაჰკვირვებოდათ იესოს მკვდრეთით აღდგომა. მაგრამ გაუკვირდათ? ~ მოდი ვნახოთ.

პარასკევს, დაახლოებით დღის სამ საათზე, დიდებული მასწავლებელი წამების ძელზე კვდება. იოსებს, სინედრიონის მდიდარ წევრს, სწამს იესო, მაგრამ მალულად. იესოს სიკვდილის შემდეგ, ის რომის მმართველ პილატესთან მიდის და კითხულობს, შეუძლია თუ არა იესოს სხეულის ბოძიდან ჩამოხსნა და დამარხვა. პილატე თანხმდება, რის შემდეგაც იოსებს იესოს სხეული იმ ბაღში მიაქვს, სადაც სამარხია.

იესოს სხეულს სამარხში ასვენებენ და შესასვლელს დიდ ლოდს აფარებენ. ასე რომ, სამარხი დაკეტილია. კვირაა, მესამე დღე. თენდება, თუმცა ჯერ კიდევ ბნელა. სამარხს მცველები დარაჯობენ. ისინი მღვდელმთავრებმა გაგზავნეს. იცი, რატომ? ~

მღვდლებსაც ჰქონდათ გაგონილი იესოს ნათქვამი, რომ ის მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. ამიტომ, ისინი საფლავთან მცველებს აყენებენ, რათა მოწაფეებმა გვამი არ მოიპარონ და შემდეგ არ თქვან, იესო აღდგაო. მოულოდნელად მიწა ირყევა და კაშკაშა სინათლე ბრწყინდება. ეს იეჰოვას ანგელოზია! ჯარისკაცები შიშისგან ვერ ინძრევიან. ანგელოზი სამარხთან მიდის და ლოდს გვერდზე აგორებს. სამარხი ცარიელია!

ჯარისკაცები შიშისგან კანკალებენ, როცა ანგელოზი მათ ცარიელ სამარხს უჩვენებს

რატომ არის სამარხი ცარიელი? რა მოხდა?

დიახ, როგორც მოგვიანებით მოციქულმა პავლემ თქვა: „იესო აღადგინა ღმერთმა“ (საქმეები 2:32). ღმერთმა იესოს ისეთივე სხეული მისცა, როგორიც დედამიწაზე მოსვლამდე ჰქონდა. ის სულიერი სხეულით ანუ ისეთივე სხეულით აღდგა, როგორიც ანგელოზებს აქვთ (1 პეტრე 3:18). ხალხს რომ დაენახა იესო, მას ხორცი უნდა შეესხა. გააკეთა მან ეს? ~ მოდი ვნახოთ.

უკვე მზე ამოდის. მცველები წავიდნენ. მაგდალელი მარიამი და სხვა ქალები, რომლებიც იესოს მოწაფეები არიან, სამარხისკენ მიდიან. ისინი ერთმანეთში ლაპარაკობენ: ‘ვინ გადაგვიგორებს იმ მძიმე ლოდს?’ (მარკოზი 16:3). როცა სამარხს უახლოვდებიან, ხედავენ, რომ ლოდი გადაგორებულია. სამარხი ცარიელია! იესოს გვამი გამქრალა! მარიამი მაშინვე გარბის მოციქულების მოსაძებნად.

სხვა ქალები კი სამარხთან რჩებიან. მათ აინტერესებთ, სად შეიძლება იყოს იესოს გვამი. უცბად, მათ წინაშე ელვარე სამოსელში გამოწყობილი ორი კაცი ჩნდება. ესენი ანგელოზები არიან! ანგელოზები ქალებს ეუბნებიან: ‘აქ რატომ ეძებთ იესოს? ის აღდგა. სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს’. წარმოგიდგენია, როგორ გაიქცეოდნენ ეს ქალები? გზაში მათ ერთი კაცი შემოხვდათ. იცი, ვინ? ~

ეს კაცი ხორცშესხმული იესოა! ის ქალებს ეუბნება: ‘წადით და უთხარით ჩემს მოწაფეებს’. ქალების სიხარულს საზღვარი არა აქვს. ისინი ნახულობენ მოწაფეებს და ეუბნებიან: ‘იესო ცოცხალია! ჩვენი თვალით ვნახეთ!’ მარიამმა უკვე უამბო პეტრესა და იოანეს ცარიელი სამარხის შესახებ. ახლა ისინი თავად მივიდნენ სამარხის სანახავად, როგორც ამ სურათზე ხედავ. ისინი ნახულობენ სახვევებს, რაშიც იესო იყო გახვეული, მაგრამ არ იციან, რა იფიქრონ. მათ უნდათ დაიჯერონ, რომ იესო ცოცხალია, მაგრამ რთულია ამის დაჯერება.

პეტრე და იოანე გაკვირვებული დასცქერიან სახვევებს, რომელშიც იესო სხეული იყო გახვეული

რას ფიქრობენ პეტრე და იოანე?

კვირას, დღის ბოლოს, იესო ეცხადება თავის ორ მოწაფეს, რომლებიც სოფელ ემაუსში მიდიან. იესო უახლოვდება მათ და ლაპარაკს უწყებს, მაგრამ ვერ ცნობენ, რადგან იესოს სხვა სხეული აქვს. მას მხოლოდ მაშინ ცნობენ, როცა ის მათთან ერთად ვახშმობს და ლოცვას წარმოთქვამს. მოწაფეები იმდენად აღფრთოვანებულები არიან, რომ ფეხით გარბიან იერუსალიმში, რომელიც ამ სოფლიდან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული! შესაძლოა, ამის შემდეგ იესო მალევე ეცხადება პეტრეს, რათა დაარწმუნოს, რომ ცოცხალია.

იმავე კვირას, გვიან საღამოს, იესოს მოწაფეები ერთად იკრიბებიან ოთახში. კარი ჩაკეტილია. უცბად იესო ჩნდება მათთან! ახლა მათ დანამდვილებით იციან, რომ დიდებული მასწავლებელი ცოცხალია. წარმოიდგინე, როგორ უხარიათ! (მათე 28:1—15; ლუკა 24:1—49; იოანე 19:38—20:21).

იესო 40 დღის განმავლობაში სხვადასხვა სხეულში ეცხადება მოწაფეებს, რათა დაარწმუნოს, რომ ცოცხალია. შემდეგ ის ტოვებს მიწას და ზეცაში ბრუნდება მამასთან (საქმეები 1:9—11). მალე მოწაფეები ყველას ეუბნებიან, რომ ღმერთმა იესო მკვდრეთით აღადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მღვდლები სცემენ მათ და ზოგიერთს კლავენ კიდეც, ისინი მაინც ქადაგებენ. მათ იციან, კიდეც რომ მოკლან, ღმერთს ემახსოვრება ისინი, როგორც თავისი ძე ახსოვდა.

სააღდგომო კურდღელი და კვერცხები

წლის იმ დროს, როცა იესო აღდგა, რაზე ფიქრობს ბევრი? შენ რაზე ფიქრობ?

როგორ განსხვავდებიან იესოს ადრინდელი მიმდევრები დღეს მცხოვრები ბევრი ადამიანისგან! წლის იმ დროს, როცა იესო აღდგა, ხალხის უმეტესობა მხოლოდ შეღებილ კვერცხებზე ფიქრობს, ზოგ ქვეყანაში — სააღდგომო კურდღელზე. მაგრამ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი სააღდგომო კურდღელსა თუ კვერცხებზე. ბიბლიაში ღვთის მსახურებაზეა ლაპარაკი.

იესოს მოწაფეების მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია მოვუყვეთ ხალხს, თუ რა საოცრება მოახდინა ღმერთმა, როდესაც თავისი ძე მკვდრეთით აღადგინა. არ უნდა შეგვეშინდეს მაშინაც კი, თუ სიკვდილით გვემუქრებიან. კიდეც რომ მოგვკლან, იეჰოვა არ დაგვივიწყებს და აღგვადგენს ისე, როგორც იესო აღადგინა.

განა არ გვიხარია, რომ იეჰოვა არასოდეს ივიწყებს თავის მსახურებს და მკვდრეთითაც კი აღადგენს მათ? ~ ამის ცოდნამ უნდა აღგვძრას, რომ ღმერთი გავახაროთ. იცოდი, რომ შეგვიძლია ღმერთი გავახაროთ? ~ მოდი ამის შესახებ მომდევნო თავში ვისაუბროთ.

იესოს მკვდრეთით აღდგომა იმედსა და რწმენას გვიმტკიცებს. მოდი წავიკითხოთ საქმეების 2:22—36; 4:18—20 და 1 კორინთელების 15:3—8, 20—23.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება