თავი 2
რა დაშავდება, თუ ვინმესთან ჩუმად მექნება ურთიერთობა?
ჯესიკამ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა თავისი კლასელისგან, ჯერემისგან განსაკუთრებული ყურადღება იგრძნო. ჯესიკა ამბობს: „ძალიან სიმპათიური იყო. მეგობრებიც მეუბნებოდნენ, რომ ასეთ ბიჭს ვეღარ შევხვდებოდი. ის ბევრ გოგოს მოსწონდა, მაგრამ მას მარტო მე მოვწონდი“.
ცოტა ხანში, ჯერემიმ ჯესიკას ურთიერთობის დაწყება შესთავაზა. ჯესიკამ აუხსნა, რომ იეჰოვას მოწმე იყო და სხვა რწმენის ადამიანთან ვერ დაიწყებდა ასეთ ურთიერთობას. ის იხსენებს: «მაშინ ჯერემიმ მითხრა: „თუ გინდა, ჩუმად შევხვდეთ და მშობლებს არაფერი უთხრა“».
როგორ მოიქცევი, თუ ასეთ რამეს შემოგთავაზებს ის, ვინც მოგწონს? შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ჯესიკას მოეწონა ჯერემის აზრი. „დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ მასთან ურთიერთობას დავიწყებდი, იეჰოვას შევაყვარებდი“, — ამბობს ჯესიკა. რა მოხდა შემდეგ? ამას მოგვიანებით გავიგებთ. მანამდე კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რით იზიდავს ზოგს ასეთი ურთიერთობა.
რატომ იქცევა ზოგი ასე?
რატომ იწყებს ზოგი ჩუმად ურთიერთობას? ახალგაზრდა დეივიდი მარტივად გვიხსნის მიზეზს: „მათ იციან მშობლების აზრი და ამიტომ არაფერს ეუბნებიან“. ჯეინი კიდევ ერთ მიზეზს მოიხსენიებს: „ამით გინდა, საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ დამოუკიდებელი ხარ. თუ ფიქრობ, რომ უკვე დიდი ხარ, მაგრამ ისევ ბავშვივით გექცევიან, შენს ნებაზე იწყებ მოქმედებას და მშობლებს აღარაფერს ეუბნები“.
შენი აზრით, კიდევ რამ შეიძლება უბიძგოს ახალგაზრდას იმისკენ, რომ ჩუმად დაიწყოს ვინმესთან ურთიერთობა? შეგიძლია ქვემოთ აღნიშნო სხვა მიზეზები.
․․․․․
ცხადია, შენ გესმის, რომ ბიბლიის თანახმად მშობლებს უნდა დაემორჩილო (ეფესოელები 6:1). თუ მშობლები გიშლიან ვინმესთან ურთიერთობას, მათ საამისოდ აუცილებლად ექნებათ საფუძვლიანი მიზეზი. თუმცა დროდადრო შეიძლება მაინც ფიქრობდე:
● ჩემ გარდა ყველა ვიღაცას ხვდება.
● ის მომწონს, ვინც ჩემს რწმენას არ იზიარებს.
● მინდა თანაქრისტიანთან დავიწყო ურთიერთობა მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ოჯახის შექმნა ძალიან ადრეა.
ალბათ იცი, რა რეაქცია ექნებათ მშობლებს, ასეთ რამეს თუ ეტყვი. გულის სიღრმეში გესმის, რომ შენი მშობლები მართლები არიან, მაგრამ შეიძლება შენც ისეთივე გრძნობები გეუფლება, როგორიც მანამის. ის ამბობს: „ზეგავლენა ძალიან დიდია და ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ არ ვცდები, ამაზე უარს რომ ვამბობ. ჩემს თანატოლებს დღეს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება არ გყავდეს შეყვარებული. თანაც სასიამოვნო არ არის, როცა გვერდით არავინ გყავს“. ასეთ სიტუაციაში ზოგი ახალგაზრდა ურთიერთობას იწყებს ვინმესთან და ამის შესახებ მშობლებს არაფერს ეუბნება.
„გვთხოვეს, რომ ეს საიდუმლოდ შეგვენახა“
როცა ვინმესთან ფარულად გაქვს ურთიერთობა, გინდა თუ არ გინდა, სხვების მოტყუება გიწევს. მშობლებმა რომ ვერაფერი გაიგონ, ზოგი ურთიერთობისთვის ტელეფონს ან ინტერნეტს იყენებს. სხვებთან თავი ისე უჭირავთ, თითქოს მხოლოდ მეგობრები არიან, „ნამდვილი ურთიერთობა“ კი ელექტრონული წერილების, სატელეფონო ზარებისა და SMS-ების საშუალებით აქვთ.
მშობლებისთვის თვალის ასახვევად ზოგი შეხვედრებს აწყობს, რათა მეგობრების წრეში შეყვარებულთან ყოფნის საშუალება მიეცეს. ჯეიმზი ამბობს: „ერთხელ მეგობრები ერთ ადგილას დაგვპატიჟეს. იქ გავიგეთ, რომ სინამდვილეში შეხვედრა მხოლოდ ორი კაცისთვის იყო მოწყობილი. მათ გვთხოვეს, რომ ეს საიდუმლოდ შეგვენახა“.
როგორც ჯეიმზის სიტყვებიდანაც ჩანს, შეყვარებულებს ზოგჯერ მეგობრები უწყობენ ხელს. «ხშირად ერთმა მეგობარმა მაინც იცის ყველაფერი, მაგრამ არაფერს ამბობს, „ჩამშვები“ რომ არ გამოვიდეს», — გვიყვება კეროლი. ზოგი არანაირ სიცრუეს არ ერიდება. 17 წლის ბეთი ამბობს: „ბევრი ატყუებს მშობლებს, რომ ვითომ სხვაგან მიდის, სინამდვილეში კი შეყვარებულს ხვდება“. მისაკი, რომელიც 19 წლისაა, ასე იქცეოდა: „ისეთ ტყუილებს ვიგონებდი, რომ მშობლებს ჩემს სიტყვებში ეჭვი არ შეჰპაროდათ. ნდობა რომ არ დამეკარგა, ვცდილობდი, სხვა არაფერში მომეტყუებინა ისინი“.
რა არის ცუდი ამაში?
თუ უკვე გაქვს ვინმესთან ჩუმად ურთიერთობა, ან გაქვს ამის გაკეთების სურვილი, ორ რამეზე დაფიქრდი:
რა მოჰყვება ჩემს საქციელს? აპირებ ახლო მომავალში მასზე დაქორწინებას, ვისაც ხვდები? „ვინც ქორწინებაზე არ ფიქრობს და ისე აქვს ვინმესთან ურთიერთობა, ჰგავს ადამიანს, რომელიც რეკლამას უკეთებს იმას, რასაც არ ყიდის“, — ამბობს 20 წლის ევანი. რა მოჰყვება ამას? იგავების 13:12-ში წერია: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“. გინდა, რომ „გული დაუსნეულო“ მას, ვისზეც ფიქრობ? გარდა ამისა, ფარული ურთიერთობით საკუთარ თავს წაართმევ იმის შესაძლებლობას, რომ მშობლები და სხვა ახლობლები მხარში ამოგიდგნენ. ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთმა მოქმედებამ სქესობრივ უზნეობამდეც მიგიყვანოს (გალატელები 6:7).
რას იფიქრებს იეჰოვა ჩემს საქციელზე? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრაელები 4:13). შეიძლება ადამიანს დაუმალო, რომ ვინმეს ხვდები (ან შენი მეგობარი ხვდება), მაგრამ იეჰოვას ვერ დაუმალავ. და თუ ტყუილსაც არ ერიდები, მაშინ განსაკუთრებით გმართებს დაფიქრება. იეჰოვა ღმერთს არ მოსწონს, როცა ვინმე ტყუილს ამბობს. ბიბლიაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ მას სძულს „მატყუარა ენა“ (იგავები 6:16—19).
თქვი სიმართლე!
კარგი იქნება, თუ შენი საიდუმლოს შესახებ დაელაპარაკები მშობლებს ან მოწიფულ ქრისტიანს. თუ მეგობრის ფარულ ურთიერთობაზე იცი რამე, ხელს ნუ შეუწყობ მას ამ ამბის დამალვით (1 ტიმოთე 5:22). რამე ცუდი რომ მოხდეს, ხომ სანანებელი გაგიხდება?! გარკვეულწილად შენც ხომ იქნები დამნაშავე?!
მაგალითად, წარმოიდგინე, რომ შენს მეგობარს დიაბეტი აქვს და ჩუმად ჭამს ტკბილეულს. რას გააკეთებ, თუ გთხოვს, რომ ეს არავის გაუმხილო? რა უფრო მნიშვნელოვანი იქნება შენთვის — მეგობრის „საიდუმლოს“ შენახვა თუ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა?
ფაქტობრივად, მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდები, თუ მეგობრის ფარულ ურთიერთობაზე გაიგებ რამეს. ნუ შეგაშინებს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება მეგობარი დაკარგო. მოვა დრო და ნამდვილი მეგობარი მიხვდება, რომ მისთვის კარგის მეტი არაფერი გინდოდა (ფსალმუნი 141:5).
დამალვა თუ აფიშირებისგან თავის შეკავება?
ცხადია, ასეთი ურთიერთობის გასაიდუმლოება ყოველთვის სიცრუესთან არ არის დაკავშირებული. დავუშვათ, გოგომ და ბიჭმა გადაწყვიტეს ერთმანეთის უკეთ გაცნობა, მაგრამ თავიდან არ სურთ ამის გახმაურება. ერთი ახალგაზრდის, ტომასის, სიტყვებით თუ ვიტყვით, მათ შეიძლება «არ სურდეთ, რომ სხვებმა თავი მოაბეზრონ ისეთი კითხვებით, როგორიცაა მაგალითად: „როდის აპირებთ დაქორწინებას?“».
სხვების არასასურველმა გავლენამ შეიძლება ცუდი შედეგი მოიტანოს (ქებათა ქება 2:7). ამიტომ ზოგს ურჩევნია, დასაწყისშივე არ გაახმაუროს ყველაფერი (იგავები 10:19). „ეს ორ ადამიანს აძლევს დროს იმის დასანახად, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. თუ გადაწყვეტენ ურთიერთობის გაგრძელებას, მაშინ სხვებსაც გააგებინებენ ამის შესახებ“, — ამბობს ანა, რომელიც 20 წლისაა.
მეორე მხრივ, მშობლებს აქვთ უფლება, იცოდნენ თქვენი ურთიერთობის შესახებ. ამიტომ არასწორი იქნება, თუ არაფერს ეტყვით მათ. თუ გიჭირს ამის თქმა, რა არის მიზეზი? იქნებ ხვდები, რომ მშობლები არ მოიწონებენ შენს გადაწყვეტილებას და არცთუ უსაფუძვლოდ?!
„მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა“
დასაწყისში მოხსენიებულმა ჯესიკამ შეიცვალა თავისი აზრი მას შემდეგ, რაც გაიგო ერთი ქრისტიანის შემთხვევა, რომელიც მსგავს სიტუაციაში იყო. „როდესაც გავიგე, როგორ შეწყვიტა მან ურთიერთობა მეგობარ ბიჭთან, მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა“, — ამბობს ის. ადვილი იყო ურთიერთობის გაწყვეტა? არა. ჯესიკა იხსენებს: „ის ერთადერთი ბიჭი იყო, რომელიც ნამდვილად მომწონდა. რამდენიმე კვირა ყოველდღე ვტიროდი“.
ჯესიკას უყვარდა იეჰოვა. შეცდომის მიუხედავად მას ნამდვილად სურდა, სწორად მოქცეულიყო. დროთა განმავლობაში ტკივილიც გაქრა. დღეს ჯესიკა ამბობს: „იეჰოვასთან ასეთი ახლო ურთიერთობა არასდროს მქონია. ძალიან მადლობელი ვარ, რომ მან საჭირო დროს მომცა სწორი მიმართულება“.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18).
რჩევა
ქვეყანას ნუ მოსდებთ თქვენი ურთიერთობის ამბავს, მაგრამ ნუ დაუმალავთ მათ, ვისაც აქვს ამის ცოდნის უფლება, მაგალითად მშობლებს.
იცოდი, რომ . . . ?
ხანგრძლივი ურთიერთობა წარმოუდგენელია ნდობის გარეშე. ფარული ურთიერთობით ვერც თქვენ მოიგებთ ბევრს და ვერც მშობლების ნდობას შეინარჩუნებთ.
რა უნდა გავაკეთო
თუ თანაქრისტიანთან ჩუმად მაქვს ურთიერთობა, უნდა ․․․․․
თუ ჩემს მეგობარს აქვს ფარული ურთიერთობა, უნდა ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● გადახედე 22-ე გვერდზე მსხვილი შრიფტით დაბეჭდილ სამ წინადადებას. ზოგჯერ შენც ხომ არ გიჩნდება მსგავსი აზრები?
● როგორ უნდა გაუმკლავდე ამ პრობლემას ისე, რომ ჩუმად არ დაიწყო ურთიერთობა?
● რას გააკეთებ, თუ შენი მეგობარი ვინმესთან ჩუმად დაიწყებს ურთიერთობას, და რატომ მოიქცევი ასე?
მზად ხარ ოჯახის შესაქმნელად? მოგწონს ვინმე? როგორ უნდა გაიგო, ნამდვილად შეგეფერება თუ არა?
[ჩანართი 27 გვერდზე]
„მე შევწყვიტე ურთიერთობა ბიჭთან, რომელსაც ჩუმად ვხვდებოდი. თავიდან მიჭირდა, რადგან ყოველდღე ვხედავდი სკოლაში. მაგრამ იეჰოვა ღმერთი ჩვენზე გაცილებით მეტს ხედავს და იცის, რა არის ჩვენთვის უკეთესი. მთავარია მივენდოთ მას“ (ჯესიკა).
[სურათი 25 გვერდზე]
არაფერს იტყვი მეგობრის ფარულ ურთიერთობაზე? ეს იგივე იქნება, რომ დიაბეტით დაავადებულს ხელი შეუწყო ტკბილეულის ჩუმად ჭამაში.