თავი 38
რა გზა ავირჩიო ცხოვრებაში?
„თავიდან საერთოდ არ ვფიქრობდი მომავალზე. როცა სკოლას ვამთავრებდი, მაშინღა დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მალე დამოუკიდებლად უნდა შევჭიდებოდი ცხოვრებას და მეზრუნა სამუშაოზე და თავის შენახვაზე“ (ალექსი).
წარმოიდგინე, რომ შორს აპირებ გამგზავრებას. პირველ რიგში, ალბათ, რუკას გადახედავ და იფიქრებ, თუ რა გზით აჯობებს წასვლა. ეს რაღაცით მომავალი ცხოვრების დაგეგმვას ჰგავს. „არჩევანი დიდია“, — ამბობს მაიკლი, რომელიც დღეს იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ ფილიალში მსახურობს. რაზე იქნება დამოკიდებული შენი არჩევანი? მაიკლის თქმით, „მხოლოდ და მხოლოდ შენს მიზნებზე“.
მიზანი შეიძლება შევადაროთ დანიშნულების ადგილს, რომლამდეც ვერასდროს მიხვალ, თუ უმიზნოდ იხეტიალებ. ამას გაცილებით სჯობს, წინასწარ კარგად განსაზღვრო, რომელი გზა მიგიყვანს სასურველ „ადგილამდე“. ასეთი სახით, გაითვალისწინებ იგავების 4:26-ში ჩაწერილ რჩევასაც: „მოასწორე შენი სავალი“. ერთ თარგმანში ეს აზრი შემდეგი სიტყვებითაა გადმოცემული: „უნდა იცოდე, საით მიდიხარ“ („Contemporary English Version“).
უახლოეს წლებში მოგიწევს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება ღვთის მსახურებასთან, სამუშაოსთან, ოჯახის შექმნასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. როცა იცი, რა გინდა ცხოვრებაში და რა გზა გაქვს არჩეული, უფრო ადვილია სწორი გადაწყვეტილების მიღება. ამ გზის არჩევის დროს კი მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
„გახსოვდეს შენი შემოქმედი“
ბედნიერი რომ იყო, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო სოლომონ ბრძენის სიტყვები: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლესიასტე 12:1). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთისმოსაწონად ცხოვრების სურვილმა უნდა გიკარნახოს, თუ რა გზას აირჩევ.
რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? გამოცხადების 4:11-ში წერია: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“. ყველა ქმნილება ზეცაში თუ დედამიწაზე შემოქმედის მადლიერი უნდა იყოს. მადლიერი ხარ იმისათვის, რომ მან „სიცოცხლე, სუნთქვა და ყოველივე“ მოგცა? (საქმეები 17:25). არ გიჩნდება იმის სურვილი, რომ იეჰოვა ღმერთისადმი მადლიერება რაღაცით გამოხატო?
იეჰოვას მოწმეებს ახსოვთ შემოქმედი. მრავალი ახალგაზრდა სრული დროით მსახურებას იწყებს. ღვთის მსახურებისთვის არაერთი შესაძლებლობა არსებობს. ახლა სწორედ ამას შევეხებით და იქნებ შენც გეფიქრა რომელიმეზე.
პიონერად მსახურება. პიონერები დიდ დროს უთმობენ მსახურებას. მომზადება და გამოცდილება ეხმარება მათ იმაში, რომ ბიბლიის კარგი მასწავლებლები იყვნენ.
მსახურება იქ, სადაც მქადაგებლების სიმცირეა. ზოგი ისეთ ტერიტორიაზე გადადის, სადაც მქადაგებლები ცოტანი არიან. ზოგი უცხო ენას სწავლობს, რათა უცხოენოვან კრებაში იმსახუროს ან სხვა ქვეყანაში გადავიდესa.
მისიონერად მსახურება. გამოცდილი პიონერები, რომლებსაც კარგი ჯანმრთელობა აქვთ და შემგუებლები არიან, სპეციალური მომზადების შემდეგ სხვა ქვეყნებში აგრძელებენ მსახურებას. მისიონერებს ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვთ.
ბეთელში მსახურება. ბეთელის ოჯახის წევრები იეჰოვას მოწმეთა ფილიალებში მსახურობენ. ბევრი მათგანის მსახურება დაკავშირებულია ბიბლიური ლიტერატურის გამოცემასა და ტრანსპორტირებასთან.
საერთაშორისო სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა. ბევრი ახალგაზრდა სხვა ქვეყანაში მიდის, რათა მონაწილეობა მიიღოს სამეფო ან საკონგრესო დარბაზებისა და ფილიალების მშენებლობაში.
მსახურებაში დახელოვნების სკოლა. დაუქორწინებელი უხუცესები და მომსახურეები გადიან სპეციალურ კურსს, რომლის დროსაც დიდი ყურადღება ექცევა ორგანიზაციულ საკითხებს და ორატორული უნარის გაუმჯობესებას. კურსის შემდეგ ზოგი სხვა ქვეყანაში ინიშნება.
შეადგინე „მარშრუტი“
სრული დროით მსახურება ღირსეული, მრავალი კურთხევის მომტანი მიზანია. თუმცა აუცილებელია წინასწარ ბევრი რამის აწონ-დაწონვა. მაგალითად, დაფიქრდი, რა ხელობის ან პროფესიის არჩევა აჯობებს, მომავალში თავის რჩენა რომ შეძლო?
კელიმ მიზნად დაისახა პიონერობა და თავის „მარშრუტში“ სამუშაოც შეიტანა. ის ამბობს: „ისეთ სამუშაოზე უნდა მეფიქრა, რომელიც მსახურების საშუალებას მომცემდა“.
კელიმ სპეციალური კურსები გაიარა, რაც მას მთავარი მიზნის მიღწევაში დაეხმარა. იგი ამბობს: „ყოველთვის სრული დროით მსახურებაზე ვოცნებობდი. სხვა ყველაფერი ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო“. კელი ბედნიერია, ასეთი არჩევანი რომ გააკეთა და გვეუბნება: „ამაზე უკეთეს გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი“.
სხვებსაც ჰკითხე „გზა“
უცხო ადგილზე ყოფნისას რაღაც მომენტში ალბათ დაგჭირდება, რომ ვინმეს გზა ჰკითხო. ასე უნდა მიუდგე შენი ცხოვრების „მარშრუტსაც“. სხვებსაც ჰკითხე რჩევები. იგავების 20:18-ში წერია: „გეგმები რჩევით განმტკიცდება“.
მშობლებს ამ მხრივ დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ. მაგრამ რჩევისთვის შეგიძლია მიმართო სხვა გამოცდილ ქრისტიანებსაც, რომლებიც ღვთის პრინციპებით ცხოვრობენ. 27 წლის რობერტო ბეთელის ოჯახის წევრია. ის გვირჩევს: „უნდა დააკვირდე სამაგალითო ქრისტიანებს კრებებში“.
ვის, ვის და ყველაზე მეტად იეჰოვა ღმერთს სურს, რომ ცხოვრებაში სწორ გზას დაადგე და ბედნიერი იყო. ამიტომ სთხოვე მას დახმარება, რათა ‘ჩასწვდე, რა არის მისი ნება’ შენს შემთხვევაში (ეფესოელები 5:17). ყოველთვის და ყველაფერში გაითვალისწინე იგავების 3:5, 6-ში მოცემული რჩევა: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“.
[სქოლიო]
a იხილე 164-ე გვერდი.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„გამომცადეთ. . . ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — თუ არ გაგიხსნათ ცის კარიბჭეები და არ გადმოვცალო თქვენზე უხვი კურთხევა“ (მალაქია 3:10).
რჩევა
ესაუბრე მათ, ვინც წლების მანძილზე მსახურობს სრული დროით. ჰკითხე, რატომ აირჩიეს ეს გზა და არიან თუ არა კმაყოფილნი თავიანთი არჩევნით.
იცოდი, რომ . . . ?
როგორც ელექტროენერგია ამუშავებს ელექტრომოწყობილობას, ისე ღვთის წმინდა სული მოგცემს მსახურებისთვის საჭირო ძალებს (საქმეები 1:8).
რა უნდა გავაკეთო
მეტი სიხარულით რომ ვიმსახურო, რჩევას ვკითხავ ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რა გეხერხება კარგად?
● როგორ გამოიყენებ შენს უნარს იეჰოვას განსადიდებლად?
● სრული დროით მსახურების რომელი ფორმა მოგწონს ყველაზე მეტად?
უყურე DVD ფილმს „ახალგაზრდების შეკითხვები — რა გზას ავირჩევ ცხოვრებაში?“, რომელიც 30-ზე მეტ ენაზეა გამოსული.
[ჩანართი 313 გვერდზე]
„ძალიან ვაფასებ ჩემს მშობლებს. ისინი ყოველთვის გულმოდგინედ მსახურობდნენ, უძლებდნენ ფინანსურ პრობლემებს და მხარს მიჭერდნენ, რომ სრული დროით მემსახურა. ამ ყოველივემ დადებითად იმოქმედა ჩემზე“ (ჯეროდი).
[ჩარჩო 314 გვერდზე]
სამუშაო გვერდი
ჩემი მიზნები
აღნიშნე, რა მიზნების დასახვას აპირებ. შეავსე გამოტოვებული ადგილები. ცარიელი ხაზები შეგიძლია სხვა მიზნების დასაწერად გამოიყენო.
მსახურება
□ ყოველთვე ვიმსახურებ ․․․․․ საათით მეტს.
□ ყოველთვიურად გავავრცელებ ․․․․․ პუბლიკაციას.
□ ჩემს რწმენაზე საუბრის დროს ბიბლიით ვისარგებლებ.
□ ყოველთვიურად გავაკეთებ ․․․․․ განმეორებით მონახულებას.
□ დავიწყებ ბიბლიის შესწავლას.
სხვა მიზნები: ․․․․․
შესწავლა
□ ყოველდღე ბიბლიიდან წავიკითხავ ․․․․․ გვერდს.
□ მოვემზადები კრების შეხვედრებისთვის.
□ გამოვიკვლევ შემდეგ ბიბლიურ საკითხებს: ․․․․․
კრება
□ ყველა შეხვედრაზე ერთ კომენტარს მაინც გავაკეთებ.
□ გამოველაპარაკები ჩემზე უფროს თანაქრისტიანს, რათა უკეთესად გავიცნო.
□ მოვინახულებ კრებიდან მას, ვინც ასაკოვანია ან ავადმყოფობს.
სხვა მიზნები:
შევსების თარიღი ․․․․․
ექვს თვეში გადახედე ამ გვერდს და ნახე, რას მიაღწიე. თუ საჭიროა, შეცვალე რამე ან დაამატე.
[სურათი 312 გვერდზე]
თუ გინდა, რომ ტყუილუბრალოდ არ დახარჯო ახალგაზრდული ძალები და სწორი მიმართულება მისცე შენს ცხოვრებას, კონკრეტული მიზნები უნდა დაისახო.