საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bt თ. 25 გვ. 196-202
  • „კეისართან ვასაჩივრებ!“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „კეისართან ვასაჩივრებ!“
  • საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • „კეისრის სასამართლო ტახტის წინ“ (საქმეები 25:1—12)
  • „არ ვეურჩე“ (საქმეები 25:13—26:23)
  • „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“ (საქმეები 26:24—32)
  • პავლე გაბედულად უმოწმებს წარჩინებულ პირებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1998
  • ფესტუსი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დავეხმაროთ სხვებს სამეფოს შესახებ ცნობის მიღებაში
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • „კეისრის სამსჯავროს მოვითხოვ!“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2001
იხილეთ მეტი
საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
bt თ. 25 გვ. 196-202

ᲗᲐᲕᲘ 25

„კეისართან ვასაჩივრებ!“

პავლე სამაგალითოდ იცავდა სასიხარულო ცნობას.

საქმეები 25:1—26:32

1, 2. ა) აღწერეთ პავლეს მდგომარეობა? ბ) რა კითხვას ბადებს კეისართან გასაჩივრება?

ᲞᲐᲕᲚᲔ კესარეაში მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ. ჯერ კიდევ ორი წლის წინ იუდეველებმა იუდეაში დაბრუნებული პავლეს მოკვლა რამდენიმე დღეში, სულ მცირე, სამჯერ სცადეს (საქ. 21:27—36; 23:10, 12—15, 27). მართალია, მათ არაფერი გამოსდიოდათ, მაგრამ უკან არ იხევდნენ. პავლე მიხვდა, რომ, საბოლოოდ, შეიძლებოდა მაინც მათ ხელში ჩავარდნილიყო, ამიტომ რომაელ გამგებელ ფესტუსს განუცხადა: „კეისართან ვასაჩივრებ!“ (საქ. 25:11).

2 მოიწონა იეჰოვამ რომის იმპერატორთან გასაჩივრების მოთხოვნა? „ბოლო დღეებში“ მცხოვრებმა ღვთის სამეფოს საგულდაგულოდ მქადაგებლებმა უნდა ვიცოდეთ ამ კითხვაზე პასუხი. უნდა გავიგოთ, რამდენად გვმართებს პავლეს მიბაძვა „სასიხარულო ცნობის კანონით დაცვისას და განმტკიცებისას“ (ფილ. 1:7).

„კეისრის სასამართლო ტახტის წინ“ (საქმეები 25:1—12)

3, 4. ა) რატომ სთხოვეს ფესტუსს პავლეს იერუსალიმში წაყვანა და როგორ გადაურჩა პავლე სიკვდილს? ბ) როგორ ეხმარება იეჰოვა დღეს თავის მსახურებს ისე, როგორც ერთ დროს პავლეს?

3 ფესტუსი,a იუდეის პროვინციის ახალი გამგებელი, გამგებლად დანიშვნიდან სამ დღეში იერუსალიმში ჩავიდა. იქ მოისმინა, უფროსი მღვდლები და გავლენიანი იუდეველები როგორ სდებდნენ პავლეს ბრალს მძიმე დანაშაულებში. მათ იცოდნენ, რომ მათთან და სხვა იუდეველებთან ახალი გამგებლისგან მშვიდობიანი ურთიერთობა მოითხოვებოდა. ამიტომაც ფესტუსს სთხოვეს, პავლე იერუსალიმში მიეყვანა და იქ გაესამართლებინა; მაგრამ ამ თხოვნის უკან ბოროტი განზრახვა იმალებოდა. მტრები კესარეიდან იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე პავლეს მოკვლას გეგმავდნენ. ფესტუსმა უარი უთხრა მათ: „ვისაც სიტყვა გეთქმით . . . გამომყევით [კესარეაში] და ბრალი დასდეთ მას, თუ აქვს რამე ჩადენილი“ (საქ. 25:5). ამგვარად, პავლე კიდევ ერთხელ გადაურჩა სიკვდილს.

4 იეჰოვა იესო ქრისტეს მეშვეობით ყველა განსაცდელის დროს აძლიერებდა პავლეს. გაიხსენეთ, რა უთხრა იესომ ხილვაში მოციქულს: „გამაგრდი!“ (საქ. 23:11). სირთულე და მუქარა არც დღეს არის უცხო ღვთის მსახურებისთვის. იეჰოვა ყოველთვის არ გვარიდებს გასაჭირს, თუმცა მოთმინებისთვის საჭირო სიბრძნესა და ძალას გვაძლევს. ყოველთვის შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი მოგვცემს ძალას, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7).

5. როგორ მოექცა ფესტუსი პავლეს?

5 რამდენიმე დღის შემდეგ ფესტუსი კესარეაში „სასამართლო ტახტზეb დაჯდა“. მის წინაშე წარდგნენ პავლეც და პავლეს ბრალმდებლებიც. უსაფუძვლო ბრალდებებს პავლემ ასეთი პასუხი გასცა: „არანაირი ცოდვა არ ჩამიდენია არც იუდეველების კანონის წინააღმდეგ, არც ტაძრის და არც კეისრის წინააღმდეგ“. მოციქული უდანაშაულო იყო და უნდა გათავისუფლებულიყო. რა განაჩენს გამოუტანდა ფესტუსი? იუდეველების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად პავლეს ჰკითხა: „ხომ არ გირჩევნია, იერუსალიმში წახვიდე და იქ გაგასამართლო?“ (საქ. 25:6—9). ეს წინადადება ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული! პავლე იერუსალიმში რომ გაეგზავნათ, ბრალმდებლები გაასამართლებდნენ და ვეღარსად გაექცეოდა სიკვდილს. ამ შემთხვევაში ფესტუსმა სამართლიანობას დიპლომატიური ნაბიჯი არჩია. წლების წინ გამგებელი პონტიუს პილატეც სწორედ ასე მოიქცა, როცა უფრო მნიშვნელოვან სასამართლო განხილვას უძღვებოდა (იოან. 19:12—16). ზოგჯერ დღევანდელი მოსამართლეებიც ექცევიან პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს, როცა სასამართლოებში ღვთის ხალხს უსამართლოდ ასამართლებენ.

6, 7. რატომ გაასაჩივრა პავლემ კეისართან და ამით რა მაგალითი მისცა დღევანდელ ქრისტიანებს?

6 იუდეველების კეთილგანწყობის მოპოვების ძლიერი სურვილით ფესტუსმა, ნებსით თუ უნებლიეთ, პავლეს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა; სწორედ ამიტომ ისარგებლა პავლემ რომის მოქალაქის უფლებით. მან ფესტუსს ასე მიმართა: „მე კეისრის სასამართლო ტახტის წინ ვდგავარ და აქ უნდა გავსამართლდე. იუდეველებისთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია, რაც თავადაც კარგად მოგეხსენებათ . . . კეისართან ვასაჩივრებ!“. ასეთი განაცხადი იმას ნიშნავდა, რომ, როგორც წესი, მას წინ ვერავინ აღუდგებოდა. ეს ფაქტი ფესტუსმა ასე დაამოწმა: „კეისართან ასაჩივრებ და კეისართან წახვალ“ (საქ. 25:10—12). პავლემ უფრო მაღალ ინსტანციაში გასაჩივრებით დღევანდელ ქრისტიანებს კარგი მაგალითი მისცა. როცა მოწინააღმდეგეები „საზიანო დადგენილებებს“ გამოსცემენ, სასიხარულო ცნობის დასაცავად იეჰოვას მოწმეები თავიანთ კანონიერ უფლებებს იყენებენ (ფსალმ. 94:20).c

7 ორწლიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ, პავლეს რომში თავის დაცვის შესაძლებლობა მიეცა. მაგრამ გამგზავრებამდე კიდევ ერთ მმართველს სურდა მისი ნახვა.

სასამართლო პროცესი, რომელსაც ბრალდებული ძმა, მისი ადვოკატები და რამდენიმე მოწმე ესწრება. იქვე მოჩანს, როგორ ულოცავენ მოწინააღმდეგე მხარეს გამარჯვებას.

ჩვენ ვასაჩივრებთ უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს.

„არ ვეურჩე“ (საქმეები 25:13—26:23)

8, 9. რატომ ესტუმრა ფესტუსს მეფე აგრიპა?

8 მას შემდეგ, რაც ფესტუსმა კეისართან გასაჩივრების მოთხოვნა მოისმინა, რამდენიმე დღეში მეფე აგრიპაd და მისი და ბერნიკე ფესტუსს ეწვივნენ — ახალ მმართველს. რომის იმპერიაში მიღებული იყო ახალ მმართველთან სტუმრად მისვლა. ფესტუსთან ახალ თანამდებობაზე დანიშვნის მისალოცად მისულ აგრიპას მასთან პოლიტიკური და პირადი ურთიერთობის განმტკიცება სურდა — ვინ იცის, რაში შეიძლებოდა გამოდგომოდა (საქ. 25:13).

ᲒᲐᲡᲐᲩᲘᲕᲠᲔᲑᲐ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲘ ᲗᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡᲛᲪᲔᲛᲚᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲪᲐᲕᲐᲓ

იეჰოვას მოწმეებს არაერთხელ მიუმართავთ უზენაესი სასამართლოსთვის, რათა თავისუფლად შეძლებოდათ ღვთის სამეფოზე სასიხარულო ცნობის ქადაგება. გავიხსენოთ ორი მაგალითი.

1938 წლის 28 მარტს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და ბრალდება მოუხსნა იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც გრიფინში (ჯორჯია, აშშ) ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებისთვის დააპატიმრეს. ეს იყო პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი, შემთხვევა, როცა იეჰოვას მოწმეებმა ქადაგების უფლების დასაცავად შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.g

საბერძნეთში ერთი იეჰოვას მოწმე, მინოს კოკინაკისი, 48 წლის განმავლობაში „პროზელიტიზმისთვის“ 60-ზე მეტჯერ იყო დაპატიმრებული. მას 18-ჯერ დასდეს ბრალი სასამართლოში, მრავალი წელი გაატარა პატიმრობაში და არაერთხელ იყო გადასახლებული ეგეოსის ზღვის დაშორებულ კუნძულებზე. ბოლოს, 1986 წელს, ძმა მინოსი კიდევ ერთხელ გაასამართლეს, რის შემდეგაც გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა საბერძნეთის არც ერთ ინსტანციას არ დაუკმაყოფილებია მისი მოთხოვნა. ამიტომ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში შეიტანა. 1993 წლის 25 მაისს ევროპის სასამართლომ საბერძნეთი ძმა მინოსის რელიგიის თავისუფლების დარღვევაში დამნაშავედ ცნო.

იეჰოვას მოწმეებმა ბევრჯერ გაასაჩივრეს უსამართლო განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში და უმეტეს შემთხვევაში გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იქნა მიღებული. არც ერთ სხვა ორგანიზაციას, რელიგიურსა თუ არარელიგიურს, ასეთი წარმატებით არ დაუცავს ადამიანის ძირითადი უფლებები ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში.

სხვებისთვის თუ ნიშნავს რამეს იეჰოვას მოწმეთა ასეთი გამარჯვებები? მეცნიერმა ჩარლზ ჰეინზმა დაწერა: „ჩვენ ყველანი უნდა ვემადლიერებოდეთ იეჰოვას მოწმეებს. რამდენიც უნდა შეურაცხყონ, განდევნონ და თუნდაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ, ისინი მაინც არ წყვეტენ ბრძოლას თავიანთი (და ამგვარად, ჩვენი) რელიგიის თავისუფლებისთვის. როდესაც ისინი იმარჯვებენ, ჩვენ ყველანი ვიმარჯვებთ“.

g იხილეთ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილული საქმე, რომელიც გამოქვეყნდა 2003 წლის 8 იანვრის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ში, გვერდები 3—11.

9 ფესტუსმა მეფე აგრიპას პავლეზე დაუწყო ლაპარაკი. ამ თემამ დააინტერესა აგრიპა. მეორე დღეს ორივე მმართველი ზარ-ზეიმით დაჯდა სასამართლო ტახტზე. მაგრამ მათი ძალაუფლების აფიშირება იმაზე შთამბეჭდავი არ ყოფილა, ვიდრე ის, რის თქმასაც პატიმარი აპირებდა (საქ. 25:22—27).

10, 11. როგორ გამოავლინა პავლემ პატივისცემა აგრიპას მიმართ, და რა უამბო თავის თავზე?

10 პავლემ პატივისცემით გამოხატა თავისი მადლიერება აგრიპას მიმართ, რადგან თავის დაცვის შესაძლებლობა მისცა. პავლემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მეფე იუდეველების ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხში ერკვეოდა; მერე კი თავისი წარსული გაახსენა: „ფარისეველი ვიყავი და ვიცავდი იმ წესებს, რომელთა დაცვასაც ჩვენი სარწმუნოების ეს უმკაცრესი მიმდინარეობა მოითხოვს“ (საქ. 26:5). როგორც ფარისეველი, პავლე მესიას ელოდა; ახლა კი უკვე ქრისტიანი გაბედულად აღიარებდა, რომ იესო ქრისტე იყო ის, ვისაც ამდენ ხანს ელოდნენ. პავლე იმიტომ იდგა სასამართლოს წინაშე, რომ იმ დანაპირების შესრულების იმედი ჰქონდა, რაც ღმერთმა მათ მამა-პაპას მისცა, და რისიც მის ბრალმდებლებსაც სწამდათ. ამან აღძრა აგრიპა უფრო მეტი ინტერესით მოესმინა პავლესთვის.e

11 პავლე მოჰყვა, როგორ დევნიდა წარსულში ქრისტიანებს: „პირადად მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყოველი ღონე უნდა მეხმარა, რათა წინ აღვდგომოდი იესო ნაზარეთელს . . . გაშმაგებული, სხვა ქალაქებშიც ვდევნიდი მათ [ქრისტეს მიმდევრებს]“ (საქ. 26:9—11). პავლეს არაფერი გაუზვიადებია. ბევრმა კარგად იცოდა, როგორ დაუნდობლად დევნიდა ის ქრისტიანებს (გალ. 1:13, 23). აგრიპას შეეძლო გაეფიქრებინა, რამ შეცვალაო ეს კაცი.

12, 13. ა) როგორ აღწერა პავლემ თავისი გაქრისტიანება? ბ) რა გაგებით უძალიანდებოდა პავლე სახრეს?

12 პავლემ ასეთი რამ უთხრა: «მივდიოდი დამასკოში უფროსი მღვდლებისგან მიღებული უფლებამოსილებითა და დავალებით; გზაზე შუადღისას,f მეფეო, მე და ჩემს თანამგზავრებს ციდან მზის სინათლეზე უფრო კაშკაშა სინათლე მოგვეფინა; ყველანი მიწაზე დავემხვეთ. უცებ ხმა მომესმა, რომელმაც ებრაულად მითხრა: „სავლე, სავლე, რატომ მდევნი? ნუ გაუძალიანდები სახრეს, თორემ ეს კარგს არაფერს მოგიტანს“. ვკითხე: „ვინა ხარ, ბატონო?“ მან მიპასუხა: „მე იესო ვარ, შენ რომ დევნი“» (საქ. 26:12—15).

13 ამ სასწაულებრივ მოვლენამდე პავლე, ხატოვნად რომ ვთქვათ, სახრეს უძალიანდებოდა. როგორც პირუტყვი იზიანებს თავს მახვილთავიან სახრესთან გაძალიანებით, ისე ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლით „იზიანებდა“ პავლე თავს, ანუ საკუთარ თავს ღმერთთან დაახლოებაში უშლიდა ხელს. მკვდრეთით აღმდგარმა იესომ დამასკოსკენ მიმავალ გზაზე თავისი გამოცხადებით გულწრფელ, მაგრამ გზასაცდენილ პავლეს სულ სხვაგვარად დააწყებინა ფიქრი (იოან. 16:1, 2).

14, 15. როგორ შეიცვალა პავლეს ცხოვრება?

14 პავლემ მართლაც ძირფესვიანად შეცვალა თავისი ცხოვრება. მან აგრიპას უთხრა: „მე არ ვეურჩე ზეციურ ჩვენებას, წავედი დამასკოში, იქიდან — იერუსალიმში, მოვიარე მთელი იუდეა და უცხოტომელებთანაც ვიყავი; ყველას ვუქადაგებდი, რომ მოენანიებინათ, მონანიება საქმით დაემტკიცებინათ და ღვთისკენ მოქცეულიყვნენ“ (საქ. 26:19, 20). პავლე უკვე მრავალი წლის განმავლობაში ასრულებდა იესო ქრისტესგან ხილვაში მიღებულ დავალებას. შედეგად, ვინც პავლესგან მოისმინა სასიხარულო ცნობა, ბევრმა მოინანია უზნეო და უპატიოსნო საქმეები და ღვთისკენ მოიქცა. ისინი კანონის მორჩილი და წესრიგის მოყვარული მოქალაქეები გახდნენ.

15 მაგრამ პავლეს იუდეველი მოწინააღმდეგეები ამ ცვლილებებს არაფრად აგდებდნენ. პავლემ თქვა: „ამის გამო შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს, თუმცა ღვთის შეწევნით, დღემდე ვუქადაგებ დიდებულებსაც და უბრალო ხალხსაც“ (საქ. 26:21, 22).

16. როგორ მივბაძოთ პავლეს მოსამართლეებსა და სახელმწიფო მოხელეებთან ჩვენს მრწამსზე ლაპარაკისას?

16 ჭეშმარიტი ქრისტიანები მზად უნდა ვიყოთ ჩვენი რწმენის დასაცავად (1 პეტ. 3:15). მოსამართლეებისა და სახელმწიფო მოხელეების წინაშე დგომისას შეგვიძლია ისე ველაპარაკოთ მათ ჩვენს მრწამსზე, როგორც პავლე — აგრიპასა და ფესტუსს. როცა პატივისცემას გამოვავლენთ მათ მიმართ და ვეტყვით, ბიბლიის ჭეშმარიტებამ როგორ შეცვალა უკეთესობისკენ ჩვენი და ჩვენი მსმენელების ცხოვრება, შესაძლოა ამან ღვთის ხალხის მიმართ მათი დამოკიდებულება შეცვალოს.

„ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“ (საქმეები 26:24—32)

17. რა რეაქცია ჰქონდა ფესტუსს პავლეს ქადაგებაზე და რა მსგავს რეაქციას ვხვდებით დღეს?

17 პავლეს დამაჯერებელ ქადაგებას როგორც ერთი, ისე მეორე მმართველის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. «ამას რომ ამბობდა პავლე თავის დასაცავად, ფესტუსმა ხმამაღლა მიმართა: „გაგიჟებულხარ, პავლე! მეტისმეტ წიგნიერებას გაუგიჟებიხარ!“» (საქ. 26:24). ფესტუსის მძაფრი რეაქცია იმ დამოკიდებულების მაჩვენებელი იყო, რაც დღესაც ბევრს აქვს. მათთვის ფანატიკოსები ვართ, რადგან იმას ვასწავლით, რასაც სინამდვილეში ბიბლია ამბობს. ვისაც ქვეყნიერებაში ბრძენ ადამიანებად მიიჩნევენ, ხშირად უჭირთ ბიბლიური მოძღვრების დაჯერება, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა.

18. როგორ უპასუხა პავლემ ფესტუსს და რა რეაქცია ჰქონდა ამაზე აგრიპას?

18 პავლეს ფესტუსისთვის პასუხი მზად ჰქონდა: «პავლემ ფესტუსს მიუგო: „მე არ გავგიჟებულვარ, თქვენო აღმატებულებავ, საღად ვაზროვნებ და ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ. სინამდვილეში, მეფემ, რომელსაც თამამად ველაპარაკები, კარგად იცის ეს ყველაფერი . . . მეფე აგრიპა, გწამთ, რაც წინასწარმეტყველებს უწერიათ? მე ვიცი, რომ გწამთ“. აგრიპამ პავლეს უთხრა: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“» (საქ. 26:25—28). შესაძლოა მეფე გულწრფელი ყოფილიყო, შესაძლოა — არა, მაგრამ აშკარაა, რომ პავლეს ქადაგებამ მასზე დიდად იმოქმედა.

19. რა დაასკვნეს ფესტუსმა და აგრიპამ?

19 სასამართლო მოსმენის დამთავრების ნიშნად აგრიპა და ფესტუსი ფეხზე წამოდგნენ. «გასვლისას ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ეს კაცი ისეთს არაფერს აკეთებს, რომ სიკვდილს ან ბორკილებს იმსახურებდეს“. აგრიპამ ფესტუსს უთხრა: „კეისართან რომ არ გაესაჩივრებინა, შეიძლებოდა მისი გათავისუფლება“» (საქ. 26:31, 32). მათ კარგად იცოდნენ, რომ მათ წინაშე უდანაშაულო კაცი იდგა. ვინ იცის, შესაძლოა ამის შემდეგ ისინი უკეთაც კი განეწყვნენ ქრისტიანების მიმართ.

20. რა მოჰყვა შედეგად სახელმწიფო მოხელეებთან ქადაგებას?

20 როგორც ჩანს, არც ერთ და არც მეორე ძლევამოსილ მმართველს არ მიუღია სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ. ღირდა კი მათთვის ქადაგება? რა თქმა უნდა! იუდეაში პავლეს „მეფეებთან და გამგებლებთან“ წაყვანამ მას იმ სახელმწიფო მოხელეებთან ქადაგების შესაძლებლობა მისცა, რომლებსაც სხვაგვარად ვერ უქადაგებდა (ლუკ. 21:12, 13). გარდა ამისა, პავლეს თავგადასავალი და განსაცდელების დროს მისი ერთგულება თანამორწმუნეებს ამხნევებდა (ფილ. 1:12—14).

21. რას მოვიმკით, თუ დაუღალავად განვაგრძობთ სამეფოს შესახებ ქადაგებას?

21 ამის თქმა დღესაც შეიძლება. ბევრ სიკეთეს მოვიმკით, თუ განსაცდელებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად დაუღალავად განვაგრძობთ სამეფოს შესახებ ქადაგებას. შეიძლება იმ თანამდებობის პირებთან მოგვეცეს სასიხარულო ცნობის გაზიარების შესაძლებლობა, რომლებსაც სხვაგვარად ვერ ვუქადაგებდით. ამასთანავე, ჩვენმა ერთგულებამ შეიძლება გაამხნევოს ქრისტიანი და-ძმები და აღძრას ისინი, უფრო გაბედულები იყვნენ სამეფოს შესახებ საგულდაგულოდ ქადაგებისას.

ᲠᲝᲛᲐᲔᲚᲘ ᲞᲠᲝᲙᲣᲠᲐᲢᲝᲠᲘ ᲞᲝᲠᲪᲘᲣᲡ ᲤᲔᲡᲢᲣᲡᲘ

პორციუს ფესტუსის შესახებ ცნობებს ორად ორი პირველწყაროდან — „მოციქულთა საქმეებიდან“ და იოსებ ფლავიუსის ჩანაწერებიდან — ვიღებთ. ახ. წ. დაახლოებით 58 წელს ფესტუსმა ფელიქსი შეცვალა და იუდეის პროკურატორი გახდა; ის ორი-სამი წლის განმავლობაში ასრულებდა პროკურატორის ვალდებულებას, ვიდრე ცოცხალი იყო.

პორციუს ფესტუსი

მისი წინამორბედი ფელიქსისა და მისი მემკვიდრე ალბინუსისგან განსხვავებით ფესტუსი, როგორც ჩანს, პროკურატორობისას გონიერებით გამოირჩეოდა და უნარიანი მმართველი იყო. მისი მმართველობის დასაწყისში იუდეა ყაჩაღებით იყო სავსე. როგორც იოსებ ფლავიუსი წერს, „ფესტუსმა . . . მიზნად დაისახა ყველას დასჯა, ვინც ქვეყანაში სიმშვიდეს არღვევდა. ამიტომ ყაჩაღთა უმრავლესობა დაიჭირა და ბევრი სიკვდილით დასაჯა“. მისი მმართველობის დროს იუდეველებმა ისეთი კედელი ააშენეს, რომ მეფე აგრიპას ვერ დაენახა, რა ხდებოდა ტაძრის ეზოებში. ფესტუსმა ჯერ კედლის დანგრევის ბრძანება გასცა, თუმცა მერე იუდეველებს ნება დართო, ეს გადაწყვეტილება იმპერატორ ნერონთან გაესაჩივრებინათ.

როგორც ჩანს, ფესტუსი დამნაშავეებსა და მეამბოხეებთან დათმობაზე არ მიდიოდა, მაგრამ მოციქულ პავლეს შემთხვევაში მზად იყო, უარი ეთქვა სამართალზე, იუდეველების კეთილგანწყობა რომ არ დაეკარგა.

ᲛᲔᲤᲔ ᲰᲔᲠᲝᲓᲔ ᲐᲒᲠᲘᲞᲐ II

„საქმეების“ 25-ე თავში მოხსენიებული აგრიპა, იგივე ჰეროდე აგრიპა II, ჰეროდე დიდის შვილთაშვილი და იმ ჰეროდეს შვილი იყო, რომელმაც 14 წლით ადრე იერუსალიმის კრების დევნა დაიწყო (საქ. 12:1). აგრიპა ჰეროდეთა დინასტიიდან ბოლო მეფე იყო.

მეფე ჰეროდე აგრიპა II

ახ. წ. 44 წელს, მამამისის სიკვდილის დროს, აგრიპა 17 წლის იყო და განათლებას რომში, იმპერატორი კლავდიუსის სამეფო კარზე იღებდა. იმპერატორის მრჩევლები მიიჩნევდნენ, რომ მამის სამეფოს ჩასაბარებლად აგრიპა ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო; ამიტომ მის ნაცვლად იქ რომაელი გამგებელი დანიშნეს. ამის მიუხედავად, როგორც იოსებ ფლავიუსი წერს, აგრიპა რომში ყოფნისას იუდეველთა ინტერესებს იცავდა.

ახ. წ. დაახლოებით 50 წელს კლავდიუსმა აგრიპას ქალქისის სამეფო ჩააბარა, ახ. წ. 53 წელს კი — იტურეის, ტრაქონიტიდისა და აბილინის მხარეები. აგრიპას იერუსალიმის ტაძრის მეთვალყურეობაც დაევალა, რაშიც მღვდელმთავრის დანიშვნის უფლებამოსილებაც შედიოდა. კლავდიუსის მემკვიდრემ, ნერონმა, აგრიპას სამეფოს გალილეასა და პერეას რამდენიმე ქალაქი შეუერთა. პავლესთან შეხვედრის დროს აგრიპა კესარეაში იყო ჩასული თავის დასთან, ბერნიკესთან ერთად, რომელმაც დატოვა ქმარი — კილიკიის მეფე (საქ. 25:13).

ახ. წ. 66 წელს, როცა აგრიპა რომის წინააღმდეგ ამბოხებულ იუდეველებს ვეღარ გაუმკლავდა, მეამბოხეები მას აუმხედრდნენ, ამიტომ სხვა აღარაფერი დარჩენოდა, თუ არა რომაელების მხარეზე გადასვლა. იუდეველთა ამბოხების ჩახშობის შემდეგ ახალმა იმპერატორმა ვესპასიანემ აგრიპა დააჯილდოვა და ახალი ტერიტორიები გადასცა.

a იხილეთ ჩარჩო „რომაელი პროკურატორი პორციუს ფესტუსი“.

b „სასამართლო ტახტი“ შემაღლებულ ადგილზე მდგარი სკამი იყო; შემაღლებული ადგილი კი იმას გამოხატავდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა და მისთვის ყველას პატივი უნდა ეცა. სწორედ ასეთ სასამართლო ტახტზე დაჯდა პილატე, როცა იესოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

c იხილეთ ჩარჩო „გასაჩივრება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დასაცავად“.

d იხილეთ ჩარჩო „მეფე ჰეროდე აგრიპა II“.

e როგორც ქრისტიანი, პავლე იესოს მესიად მიიჩნევდა, რის გამოც იესოს უარმყოფელმა იუდეველებმა პავლე განდგომილად შერაცხეს (საქ. 21:21, 27, 28).

f პავლეს სიტყვებს, რომ ის შუადღისას მიდიოდა, ერთ-ერთი ბიბლეისტი ასეთ კომენტარს უკეთებს: „ჩვეულებრივ, თუ ძალიან არ ჩქარობდა, მგზავრი შუადღის ხვატში ისვენებდა. აქედან ჩანს, როგორი გულმოდგინე იყო პავლე თავისი დავალების შესრულებისას“.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება