საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jr თ. 5 გვ. 54-66
  • ვის აირჩევთ მეგობრებად?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ვის აირჩევთ მეგობრებად?
  • ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ვისთან მეგობრობთ?
  • უნდა იმეგობროთ მათთან, ვინც არ ცნობს ღმერთს?
  • ვისთან არჩია იერემიამ მეგობრობა?
  • ბრძნულად აირჩიეთ მეგობრები
  • „ვერ ვდუმდები“
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
  • „მე გავაძღობ დაღლილ სულს“
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
  • „ბაგეზე გიდებ ჩემს სიტყვებს“
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
  • იეჰოვა იერემიას საქადაგებლად გზავნის
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
იხილეთ მეტი
ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
jr თ. 5 გვ. 54-66

თავი 5

ვის აირჩევთ მეგობრებად?

1, 2. ა) რა პრობლემებს ხვდებიან ქრისტიანები სხვებთან ურთიერთობისას? ბ) რატომ არის ჩვენთვის საყურადღებო ის, თუ ვის ირჩევდა იერემია მეგობრებად?

დავუშვათ, თქვენი თანამშრომელი, მეზობელი ან თანაკლასელი დაბადების დღეზე გეპატიჟებათ; ან დამსაქმებელი გეუბნებათ, ტყუილი თქვათ ან ისეთი რამ გააკეთოთ, რაც კანონდარღვევაა; ანდა ხელისუფლების წარმომადგენელი ისეთი რამის გაკეთებას ითხოვს თქვენგან, რითაც ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს დაარღვევდით. როგორ მოიქცეოდით? ალბათ თქვენი სინდისი გიკარნახებდათ, რომ ყველა შემთხვევაში უარი გეთქვათ, მაშინაც კი, თუ ამის გამო დაგცინებდნენ ან უფრო უარესად მოგექცეოდნენ.

2 ჩვენ დავინახავთ, რომ იერემიაც არაერთხელ აღმოჩენილა მსგავს მდგომარეობაში. ბევრ რამეს დაგანახვებთ იმის განხილვა, თუ ვისთან ჰქონდა იერემიას ურთიერთობა მსახურების განმავლობაში. ზოგი მათგანი ცდილობდა, მისთვის ხალისი დაეკარგვინებინა, რომ თავისი დავალება ვეღარ შეესრულებინა. იერემიას საკმაოდ ახლო ურთიერთობა უწევდა ამ ხალხთან, თუმცა ის არ დამეგობრებია მათ. ბევრ რამეს დაგანახვებთ ისიც, თუ ვინ აირჩია იერემიამ მეგობრებად, ვინ ედგა მას მხარში და ახალისებდა, ბოლომდე შეენარჩუნებინა ერთგულება. მართლაც ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იერემიას იმ გადაწყვეტილებებიდან, რომლებიც მეგობრების არჩევას ეხებოდა.

ვისთან მეგობრობთ?

3. რის მოსმენა უნდოდა ციდკიას იერემიასგან და როგორ მოიქცა წინასწარმეტყველი?

3 იერუსალიმის განადგურებამდე მეფე ციდკიამ არაერთხელ მიმართა იერემიას რჩევისთვის. რატომ? ის იმედოვნებდა, რომ იერემია დამაიმედებელ მომავალს უწინასწარმეტყველებდა მის სამეფოს. მას წინასწარმეტყველისგან იმის მოსმენა სურდა, რომ ღმერთი ჩაერეოდა მათ საქმეში და იუდას მტრებისგან დაიხსნიდა. მაცნეების მეშვეობით ციდკიამ სთხოვა იერემიას: „დაეკითხე ჩვენთვის იეჰოვას, რადგან გვეომება ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი. იქნებ ადრინდელივით მოიმოქმედოს ჩვენთვის იეჰოვამ საოცარი საქმეები და გაგვეცალოს ნაბუქოდონოსორი“ (იერ. 21:2). მეფეს არ უნდოდა, რომ მიჰყოლოდა ღვთის მითითებას და დანებებოდა ბაბილონს. ერთმა სწავლულმა ციდკია შეადარა „პაციენტს, რომელიც კვლავ და კვლავ აკითხავს ექიმს, რათა მისგან რაიმე დამამშვიდებელი მოისმინოს, თუმცა, ამავე დროს, არ სურს გამოწერილი წამლების მიღება“. როგორ მოიქცა იერემია? მას შეეძლო ციდკიას გულის მოგება, თუ მეფეს ყურის მაამებელ ცნობას გადასცემდა. რატომ არ შეცვალა იერემიამ თავისი ცნობა და რატომ არ გაიიოლა ცხოვრება? იმიტომ, რომ იეჰოვას მისთვის ნაბრძანები ჰქონდა, გაეცხადებინა ცნობა იერუსალიმის დაპყრობის შესახებ (წაიკითხეთ იერემიას 32:1—5 ).

სურათი 54, 55 გვერდებზე

ბიბლიაში როცა იერემიასა და ებედ-მელექზე კითხულობთ, გჯერათ, რომ ისინი რეალურად არსებობდნენ? დავითის უძველეს ქალაქში ბოლო დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულმა ორმა აღმოჩენამ დაადასტურა იერემიას 38-ე თავში ჩაწერილი ინფორმაციის უტყუარობა.

არქეოლოგი ეილატ მაზარი იუწყება, რომ 2005 წელს იმ ქანების გათხრების დროს, რომლებიც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების პერიოდით თარიღდება, აღმოაჩინეს თიხის ფირფიტაზე გაკეთებული ბეჭდის (ბულა) ანაბეჭდი (დაბლა მარცხნივ). ანაბეჭდზე ვკითხულობთ ძველ ებრაულ სახელს „იეჰუკალ ბენ შელემიაჰუ“, იგივე „იუქალ შელემიას ძე“.

იმ ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრში იპოვეს კიდევ ერთი ბულა წარწერით „გედალიაჰუ ბენ ფაშხურ“, იგივე „გედალია ფაშხურის ძე“ (დაბლა მარჯვნივ).

ახლა წაიკითხეთ იერემიას 38:1, სადაც მოხსენიებულია იმ ორი მთავრის სახელები, რომელმაც მეფე ციდკია იერემიას მოსაკლავად წააქეზა, თუმცა ებედ-მელექის წყალობით მათი გეგმა ჩაიშალა. დიახ, იერემიას 38-ე თავში მოხსენიებული ადამიანები მართლაც არსებობდნენ.

4. რა გადაწყვეტილების წინაშე ვდგებით, როცა საქმე, მაგალითად, თანამშრომლებთან მეგობრობას ეხება?

4 ალბათ, ბევრ მსგავსებას ხედავთ თქვენსა და იერემიას შორის. რა თქმა უნდა, გიწევთ ურთიერთობა მეზობლებთან, თანამშრომლებთან ან სკოლაში მოსწავლეებთან. შეიძლება ითქვას, რომ ისინი, გარკვეულწილად, თქვენი ამხანაგებიც არიან. მაგრამ ეცდებით მათთან ურთიერთობის გაღრმავებას და დამეგობრებას მიუხედავად იმისა, რომ იცით მათი გულგრილი დამოკიდებულება ღვთის ხელმძღვანელობის მიმართ? იერემიას არ შეეძლო საერთოდ გაეწყვიტა ურთიერთობა ციდკიასთან, რადგან ურჩობის მიუხედავად, ის მაინც მეფე იყო. იერემია არ იყო ვალდებული, დათანხმებოდა მეფის მცდარ შეხედულებებს ან ეცადა მისი გულის მოგება. თუ ის მეფის თხოვნას შეასრულებდა, მეფე, ალბათ, უხვად დაასაჩუქრებდა მას. მაგრამ იერემია არ მოქცეულა ზეგავლენის ქვეშ და არ აჰყოლია იმის ცდუნებას, რომ მეფეს დაახლოებოდა. რატომ? იმიტომ, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, იეჰოვას მითითებისამებრ ბოლომდე მტკიცე პოზიცია შეენარჩუნებინა. იერემიას მაგალითმა უნდა აღგვძრას, დავფიქრდეთ იმაზე, ვმეგობრობთ მათთან, ვინც ცდილობს წაგვახალისოს ღვთის ერთგულებისკენ? შეუძლებელია საერთოდ გაწყვიტოთ ურთიერთობა იმათთან, ვინც არ ემსახურება ღმერთს, იქნება ეს სამსახურში, სკოლაში, სასწავლებელსა თუ სამეზობლოში (1 კორ. 5:9, 10). მაგრამ ისიც გესმით, რომ თუ ასეთ ადამიანებს დაუმეგობრდებით, ამით ღმერთთან თქვენს მეგობრობას საფრთხეს შეუქმნით.

სურათი 57 გვერდზე

უნდა იმეგობროთ მათთან, ვინც არ ცნობს ღმერთს?

5, 6. როგორ ცდილობდა ზოგი იერემიას დადუმებას?

5 იერემიაზე უარყოფითი გავლენის მოხდენას ციდკიას გარდა სხვებიც ცდილობდნენ. მღვდელმა, სახელად ფაშხურმა „გაარტყა . . . იერემიას“, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ იერემიას ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმის ატანა მოუწია (იერ. 20:2; კან. 25:3). წინასწარმეტყველი ასეთი სახით დასაჯა ზოგიერთმა იუდეველმა მთავარმაც, რის შემდეგაც ის საპატიმროში ჩასვეს და იქ მრავალი დღე ჰყავდათ გამოკეტილი. პირობები იმდენად გაუსაძლისი იყო, რომ იერემია ფიქრობდა, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა (წაიკითხეთ იერემიას 37:3, 15, 16 ). გათავისუფლებიდან მალევე სხვა მთავრებმა წააქეზეს ციდკია, მოეკლა იგი. მათი აზრით იერემია იუდეველი მებრძოლებისთვის მხნეობის დაკარგვას ცდილობდა. ამიტომაც წინასწარმეტყველი წაიყვანეს და ტალახიან ჭაში ჩააგდეს, რათა მომკვდარიყო (იერ. 38:1—4). ალბათ წაკითხული გექნებათ, როგორ გადაურჩა ის საშინელ სიკვდილს. ამ შემთხვევებიდან კარგად გამოჩნდა ერთი რამ: იმ ადამიანებმა კარგად იცოდნენ, რომ არასწორად იქცეოდნენ და მაინც შეგნებულად ეწინააღმდეგებოდნენ ღვთის წინასწარმეტყველს.

6 იერემიას მტრები მხოლოდ სახელმწიფო მოხელეები არ ყოფილან. ერთხელ მის მშობლიურ ქალაქ ანათოთში მცხოვრები მამაკაცები, შეიძლება ითქვას მისი მეზობლები, დაემუქრნენ წინასწარმეტყველს, რომ მოკლავდნენ, თუ წინასწარმეტყველებას არ შეწყვეტდა (იერ. 11:21). ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ აღიზიანებდათ მისი ცნობა. მაგრამ იერემიამ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ამჯობინა მეზობლებთან მეგობრობას. სხვები სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ დასჯერდნენ. ერთხელ, როცა იერემიამ უღელი გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ გადარჩენისთვის იუდეველებს ბაბილონის მეფის უღელი უნდა ეტვირთათ, ხანანიამ ჩამოხსნა მას კისრიდან უღელი და დაუმტვრია. ეს ცრუწინასწარმეტყველი ამბობდა, თითქოს იეჰოვას ასეთი რამ ჰქონდა ნათქვამი მისთვის: „დავამტვრევ ბაბილონის მეფის უღელს“. ხანანია იმავე წელს მოკვდა. კარგად გამოჩნდა, თუ ვინ იყო ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი (იერ. 28:1—11, 17). მას შემდეგ, რაც იერემიას ნათქვამის თანახმად ბაბილონელებმა იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს, იოხანანმა და ჯარის სხვა მეთაურებმა უარი თქვეს ღვთის მითითების მიყოლაზე და გადაწყვიტეს დაეტოვებინათ იუდა. მათ უთხრეს იერემიას: „სიცრუეს ლაპარაკობ, იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, არ გამოუგზავნიხარ, რომ გეთქვა, ეგვიპტეში არ წახვიდეთ და არ შეეხიზნოთო მას“. ისინი იმითაც ეურჩნენ იეჰოვას, რომ ეგვიპტეში იერემიაც და ბარუქიც თან წაიყვანეს (იერ. 42:1—43:7).

სურათი 58 გვერდზე

როგორ ხალხთან უწევდა იერემიას ურთიერთობა? რას სწავლობთ იერემიას მაგალითიდან?

7. რამ შეიძლება გამოსცადოს თქვენი ერთგულება?

7 წლების მანძილზე იერემიას ისეთ ხალხში უწევდა ცხოვრება, რომლებიც ღმერთს არ ცნობდნენ და წინასწარმეტყველის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. დაუფიქრდით, როგორ მოქმედებდა იერემია ამ დროს. ადვილად შეიძლებოდა დაჰყოლოდა იმ აზრს, რომ დამეგობრებოდა ადამიანებს, რომელთაც არც ღვთის შიში ჰქონდათ და არც მის სიტყვას აფასებდნენ. მის გარშემო თითქმის ყველა ასეთი იყო. თქვენც ხომ არა ხართ ასეთ სიტუაციაში? ალბათ, გქონიათ ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც იერემიას თანამედროვეებს ჰგვანან. აირჩევდით მეგობრებად მათ, ვინც თქვენი და თქვენი ღვთის სასტიკი მოწინააღმდეგეები არიან ან თუნდაც შედარებით სასიამოვნო ადამიანები ჩანან? გონივრული იქნებოდა მეგობრული ურთიერთობის განვითარება მათთან, ვინც ღვთის წინასწარმეტყველებებს არაფრად აგდებს? იერემია რომ ყოფილიყო თქვენს ადგილზე, იმეგობრებდა მათთან, ვინც თავისი ცხოვრებით აჩვენებს, რომ არ სჯერა ღვთის სიტყვის და იმედს ადამიანზე ამყარებს? (2 მატ. 19:2). ღმერთმა არაორაზროვნად უთხრა იერემიას, თუ რა იქნებოდა მათი ბოლო, ვინც ადამიანზე იყო დაიმედებული და არა ღმერთზე (წაიკითხეთ იერემიას 17:5, 6 ). იზიარებთ იერემიას თვალსაზრისს ამ საკითხზე?

სურათი 63 გვერდზე

8. რა პრობლემებს ხვდებიან ქრისტიანები იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ?

8 ზოგიერთი ქრისტიანი თავის კლიენტებთან ატარებს თავისუფალ დროს (პატიჟებს რესტორანში ან გასართობ ადგილებში), რათა ხელი შეუწყოს საკუთარ კარიერას ან ბიზნესს. მაგრამ ამგვარად ხომ არ აყენებს ქრისტიანი საკუთარ თავს იმ საფრთხის წინაშე, რომელიც ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობას ახლავს თან და ხომ არ უწევს მათთან ერთად ბილწსიტყვაობა და გადამეტებული სმა? გასაგებია, თუ რატომ მიიღო ბევრმა ქრისტიანმა გადაწყვეტილება, მორიდებოდა ცუდ საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ ამით ქვეყნიური თვალსაზრისით დაწინაურების ან უფრო მეტის მოგების შანსი გაუშვა ხელიდან. შეიძლება დამსაქმებელი ან თანამშრომლები უსირცხვილოდ ატყუებენ კლიენტებს. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ექცევიან მათ გავლენაში. ზოგჯერ შეიძლება ადვილი არ იყოს სწორი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ იმ მაგალითისთვის, რომელიც იერემიამ დაგვიტოვა. მან მტკიცედ დაიცვა თავისი პოზიცია და ამით სუფთა სინდისი და, რაც მთავარია, ღმერთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა.

9. თუ ქრისტიანი პოპულარობას მოინდომებს, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს?

9 იუდეველები იერემიას მისი პოზიციისა და შეხედულებების გამო დასცინოდნენ (იერ. 18:18). მაგრამ ეს არ აბრკოლებდა მას, განსხვავებული ყოფილიყო მათგან, ვინც იმ გზით მიდიოდა, „რომლითაც სხვები დადიოდნენ“ (იერ. 8:5, 6). მათთან მეგობრობას, ვისაც უარყოფითი გავლენის მოხდენა შეეძლო მასზე, იერემია მარტოდ ყოფნას ამჯობინებდა (წაიკითხეთ იერემიას 9:4, 5; 15:17 ). თქვენ როგორ იქცევით? როგორც იერემიას დროს, დღესაც არაპოპულარულია ღვთის მოსაწონად ცხოვრება. ძველი დროიდან მოყოლებული იეჰოვას მსახურებს მეგობრების არჩევისას სიფრთხილის გამოვლენა უწევთ. ვერ ვიტყვით, რომ იერემიას მეგობრები არ ჰყავდა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც იცავდნენ და ეხმარებოდნენ მას. ვინ იყვნენ ისინი? მათი ვინაობის გაგება მეგობრების ბრძნულად არჩევაში დაგეხმარებათ.

ვისთან არჩია იერემიამ მეგობრობა?

10, 11. ა) რომელი პრინციპებით ხელმძღვანელობდა იერემია მეგობრების არჩევისას? ბ) ვინ იყვნენ იერემიას მეგობრები და რა კითხვები შეიძლება დაგვებადოს მათთან დაკავშირებით?

10 ვის აირჩევდა იერემია თავის მეგობრებად? იერემიამ იეჰოვას მითითებისამებრ არაერთხელ გაკიცხა ბოროტი, ცრუ, უსამართლო, მოძალადე, ეგოისტი და უზნეო ადამიანები, რომლებმაც წმინდა თაყვანისმცემლობას კერპთაყვანისმცემლობა ამჯობინეს და, ასე ვთქვათ, სულიერი მეძავები გახდნენ. ის მოუწოდებდა იუდეველებს: „მობრუნდით თითოეული თქვენ-თქვენი ბოროტი გზებიდან და გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები!“ (იერ. 18:11). იერუსალიმის განადგურების შემდეგაც ის ხოტბას ასხამდა ღვთის სიკეთეს, წყალობასა და ერთგულებას (გოდ. 3:22—24). იერემიას მხოლოდ იეჰოვას ერთგულ მსახურებთან სურდა მეგობრობა (წაიკითხეთ იერემიას 17:7 ).

11 ჩვენთვის უცნობი არ არის, თუ ვინ იყვნენ ისინი, ვისთანაც იერემია მეგობრობდა ან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ იერემიასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ებედ-მელექს, ბარუქს, სერაიასა და შაფანის ვაჟებს. როგორი ადამიანები იყვნენ ისინი და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ იერემიასთან? საიდან ჩანს, რომ ისინი წინასწარმეტყველის ნამდვილი მეგობრები იყვნენ და როგორ ეხმარებოდნენ მას ერთგულების შენარჩუნებაში? მოდი, ვისაუბროთ ამ საკითხებზე და თან შევადაროთ ჩვენს მდგომარეობას.

12. ა) რა საერთო ჰქონდათ იერემიასა და ბარუქს? (იხილეთ სურათი 58-ე გვერდზე). ბ) ვინ იყო სერაია და რა ვიცით მის შესახებ?

12 როგორც ჩანს, იერემიას უახლოესი მეგობარი იყო ნერიას ვაჟი, ბარუქი. იერემიამ მას მეტად საპასუხისმგებლო საქმე მიანდო. ის კარნახობდა ბარუქს ღვთის სიტყვას, შემდეგ ხმამაღლა აკითხებდა დაწერილს ჯერ იუდას ხალხის გასაგონად, მერე კი მთავრების (იერ. 36:4—8, 14, 15). იერემიას მსგავსად ბარუქსაც სწამდა, რომ ღვთის წინასწარმეტყველებები აუცილებლად შესრულდებოდა. მათ ერთად გაიარეს იუდას სამეფოს უკანასკნელი 18 მშფოთვარე წელიწადი. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ერთად ასრულებდნენ ღვთისგან მიღებულ დავალებას. ორივეს უწევდა პრობლემებთან ჭიდილი და მტრებისგან თავის დაღწევა. იეჰოვა ორივეს ამხნევებდა და აძლიერებდა. როგორც ჩანს, ბარუქი ცნობილ მწიგნობართა ოჯახიდან იყო. ბიბლიაში ის მწერლად არის მოხსენიებული. მის ძმას, სერაიას, მეფის კარზე მაღალი თანამდებობა ეკავა. მოგვიანებით ბარუქის მსგავსად სერაიაც ეხმარებოდა იერემიას იეჰოვას წინასწარმეტყველების გაცხადებაში (იერ. 36:32; 51:59—64). იერემიასთვის ალბათ ძალიან გამამხნევებელი იყო, რომ ასეთ რთულ პერიოდში ნერიას ვაჟები გვერდში ედგნენ და მასთან ერთად მსახურობდნენ. თქვენც გაგამხნევებთ და გაგაძლიერებთ ისეთ ქრისტიანებთან ურთიერთობა, რომლებიც თქვენთან ერთად ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას.

ვის ირჩევდა იერემია მეგობრებად და რას სწავლობთ აქედან?

13. როგორ დაამტკიცა ებედ-მელექმა, რომ იერემიას ნამდვილი მეგობარი იყო? (იხილეთ სურათი 63-ე გვერდზე).

13 ებედ-მელექი იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მხარში ედგა იერემიას. როცა განრისხებულმა მთავრებმა იერემია მოსაკლავად გაიმეტეს და ცარიელ ჭაში ჩააგდეს, უცხოელ, ეთიოპ ებედ-მელექს ეყო გამბედაობა, გამოჰქომაგებოდა მას. ის საჭურისი იყო და მეფის კარზე მსახურობდა. ებედ-მელექი არ მოერიდა ხალხს და მეფესთან მივიდა, როცა ის ბენიამინის კარიბჭესთან იჯდა. მან მეფეს თამამად სთხოვა ნებართვა, იერემია ტალახიანი ჭიდან ამოეყვანა. წინასწარმეტყველის დასახსნელად 30 კაცი წაიყვანა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის, შესაძლოა, იერემიას მტრებისგან გარკვეულ წინააღმდეგობას ელოდა (იერ. 38:7—13). არ ვიცით, რამდენად ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ ებედ-მელექსა და იერემიას, მაგრამ, რადგან ორივე იეჰოვას მეგობარი იყო, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ისინი ერთმანეთის მეგობრებიც იყვნენ. მას სჯეროდა, რომ იერემია ღვთის წინასწარმეტყველი იყო; მან მეფეს უთხრა, რომ მთავრები ბოროტად მოიქცნენ; იცოდა, რომ, თვითონ სწორად იქცეოდა, ამიტომ, მზად იყო, მეფის კარზე თავისი მდგომარეობა საფრთხეშიც კი ჩაეგდო. ებედ-მელექი მართლაც კარგი ადამიანი იყო. ეს ნათლად ჩანს მისთვის ნათქვამი იეჰოვას სიტყვებიდან: „გიხსნი [იერუსალიმის განადგურების დღეს], . . რადგან ჩემზე იყავი დაიმედებული“ (წაიკითხეთ იერემიას 39:15—18). როგორ ესიამოვნებოდა ებედ-მელექს ამ სიტყვების მოსმენა! არ გინდათ, ასეთი მეგობარი გყავდეთ?

14. რა ვიცით შაფანის ოჯახის წევრებზე და იერემიასთან მათ ურთიერთობაზე?

14 იერემიას მეგობრები იყვნენ აგრეთვე შაფანის სამი ვაჟი და ერთი შვილიშვილი. მათი ოჯახი საკმაოდ გავლენიანი იყო, რადგან შაფანი იოშიას დროს სამეფო კარზე მსახურობდა, როგორც მწერალი. როცა იერემიას მტრებმა პირველად სცადეს მისი მოკვლა, „ახიკამის, შაფანის ძის, ხელი იფარავდა იერემიას, რომ არ ჩავარდნილიყო ხალხის ხელში“ (იერ. 26:24). ახიკამს ჰყავდა ძმა, სახელად გემარია. როდესაც ბარუქმა ღვთის განაჩენი ხმამაღლა წაუკითხა ხალხს, გემარიას ვაჟი, მიქაიაც იქ იყო. ის წავიდა და ყველაფერი, რაც მოისმინა, მამამისსა და მთავრებს მოუყვა. ისინი შიშობდნენ, რომ იეჰოიაკიმი განრისხდებოდა, ამიტომ იერემიასა და ბარუქს ურჩიეს, დამალულიყვნენ. როდესაც მეფემ არ მიიღო ღვთის სიტყვა, სხვებთან ერთად გემარიაც ემუდარებოდა მას, არ დაეწვა გრაგნილი (იერ. 36:9—25). მოგვიანებით იერემიამ შაფანის სხვა ვაჟს, ელაშას მიანდო წინასწარმეტყველური წერილის მიტანა ბაბილონში გადასახლებული იუდეველებისთვის (იერ. 29:1—3). ასე რომ, შაფანის სამი ვაჟი და ერთი შვილიშვილი მხარში ედგნენ ღვთის წინასწარმეტყველს. იერემია, ალბათ, ძალიან აფასებდა, რომ გვერდით ასეთი მეგობრები ჰყავდა. ისინი იმიტომ კი არ იყვნენ მეგობრები, რომ ერთნაირი საჭმელ-სასმელი და ერთნაირი გართობა უყვარდათ. მათ მეგობრობას უფრო მყარი საფუძველი ჰქონდა.

ბრძნულად აირჩიეთ მეგობრები

15. რა მაგალითს გვაძლევს იერემია მეგობრების არჩევაში?

15 ბევრ რამეს გვასწავლის ის, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა იერემიას მის გარშემო მცხოვრებ როგორც ცუდ, ისე კარგ ხალხთან. მეფე, მთავრები, ცრუწინასწარმეტყველები და ჯარის მეთაურები ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ წინასწარმეტყველზე, რათა მას შეეცვალა თავისი ცნობა. მაგრამ იერემია დათმობაზე არ მიდიოდა. ამის გამო ის შეიძულეს, თუმცა იერემიას მათთან მეგობრობა სულაც არ სურდა. მისი საუკეთესო მეგობარი ყოველთვის იეჰოვა იყო. სხვების მხრიდან მტრული დამოკიდებულება იერემიას უარს ვერ ათქმევინებდა ღვთის ერთგულებაზე (წაიკითხეთ გოდების 3:52—59). როგორც დავინახეთ, იერემიას გარდა იყვნენ სხვებიც, ვისაც სურდა, იეჰოვასთვის ემსახურა.

16, 17. ა) რა დახმარებას იღებენ იეჰოვას მსახურები ნამდვილი მეგობრებისგან? ბ) რომელ ქვეყანაშიც უნდა ცხოვრობდეთ, სად შეგიძლიათ საუკეთესო მეგობრების პოვნა?

16 ებედ-მელექი იმიტომ იყო იერემიას ნამდვილი მეგობარი, რომ მას იეჰოვას რწმენა და ნდობა ჰქონდა. ის გაბედულად მოიქცა და იერემია სიკვდილისგან იხსნა. ბარუქი სიამოვნებით უთმობდა დროს იერემიასთან ურთიერთობას და ეხმარებოდა მას იეჰოვას ცნობის გადაცემაში. ქრისტიანულ კრებაშიც შეგვიძლია მათსავით ძვირფასი მეგობრების პოვნა. 20 წლის კამერონი, რომელიც პიონერად მსახურობს, მადლიერია პიონერი დის კარასი. ის ამბობს: „კარა ყოველთვის მახალისებდა როგორც სიტყვით, ისე საქმით, რომ ცხოვრებაში პირველ ადგილზე იეჰოვა დამეყენებინა“. მართალია, ისინი ერთმანეთისგან შორს ცხოვრობდნენ, მაგრამ კარა ხშირად ურეკავდა ან წერილს უგზავნიდა კამერონს, რათა გაეგო, როგორ იყო მისი მეგობარი და გაემხნევებინა ის. „მან ყველაფერი იცოდა ჩემს ოჯახზე, — იხსენებს კამერონი. — კარგად იცოდა ჩემი დის ამბებიც და ისიც, რამდენად განვიცადე, როცა ჩემმა დამ ჭეშმარიტება დატოვა. მთელი ამ ხნის მანძილზე კარა მხარში მედგა და ვერ წარმომიდგენია, რას ვიზამდი მისი გამხნევებისა და თანადგომის გარეშე. მან მართლაც ბრწყინვალე დახმარება აღმომიჩინა“.

სურათი 64 გვერდზე

17 ქრისტიანულ კრებაში შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა ასაკის ნამდვილი მეგობრები. ქრისტიანი და-ძმები ჩვენს რწმენას, ფასეულობებს, იმედსა და იეჰოვასადმი სიყვარულს იზიარებენ და ბევრი მათგანისთვის უცხო არ არის განსაცდელები, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით; მხარდამხარ ვმსახურობთ მათთან ერთად; ერთმანეთს ვამხნევებთ პრობლემების დროს; ერთად ვხარობთ იეჰოვას მსახურებაში მიღებული კურთხევებით. ასეთი მეგობრობა შეიძლება მარადიულად გაგრძელდეს (იგავ. 17:17; 18:24; 27:9).

18. რას სწავლობთ იერემიას მაგალითიდან მეგობრების არჩევასთან დაკავშირებით?

18 ჩვენთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რას ვსწავლობთ იერემიას მაგალითიდან მეგობრების არჩევასთან დაკავშირებით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს უდავო ჭეშმარიტება: შეუძლებელია იმეგობრო მათთან, ვისი შეხედულებებიც ეწინააღმდეგება ბიბლიას, და ამავე დროს შენი რწმენის ერთგული დარჩე. ამის გათვალისწინება დღესაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ეს იერემიას დროს იყო. ღვთის დავალების ბოლომდე შესასრულებლად და იეჰოვას კურთხევის მისაღებად იერემია მზად იყო, თავისი თანამედროვეებისგან განსხვავებული ყოფილიყო. ალბათ, ეს თქვენს შემთხვევაშიც ასეა. იერემიამ თავის მეგობრებად ისინი აირჩია, ვინც იზიარებდა მის რწმენას და ეხმარებოდა დავალების შესრულებაში. ყველა ქრისტიანს შეუძლია იერემიასგან ისწავლოს მეგობრების ბრძნულად არჩევა (იგავ. 13:20; 22:17).

იერემიას მაგალითის გათვალისწინებით, როგორ შეგიძლია გადაწყვიტოთ, ვისთან იმეგობრებთ და ვისთან — არა?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება