თავი 6
„გთხოვ, დაემორჩილე იეჰოვას ხმას“
1, 2. რა დამოკიდებულება აქვთ მორჩილების მიმართ მათ, ვინც იმ გზას მიჰყვება, „რომლითაც სხვები დადიან“ და რატომ არ უნდა დაემსგავსოთ ასეთ ადამიანებს?
დღეს ბევრისთვის მიუღებელია იმის გაფიქრებაც კი, რომ ვინმეს ან რამეს უნდა დაემორჩილოს. ისინი არ ხელმძღვანელობენ ცხოვრებაში იმ პრინციპით, რომ გააკეთონ ის, რაც სწორია. მათი დევიზია: „გააკეთე ის, რაც გინდა, ოღონდ ისე, რომ არ დაისაჯო“. ამიტომაა, რომ მძღოლები არ ემორჩილებიან საგზაო ნიშნებს, ინვესტორები არღვევენ ფინანსურ კანონებს და ხელისუფლების წარმომადგენლები არ იცავენ თავიანთივე მიღებულ დადგენილებებს. ასეთი დაუფიქრებელი მოქმედება და იმ გზით სიარული, „რომლითაც სხვები დადიან“, თუმცა არასწორია და საზიანო, იერემიას დროსაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო (იერ. 8:6).
2 ალბათ, კარგად გესმით, რომ თუ ყოვლისშემძლე ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება გსურთ, ვერ ივლით იმ გზით, „რომლითაც სხვები დადიან“. აღსანიშნავია, რომ იერემიამ ნათლად დაგვანახვა სხვაობა მათ შორის, ვინც „არ ემორჩილება იეჰოვას“ და ვინც მზად არის, დაემორჩილოს მას (იერ. 3:25; 7:28; 26:13; 38:20; 43:4, 7). უნდა დავფიქრდეთ, ჩვენ რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით. ეს იმიტომ არის აუცილებელი, რომ სატანა დღეს განსაკუთრებული სისასტიკით ცდილობს, ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ერთგულება დააკარგვინოს. ის ჩასაფრებულ გველს წააგავს, რომელიც თავის მსხვერპლს ელოდება, რათა მოულოდნელად სასიკვდილოდ დაგესლოს. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ იეჰოვას ხმას მოვუსმინოთ, ეს კი გვეხმარება თავი დავაღწიოთ გველისგან დაგესვლას. რა გაგვიძლიერებს იმის სურვილს, რომ იეჰოვას მორჩილები ვიყოთ? ამაში იერემიას წიგნების წაკითხვა დაგვეხმარება.
ვისაც უნდა ვემორჩილებოდეთ
3. რატომ იმსახურებს იეჰოვა ჩვენს მორჩილებას?
3 რატომ იმსახურებს იეჰოვა სრულ მორჩილებას? ამის ერთ-ერთ მიზეზად იერემია ასახელებს იმას, რომ ღმერთმა „თავისი ძლიერებით შექმნა დედამიწა, სიბრძნით დააფუძნა ნაყოფიერი მიწა“ (იერ. 10:12). იეჰოვაა სამყაროს უზენაესი მმართველი. ყველა სხვა მმართველზე მეტად მისი უნდა გვეშინოდეს. მას სრული უფლება აქვს მოითხოვოს ჩვენგან, დავემორჩილოთ მის ბრძნულ მითითებებს. ისინი ხომ ყოველთვის ჩვენს კეთილდეობას ემსახურება (იერ. 10:6, 7).
იეჰოვასგან მომდინარე „ცოცხალი წყლის მიღება“ მორჩილების სურვილს გაგიძლიერებთ
4, 5. ა) რა დაინახეს იუდეველებმა გვალვების დროს? ბ) რაში გამოვლინდა, რომ იუდას მკვიდრებმა „ცოცხალი წყალი“ არ დააფასეს? გ) როგორ შეგიძლიათ დალიოთ „ცოცხალი წყალი“, რომელსაც ღმერთი გაძლევთ?
4 გარდა იმისა, რომ იეჰოვა არის სამყაროს უზენაესი მმართველი, ის ჩვენი სიცოცხლის წყაროცაა. ეს ნათლად დაანახვა იეჰოვამ იერემიას დროს მცხოვრებ იუდეველებს. ეგვიპტის მიწას, ძირითადად, მდინარე ნილოსი ამარაგებდა წყლით, აღთქმული მიწა კი, უმეტესწილად, დამოკიდებული იყო სეზონურ წვიმებზე, რომლის დროსაც ხალხი წვიმის წყალს მიწისქვეშა წყალსატევებში აგროვებდა (კან. 11:13—17). მხოლოდ იეჰოვას შეეძლო ეწვიმებინა, რათა მათი მიწა ნაყოფიერი ყოფილიყო ან, პირიქით, წვიმა შეეკავებინა. სწორედ იერემიას დროს მცხოვრები ურჩი იუდეველები გახდნენ არაერთი საშინელი გვალვის მომსწრენი, რომლის დროსაც ყანები და ვენახები გადახმა, ჭები და წყალსატევები კი ამოშრა (იერ. 3:3; 5:24; 12:4; 14:1—4, 22; 23:10).
5 მართალია, იუდეველებს კარგად ესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო წყალი, მაგრამ უარს ამბობდნენ „ცოცხალ წყალზე“, რომელსაც იეჰოვა უხვად აძლევდა. ისინი არ ემორჩილებოდნენ ღვთის კანონებს და გარშემო მყოფ ერებზე იყვნენ დაიმედებულნი. იუდეველები მათსავით ხელმოცარულნი დარჩნენ, ვინც გვალვის დროს წყალს გაბზარულ ჭებში ინახავდა (წაიკითხეთ იერემიას 2:13; 17:13). ყველანაირი მიზეზი გვაქვს, რომ არ მოვიქცეთ იუდეველების მსგავსად და უბედურება არ დავიტეხოთ თავს. იეჰოვა განუწყვეტლივ გვაძლევს თავის სიტყვაზე დაფუძნებულ მითითებებს. ცხადია, „ცოცხალი წყალი“ მხოლოდ მაშინ იქნება ჩვენთვის სასარგებლო, თუ რეგულარულად გამოვიკვლევთ ბიბლიას და ვეცდებით, ნასწავლის შესაბამისად ვიცხოვროთ.
6. ა) როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მეფე ციდკიას იეჰოვას მორჩილებისადმი? ბ) თქვენი აზრით რატომ იყო მეფე უგუნური?
6 რაც უფრო ახლოვდებოდა ღვთის მიერ იუდას გასამართლების დღე, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა მორჩილება. ღვთის კეთილგანწყობა და მფარველობა რომ ჰქონოდა, თითოეულ იუდეველს უნდა მოენანიებინა ცოდვები და მორჩილება გამოევლინა. მეფე ციდკია სწორედ ამ არჩევანის წინაშე იდგა, თუმცა მას სიმტკიცე აკლდა, სწორად რომ მოქცეულიყო. ერთხელ, როდესაც ქვეშევრდომებმა უთხრეს, რომ იერემიას მოკვლა სურდათ, მეფეს ვაჟკაცობა არ ეყო, შეწინააღმდეგებოდა მათ. როგორც წინა თავიდან გავიგეთ, წინასწარმეტყველი ებედ-მელექმა გადაარჩინა. მოგვიანებით იერემიამ მეფეს უთხრა: „გთხოვ, დაემორჩილე იეჰოვას ხმას“ (წაიკითხეთ იერემიას 38:4—6, 20). ცხადია, მეფეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო, დაემორჩილებოდა თუ არა ღმერთს და ეს ისევ თავისდა სასიკეთოდ უნდა გაეკეთებინა.
რატომ იყო მართებული, რომ იერემია კვლავ და კვლავ მოუწოდებდა იუდეველებს, დამორჩილებოდნენ ღმერთს?
იეჰოვასადმი მორჩილება უაღრესად მნიშვნელოვანია
7. რა და რა სიტუაციაში შეიძლება გამოიცადოს თქვენი მორჩილება?
7 მორჩილება დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეს იერემიას დროს იყო. რამდენად მტკიცეა თქვენი გადაწყვეტილება, დაემორჩილოთ იეჰოვას? თუ შემთხვევით წააწყდებით ინტერნეტში პორნოგრაფიულ ვებ-გვერდს, განაგრძობთ მის ყურებას, თუ დაძლევთ ცდუნებას და დახურავთ ვებ-გვერდს? როგორ მოიქცევით, თუ თანამშრომელს ან თანაკლასელს თქვენ მიმართ რომანტიკული გრძნობები აქვს და შეხვედრას გთხოვთ? შეძლებთ უარის თქმას? ცნობისმოყვარეობა ხომ არ გძლევთ, რომ განდგომილების ლიტერატურა წაიკითხოთ ან მათ ვებ-გვერდზე შეხვიდეთ, თუ პირიქით? ამა თუ იმ სიტუაციაში ყოფნისას ყოველთვის გახსოვდეთ იერემიას 38:20-ში ჩაწერილი სიტყვები.
8, 9. ა) რატომ უნდა მოუსმინოთ უხუცესებს, როცა რჩევას გაძლევენ? ბ) როგორ უნდა მიიღოთ უხუცესების მიერ განმეორებით მოცემული რჩევა?
8 იეჰოვა იერემიას მეშვეობით ხშირად მოუწოდებდა თავის ხალხს: „მობრუნდით თითოეული თქვენ-თქვენი ბოროტი გზებიდან და გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები!“ (იერ. 7:3; 18:11; 25:5; წაიკითხეთ იერემიას 35:15 ). დღეს ქრისტიანი უხუცესებიც ყველაფერს აკეთებენ იმ თანაქრისტიანების დასახმარებლად, რომელთა სულიერობასაც საფრთხე ემუქრება. თუ უხუცესები მოვლენ თქვენთან და რჩევას მოგცემენ, მოერიდოთ არაგონივრულ ან მცდარ მოქმედებას, მოუსმინეთ. მათაც იგივე მიზანი აქვთ, რაც იერემიას ჰქონდა.
9 უხუცესებმა შეიძლება ის ბიბლიური პრინციპები შეგახსენონ, რომლებზეც ადრე გესაუბრნენ. გახსოვდეთ, რომ რჩევის გამეორება ადვილი არასოდეს არის, მაგრამ უხუცესებს ამის გაკეთება უფრო უძნელდებათ, როცა ქრისტიანს იმ იუდეველების მსგავსი დამოკიდებულება აქვს, რომლებსაც იერემია ელაპარაკებოდა. ეცადეთ, იეჰოვას სიყვარულის გამოვლინებად ჩათვალოთ უხუცესების განმეორებითი მცდელობა, დაგეხმარონ. ისიც არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ იერემიას არ მოუწევდა იუდეველების ისევ და ისევ გაფრთხილება, თუ ისინი თავის დროზე გაითვალისწინებდნენ მის რჩევებს. თუ არ გინდათ, რომ რჩევა გაგიმეორონ, მაშინ პირველივე ჯერზე გაითვალისწინეთ ის.
მოუსმინე, როცა უხუცესები ცდილობენ, დაგეხმარონ
იეჰოვა მთელი გულით გვპატიობს, თუმცა ამას ავტომატურად არ აკეთებს
10. რატომ არ პატიობს იეჰოვა ცოდვას ავტომატურად?
10 დღეს რამდენიც არ უნდა ვეცადოთ სრულყოფილად არ შეგვიძლია იეჰოვასადმი მორჩილების გამოვლენა. ამიტომ მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა მთელი გულით გვპატიობს შეცდომებს. თუმცა ამას ავტომატურად არ აკეთებს, რადგან მას სძულს ცოდვა (ეს. 59:2). სწორედ ამიტომ სურს იეჰოვას დარწმუნდეს, რომ პატიების ღირსები ვართ.
11. რატომ არ იმალება დაფარული ცოდვები?
11 როგორც უკვე დავინახეთ იერემიას დროს მცხოვრები ბევრი იუდეველი აღარ ემორჩილებოდა ღმერთს და ამგვარად მის მოთმინებასა და მოწყალებას არაფრად აგდებდა. შეიძლება, რომ დღესაც მსგავსი დამოკიდებულება განუვითარდეს ღვთის მსახურს? რაღა თქმა უნდა, თუ არ ისმენს იეჰოვას შეხსენებებს და სცოდავს. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება აშკარა იყოს. მაგალითად, ქრისტიანი ხელმეორედ ქორწინდება და საამისოდ ბიბლიური საფუძველი არა აქვს. ცოდვა სხვებისთვის შეუმჩნეველიც რომ იყოს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემცოდველი საშიშ გზას არ ადგას. ქრისტიანი, რომელიც გაორებულ ცხოვრებას ეწევა, შეიძლება ფიქრობს, რომ ამას ვერავინ გაიგებს. სინამდვილეში ღმერთი ჩვენს აზრებსა და გულს კითხულობს და იმასაც ხედავს, რა ხდება დახურულ კარს მიღმა (წაიკითხეთ იერემიას 32:19). რის გაკეთებაა საჭირო, თუ ქრისტიანი ღვთისადმი დაუმორჩილებლობას ავლენს და სცოდავს?
12. ზოგჯერ რის გაკეთება უწევთ უხუცესებს კრების დასაცავად?
12 იუდეველებიდან ბევრი არაფრად აგდებდა იმ დახმარებას, რომელსაც იეჰოვა იერემიას მეშვეობით სთავაზობდა. დღეს ქრისტიანმაც შეიძლება ჩაიდინოს სერიოზული ცოდვა, არ მოინანიოს და უხუცესების დახმარებაზეც უარი თქვას. ასეთ შემთხვევაში უხუცესები ბიბლიური მითითების თანახმად იქცევიან და, კრების დაცვის მიზნით, შემცოდველს კრებიდან რიცხავენ (1 კორ. 5:11—13; იხილეთ ჩარჩო „ცხოვრება კანონის გარეშე“, გვერდი 73). მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ შემცოდველს არანაირი იმედი აღარ აქვს და ვერასდროს დაიბრუნებს იეჰოვას კეთილგანწყობას? არა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელები დიდი ხნის განმავლობაში ეურჩებოდნენ ღმერთს, მან უთხრა მათ: „დაბრუნდით, განდგომილო ძეებო, და მე განვკურნავ თქვენს განდგომილებას“ (იერ. 3:22).a იეჰოვა შემცოდველებს იწვევს, რომ დაუბრუნდნენ მას. დიახ, ის მოუწოდებს მათ, ასე მოიქცნენ.
რატომ არის გონივრული პატიება ვთხოვოთ იეჰოვას, როცა შეცდომას ვუშვებთ?
დაემორჩილეთ იეჰოვას და დაუბრუნდით მას
13. თუ შემცოდველს სურს იეჰოვასთან დაბრუნება, რა უნდა აღიაროს?
13 თუ შემცოდველს იეჰოვასთან დაბრუნება სურს, იერემიას მითითების თანახმად, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: „ეს რა ჩავიდინე?“ და ამ კითხვას ბიბლიური ნორმების გათვალისწინებით გულწრფელად უპასუხოს. იერემიას დროში მცხოვრები მოუნანიებელი იუდეველები ამ საკითხზე ფიქრს შეგნებულად არიდებდნენ თავს. ისინი არ აღიარებდნენ თავიანთი ცოდვების სერიოზულობას და იეჰოვაც არ პატიობდა, რადგან პატიებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა (წაიკითხეთ იერემიას 8:6 ). მათგან განსხვავებით მომნანიებელი შემცოდველი აღიარებს, რომ თავისი საქციელით შეურაცხყო ღვთის სახელი და ქრისტიანული კრება. ვინც ნამდვილად ინანიებს, გულწრფელად წუხს იმ ზიანის გამო, რომელიც, შესაძლოა, უდანაშაულო ხალხს მიაყენა. მას ესმის, რომ ბოლომდე უნდა შეიგნოს თავისი არასწორი საქციელის შედეგები და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მის მონანიებას იეჰოვას თვალში ფასი. თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ღვთის კეთილგანწყობის დასაბრუნებლად.
14. როგორ უბრუნდება მომნანიებელი იეჰოვას? (იხილეთ ჩარჩო „რა არის მონანიება?“).
14 ნამდვილად მომნანიებელი ადამიანი ცდილობს, გაერკვეს თავის მოტივებსა და სურვილებში და დააკვირდეს საკუთარ ჩვევებს (წაიკითხეთ გოდების 3:40, 41 ). ის ამოწმებს საკუთარ თავს, რათა გაიგოს, რაში ავლენს სისუსტეს. მაგალითად, როგორი ურთიერთობა აქვს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან, რა დამოკიდებულება აქვს ალკოჰოლისა და თამბაქოს მიმართ, როგორ იყენებს ინტერნეტს ან როგორ იქცევა საქმიანი ურთიერთობისას. დიასახლისის მსგავსად, რომელიც გულდასმით ასუფთავებს სამზარეულოს ყველა კუთხე-კუნჭულს, რათა სისუფთავე დაიცვას და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს, მომნანიებელიც გულმოდგინედ უნდა ეცადოს, გაისუფთავოს ფიქრები და მოიშოროს ფარული ცოდვები. მან უნდა შეასრულოს იეჰოვას მოთხოვნები, შეესაბამოს მის ნორმებს და ამგვარად დაუბრუნდეს მას. იერემიას დროს ზოგი იუდეველი მოჩვენებითად დაუბრუნდა იეჰოვას. მათ თავი ისე მოჰქონდათ, თითქოს ინანიებდნენ, სინამდვილეში კი არ ჰქონდათ გული გასუფთავებული და ცხოვრების წესი შეცვლილი (იერ. 3:10). მათგან განსხვავებით, ის, ვინც გულწრფელად ინანიებს, არ ცდილობს იეჰოვასა და მისი კრების მოტყუებას. მისთვის მთავარი საკუთარი რეპუტაცია და ნათესავებთან და თანამორწმუნეებთან ურთიერთობა კი არა, ცოდვების მიტოვება, ღვთისგან პატიების მიღება და მისი კეთილგანწყობის მოპოვებაა.
15. როგორია გულწრფელად მომნანიებელი ადამიანის ლოცვები?
15 მონანიებისთვის აუცილებელია ლოცვა. ძველად ხალხი ლოცვის დროს ხელებს ცისკენ აღაპყრობდა. დღეს, როცა მომნანიებელი ლოცულობს, როგორც იერემია ამბობდა, ხელებთან ერთად გულსაც აღაპყრობს ღვთისკენ (გოდ. 3:41, 42). სინანულის გრძნობა მას აღძრავს, პატიების მისაღებად აღვლენილი ლოცვის თანახმად იმოქმედოს. მისი ლოცვები გულწრფელია და გულის სიღრმიდან მომდინარეობს.
„რატომ არ მოვუსმინე?“
16. რატომ არის გონივრული ღმერთთან დაბრუნება?
16 ალბათ ხვდებით, რომ ვინც ბოლომდე აცნობიერებს საკუთარ შეცდომებს, სიამაყე უნდა დასძლიოს. ამ დროს მას ერთი რამ არ უნდა დაავიწყდეს: იეჰოვას სურს, რომ შემცოდველი დაუბრუნდეს. როდესაც ღმერთი ხედავს, რომ შემცოდველი მთელი გულით ინანიებს, ისიც აღძრულია, აპატიოს. მას სათუთი გრძნობები ეუფლება, რადგან სურს, ისევე აპატიოს ყველა მომნანიებელ შემცოდველს, როგორც ერთ დროს გადასახლებიდან დაბრუნებულ ისრაელს შეუნდო ცოდვები, რომლის შესახებაც თქვა: „შიგნეული შემეძრა მის გამო“ (იერ. 31:20). რა დამაიმედებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თავის მორჩილთ მშვიდობას ჰპირდება და მომავლის იმედს აძლევს! (იერ. 29:11—14). მათ კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, იყვნენ ღვთის ერთგულ მსახურთა შორის.
მორჩილება დაგიცავთ
17, 18. ა) ვინ იყვნენ რექაბელები? ბ) რით იყვნენ რექაბელები ცნობილნი? (იხილეთ სურათი 77-ე გვერდზე).
17 იეჰოვასადმი სრული მორჩილება ცხოვრების ყველაზე უსაფრთხო გზაა. ეს კარგად ჩანს იერემიას დროს მცხოვრები რექაბელების მაგალითიდან. ორასზე მეტი წლით ადრე მათმა კენიელმა წინაპარმა იეჰონადაბმა, რომელიც იეჰუს ერთგულად ედგა მხარში, თავის შთამომავლებს რამდენიმე წესი დაუდგინა. ერთ-ერთი წესის თანახმად, მათ ღვინო არ უნდა დაელიათ. მართალია, იეჰონადაბის სიკვდილიდან უკვე დიდი ხანი იყო გასული, რექაბელები მის მითითებებს მაინც იცავდნენ. ერთხელ იერემიამ ისინი ტაძრის ერთ-ერთ სასადილო ოთახში შეიყვანა, წინ გამოსაცდელად ღვინო დაუდგა და უთხრა, დაელიათ, მათ კი მიუგეს: „ვერ დავლევთ ღვინოს“ (იერ. 35:1—10).
18 რექაბელები მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი წინაპრისადმი მორჩილებას. აქედან გამომდინარე, რამდენად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ცოცხალი ღვთის მითითებებს მიჰყვებოდნენ! იეჰოვამ მოიწონა რექაბელების დამოკიდებულება. ისინი სრულიად განსხვავდებოდნენ ურჩი იუდეველებისგან. ღმერთი დაჰპირდა რექაბელებს, რომ მოახლოვებული უბედურებისგან დაიცავდა. თუ გავითვალისწინებთ ამ შემთხვევას, განა გონივრული არ არის გვჯეროდეს, რომ, ვინც იეჰოვას ყველაფერში ემორჩილება, დიდი გასაჭირის დროს დაცული იქნება?! (წაიკითხეთ იერემიას 35:19).
რატომ არის მნიშვნელოვანი სერიოზული ცოდვის მონანიება, თუ მორჩილების გამოვლენა გვსურს? როგორ აგვარიდებს მორჩილება თავიდან მონანიების აუცილებლობას?
იეჰოვას მორჩილები დაუცველნი არ არიან
19. როგორ დაგიცავთ ღმერთი, თუ დაემორჩილებით?
19 არ უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვა თავის ხალხს მხოლოდ წარსულში იცავდა. იეჰოვა დღესაც იცავს თავის მორჩილებს სულიერი საფრთხისგან. როგორც ძველ დროში მაღალი გალავანი იცავდა ქალაქს, ისე ღვთის კანონი იცავს მათ, ვინც სწავლობს და გამუდმებით მიჰყვება მას. დარჩებით ღვთის დამცველი გალავნის ანუ ზნეობრივი ნორმების შიგნით? შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თუ ასე მოიქცევით, ხელი მოგემართებათ (იერ. 7:23). ამ სიტყვების ჭეშმარიტება არაერთხელ დამტკიცდა (იხილეთ ჩარჩო „იეჰოვასადმი მორჩილება დაგვიცავს“).
20, 21. ა) რაში შეუძლიათ იყვნენ დარწმუნებული ღვთის მსახურები? ბ) როგორ მოიქცა მეფე იეჰოიაკიმი, როდესაც იერემიას გრაგნილიდან ღვთის ცნობა მოისმინა?
20 შეიძლება ოჯახის წევრები, თანამშრომლები, თანაკლასელები ან მთავრობის წარმომადგენლები ხელს გიშლიან ღვთის მსახურებაში. მაგრამ გჯეროდეთ, რომ თუ ყველაფერში დაემორჩილებით ღმერთს, ის ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი დაგეხმარებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ღმერთი თავისი დაპირებისამებრ იერემიას სასტიკი წინააღმდეგობის დროს მხარში ამოუდგა (წაიკითხეთ იერემიას 1:17—19). ერთ-ერთი შემთხვევა, როცა იეჰოვა აშკარად დაეხმარა იერემიას, მეფე იეჰოიაკიმის დროს მოხდა.
21 იეჰოიაკიმი ისრაელის მეფეთა შორის ღვთის წინასწარმეტყველების ერთ-ერთი უსასტიკესი მოწინააღმდეგე იყო. ეს გამოჩნდა იერემიას თანამედროვე წინასწარმეტყველ ურიას შემთხვევაში. ბოროტი მეფის, იეჰოიაკიმის, ხელი ურიას უცხო ქვეყანაშიც მისწვდა. ის შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს, რომელმაც ურია მახვილით განგმირა (იერ. 26:20—23). იეჰოიაკიმის მეფობის მეოთხე წელს იეჰოვამ იერემიას დაავალა, ჩაეწერა მისთვის მანამდე ნათქვამი ყველა სიტყვა და ტაძარში ხმამაღლა წაეკითხა. იეჰოიაკიმმა მოატანინა იერემიას გრაგნილი და მსახურს წააკითხა. მეფე გრაგნილის წაკითხულ ნაწილს დანით ჭრიდა, ხევდა და ცეცხლში ყრიდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მთავარი ემუდარებოდა, არ გაეკეთებინა ეს. ბოლოს მეფემ კაცები გააგზავნა იერემიასა და ბარუქის შესაპყრობად. მაგრამ, „იეჰოვა მალავდა მათ“ (იერ. 36:1—6; წაიკითხეთ იერემიას 36:21—26 ). იეჰოვამ არ დაუშვა, რომ იეჰოიაკიმს ამ ორი ერთგული მამაკაცისთვის ზიანი მიეყენებინა.
22, 23. რას ვიგებთ ღვთის მხარდაჭერის შესახებ ცენტრალურ აზიაში მცხოვრები ერთ-ერთი მოწმის შემთხვევიდან?
22 იეჰოვა დღესაც იცავს თავის მსახურებს საფრთხისგან, როცა საჭიროდ თვლის. მაგრამ უფრო ხშირად ის მათ გამბედაობასა და სიბრძნეს მატებს, რათა მისი მორჩილები იყვნენ და სასიხარულო ცნობის ქადაგება განაგრძონ. მარტოხელა დედას, რომელსაც პირობითად გულისტანს ვარქმევთ, ოთხი შვილი ჰყავს. მისთვის უცხო არ არის იეჰოვას მხარდაჭერა. ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ნაწილში, სადაც მთავრობა სამქადაგებლო საქმიანობას ეწინააღმდეგება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ერთადერთი იეჰოვას მოწმე იყო. უახლოესი კრება მისი სახლიდან 400 კილომეტრის მოშორებითაა, ამიტომ გულისტანს იშვიათად აქვს მოწიფულ ქრისტიანებთან ურთიერთობა. წინააღმდეგობისა და სხვა პრობლემების მიუხედავად ის კარდაკარ ქადაგებს და ხარობს, რომ ბევრს აინტერესებს ღვთის სიტყვა. ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად ის 20 ადამიანს ასწავლის ბიბლიას და იეჰოვას ცხვარს, რომელთა რიცხვიც მუდმივად იზრდება, სულიერ ზრდაში ეხმარება.
23 ღმერთი მზად არის, როგორც იერემიასა და გულისტანს, ისე ყველა თავის მორჩილ მსახურს დაეხმაროს და არც თქვენ იქნებით გამონაკლისი. ადამიანებზე მეტად ყოველთვის ღმერთს დაემორჩილეთ, როგორც მმართველს. თუ ასე მოიქცევით, ვერც წინააღმდეგობა და ვერც სხვა პრობლემები ვერ შეგიშლით ხელს, საჯაროდ განადიდოთ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი (იერ. 15:20, 21).
24. რა კურთხევები მოაქვს დღეს თქვენთვის მორჩილებას?
24 ნამდვილი სიხარულისა და კმაყოფილების განცდა შეუძლებელი იქნება, თუ შემოქმედისგან დამოუკიდებელ ცხოვრებას შევეცდებით (იერ. 10:23). იმის განხილვის შემდეგ, რაც იერემიამ მორჩილების შესახებ დაწერა, დაინახეთ რაში გჭირდებათ იეჰოვაზე უფრო მეტად მინდობა, რომ მან წარმართოს თქვენი ნაბიჯები? ნამდვილი ბედნიერება და წარმატება მხოლოდ მისი მითითებების მიყოლას მოაქვს. „დაემორჩილეთ ჩემს ხმას, — მოგვიწოდებს იეჰოვა, — რათა მოგემართოთ ხელი“ (იერ. 7:23).
როგორ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ღმერთთან თქვენს ურთიერთობაში ის, რაც იერემიას წიგნში წერია მორჩილების შესახებ?
a ამ სიტყვებით იეჰოვამ ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს მკვიდრთ მიმართა. დაახლოებით 100 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ისინი გადასახლებაში იყვნენ, როცა იერემიამ ეს ცნობა გადასცა მათ. იერემია ხედავდა, რომ იმ დროისთვის ისრაელი ერი ისევ არ ინანიებდა ცოდვებს (2 მეფ. 17:16—18, 24, 34, 35). ამის მიუხედავად, ცალკეულ პიროვნებებს შეეძლოთ ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება და სამშობლოში დაბრუნებაც კი.