თავი 3
როგორ დავიმსახურო მეტი თავისუფლება?
„ნეტა ჩემი მშობლები ხანდახან მაინც მიშვებდნენ მარტოს“ — (სარა, 18 წლის).
«როცა მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა მინდა, მშობლებს ეშინიათ ჩემი გაშვების. ამ დროს ხშირად ვეკითხები, რატომ არ მენდობით-მეთქი, რაზეც მპასუხობენ: „შენ კი გენდობით, მაგრამ შენს მეგობრებს — არა“» (კრისტინა, 18 წლის).
სარას და კრისტინას მსგავსად, შენც ხომ არ გინდა, მშობლებმა მეტი თავისუფლება მოგცენ? ამისათვის მშობლების ნდობის მოპოვებაა საჭირო. ნდობა ფულის მსგავსია; ძნელად იშოვება, მაგრამ ადვილად იხარჯება. ადამიანს რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს, თითქოს მაინც არასოდეს ჰყოფნის. 16 წლის ილიანა ამბობს: „სადაც არ უნდა ვაპირებდე წასვლას, მშობლები კითხვას კითხვაზე მისვამენ. მათ აინტერესებთ, სად მივდივარ, ვისთან ერთად მივდივარ, რის გაკეთებას ვაპირებ და როდის დავბრუნდები სახლში. მესმის, რომ მშობლები ზრუნავენ ჩემზე, მაგრამ ასეთი კითხვები მაღიზიანებს!“
რა უნდა გააკეთო მშობლების ნდობა რომ მოიპოვო და მეტი თავისუფლება დაიმსახურო? ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, ჯერ გავიგოთ, რატომ უჭირთ მშობლებს შვილების ნდობა.
როცა მდგომარეობა იძაბება
ბიბლიაში ვკითხულობთ: „მიატოვებს კაცი მამას და დედას“ (დაბადება 2:24). იგივე შეიძლება ითქვას ქალზეც. ყველა მოზარდი უეჭველად შეაბიჯებს ზრდასრულობის ასაკში. ეს ცხოვრების ის მნიშვნელოვანი ეტაპია, როცა ადამიანი მზადაა, დატოვოს სახლი და შექმნას საკუთარი ოჯახიa.
მაგრამ მოზარდი უცბად ვერ გახდება ზრდასრული. ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ კიბეზე ასვლას, რომელზეც მოზარდობიდან ზრდასრულობამდე ნელ-ნელა ადიხარ. შეიძლება შენ და შენს მშობლებს ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი გქონდეთ იმის თაობაზე, თუ ამ „კიბის“ რომელ საფეხურზე იმყოფები. „20 წლის ვარ, მაგრამ მშობლები ჯერ კიდევ არ მენდობიან, — გვიზიარებს მარია, რომლის მეგობრებიც მის მშობლებს თვალში არ მოსდით. — ჩემი მშობლები ფიქრობენ, რომ ვერ შევძლებ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. ვცადე, ამეხსნა, რომ მსგავს სირთულეებს უკვე არაერთხელ გავართვი თავი, მაგრამ მაინც ვერ დავიმსახურე მათი ნდობა“.
მარიას სიტყვებიდან ჩანს, რომ უნდობლობამ მშობლებსა და შვილებს შორის შეიძლება დაძაბულობა წარმოშვას. თუ შენს ოჯახშიც ასეთი სიტუაციაა, როგორ უნდა დაიმსახურო მშობლების ნდობა? და, თუ არაგონივრული საქციელის გამო მშობლების თვალში ნდობა დაკარგე, როგორ უნდა დაიბრუნო?
იყავი სანდო ადამიანი
პავლე მოციქულმა პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისწერა: „გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორინთელები 13:5). რასაკვირველია, პავლე ამ მუხლში უშუალოდ მოზარდებს არ მიმართავს, მაგრამ აქ მოცემული პრინციპი ყველას ეხება. ის, თუ რა ზომით მოგცემენ მშობლები თავისუფლებას, ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სანდო ადამიანი ხარ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენგან სრულყოფილება მოითხოვება. შეცდომებს ყველა უშვებს (ეკლესიასტე 7:20). მაგრამ თუ მშობლები არ გენდობიან, ეს შენი საქციელით ხომ არ არის გამოწვეული?
პავლემ დაწერა: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). ჰკითხე საკუთარ თავს: „ხომ არ ვუმალავ ხოლმე მშობლებს, სად მივდივარ და რის გაკეთებას ვაპირებ?“ დავფიქრდეთ რამდენიმე ახალგაზრდის სიტყვებზე, რომლებიც ერთ დროს არ იყვნენ გულახდილნი საკუთარ თავთან. მათი სიტყვების წაკითხვის შემდეგ უპასუხე ქვემოთ დასმულ კითხვებს.
ლორი: „მშობლებს ვუმალავდი, რომ ელექტრონული ფოსტით მიმოწერა მქონდა ერთ ბიჭთან, რომელიც მომწონდა. ეს რომ მშობლებმა გაიგეს, მასთან ურთიერთობა ამიკრძალეს. დავპირდი, რომ აღარ მივწერდი, მაგრამ პირობა არ შევასრულე. ასე გრძელდებოდა ერთი წლის განმავლობაში: ვაგრძელებდი წერილების წერას, ამის შესახებ მშობლები იგებდნენ, შემდეგ ბოდიშს ვუხდიდი მათ, ვპირდებოდი, რომ აღარ მივწერდი, მაგრამ ჩემსას მაინც არ ვიშლიდი. საბოლოოდ მშობლების ნდობა დავკარგე“.
შენი აზრით, რატომ დაკარგა ლორიმ მშობლების ნდობა? ․․․․․
ლორის მშობელი რომ ყოფილიყავი, რას გააკეთებდი და რატომ? ․․․․․
როგორ უნდა მოქცეულიყო ლორი მას შემდეგ, რაც მშობლები პირველად დაელაპარაკნენ ამ პრობლემაზე? ․․․․․
ბევერლი: „მშობლებს ეშინოდათ, რომ თუ ბიჭებთან მექნებოდა ურთიერთობა, შარში გავეხვეოდი, მაგრამ ახლა მესმის, რა იყო ამის მიზეზი. ჩემზე ორი წლით უფროს ბიჭებს ერთდროულად ვაწონებდი თავს. ამ ბიჭებთან ტელეფონით საათობით ვსაუბრობდი და წვეულებებზე მათ გარდა სხვას ვერავის ვამჩნევდი. მშობლებმა ერთი თვით ტელეფონი წამართვეს და არ მაძლევდნენ იქ წასვლის უფლებას, სადაც ეს ბიჭები იქნებოდნენ“.
ბევერლის მშობლების ადგილას შენ რას გააკეთებდი და რატომ? ․․․․․
როგორ ფიქრობ, არაგონივრული ხომ არ იყო ბევერლის მშობლების გადაწყვეტილება? თუ კი, რატომ? ․․․․․
რა უნდა გაეკეთებინა ბევერლის მშობლების ნდობის მოსაპოვებლად? ․․․․․
მოიპოვე მშობლების ნდობა
რა შეგიძლია გააკეთო, თუ ზემოთ მოხსენიებული მოზარდების მსგავსად, მშობლები არც შენ გენდობიან? ასეთი მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს.
მშობლები მეტ ნდობას იმ შემთხვევაში გამოგიცხადებენ და მაშინ მოგცემენ მეტ თავისუფლებას, თუ დაინახავენ, რომ მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები შენს საქციელს. ანეტიმ ეს საკუთარი გამოცდილებიდან დაინახა. ის ამბობს: „როცა მოზარდი ხარ, ვერ აცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გენდობოდნენ. ახლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა ისე მოვიქცე, რომ არ გავუცრუო მშობლებს იმედი“. რა შეგიძლია ისწავლო აქედან? ნუ განაწყენდები, თუ მშობლები არ გენდობიან, პირიქით, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდე შენს საქციელს მათი ნდობის მოსაპოვებლად. ასეთ შემთხვევაში მეტ თავისუფლებას მოგცემენ.
შეამოწმე, რამდენად სანდო ადამიანი ხარ. ამ ნიშნით ✔ აღნიშნე, რაში გჭირდება გაუმჯობესება.
□ იმ დროს ვბრუნდები სახლში, როცა მშობლები მელოდებიან?
□ ვასრულებ პირობას?
□ ვარ პუნქტუალური?
□ ეკონომიურად ვხარჯავ ფულს?
□ ბოლომდე მიმყავს საქმე?
□ ვდგები დილით მშობლების ჩიჩინის გარეშე?
□ ვალაგებ ჩემს ოთახს?
□ ყოველთვის სიმართლეს ვამბობ?
□ გონივრულად ვიყენებ ტელეფონს ან კომპიუტერს?
□ ვაღიარებ შეცდომებს და ვიხდი ბოდიშს?
□ სხვა ვარიანტი ․․․․․
ახლავე დაიწყე მუშაობა იმაზე, რაშიც გაუმჯობესება გჭირდება. გაითვალისწინე ბიბლიური რჩევა: ‘მოიშორეთ ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია’ (ეფესოელები 4:22). „თქვენი დიახ იყოს დიახ“ (იაკობი 5:12). „თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფესოელები 4:25). „დაემორჩილეთ მშობლებს ყველაფერში“ (კოლოსელები 3:20). დროთა განმავლობაში შენს წარმატებას სხვებიც დაინახავენ, მათ შორის მშობლებიც (1 ტიმოთე 4:15).
მაგრამ როგორ უნდა მოიქცე, თუ მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, მშობლები მაინც არ გაძლევენ იმდენ თავისუფლებას, რამდენსაც იმსახურებ? დაელაპარაკე მათ ამის შესახებ. ნუ მოითხოვ მათგან, რომ გენდონ, პირიქით, პატივისცემით ჰკითხე, კიდევ რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ მათი ნდობა მოიპოვო. აუხსენი, რის გაკეთებას აპირებ მათი ნდობის მოსაპოვებლად.
ნუ მოელი, რომ მშობლები დაუყოვნებლივ შეიცვლიან თვალსაზრისს. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ შენ შეასრულებ მიცემულ პირობას. გამოიყენე ეს შესაძლებლობა იმის დასამტკიცებლად, რომ სანდო ადამიანი ხარ. დროთა განმავლობაში მშობლები შესაძლოა უფრო მეტად გენდონ და მეტი თავისუფლებაც მოგცენ. სწორედ ასე მოხდა ზემოთ მოხსენიებული ბევერლის შემთხვევაში. ის ამბობს: „ნდობის მოპოვება ბევრად რთულია, ვიდრე დაკარგვა. ვგრძნობ, რომ მშობლები ახლა უფრო მეტად მენდობიან. ეს მართლაც სასიამოვნოა!“
წაიკითხე დამატებითი მასალა მე-2 ტომის 22-ე თავში.
ხომ არ დაშორდნენ შენი მშობლები? როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე, თუ ხედავ, რომ ამის გამო შენს ცხოვრებაში ყველაფერი ყირაზე დადგა?
[სქოლიო]
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„არ გამოიყენო თავისუფლება ბოროტების ჩასადენად“ (1 პეტრე 2:16, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).
რჩევა
ნუ დაგწყდება გული, თუ მშობლები შენს უფროს დას ან ძმას მეტი რამის უფლებას აძლევენ. შენი ახლანდელი თავისუფლება შეადარე იმ შეზღუდვას, რომელიც ადრე გქონდა.
იცოდი, რომ . . . ?
შეუზღუდავი თავისუფლება მშობლების მხრიდან სიყვარულის კი არა, გულგრილობის ნიშანია.
რა უნდა გავაკეთო
ვეცდები, უფრო სანდო ადამიანი გავხდე შემდეგ საკითხებში: ․․․․․
თუ მშობლების ნდობას ვკარგავ, მე ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ ვერ გენდობიან მშობლები მაშინაც კი, როცა ყველაფერს აკეთებ მათი ნდობის მოსაპოვებლად?
● რატომაა გონივრული, მშობლებთან საუბარს მიეჩვიო, თუ გინდა, რომ მათ მეტი თავისუფლება მოგცენ?
[ჩანართი 24 გვერდზე]
„მშობლებს ჩემს პრობლემებზე თუ საწუხარზე გულახდილად ვესაუბრები ხოლმე. ჩემი აზრით, ეს უადვილებთ მათ ჩემდამი ნდობას“ (დაიანა).
[დიაგრამა⁄სურათი 23 გვერდზე]
ზრდასრულობის ასაკში შებიჯება შეიძლება შევადაროთ კიბეზე ასვლას, რომელზეც ნელ-ნელა ადიხარ.
[დიაგრამა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ზრდასრულობა
მოზარდობა
ბავშვობა