თავი 5
როგორ შევეგუო ჩემს მამობილს?
მართალია ამ თავში საუბარია დედის ხელახლა ქორწინებაზე, აქ განხილული რჩევები ეხება იმ ახალგაზრდებსაც, რომელთა მამებმაც ხელახლა იქორწინეს.
დედა შეიძლება უსაზღვროდ ბედნიერი იყოს ხელახლა გათხოვების დღეს, შენ კი სრულიად საპირისპირო განცდა გქონდეს. ეს იმიტომ, რომ დედის ხელახლა გათხოვება გართმევს იმის იმედს, რომ შენი ნამდვილი მშობლები ოდესღაც ისევ ერთად იქნებიან. ეს შეიძლება განსაკუთრებით მტკივნეული იყოს მაშინ, როდესაც მამის დაღუპვის შემდეგ დედა მალევე დგამს ამ ნაბიჯს.
შენ რას გრძნობდი, როდესაც დედა ხელახლა გათხოვდა? ამ ნიშნით ✔ აღნიშნე შენთვის ნაცნობი გრძნობები.
თავს ვგრძნობდი . . .
□ბედნიერად
□დაუცველად
□მიტოვებულად
□ვეჭვიანობდი ჩემს მამობილზე
□თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან ნელა-ნელა მამობილის მიმართ გული მომილბა.
ეს უკანასკნელი რეაქცია ალბათ იმის ბრალია, რომ ძალიან გიყვარდა მამა, რომელიც გვერდით აღარ გყავს. ასეა თუ ისე, ზემოთ ნახსენებმა გრძნობებმა შეიძლება არაგონივრული საქციელის ჩადენისკენ გიბიძგოს.
შეიძლება სულ იმას ფიქრობ, როგორ გაუმწარო სიცოცხლე შენს მამობილს. შესაძლოა არც იმას ერიდები, რომ დედა და მამობილი ერთმანეთს გადაჰკიდო იმ იმედით, რომ დააშორებ. მაგრამ გაიხსენე, რა წერია ბიბლიაში: „ვინც თავის ოჯახს უბედურებას ატეხს, ქარს დაიჭერს“ (იგავები 11:29). ნუ გაებმები ამ მახეში. უკეთესადაც შეგიძლია გაუმკლავდე ამ ემოციურ ტკივილს. ვნახოთ რამდენიმე საშუალება.
პრობლემა 1: მამობილისადმი მორჩილება
მამობილისადმი მორჩილება ადვილი საქმე არ არის. როცა ის რაღაცის გაკეთებას გთხოვს, შეიძლება უცბად მიახალო: „შენ არა ხარ მამაჩემი!“. შეიძლება წამიერად გულზე მოგეშვას, მაგრამ ეს არ იქნება გონივრული საქციელი.
მეორე მხრივ, თუ მამობილს გაუგონებ, ამით აჩვენებ, რომ ითვალისწინებ ბიბლიურ რჩევას და ხდები ‘აზროვნებით ზრდადასრულებული’ (1 კორინთელები 14:20). სინამდვილეში ხომ შენი მამის მოვალეობებს მამობილი ასრულებს; ამის გამო ის შენს პატივისცემას იმსახურებს (იგავები 1:8; ეფესოელები 6:1—4).
თუ მამობილი გარიგებს ან გსჯის, ეს, როგორც წესი, იმის მაჩვენებელია, რომ მას უყვარხარ და ზრუნავს შენზე (იგავები 13:24). „მამობილი გვარიგებს ან გვსჯის ხოლმე, — ამბობს 18 წლის ივონი. — ეს ხომ ისედაც მამების მოვალეობაა. ის წლებია, რაც გვარჩენს და ჩვენს სულიერობაზე ზრუნავს. თუ არ დავუჯერებ, ისე გამოვა, რომ არ ვაფასებ მის მზრუნველობას. ეს კი უკვე უმადურობა იქნებოდა“.
თუმცა ჩივილის მიზეზები შეიძლება მაინც გქონდეს და სამართლიანადაც. თუ ასეა, გაითვალისწინე კოლოსელების 3:13-ში ჩაწერილი რჩევა, რითაც შეგიძლია აჩვენო, რომ ‘ზრდადასრულებული ხარ’: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“.
ქვემოთ დაწერე შენი მამობილის, სულ მცირე, ორი კარგი თვისება.
․․․․․
როგორ დაგეხმარება მამობილის კარგ თვისებებზე ფიქრი, რომ მას პატივისცემით მოექცე?
․․․․․
პრობლემა 2: გაშინაურდი და იყავი დამთმობი
„მამაჩემმა ორჯერ მოიყვანა სხვა ცოლი, — იხსენებს 24 წლის ერონი. — ორივეჯერ გამიჭირდა ახალ ოჯახთან შეგუება. თავიდან ისინი ჩემთვის უცხოებივით იყვნენ, მაგრამ ყველა იმას მეუბნებოდა, რომ მინდოდა თუ არ მინდოდა, მაინც უნდა მყვარებოდა ისინი. ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოვჩნდი“.
შეიძლება არც შენთვის იყოს ადვილი ახალ ოჯახთან შეგუება. მაგალითად, შეიძლება მოგიწიოს უფროსი შვილის ან დედისერთის მდგომარეობის დათმობა. შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ოჯახში კაცი შენ იყავი, ახლა კი შენი ადგილი შენმა მამობილმა დაიკავა. შეიძლება შენც ისე გრძნობდი თავს, როგორც ივონი, რომელიც იხსენებს: „მამაჩემი არასოდეს უთმობდა დედაჩემს ყურადღებას, ამიტომ მივეჩვიე იმას, რომ მე და დედა სულ ერთად ვიყავით. მაგრამ, როცა დედა ხელახლა გათხოვდა, ჩემი მამობილი დიდ ყურადღებას უთმობდა დედას. ისინი ერთად ატარებდნენ დროს და ხშირად საუბრობდნენ; ისეთი განცდა მეუფლებოდა, თითქოს დედას მართმევდა. თუმცა დროთა განმავლობაში ამას შევეგუე“.
როგორ უნდა მოიქცე, რომ ივონის მსგავსად, შენც შეეგუო ცვლილებებს? ბიბლია მოგვიწოდებს: „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“ (ფილიპელები 4:5). დედნისეული სიტყვა, რომელიც კეთილგონიერებად არის ნათარგმნი, ნიშნავს აგრეთვე დათმობას. ადამიანი, რომელსაც ეს თვისება ახასიათებს, თავის კანონიერ უფლებებს არ არის ჩაბღაუჭებული. შენ როგორ გამოიყენებდი ამ რჩევას? 1) გამუდმებით ნუ იფიქრებ წარსულზე (ეკლესიასტე 7:10); 2) ეცადე, გაუშინაურდე შენს მამობილსა თუ შენს „ახალ“ და-ძმებს (1 ტიმოთე 6:18); 3) უცხოსავით ნუ მოექცევი მათ.
ჩამოთვლილი საკითხებიდან უფრო მეტად რაში გჭირდება გაუმჯობესება?
პრობლემა 3: უთანასწორო მოპყრობა
„ჩვენს მამობილს თავისი შვილები ჩემზე და ჩემს დაზე უფრო მეტად უყვარდა, — იხსენებს ტარა. — რა საჭმელიც მათ უყვარდათ, იმას ყიდულობდა, რა ფილმების ყურებაც უნდოდათ, ის ფილმები მოჰქონდა. ყველაფერს აკეთებდა, ოღონდაც მათთვის ესიამოვნებინა“. ბუნებრივია, ამგვარი უთანასწორობა ძნელი ასატანია. რა შეიძლება იყოს გამოსავალი? შეეცადე, დაინახო, რატომ შეიძლება არ ჰქონდეს მამობილს შენდამი ისეთივე გრძნობები, როგორიც თავისი შვილის მიმართ აქვს. ასე შეიძლება მაინცდამაინც იმის გამო კი არ ხდება, რომ ისინი ერთი სისხლი და ხორცი არიან, არამედ უფრო იმის გამო, რომ მათ მეტი საერთო აქვთ. დედისადმი შენც ხომ უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობ, ვიდრე მამობილისადმი.
ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავების გაკეთება თანასწორ და კარგ მოპყრობას შორის. ყველა ადამიანი განსხვავდება პიროვნული თვისებებითა და მოთხოვნილებებით. აქედან გამომდინარე, ყურადღებას იმაზე კი ნუ გაამახვილებ, აკეთებს თუ არა მამობილი შენთვისაც იმავეს, რასაც თავისი შვილისთვის, არამედ იმაზე გაამახვილე, აკეთებს თუ არა შენთვის იმას, რაც გჭირდება.
რას აკეთებს შენთვის შენი მამობილი?
․․․․․
რა გჭირდება და არ გაქვს?
․․․․․
თუ ფიქრობ, რომ გჭირდება ის, რითაც შენი მამობილი ვერ უზრუნველგყოფს, ტაქტიანად დაელაპარაკე მას.
მოთმინება ჯილდოვდება!
როგორც წესი, რამდენიმე წელია საჭირო იმისათვის, რომ ახალ ოჯახში ნდობა და ურთიერთგაგება გაჩნდეს. მხოლოდ მაშინღა შეძლებენ სხვადასხვა ხასიათის ადამიანები შეხმატკბილებულად ცხოვრებას. ამიტომ იყავი მომთმენი. ნუ გექნება იმის მოლოდინი, რომ ახალი ოჯახის წევრები ძალიან მალე შეიყვარებთ ერთმანეთს და ოჯახური იდილიაც უცბად დაისადგურებს.
ტომასს, როდესაც დედამისი ხელახლა გათხოვდა, ძალიან უჭირდა ახალი ოჯახის წევრებთან საერთოს გამონახვა. დედამისს ოთხი შვილი ჰყავდა, მის მამობილს — სამი. „სულ ვჩხუბობდით, ვკამათობდით, ერთმანეთს ვამწარებდით“, — იხსენებს ტომასი. ბოლოს, როგორც იქნა, გამოსავალი მოძებნეს. „ბიბლიური პრინციპების გამოყენებით ყველაფერი მოგვარდა“, — აღნიშნა ტომასმა.
როგორ უნდა მოიქცე, თუ ღვიძლი და-ძმები ნერვებს გიშლიან?
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„საქმის დასასრული სჯობია მის დასაწყისს. მომთმენი კაცი სჯობია სულით ამპარტავანს“ (ეკლესიასტე 7:8).
რჩევა
საპირისპირო სქესის „ახალ“ დასთან თუ ძმასთან ერთად ცხოვრებამ შეიძლება გრძნობები აღგიძრას. ამიტომ არ მისცე გონებას ამაზე ფიქრის საშუალება და ეცადე, რომ არც შენი საქციელი და არც შენი ჩაცმულობა გამომწვევი არ იყოს.
იცოდი, რომ . . . ?
შენს „ახალ“ და-ძმებსაც შეიძლება უჭირდეთ ახალ ოჯახურ გარემოსთან შეგუება.
რა უნდა გავაკეთო
ვიფიქრებ იმაზე, რასაც ჩემი მამობილი ჩვენი ოჯახისთვის აკეთებს და ეს დამეხმარება მისდამი მეტი პატივისცემის გამოვლენაში (დაწერე ორი დადებითი რამ, რასაც ის აკეთებს): ․․․․․
თუ ჩემი „ახალი“ და ან ძმა არაფრად მაგდებს, გამოვიყენებ რომაელების 12:21-ში ჩაწერილ პრინციპს და ․․․․․
რა ვკითხო დედას ან მამობილს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რისი შიში შეიძლება ჰქონდეს შენს მამობილს ან შენს „ახალ“ და-ძმას თქვენი ოჯახების გაერთიანების გამო?
● რატომ არ უნდა მოელოდე იმას, რომ ახალ ოჯახურ გარემოსთან შეგუებას მოკლე დროში შეძლებ?
[ჩანართი 38 გვერდზე]
„დედა მეორედ გათხოვდა, მაგრამ ისევ დაენგრა ოჯახი. თუმცა მე დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემი მამობილის შვილებთან. მათთან მეგობრობა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მონაპოვარია“ (ტარა).
[სურათი 39 გვერდზე]
ორი ოჯახის გაერთიანება ჰგავს ერთმანეთთან ცემენტისა და წყლის არევას. მართალია ეს დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ საბოლოოდ ყალიბდება მყარი და მტკიცე კავშირი.