თავი 8
როგორ ვიპოვო კარგი მეგობრები?
„როცა გაბრაზებული ვარ, მინდა ვინმეს გული გადავუშალო; როცა დამწუხრებული ვარ, მინდა, ვინმემ მანუგეშოს; როცა გახარებული ვარ, მინდა ჩემი სიხარული სხვასაც გავუზიარო. მეგობრების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“ (ბრიტანი).
ამბობენ, რომ პატარას სჭირდება ისეთი ვინმე, ვინც მას ეთამაშება. დიდს კი სჭირდება ისეთი ვინმე, ვინც მას მეგობრობას გაუწევს. რა სხვაობაა მათ შორის?
პატარები, რომლებიც ერთმანეთს ეთამაშებიან, უბრალოდ ერთად ერთობიან.
დიდები, რომლებიც მეგობრობენ, ერთმანეთის ფასეულობებსაც იზიარებენ.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17). ამ მუხლში ისეთ მეგობრობაზეა საუბარი, რომელიც ერთად გართობაზე გაცილებით მეტს გულისხმობს.
ფაქტი: რაც უფრო იზრდები, მით უფრო მეტად გჭირდება მეგობრები, რომლებიც . . .
1. სასურველ თვისებებს ავლენენ
2. მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ
3. დადებით გავლენას ახდენენ შენზე
კითხვა: როგორ უნდა იპოვო ასეთი მეგობრები? მოდი, თანმიმდევრულად განვიხილოთ სამივე პირობა.
პირობა №1 — სასურველი თვისებები
რა უნდა იცოდე: ყველა, ვინც გეუბნება, რომ შენი მეგობარია, ვერ გაგიმართლებს მოლოდინს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „არიან მოძმეები, რომლებიც ერთმანეთის გასაგლეჯადაც კი მზად არიან“ (იგავები 18:24). შესაძლოა ფიქრობ, რომ ეს გაზვიადებულია, მაგრამ აბა, დაფიქრდი: გყოლია ისეთი „მეგობარი“, რომელიც შენს გამოყენებას ცდილობდა ან შენს ზურგს უკან ლაპარაკობდა და ჭორებს გიყრიდა? ასეთმა შემთხვევებმა შეიძლება სხვებისადმი ნდობა დაგიკარგოსa. გახსოვდეს, რომ ბევრი მეგობრის ყოლას სჯობია ცოტა გყავდეს და კარგი!
რა უნდა გააკეთო: აირჩიე ისეთი მეგობრები, რომელთაც მისაბაძი თვისებები ექნებათ.
„ჩემს მეგობარ ფიონაზე ყველა კარგს ლაპარაკობს. მინდა, რომ ჩემზეც ასევე ილაპარაკონ და მისნაირი რეპუტაცია მქონდეს. ამას რა ჯობია?!“ (ივეტი, 17 წლის).
სავარჯიშო
1. წაიკითხე გალატელების 5:22, 23.
2. ჰკითხე საკუთარ თავს: ავლენენ ჩემი მეგობრები „სულის ნაყოფის“ თვისებებს?
3. ქვემოთ ჩამოწერე შენი უახლოესი მეგობრების სახელები და ორიოდე სიტყვით დაახასიათე ისინი.
სახელი
․․․․․
დახასიათება
․․․․․
მინიშნება: თუ მეგობრების დახასიათებისას უფრო მეტად უარყოფითი მხარეები გახსენდება, დროა უკეთესი მეგობრები ეძებო!
პირობა №2 — მაღალზნეობრივი ნორმები
რა უნდა იცოდე: თუ მარტოობა გტანჯავს და ერთი სული გაქვს ვინმეს დაუმეგობრდე, დიდი იქნება იმის ალბათობა, რომ ცუდ წრეში მოხვდები. ბიბლია ამბობს: „სულელებთან საქმის დამჭერი . . . ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20). ამ მუხლში გამოყენებულ სიტყვა „სულელებში“ არ იგულისხმებიან ისინი, ვინც ცუდად სწავლობენ ან ინტელექტით ვერ გამოირჩევიან. აქ საუბარია ისეთ ადამიანებზე, რომლებიც შორს არიან საღი აზროვნებისგან და ზნეობრივ ნორმებს არაფრად აგდებენ. ასეთ მეგობრებთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანს!
რა უნდა გააკეთო: გამოიჩინე გონიერება და ნებისმიერს ნუ დაუმეგობრდები (ფსალმუნი 26:4). თუმცა ყველას ეჭვის თვალითაც ნუ დაუწყებ ყურებას. მთავარია, არ დაკარგო გარჩევის უნარი, რათა ‘დაინახო განსხვავება მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას’ (მალაქია 3:18).
„მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომ დამეხმარნენ ჩემი ტოლი და სულიერად აქტიური მეგობრების არჩევაში“ (კრისტოფერი, 13 წლის).
უპასუხე კითხვებს:
როცა მეგობრებთან ვარ, იმის მოლოდინი ხომ არა მაქვს, რომ შეიძლება არასწორი საქციელისკენ მიბიძგონ?
□ დიახ
□ არა
თავს ხომ არ ვიკავებ მშობლებისთვის ჩემი მეგობრების გაცნობისგან იმის გამო, რომ მათ შეიძლება არ მოეწონოთ ისინი?
□ დიახ
□ არა
მინიშნება: თუ ორივე კითხვას დადებითად უპასუხე, დროა, ისეთი მეგობრები მოძებნო, რომლებიც მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ და სამაგალითო ქრისტიანები არიან.
პირობა №3 — დადებითი გავლენა
რა უნდა იცოდე: ბიბლიაში ნათქვამია: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). ერთი გოგონა, სახელად ლორენი, ამბობს: „თანაკლასელები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმიღებდნენ თავიანთ წრეში, თუ იმას გავაკეთებდი, რასაც მეტყოდნენ. თავს მარტოდ ვგრძნობდი, ამიტომ გადავწყვიტე, მათსავით მოვქცეულიყავი“. ლორენს გამოცდილებამ დაანახვა, რომ ადამიანი თუ სხვისი ნორმებით ცხოვრობს, ისე ათამაშებენ, როგორც ჭადრაკის პაიკს. ასეთ მოპყრობას ნამდვილად არ იმსახურებ!
რა უნდა გააკეთო: ყველანაირი კავშირი გაწყვიტე მათთან, ვინც ცდილობს, თავისნაირი გაგხადოს. თუ ასე მოიქცევი, უფრო ნაკლები მეგობარი გეყოლება, მაგრამ სამაგიეროდ, თავსაც უკეთესად იგრძნობ და უკეთესი მეგობრების პოვნასაც შეძლებ, რომლებიც შენზე დადებით გავლენას მოახდენენ (რომაელები 12:2).
„ჩემი უახლოესი მეგობარი, პიტერი, გაწონასწორებული და შეგნებული ადამიანია. მასთან ურთიერთობა ძალიან მამხნევებს“ (ჯეისონი, 21 წლის).
ჰკითხე საკუთარ თავს:
ხომ არ შევიცვალე ჩაცმულობა, მეტყველება ან საქციელი, რომ მეგობრების გული მომეგო?
□ დიახ
□ არა
ხომ არ დავდივარ ისეთ ადგილებში, სადაც, მეგობრები რომ არა, არასდროს წავიდოდი?
□ დიახ
□ არა
მინიშნება: თუ ორივე კითხვას დადებითად უპასუხე, რჩევისთვის მშობლებს ან სხვა მოწიფულ ადამიანს მიმართე. თუ იეჰოვას მოწმე ხარ, შეგიძლია ჰკითხო ქრისტიან უხუცესსაც, თუ როგორ აირჩიო კარგი მეგობრები, რომლებიც შენზე დადებით გავლენას მოახდენენ.
წაიკითხე დამატებითი მასალა მე-2 ტომის მე-9 თავში.
როგორ უნდა მოიქცე, თუ შენი ვაი მეგობარი ან შენი გული ცუდი საქციელის ჩადენისკენ გიბიძგებს? გაიგე, როგორ შეგიძლია წინააღმდეგობის გაწევა.
[სქოლიო]
a ცხადია, შეცდომებს ყველა უშვებს (რომაელები 3:23). ამიტომ, თუ მეგობარმა გული გატკინა, მაგრამ შემდეგ გულწრფელად მოგიბოდიშა, ნუ დაგავიწყდება, რომ „სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტრე 4:8).
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ზოგი მეგობარი . . . ძმაზე ახლობელია“ (იგავები 18:24).
რჩევა
იცხოვრე მაღალზნეობრივი ნორმებით და ვინც ასე ცხოვრებას ცდილობს, თავად გიპოვის. ისინი საუკეთესო მეგობრობას გაგიწევენ!
იცოდი, რომ . . . ?
ღმერთი მიკერძოებული არ არის, მაგრამ ძალიან ფრთხილად ირჩევს მათ, ვისაც „თავის კარავში“ იწვევს (ფსალმუნი 15:1—5).
რა უნდა გავაკეთო
კარგი მეგობრები რომ ვიპოვო, მე ․․․․․
ჩემზე შედარებით უფროსებიდან მინდა უკეთ გავიცნო ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● ყველაზე მეტად რა თვისებებს აფასებ მეგობარში და რატომ?
● რომელი თვისებები უნდა გაიუმჯობესო, რომ უკეთესი მეგობარი იყო?
[ჩანართი 60 გვერდზე]
„როცა მშობლებს სურდათ, მეგობრების გარკვეულ წრეს ჩამოვშორებოდი, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მხოლოდ მათთან მინდოდა მეგობრობა. მშობლებს კარგი უნდოდათ ჩემთვის, ამიტომ ერთხელაც სერიოზულად დავფიქრდი მათ რჩევაზე და მივხვდი, რომ შემეძლო უკეთესი მეგობრების პოვნა“ (კოული).
[ჩარჩო 61 გვერდზე]
გაითვალისწინე შემდეგი რჩევები
დაელაპარაკე მშობლებს მათი ახალგაზრდობის მეგობრებზე. ჰკითხე, როგორი მეგობრები ჰყავდათ შენს ასაკში. ხომ არ ნანობენ, მათთან რომ მეგობრობდნენ? თუ ნანობენ, რატომ? ჰკითხე, როგორ შეგიძლია აირიდო ის პრობლემები, რომლებიც მათ ჰქონდათ.
გააცანი მშობლებს შენი მეგობრები. თუ ამის სურვილი არა გაქვს, ჰკითხე საკუთარ თავს: „რატომ ვერიდები ამის გაკეთებას?“ ხომ არ ახასიათებთ მათ ისეთი რამ, რაც შენს მშობლებს არ მოეწონებათ? თუ ასეა, მაშინ მეტი დაკვირვება გმართებს მეგობრების არჩევისას.
იყავი კარგი მსმენელი. დაინტერესდი შენი მეგობრის კეთილდღეობითა და გასაჭირით (ფილიპელები 2:4).
იყავი მიმტევებელი. სრულყოფილებას ნუ მოელი. „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2).
თავს ნუ მოაბეზრებ. აუცილებელი არ არის დღე და ღამე ერთად იყოთ. ნამდვილი მეგობარი საჭირო დროს შენ გვერდით იქნება (ეკლესიასტე 4:9, 10).
[სურათი 63 გვერდზე]
თუ სხვისი ნორმებით ცხოვრობ, ისე გათამაშებენ, როგორც ჭადრაკის პაიკს.