საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yp1 თ. 21 გვ. 150-155
  • როგორ გავანაწილო დრო გონივრულად?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როგორ გავანაწილო დრო გონივრულად?
  • ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • მიზანი 1: გეგმის შედგენა
  • მიზანი 2: მიჰყევი გეგმას
  • მიზანი 3: იყავი მოწესრიგებული და ორგანიზებული
  • როგორ გავანაწილო დრო გონივრულად?
    გამოიღვიძეთ! — 2009
  • სოდომისა და გომორას განადგურება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • იესო სასწაულებრივად კურნავს ხალხს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2008
  • ჩემი ჩანაწერები — სკოლა და თანატოლები
    ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 2
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
yp1 თ. 21 გვ. 150-155

თავი 21

როგორ გავანაწილო დრო გონივრულად?

რამდენი საათით გაზრდიდი დღის ხანგრძლივობას? ․․․․․

რისთვის გამოიყენებდი ამ დამატებით დროს?

□ მეგობრებთან დროის გასატარებლად

□ ძილისთვის

□ სამეცადინოდ

□ სხვა ․․․․․

დრო მარდი ცხენივით არის. თუ გინდა, რომ ჭენებით ისიამოვნო, მისი მართვა უნდა ისწავლო. თუ ისწავლი შენი დროის მართვას, სტრესიც ნაკლები გექნება, უკეთეს ნიშნებსაც მიიღებ და მშობლებისგანაც მეტ ნდობას დაიმსახურებ. შეიძლება გაიფიქრო: კარგი კია, მაგრამ სათქმელად ადვილია და გასაკეთებლად — ძნელი. მართალია, სირთულეებს შეხვდები, მაგრამ გამოსავლის მოძებნაც არ არის შეუძლებელი. ვნახოთ რამდენიმე მაგალითი.

მიზანი 1: გეგმის შედგენა

რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი? გეგმის ხსენებაზე შეიძლება ცუდად ხდები. შენ ალბათ გიყვარს ყველაფრის სპონტანურად კეთება და ვერ წარმოგიდგენია გეგმის მიხედვით ცხოვრება.

რატომ უნდა შეადგინო გეგმა? მეფე სოლომონმა დაწერა: „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5). სოლომონს აუარებელი საქმე ჰქონდა. იგი იყო ქმარი, მამა და მეფე. ასაკის მატებასთან ერთად მას საქმეც დაემატებოდა. ალბათ, შენც დაკავებული ხარ. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება საქმეც დაგემატოს. რაც უფრო მალე გახდები ორგანიზებული, შენთვის მით უკეთესი იქნება.

რას ამბობენ შენი თანატოლები? „დაახლოებით ექვსი თვის წინ რეგულარულად დავიწყე გეგმის შედგენა. მინდოდა ჩემი საქმეები უფრო იოლად მეკეთებინა, რაშიც ეს გეგმა მეხმარებოდა“ (ჯოი).

„წერილობით შედგენილი გეგმა დამეხმარა, ყველაფერი თანამიმდევრულად მეკეთებინა. როცა ძალიან ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი, მე და დედაჩემი ვსხდებით და სიას ვადგენთ; შემდეგ ვმსჯელობთ, როგორ გავინაწილოთ ეს საქმეები“ (მალერი).

რა დაგეხმარება? წარმოიდგინე, რომ სადღაც აპირებ მანქანით გამგზავრებას. შენ და შენი ოჯახის წევრები დაუდევრად ყრით საბარგულში ჩანთებს, იქ კი აღარაფერი ეტევა. რას გააკეთებ? საბარგულიდან ჩანთებს ამოალაგებ და ხელახლა დაიწყებ ჩალაგებას; ჯერ დიდ ჩანთებს ჩადებ, ხოლო დარჩენილ ადგილებში — პატარა ჩანთებს.

ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება შენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც. თუ ჯერ უმნიშვნელო საქმეებით დაკავდები, მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დროის გამონახვა გაგიჭირდება. ჯერ მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთე და შემდეგ შენ თვითონ გაგიკვირდება, რამდენი დრო დაგრჩება სხვა რამისთვის (ფილიპელები 1:10).

რა გაქვს პირველ რიგში გასაკეთებელი?

․․․․․

ახლა კვლავ გადახედე შენს ჩამონათვალს და დანომრე საქმეები იმისდა მიხედვით, რაც უფრო მნიშვნელოვანია შენთვის. როგორც აღვნიშნეთ, თუ მნიშვნელოვან საქმეებს პირველ რიგში გააკეთებ, გაოცდები, იმდენი დრო დაგრჩება სხვა დანარჩენისთვისაც.

რისი გაკეთება შეგიძლია? იქონიე ჯიბის კალენდარი, რომელშიც აღნიშნავ, პირველ რიგში, რა უნდა გააკეთო. შეიძლება ქვემოთ მოცემული ვარიანტებიც გამოგადგეს.

□ მობილური ტელეფონის კალენდარი

□ პატარა ბლოკნოტი

□ კომპიუტერის კალენდარი

□ სამაგიდო კალენდარი

მიზანი 2: მიჰყევი გეგმას

რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი? სკოლის შემდეგ ალბათ დასვენება გინდა და ფიქრობ, ცოტა ხნით ტელევიზორს უყურო. შეიძლება საკონტროლოსთვის მომზადება გაქვს დაგეგმილი, მაგრამ მეგობრისგან ტექსტურ შეტყობინებას იღებ, რომ კინოში გეპატიჟება. ფილმი ვერ მოიცდის, სამაგიეროდ მეცადინეობა შეგიძლია საღამოსთვის გადადო. თანაც შენს თავს არწმუნებ: „როცა მოსწრებაზე ვარ, თავი უკეთ მიმუშავებს“.

რატომ უნდა მიჰყვე გეგმას? შეიძლება უკეთესი ნიშანი მიიღო, თუ მაშინ იმეცადინებ, როცა გონებას მეტის ათვისების უნარი აქვს. გარდა ამისა, გაკლია სტრესი? რა ძალა გადგას, რომ გვიან ღამით ზედაპირულად მოემზადო საკონტროლოსთვის? ანდა არ გაგიჭირდება დილით ადგომა? ალბათ დროულად ვერ გაიღვიძებ, სტრესიც მეტი გექნება, სახლიდან გიჟივით გავარდები და შეიძლება სკოლაშიც დაგაგვიანდეს (იგავები 6:10, 11).

რას ამბობენ შენი თანატოლები? „მიყვარს ტელევიზორის ყურება, გიტარის დაკვრა და მეგობრებთან დროის გატარება. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამის გამო ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას ვეღარ ვასწრებ და გადარბენაზე ვარ ხოლმე“ (ჯულიანი).

რა დაგეხმარება? მხოლოდ აუცილებელი საქმეების გაკეთებას ნუ დაგეგმავ — ისეთი საქმეებიც დაგეგმე, რომელთა კეთებაც გსიამოვნებს. „შედარებით ადვილია აუცილებელი საქმეების გაკეთება, როცა იცი, რომ მოგვიანებით სასიამოვნო საქმე გელოდება“, — ამბობს ჯულიანი. გარდა ამისა, თუ დიდი მიზნების მიღწევა გსურს, ჯერ პატარ-პატარა მიზნები დაისახე, რომლებიც დიდ მიზნებამდე მიგიყვანს.

რისი გაკეთება შეგიძლია? ჩამოწერე ერთი ან ორი რეალური მიზანი, რომლის მიღწევასაც მომდევნო ექვსი თვის მანძილზე შეძლებ.

․․․․․

რომელი რეალური მიზნის განხორციელებას შეძლებ მომდევნო ორი წლის განმავლობაში, და რისი გაკეთება უნდა დაიწყო ახლავე, ამ მიზანს რომ მიაღწიო?a

․․․․․

მიზანი 3: იყავი მოწესრიგებული და ორგანიზებული

რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი? შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, სად მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა და სად დროის გონივრულად განაწილება. ალბათ ფიქრობ: არეულ-დარეულ ოთახში ყოფნა რა პრობლემაა?! ოთახი შეიძლება ხვალ დავალაგო ან საერთოდ არ დავალაგო! შენ შეიძლება არ გაღელვებს მოუწესრიგებელი ოთახი, მაგრამ ამას ნამდვილად უნდა მიაქციო ყურადღება.

რატომ უნდა იყო მოწესრიგებული? როდესაც ყველაფერი მოწესრიგებული გაქვს, ნივთების მოძებნა ზედმეტ დროს არ წაგართმევს და შინაგანადაც მშვიდად იქნები (1 კორინთელები 14:40).

რას ამბობენ შენი თანატოლები? „ზოგჯერ თუ ტანსაცმელს თავის ადგილზე არ ვალაგებ, არეულ-დარეულობაში სხვა ნივთები ისე მეკარგება, თითქოს გაქრაო“ (მენდი).

„ერთი კვირა ვეძებდი საფულეს, ნერვები დამაწყდა. ბოლოს, ოთახს რომ ვალაგებდი, როგორც იქნა, ვიპოვე“ (ფრანკი).

რა დაგეხმარება? როგორც კი რაღაცას გამოიყენებ, მაშინვე თავის ადგილზე დადე. ყოველთვის ასე გააკეთე, ნუ დაელოდები იმ დროს, როცა ყველაფერი აირ-დაირევა.

რისი გაკეთება შეგიძლია? იყავი აკურატული. ყოველთვის ეცადე, იყო მოწესრიგებული და დაინახავ, როგორ გაგიადვილებს ეს ყოველდღიურ ცხოვრებას.

დრო ძვირფასია. ეს დრო ყველას თანაბრად აქვს — შენც, შენს თანატოლებსაც და მშობლებსაც. თუ ამ დროს უქმად გაატარებ, წააგებ. და თუ გონივრულად გაანაწილებ, მოიგებ. არჩევანი შენზეა.

მომდევნო თავში:

მშობლებთან ერთად სხვა ქვეყანაში ცხოვრობ? თავს უცხოდ ხომ არ გრძნობ სკოლაში ან სახლში? გაიგე, როგორ შეგიძლია შენი სიტუაცია შენსავე სასიკეთოდ შემოატრიალო.

[სქოლიო]

a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე ამავე წიგნის 39-ე თავი.

საკვანძო ბიბლიური მუხლი

დარწმუნდი, რა უფრო მნიშვნელოვანია (ფილიპელები 1:10).

რჩევა

ამ თავში განხილული ყველა რჩევის გამოყენებას ერთიანად ნუ შეეცდები. ჯერ ერთი რომელიმე რჩევა გაითვალისწინე მომდევნო თვის მანძილზე. ერთ რჩევას რომ გაითვალისწინებ, მეორეზე გადადი.

იცოდი, რომ . . . ?

დღის განმავლობაში ბევრი რამის დაგეგმვა სტრესს შეგიქმნის. მაგრამ, თუ პრიორიტეტებს დაადგენ, გეცოდინება, რისი გაკეთებაა მნიშვნელოვანი, და რისი — არა.

რა უნდა გავაკეთო

რაში შემიძლია უფრო ნაკლები დრო დავხარჯო? ․․․․․

გამოთავისუფლებულ დროს გამოვიყენებ ․․․․․

რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ?

● თუ ახლავე ისწავლი დროის გონივრულად განაწილებას, ეს როგორ დაგეხმარება, რომ მომავალში შენს ოჯახს წარმატებით გაუძღვე?

● რა შეგიძლია ისწავლო მშობლებისგან დროის გონივრულად განაწილებასთან დაკავშირებით?

● თუ უკვე შემუშავებული გაქვს გეგმა, რა ცვლილებების შეტანით შეგიძლია ეს გეგმა უფრო ეფექტური გახადო?

[ჩანართი 154 გვერდზე]

„ყური მოვკარი, ერთი ხუმრობდა ჩემზე, თუ გინდა რომ ოთხზე მოვიდეს, სამზე დაუნიშნე შეხვედრაო. მაშინ მივხვდი, რომ დრო გონივრულად უნდა გამენაწილებინა!“ (რიკი).

[ჩარჩო 155 გვერდზე]

რაში ვხარჯავ დროს?

აქ მოცემულია 8 — 18 წლის ახალგაზრდები კვირის განმავლობაში საშუალოდ რამდენ საათს ხარჯავენ:

17

მშობლებთან

30

სკოლაში

44

ტელევიზორის ყურებაში, კომპიუტერულ თამაშებში, მესიჯების წერასა და მუსიკის მოსმენაში

ჩამოწერე და შეაჯამე, ყოველ კვირა რამდენ საათს უთმობ:

ტელევიზორის ყურებას ․․․․․

კომპიუტერულ თამაშებს ․․․․․

ინტერნეტს ․․․․․

მუსიკის მოსმენას ․․․․․

ჯამი ․․․․․

რამდენი საათი შემიძლია გამოვათავისუფლო უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის?

[სურათი 153 გვერდზე]

დრო მარდი ცხენივით არის, მის მართვას სწავლა სჭირდება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება