თავი 22
როგორ მოვიქცე, როცა ყველგან უცხოდ ვგრძნობ თავს?
მამა ან დედა ემიგრანტია?
□ დიახ □ არა
შენი მშობლიური ენა ან კულტურა განსხვავდება იმ ქვეყნის ენისგან ან კულტურისგან, სადაც ახლა ცხოვრობ?
□ დიახ □ არა
„წარმოშობით იტალიელები ვართ; ჩვენ თავისუფლად გამოვხატავთ სითბოს, სიყვარულს. ახლა ინგლისში ვცხოვრობთ. აქ ხალხი მეტისმეტად თავდაჭერილი და ოფიციალურია. ორივე ქვეყანაში უცხოდ ვგრძნობ თავს, ინგლისში იტალიელი ვარ და იტალიაში — ინგლისელი“ (ჟოზე, ინგლისი).
„სკოლაში მასწავლებელი ლაპარაკის დროს თვალებში ყურებას მთხოვდა; მაგრამ, როცა მამას ვუყურებდი თვალებში, ის ამას უზრდელობად მითვლიდა. აღარ ვიცოდი, რა მექნა“ (პატრიკი, ალჟირელი ემიგრანტების შვილი, რომელიც საფრანგეთში დაიბადა).
როდესაც შენი მშობლები საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდნენ, არაერთი რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მოულოდნელად ისინი ისეთი ხალხის გარემოცვაში მოხვდნენ, რომლებსაც განსხვავებული ენა, კულტურა და ჩაცმულობა ჰქონდათ. ისინი ყველასგან განსხვავდებოდნენ. ამის გამო მათ შეიძლება უპატივცემულოდ ექცეოდნენ და ათვალწუნებულიც კი ჰყავდათ.
შენც ხომ არ ხვდები მსგავს პრობლემებს? ქვემოთ ჩამოთვლილია ის პრობლემები, რომლებსაც ამგვარ სიტუაციაში მყოფი შენი თანატოლები შეხვდნენ. ამ ნიშნით ✔ აღნიშნე, რომელი პრობლემის დაძლევაა შენთვის ყველაზე ძნელი.
□ დაცინვა. ნური ახალგაზრდა გოგო იყო, როდესაც თავის ოჯახთან ერთად იორდანიიდან ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. „განსხვავებული ჩაცმულობის გამო ხალხი დაგვცინოდა, — ამბობს ნური. — ჩვენ არც ამერიკული იუმორი გვესმოდა“.
□ გაუცხოების გრძნობა. ახალგაზრდა გოგო, ნადია, იხსენებს: «დავიბადე გერმანიაში, მშობლები იტალიელები არიან, რის გამოც გერმანულად აქცენტით ვლაპარაკობდი და სკოლაში ბავშვები „სულელ უცხოელს“ მეძახდნენ. და ახლაც, იტალიაში რომ ჩავდივარ, იტალიურადაც აქცენტით ვლაპარაკობ. ამის გამო თავს ვერც იტალიელად ვგრძნობ და ვერც გერმანელად. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან უცხოელი ვარ».
□ კულტურული სხვაობა ოჯახში. ანა რვა წლის იყო, როცა მისი ოჯახი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. „მე და ჩემი ძმა მალევე შევეგუეთ ლონდონს, — ამბობს ანა. — მაგრამ მშობლებს გაუჭირდათ, რადგან მანამდე სულ ერთ ადგილას, პორტუგალიის პატარა კუნძულ მადეირაზე ცხოვრობდნენ“.
ვოენი, რომელიც სამი წლის ასაკში კამბოჯელმა მშობლებმა ავსტრალიაში წაიყვანეს, ამბობს: „მშობლებს დღემდე უჭირთ აქაურობასთან შეგუება. მამა ხშირად ღიზიანდებოდა იმის გამო, რომ ვერ ვუგებდი“.
□ ენის ბარიერი ოჯახში. იანი რვა წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ეკვადორიდან ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. შეერთებულ შტატებში ექვი წლის ცხოვრების შემდეგ ის ამბობს: „ახლა ინგლისურად უფრო ხშირად ვლაპარაკობ, ვიდრე ესპანურად. სკოლაში მასწავლებლები ინგლისურად მელაპარაკებიან, მეგობრებთანაც და ძმასთანაც ინგლისურად ვლაპარაკობ. გონებაში სულ ინგლისური სიტყვები მიტრიალებს და ესპანური თანდათან მავიწყდება“.
ავსტრალიაში დაბადებული ლი, რომელსაც კამბოჯელი მშობლები ჰყავს, ამბობს: „როდესაც მინდა მშობლებს დაწვრილებით ავუხსნა, რას ვფიქრობ ამა თუ იმ საკითხზე, ვგრძნობ, რომ მშობლიურ ენაზე ბოლომდე ვერ ვამბობ სათქმელს“.
ზემოთ ნახსენები ნური ამბობს: „მამაჩემი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ოჯახში მშობლიურ ენაზე გველაპარაკა, მაგრამ ჩვენ არ გვინდოდა არაბულად ლაპარაკი. არაბულის სწავლა ჩვენთვის ზედმეტი ტვირთი იყო. მეგობრები ინგლისურად ლაპარაკობდნენ, ინგლისურ ტელეგადაცემებს ვუყურებდით. რაში გვჭირდებოდა არაბული?!“
როგორ უნდა მოიქცე?
როგორც დავინახეთ, შენ არა ხარ ერთადერთი, ვინც ამგვარ პრობლემებს ხვდება. შეგეძლო იოლი გზა აგერჩია, საერთოდ დაგევიწყებინა შენი მშობლიური კულტურა, წარმომავლობა და ისე შეგუებოდი ახალ გარემოს. მაგრამ ასე ალბათ მშობლებს გულს ატკენ და შენც ვერ იქნები მშვიდად. ჯობია, ამგვარი პრობლემების მოგვარების გზები გამონახო და შენი მდგომარეობა შენსავე სასიკეთოდ გამოიყენო. ვნახოთ რამდენიმე რჩევა:
როგორი რეაქცია უნდა გქონდეს დაცინვაზე? როგორც არ უნდა მოიქცე, თავს ყველას ვერ მოაწონებ. ისინი, ვინც სხვების დაცინვით ერთობიან, თავს ყოველთვის გაიმართლებენ (იგავები 18:24). ამიტომ მაინცდამაინც ნუ ეცდები მათთვის აზროვნების შესწორებას. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: „დამცინავს არ უყვარს შემგონებელი“ (იგავები 15:12). ვინც აგდებულად ლაპარაკობს, თავის უმეცრებას უსვამს ხაზს და არა შენს ნაკლოვანებებს.
როგორ უნდა დაძლიო გაუცხოების გრძნობა? სრულიად ბუნებრივია გყავდეს ოჯახი და იყო ამა თუ იმ კულტურის წარმომადგენელი. მაგრამ არ იქნება სწორი, თუ იფიქრებ, რომ შენს ღირსებას განსაზღვრავს შენი კულტურა ან შენი წარმომავლობა. ხალხს შეიძლება სჩვევია, ამით განსაჯოს სხვა, მაგრამ ღმერთი ამით არ განგვსჯის. მოციქულმა პეტრემ თქვა: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). თუ ყოველმხრივ შეეცდები ღვთის გულის გახარებას, ღმერთიც თავისი ოჯახის წევრად მიგიღებს (ესაია 43:10; მარკოზი 10:29, 30). ამაზე უკეთესი წარმომავლობა რა უნდა იყოს?
როგორ უნდა მოიქცე, თუ ოჯახში კულტურული სხვაობაა? მშობლებისა და შვილების შეხედულებებს შორის სხვაობა თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება. მაგრამ თქვენს ოჯახში ეს სხვაობა შეიძლება კიდევ უფრო დიდი იყოს. მაგალითად, შენს მშობლებს შეიძლება უნდოდეთ, რომ არ მიატოვო იმ ქვეყნის წეს-ჩვეულებები, საიდანაც წარმოშობით ხარ, შენ კი შეიძლება გინდოდეს, რომ იმ ქვეყნის წეს-ჩვეულებებით იცხოვრო, რომელშიც ამჟამად ცხოვრობ. მაგრამ, თუ გინდა, რომ ცხოვრებაში ხელი მოგემართოს, ‘პატივი უნდა სცე დედას და მამას’ (ეფესოელები 6:2, 3).
ნუ გაილაშქრებ მშობლების წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოგწონს. შეეცადე, დაინახო, რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი ეს წეს-ჩვეულებები (იგავები 2:10, 11). დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: ხომ არ ეწინააღმდეგება ბიბლიას ეს წეს-ჩვეულებები? თუ არა, რის გამო არ მომწონს? როგორ ავუხსნა მშობლებს ტაქტიანად ის, რასაც ვფიქრობ? (საქმეები 5:29). ცხადია, გაგიადვილდება მშობლების პატივისცემა, უკეთ ჩასწვდები მათ მენტალიტეტს და გაითვალისწინებ მათ გრძნობებს, თუ მათი ენა კარგად გეცოდინება.
როგორ უნდა გადალახო ენის ბარიერი ოჯახში? ზოგ ოჯახს პრაქტიკამ აჩვენა, რომ თუ ოჯახში მხოლოდ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ, ბაშვები ორივე ენას თავისუფლად ეუფლებიან. მოწადინება ნამდვილად ღირს. შეგიძლია სთხოვო მშობლებს, რომ წერა-კითხვა გასწავლონ. სტელიოსი, რომელიც გერმანიაში გაიზარდა, მაგრამ მისი მშობლიური ენა ბერძნულია, ყვება: „ყოველდღიურ მუხლს მშობლები ჩემი თანდასწრებით ბერძნულად განიხილავდნენ. ისინი ხმამაღლა კითხულობდნენ ხოლმე, მე კი ვწერდი. ახლა თავისუფლად ვწერ და ვკითხულობ ბერძნულადაც და გერმანულადაც“.
კიდევ რით არის მშობლების ენის სწავლა კარგი? ზემოთ ნახსენები ჟოზე ამბობს: „მე იმიტომ ვისწავლე მშობლიური ენა, რომ მინდოდა, ახლო ურთიერთობა მქონოდა მშობლებთან, და რაც მთავარია, მათთან სულიერ საკითხებზე მესაუბრა. მშობლიური ენის ცოდნა დამეხმარა, უკეთ გამეგო მშობლებისთვის და მათაც უკეთ გაეგოთ ჩემთვის“.
ხიდი და არა ბარიერი
როგორ უყურებ შენს წარმომავლობას, როგორც ბარიერს, რომელიც სხვებისგან გყოფს, თუ როგორც ხიდს, რომელიც სხვებთან გაკავშირებს? მრავალი ქრისტიანი ახალგაზრდა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ორ კულტურას შორის „ჩატეხილი“ ხიდის აღდგენის საფუძვლიანი მიზეზი. ეს მიზეზი სხვა ემიგრანტებისთვის ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაა (მათე 24:14; 28:19, 20). „ორ ენაზე ბიბლიური მუხლების ახსნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, — ამბობს სალომაო, რომელიც ხუთი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. — თავიდან თითქმის დამავიწყდა ჩემი მშობლიური ენა, მაგრამ ახლა პორტუგალიურ კრებაში დავდივარ და თავისუფლად ვლაპარაკობ როგორც ინგლისურად, ისე პორტუგალიურად“.
ზემოთ ნახსენებმა ნურმა დაინახა არაბულ ენაზე მქადაგებლების საჭიროება. ის ამბობს: „ახლა არაბულს ვსწავლობ და ვცდილობ გავიხსენო, რაც დავიწყებული მქონდა. შევიცვალე თვალსაზრისი; როდესაც შეცდომას ვუშვებ, მინდა, რომ შემისწორონ. მინდა ვისწავლო ჩემი ენა“.
ნამდვილად კარგია, თუ ორ კულტურას იცნობ და ორ ან მეტ ენაზე ლაპარაკობ. ეს საშუალებას გაძლევს, გაუგო ორი სხვადასხვა კულტურის ხალხს და ისაუბრო მათთან ღვთის შესახებ (იგავები 15:23). ინგლისში დაბადებული ინდოელი პრიტი აღნიშნავს: „მსახურებაში უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს, რადგან კარგად ვიცნობ ორივე კულტურის წარმომადგენელთა ცხოვრების წესს, მათ მრწამსს და მენტალიტეტს“.
შეგიძლია შენც შეხედო შენს მდგომარეობას, როგორც მეტის კეთების შესაძლებლობას და არა როგორც დაბრკოლებას. გახსოვდეს, რომ იეჰოვას შენ უყვარხარ და არა შენი წარმომავლობა. შეგიძლია ამ თავში მოხსენიებული ახალგაზრდების მსგავსად, შენც გამოიყენო შენი ცოდნა და გამოცდილება, რათა შენივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს მიუკერძოებელი და მოსიყვარულე ღმერთი, იეჰოვა გააცნო? ეს ნამდვილ ბედნიერებას მოგიტანს! (საქმეები 20:35).
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ღმერთი მიკერძოებული არ არის“ (საქმეები 10:34).
რჩევა
თუ შენი თანატოლები ეთნიკური წარმომავლობის გამო დაგცინიან, გულზე ნუ მოიხვედრებ; იუმორის გრძნობასაც ნუ დაკარგავ. თუ ასე მოიქცევი, ნელ-ნელა დაეკარგებათ შენი დაცინვის სურვილი.
იცოდი, რომ . . . ?
თუ ორი ენა გეცოდინება, სამსახურს უფრო ადვილად იშოვი.
რა უნდა გავაკეთო
ჩემი მშობლების ენა უკეთ რომ ვისწავლო, მე ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● თუ მშობლების კულტურას უკეთ გაეცნობი, როგორ დაგეხმარება ეს საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში?
● რა უპირატესობა გაქვს იმ ახალგაზრდებთან შედარებით, რომლებსაც მხოლოდ ერთ კულტურასთან აქვთ შეხება?
[ჩანართი 160 გვერდზე]
„სიხარულს მანიჭებს სხვების დახმარება. შემიძლია ბიბლიაზე ვისაუბრო რუსულ, ფრანგულ და მოლდავურ ენებზე“ (ოლეგი).
[სურათი 161 გვერდზე]
შენს წარმომავლობას შეგიძლია შეხედო, როგორც სხვებთან დამაკავშირებელ ხიდს.