თავი 26
როგორ მოვიქცე, თუ სექსი შემომთავაზეს?
„გოგოები და ბიჭები ხშირად ერთად იკრიბებიან, რომ სექსი ჰქონდეთ და თანაც, რაც შეიძლება მეტთან“ (პენი).
„ბიჭები დაუფარავად ლაპარაკობენ სექსზე. ტრაბახობენ იმით, რომ ჰყავთ მეგობარი გოგონა და, ამავე დროს, სხვებთანაც აქვთ სექსი“ (ედვარდი).
დღეს ბევრი ახალგაზრდა იკვეხნის, რომ სექსი აქვთ მათთან, ვის მიმართაც არავითარი რომანტიკული გრძნობები არ გააჩნიათ. ზოგი იმითაც კი ტრაბახობს, რომ ჰყავს ნაცნობები, ვისთანაც ნებისმიერ დროს შეუძლია ჰქონდეს სექსი ისე, რომ თავი არ „აიტკიოს“ სერიოზული ურთიერთობით.
ნუ გაგიკვირდება, თუ გული შენც გიბიძგებს ამისკენ (იერემია 17:9). ზემოთ ნახსენები ედვარდი ამბობს: „ბევრი გოგო მთავაზობს სექსს. უარის თქმა ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს“. რომელი ბიბლიური პრინციპები უნდა გახსოვდეს, როდესაც ვინმე მოულოდნელად სექსს გთავაზობს?
რატომ არის მიუღებელი თავისუფალი სექსი?
სიძვა იმდენად სერიოზული ცოდვაა, რომ ის, ვინც ამ ცოდვას სჩადის, ‘ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს’ (1 კორინთელები 6:9, 10). ეს ეხება როგორც მათ, ვინც შეყვარებულები არიან, ისე მათ, ვინც არ არიან შეყვარებულები და ისე აქვთ სექსი. ცდუნებას რომ გაუძლო როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, სიძვას ისევე უნდა უყურებდე, როგორც იეჰოვა უყურებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ იეჰოვას გზა ყველაზე საუკეთესო გზაა ცხოვრებაში“ (კარენი, კანადა).
„გახსოვდეს, რომ გყავს მშობლები, მეგობრები და ხარ კრების წევრი. თუ ცდუნებას აჰყვები, ყველას გულს ატკენ“ (პიტერი, დიდი ბრიტანეთი).
თუ ისე შეხედავ სიძვას, როგორც იეჰოვა უყურებს, ‘შეიძულებ ბოროტებას’, თუნდაც ხორციელი სურვილები საპირისპიროსკენ გიბიძგებდეს (ფსალმუნი 97:10).
წაიკითხე დაბადების 39:7—9. ყურადღება მიაქციე, რამ შეაძლებინა იოსებს, მტკიცე წინააღმდეგობა გაეწია ცდუნებისთვის.
იამაყე შენი რწმენით
როგორც წესი, ახალგაზრდები გაბედულად გამოთქვამენ ხოლმე თავიანთ შეხედულებებს. როგორც ქრისტიანს, შენ წილად გხვდა პატივი, რომ შენი საქციელით ღვთის პრინციპების სადარაჯოზე იდგე. არასოდეს შეგრცხვეს შენი შეხედულების, რომელიც ქორწინებამდელ სექსზე გაქვს.
„თავიდანვე მტკიცედ გამოხატე შენი პოზიცია ზნეობრივ პრინციპებთან დაკავშირებით“ (ალენი, გერმანია).
„იმ ბიჭებმა, რომლებიც ჩემს სკოლაში სწავლობდნენ, იცოდნენ ვინ ვიყავი და იმასაც ხვდებოდნენ, რომ ჩემთან არაფერი გამოუვიდოდათ“ (ვიკი, შეერთებული შტატები).
როდესაც საკუთარ რწმენას იცავ, ამით აჩვენებ, რომ მოწიფული ქრისტიანი ხდები (1 კორინთელები 14:20).
წაიკითხე იგავების 27:11. შენი საქციელით შეგიძლია გული გაუხარო იეჰოვას!
იყავი მტკიცე!
არას თქმა მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგმა შეიძლება არასწორად გაიგოს შენი უარი და ჩათვალოს, რომ უბრალოდ თავს იფასებ.
„ყველაფერი — შენი ჩაცმულობა, საუბარი, ის, თუ ვისთან გაქვს ურთიერთობა, და ზოგადად, ქცევის მანერა — შენს მტკიცე პოზიციაზე უნდა მეტყველებდეს“ (ჯოი, ნიგერია).
„საჭიროა გასაგებად უთხრა, რომ ასეთ რამეზე არასოდეს დათანხმდები. არასოდეს მიიღო საჩუქრები იმ ბიჭებისგან, რომლებიც შენს დაყოლიებას ცდილობენ. თუ საჩუქარზე უარს არ იტყვი, მათ შეიძლება ისარგებლონ ამით და სანაცვლოდ რაღაც მოგთხოვონ“ (ლორა, დიდი ბრიტანეთი).
იეჰოვა დაგეხმარება, თუ ცდილობ მტკიცე პოზიციის დაკავებას. საკუთარი გამოცდილებიდან ფსალმუნმომღერალმა დავითმა იეჰოვას შესახებ თქვა: „ერთგულს ერთგულებით უპასუხებ“ (ფსალმუნი 18:25).
წაიკითხე 2 მატიანეს 16:9. ყურადღება მიაქციე, რამდენად სურს იეჰოვას მათი დახმარება, ვისაც უნდა, რომ სწორად მოიქცეს.
იყავი წინდახედული
ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება“ (იგავები 22:3). თუ წინდახედული იქნები, ბევრ პრობლემას აირიდებ თავიდან.
„თავი რაც შეიძლება შორს დაიჭირე მათგან, ვინც გამუდმებით ასეთ თემებზე საუბრობს“ (ნაომი, იაპონია).
„ნუ მისცემ მათ შენს მისამართს ან ტელეფონის ნომერს“ (დაიანა, დიდი ბრიტანეთი).
დაუკვირდი შენს საუბრებს, ქცევებს, იმას, თუ ვისთან გაქვს ურთიერთობა, და ადგილებს, სადაც ხშირად დადიხარ. შემდეგ ჰკითხე საკუთარ თავს: ჩემდა უნებურად ხომ არ ვაფიქრებინებ სხვებს, რომ შეუძლიათ სექსი შემომთავაზონ?
წაიკითხე დაბადების 34:1, 2. ყურადღება მიაქციე, შეუფერებელ ადგილზე ყოფნამ რა სამწუხარო შედეგი მოუტანა ერთ გოგონას, რომელსაც დინა ერქვა.
გახსოვდეს, იეჰოვა ღმერთი თავისუფალ სექსს მიუღებლად თვლის და მას შენც ასე უნდა უყურებდე. იმის კეთებით, რაც სწორია, ღვთის წინაშე სუფთა სინდისს და ღირსების გრძნობას შეინარჩუნებ. სწორედ ამ აზრისაა ერთი გოგონა, სახელად კარლი: „არ დაუშვა, რომ ვინმემ წუთიერი სიამოვნებისთვის გამოგიყენოს! გაუფრთხილდი იმას, რის შესანარჩუნებლადაც აქამდე გიშრომია!“
რას ამბობენ ბიჭები, როგორი გოგოები მოსწონთ? წაკითხულმა შეიძლება გაგაოცოს!
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ყველანაირად ეცადეთ, რომ [ღვთის] წინაშე წარდგეთ უმწიკვლოები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები“ (2 პეტრე 3:14).
რჩევა
გაიუმჯობესე შინაგანი თვისებები (1 პეტრე 3:3, 4). რაც უფრო კარგი ადამიანი იქნები, მით უკეთეს ადამიანს მიიზიდავ.
იცოდი, რომ . . . ?
იეჰოვას უნდა, რომ როგორც თავიდან განიზრახა, დატკბე სქესობრივი ურთიერთობით მხოლოდ მეუღლესთან ყოველგვარი სინდისის ქენჯნის, სინანულისა და შიშის გარეშე, რაც ხშირად მრუშობის შედეგია.
რა უნდა გავაკეთო
იოსებს რომ მივბაძო ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნებაში, მე ․․․․․
დინას შეცდომას არ გავიმეორებ, თუ ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ არის თავისუფალი სექსი მიუღებელი, მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილი სხეულისთვის შეიძლება მიმზიდველი ჩანდეს?
● როგორ მოიქცევი, თუ ვინმე სექსს შემოგთავაზებს?
[ჩანართი 185 გვერდზე]
„იყავი გაბედული! როდესაც ერთმა ბიჭმა მხარზე ხელი დამადო და მიმახვედრა, რომ ჩემთან სექსი უნდოდა, მკაცრად ვუთხარი, ხელი ჩამოიღე-მეთქი, გაბრაზებულმა შევხედე და გავშორდი“ (ელენი).
[სურათი 187 გვერდზე]
თუ მოულოდნელად შემოთავაზებულ სექსზე თანახმა იქნები, თავს გაიუფასურებ.