თავი 30
მზად ვართ ოჯახის შესაქმნელად?
მეორე ნახევარი უკვე ნაპოვნი გყავს; დიდი ხანია, ერთმანეთს ხვდებით და გიყვართ ერთმანეთი. ბედნიერება კარზეა მომდგარი. მაგრამ იქნებ არც არის?! ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე დგახარ და ფიქრობ . . .
მზად ვართ ოჯახის შესაქმნელად?
არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გულს გიღრღნიდეს ეჭვები, გექნება თუ არა ბედნიერი ოჯახი, გინდაც შეყვარებული იყო. უბედური და დანგრეული ოჯახების რიცხვი იზრდება. ამიტომ გასაგებია, რატომ ეკიდები სიფრთხილით იმ ნაბიჯის გადადგმას, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის. როგორ უნდა გაიგო, ხარ თუ არა მზად დაოჯახებისთვის? როგორც არასდროს, სწორედ ახლაა იმის დრო, რომ გათავისუფლდე ნებისმიერი ილუზიისგან, რომლებიც ოჯახის შექმნაზე გაქვს, და თვალი გაუსწორო რეალობას.
ილუზია 1 „მთავარია სიყვარული“.
რეალობა: სიყვარული ვერც გადასახადებს გადაგიხდის და გაჭირვებაშიც ვერ დაგეხმარება ფულით. მკვლევართა აზრით, ოჯახური კონფლიქტებისა და ამის შედეგად გაყრის უმთავრესი მიზეზი ფულია. ფულისადმი გაუწონასწორებელმა დამოკიდებულებამ შეიძლება დაგაზარალოს როგორც სულიერად, ისე ემოციურად, და მეუღლესთანაც გაგიფუჭოს ურთიერთობა (1 ტიმოთე 6:9, 10). გამოსავალი რა არის? ნუ დაელოდები ოჯახის შექმნას — მანამდე იმსჯელეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე.
რას ამბობს ბიბლია: „რომელიმე თქვენგანმა კოშკის აშენება რომ მოისურვოს, განა ჯერ არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯებს?“ (ლუკა 14:28).
რჩევა: ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი აქედანვე დაიწყე შენს მომავალ მეუღლესთან (იგავები 13:10). იმსჯელეთ შემდეგ კითხვებზე: როგორ გავანაწილებთ ჩვენს შემოსავალს? საერთო საბანკო ანგარიში გვექნება თუ ცალ-ცალკე? რომელი ჩვენგანი უფრო მოახერხებს იმის აღრიცხვას, თუ რაში რა დაიხარჯება, და იმის გაკონტროლებას, გადახდილია თუ არა გადასახადებიa? რამდენის დახარჯვა შეგვეძლება ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე? ურთიერთშეთანხმებულად მოქმედება აქედანვე უნდა დაიწყოთ (ეკლესიასტე 4:9, 10).
ილუზია 2 „იდეალური წყვილი ვიქნებით იმიტომ, რომ უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს და უთანხმოებაც არასოდეს მოგვსვლია“.
რეალობა: თუ არასდროს მოგდით უთანხმოება, ალბათ ფრთხილად უვლით გვერდს იმ საკითხებს, რაც შეიძლება უთანხმოების მიზეზი გახდეს. მაგრამ დაოჯახების შემდეგ ასე „განებივრებული“ ვეღარ იქნებით. ფაქტი ერთია: შეუძლებელია, ორი არასრულყოფილი ადამიანი სრულყოფილად ეწყობოდეს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, გარკვეული უთანხმოებაც გარდაუვალია (რომაელები 3:23; იაკობი 3:2). უნდა ისაუბროთ არა მარტო იმაზე, რა კარგად ეწყობით ერთმანეთს, არამედ იმაზეც, როგორ იქცევით, როცა თქვენ შორის უთანხმოება წამოიჭრება. ოჯახური კვანძები ძლიერი მაშინაა, როცა ცოლიც და ქმარიც ღიად საუბრობენ უთანხმოებებზე და შემდეგ ბიბლიური პრინციპების გამოყენებით მშვიდობიანად აგვარებენ მათ.
რას ამბობს ბიბლია: „გაბრაზებული ნუ წახვალ დასაძინებლად“ (ეფესოელები 4:26, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“).
რჩევა: კარგად დაფიქრდი, აქამდე როგორ აგვარებდი უთანხმოებებს მშობლებთან და და-ძმებთან. შეადგინე ისეთი ცხრილი, როგორიც მოცემულია ამ წიგნის 93-ე გვერდზე ან მე-2 ტომის 221-ე გვერდზე. გაიხსენე კონკრეტული შემთხვევები, რამაც უთანხმოება გამოიწვია, როგორ მოიქეცი და როგორ შეგეძლო უკეთესად მოქცეულიყავი. მაგალითად, თუ უთანხმოების გამო გაბრაზებული შეხვედი შენს ოთახში და კარი მიიჯახუნე, დაწერე, უკეთ როგორ შეგეძლო მოქცეულიყავი, რაც პრობლემის მოგვარებას შეუწყობდა ხელს და არა მის გამწვავებას. თუ აქედანვე ისწავლი უთანხმოებების უკეთ მოგვარებას, შეიძენ უნარს, რომელიც ოჯახის ბედნიერებისთვის აუცილებელია.
ილუზია 3 „დაქორწინების შემდეგ სქესობრივ მოთხოვნილებებს მთლიანად დავიკმაყოფილებ“.
რეალობა: დაქორწინების შემდეგ ყოველთვის შენი სურვილისამებრ ვერ გექნება სქესობრივი ურთიერთობა მეუღლესთან. გახსოვდეს, შენი მეუღლე ადამიანია და აქვს გრძნობები, რომლებიც უნდა გაითვალისწინო. გულწრფელად რომ ვთქვათ, შენი მეუღლე ყოველთვის არ იქნება ინტიმური ურთიერთობის ხასიათზე. ქორწინება არ გაძლევს იმის უფლებას, რომ დააძალო მას შენი სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (1 კორინთელები 10:24). ფაქტი ერთია: თავშეკავება აუცილებელია, როგორც დაქორწინებამდე, ისე დაქორწინების შემდეგ (გალატელები 5:22, 23).
რას ამბობს ბიბლია: „ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით და არა თავშეუკავებელი ვნებით“ (1 თესალონიკელები 4:4, 5).
რჩევა: დაფიქრდი შენს სქესობრივ მოთხოვნილებებსა და მიდრეკილებებზე, და იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეს მომავალ მეუღლესთან შენს ურთიერთობაზე. მაგალითად, ხომ არა გაქვს გამჯდარი ეგოისტური ჩვევა — მასტურბაცია? ხომ არ უყურებ პორნოგრაფიას? ვნებიანად ხომ არ გაგირბის თვალი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისადმი? ჰკითხე საკუთარ თავს: თუ ოჯახის შექმნამდე მიჭირს სექსუალური სურვილების გაკონტროლება, როგორ შევძლებ ამას დაოჯახების შემდეგ? (მათე 5:27, 28). დაფიქრდი კიდევ ერთ საკითხზე: ფლირტისკენაც ხომ არა გაქვს მიდრეკილება და ერთდროულად რამდენიმე ადამიანს ხომ არ ეარშიყები ხოლმე, რაც უეჭველად შეგიქმნის მექალთანის რეპუტაციას? თუ ასეა, როგორ აღმოფხვრი შენში ამ მიდრეკილებას დაქორწინების შემდეგ, მაშინ როდესაც ვალდებული იქნები შენი გრძნობები მხოლოდ ერთი ადამიანის, შენი მეუღლის მიმართ გამოხატო? (იგავები 5:15—17).
ილუზია 4 „ქორწინება გამაბედნიერებს“.
რეალობა: ის, ვინც დაოჯახებამდე არ არის ბედნიერი, როგორც წესი, ვერც დაოჯახების შემდეგ ხდება ბედნიერი. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანის ბედნიერებას განაპირობებს მისი შეხედულებები და არა მისი მდგომარეობა (იგავები 15:15). ის, ვინც თავის ხვედრს ემდურის, როგორც წესი, იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ადამიანში არ მოსწონს, და არა იმაზე, რაც მას კარგი აქვს. უმჯობესია მანამდე მიეჩვიო დადებით აზროვნებას, სანამ ოჯახს შექმნი. დაქორწინების შემდეგ კი შენშიც კარგს დაინახვ და შენს მეუღლეშიც.
რას ამბობს ბიბლია: „ჯობია იმას დასჯერდე, რაც გაქვს, ვიდრე სულ მუდამ ის გინდოდეს, რაც არ გაქვს“ (ეკლესიასტე 6:9, „დღევანდელი ინგლისური თარგმანი“).
რჩევა: ზოგჯერ უარყოფითი განწყობა არარეალური მოლოდინის შედეგია. ცალკე ფურცელზე დაწერე ორი ან სამი რამ, რასაც ქორწინებისგან ელი. რასაც დაწერ, გადაავლე თვალი, და შემდეგ ჰკითხე საკუთარ თავს: რეალურია ჩემი მოლოდინი თუ უფრო ფანტაზიის ნაყოფია? სასიყვარულო ფილმებმა ან წიგნებმა ხომ არ ჩამინერგა ეს მოლოდინი? ხომ არ ველი იმას, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ „განვიკურნები“ ქრონიკული მარტოობისგან, მთლიანად დავიკმაყოფილებ სქესობრივ მოთხოვნილებებს და თანატოლების მხრიდან მეტ პატივისცემას დავიმსახურებ? თუ ასეა, დროა გადაერთო „მე“-დან „ჩვენ“-ზე. ჩამოწერე ორი ან სამი ისეთი რამ, რასაც შენ და შენი მომავალი მეუღლე ელით ქორწინებიდან.
ზემოთ განხილულმა ილუზიებმა შენს ბედნიერებას, რომელსაც ოჯახის შექმნის შემდეგ ელი, შეიძლება წერტილი დაუსვას. ამიტომ ეცადე, ამოიგდო თავიდან ეს ილუზიები და თვალი გაუსწორო რეალობას. ამაში დაგეხმარება 216-ე და 217-ე გვერდებზე მოცემულ კითხვებზე დაფიქრება. ხომ გინდა, რომ განიცადო ბედნიერი ოჯახის შექმნით გამოწვეული უდიდესი სიხარული?! (კანონი 24:5; იგავები 5:18).
შეყვარებულთან დაშორება დიდ ემოციურ ტკივილს იწვევს. როგორ უნდა გაუმკლავდე ამ ტკივილს?
[სქოლიო]
a იგავების 31:10—28-ში აღწერილია „მარჯვე ცოლი“. მას ზოგი ისეთი საპასუხისმგებლო საქმე ევალა, რითაც ოჯახს სარჩო-საბადებელს სძენდა (იხილე შემდეგი მუხლები: 13, 14, 16, 18, 24).
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:24).
რჩევა
გაესაუბრე მათ, ვინც შედარებით დიდი ხანია, რაც დაოჯახებულია, და ჰკითხე, რას ურჩევდნენ ახალდაქორწინებულ წყვილს, ბედნიერი ოჯახი რომ ჰქონდეთ (იგავები 27:17).
იცოდი, რომ . . . ?
ბედნიერ ოჯახებში ცოლი და ქმარი ერთმანეთის მეგობრები არიან, ერთმანეთთან თავისუფლად საუბრობენ, იციან უთანხმოებების მოგვარება და მათთვის ცოლქმრობა მუდმივი კავშირია.
რა უნდა გავაკეთო
თვისება, რომლის გაუმჯობესებასაც დღეიდანვე შევეცდები, რათა მომავალ მეუღლესთან უკეთესი ურთიერთობა მქონდეს, არის ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● ზოგ ქვეყანაში ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა. შენი აზრით, რატომ ხდება ასე?
● რა საშიშროებებს ქმნის დაოჯახება მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავი ბედნიერად იგრძნო?
● რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოჯახში, რომელსაც შექმნი, ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელო?
[ჩანართი 220 გვერდზე]
„ქორწინება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. კარგად უნდა იცოდე ის, თუ რა სჭირდება ოჯახს, და კარგად უნდა იცნობდე მას, ვისთან ერთადაც ოჯახს ქმნი“ (ოდრა).
[ჩარჩო/სურათი 216, 217 გვერდებზე]
სამუშაო გვერდი
მზად ხარ ოჯახის შესაქმნელად?
დაფიქრდი ამ და მომდევნო გვერდზე დასმულ კითხვებზე. შეგიძლია ამ კითხვებზე შენს მომავალ მეუღლესთან ერთად იმსჯელო. აუცილებლად მოძებნე მითითებული მუხლები.
ფულისადმი დამოკიდებულება
◻ როგორი დამოკიდებულება გაქვს ფულისადმი? (ებრაელები 13:5, 6)
◻ აქედანვე რით აჩვენებ, რომ გონივრულად ხარჯავ ფულს? (მათე 6:19—21)
◻ ვალი ხომ არა გაქვს? თუ კი, როგორ აპირებ მის გასტუმრებას? (იგავები 22:7)
◻ რა დაგიჯდებათ ქორწილის გადახდა? თუ საჭირო იქნება, რა თანხის ვალად აღებას მიიჩნევთ დასაშვებად? (ლუკა 14:28)
◻ დაოჯახების შემდეგ შენც იმუშავებ და შენი მეუღლეც? თუ კი, რა ცვლილებების მოხდენა მოგიწევთ განსხვავებული გრაფიკებისა და მგზავრობის მარშრუტების გამო? (იგავები 15:22)
◻ სად იცხოვრებთ შენ და შენი მეუღლე? სავარაუდოდ, რა თანხა დაგჭირდებათ ქირის გადასახდელად, საკვებისა და ტანსაცმლის შესაძენად და სხვა ხარჯების დასაფარავად, და როგორ აპირებთ ამ ხარჯების დაფარვას? (იგავები 24:27)
ოჯახური საკითხები
◻ რამდენად კარგად ეწყობი მშობლებსა და და-ძმებს? (გამოსვლა 20:12; რომაელები 12:18)
◻ დღეს როგორ აგვარებ ოჯახში უთანხმოებებს? (კოლოსელები 3:13)
◻ თუ ახალგაზრდა გოგო ხარ, როგორ ავლენ „სიმშვიდესა და რბილ ხასიათს“? (1 პეტრე 3:4)
◻ გეგმავთ შვილების ყოლას? (ფსალმუნი 127:3) თუ კი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებიდან რომელს გამოიყენებთ?
◻ თუ ახალგაზრდა ბიჭი ხარ, როგორ აპირებ, ოჯახს სულიერად უხელმძღვანელო? (მათე 5:3)
პიროვნული თვისებები
◻ რით აჩვენებ, რომ შრომისმოყვარე ხარ? (იგავები 6:9—11; 31:17, 19, 21, 22, 27)
◻ აყენებ სხვებს საკუთარ თავზე წინ? (ფილიპელები 2:4)
◻ თუ ახალგაზრდა ბიჭი ხარ, რით შეგიძლია აჩვენო, რომ უფლებამოსილებას ოჯახში ისე გამოიყენებ, როგორც ქრისტიანს შეეფერება? (ეფესოელები 5:25, 28, 29)
◻ თუ ახალგაზრდა გოგო ხარ, რით შეგიძლია აჩვენო, რომ დაემორჩილები ქმარს? (ეფესოელები 5:22—24)
[სურათი 219 გვერდზე]
ნაუცბათევი ქორწინება ჰგავს წყალში ჩახტომას ისე, რომ არ იცი წყლის სიღრმე.