თავი 32
როგორ დავიცვა თავი სექსუალური მოძალადეებისგან?
ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ხდება გაუპატიურებისა თუ სხვა სახის სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი, და როგორც გამოკვლევებიდან ჩანს, სექსუალურ მოძალადეთა მთავარ სამიზნეს ახალგაზრდები წარმოადგენენ. მაგალითად, შეერთებულ შტატებში გაუპატიურებულთა ნახევარი 18 წლისაც არ არის. ვინაიდან სექსუალური შეურაცხყოფის საშიშროება საკმაოდ დიდია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით მოეკიდო ამ საკითხს.
„გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ მწვდა და ძირს დამაგდო. რა აღარ ვცადე, რომ თავიდან მომეშორებინა . . . სწრაფად ამოვიღე ცრემლსადენი ბალონი, მაგრამ ხელიდან გამაგდებინა. ვცადე დაყვირება, მაგრამ დაყვირების მაგივრად უღონოდ ამოვიგმინე. ხელსაც ვკრავდი, წიხლებსაც ვურტყამდი, მუშტებსაც, ვფხაჭნიდი კიდეც. სწორედ ამ დროს ვიგრძენი, როგორ დამისვა დანა. უცებ სულ მთლად გამომეცალა ძალა“ (ანეტი).
სექსუალურ მოძალადეთა რიცხვი ძალიან დიდია და როგორც აღვნიშნეთ, მათი თავდასხმის სამიზნე, ძირითადად, ახალგაზრდები ხდებიან. ზოგ ახალგაზრდას, ანეტის მსგავსად, უცნობი ესხმის თავს, ზოგს კი — მეზობელი. 10 წლის ასაკში ნატალი თავისმა მოზარდმა მეზობელმა გააუპატიურა. „იმდენად შეშინებული და შერცხვენილი ვიყავი, რომ თავიდან ეს ვერავის ვუთხარი“, — ამბობს ნატალი.
ბევრ ახალგაზრდას ოჯახის წევრიც აყენებს სექსუალურ შეურაცხყოფას. „ხუთიდან თორმეტ წლამდე მამაჩემი სექსუალურ შეურაცხყოფას მაყენებდა, — იხსენებს ერთი ქალბატონი, სახელად კარმენი. — ოცი წლისამ, როგორც იქნა, ხმა ამოვიღე და პასუხი მოვთხოვე. თავიდან მომიბოდიშა, მაგრამ მერე, რამდენიმე თვეში, სახლიდან გამაგდო.
ჩვენს დროში სექსუალური შეურაცხყოფა მეზობლის, ნაცნობისა თუ ოჯახის წევრის მხრიდან ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც ნამდვილად შემაშფოთებელიაa. ბავშვებზე ძალადობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ასეთი ამაზრზენი ძალმომრეობა იმ დროშიც ხდებოდა, როცა ბიბლია იწერებოდა (იოელი 3:3; მათე 2:16). დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დროში. მრავალი ადამიანი მოკლებულია „თბილ გრძნობებს“. ამიტომ რა გასაკვირია, რომ გოგოები და ზოგჯერ ბიჭებიც ხდებიან სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლნი (2 ტიმოთე 3:1—3). მართალია, არავითარი წინასწარი ზომები არ იძლევა უსაფრთხოების სრულ გარანტიას, მაგრამ საკუთარი თავის დასაცავად ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია. ვნახოთ რამდენიმე რჩევა:
სიფრთხილე გამოიჩინე. სახლიდან რომ გახვალ, ყურადღება არ მოადუნო. უნდა იცოდე, რა ხდება წინ, უკან, მარჯვნივ თუ მარცხნივ. ზოგი ადგილი საშიშია, განსაკუთრებით ღამით. თუ შესაძლებელია, მოერიდე ასეთ ადგილებს ან იქ მარტო ნუ წახვალ (იგავები 27:12).
მოერიდე ფლირტს და გამომწვევ ჩაცმულობას. ასეთი საქციელით სხვას შეიძლება აფიქრებინო, რომ სექსის სურვილი გაქვს, ანდა თუ სექსს შემოგთავაზებენ, წინააღმდეგობას არ გაუწევ (1 ტიმოთე 2:9, 10).
წინასწარ დაადგინე ზღვარი. თუ შეყვარებული გყავს, იმსჯელე მასთან, როგორი საქციელია მისაღები და როგორი — არაb. ამის შემდეგ ეცადე, არ მოხვდე სახიფათო სიტუაციებში, რათა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდე (იგავები 13:10).
ხმის ამოღების ნუ მოგერიდება! არასწორი არაფერია იმაში, რომ შეყვარებულს მკაცრად უთხრა: „ზედმეტი მოგდის!“ ან „ხელი ჩამოიღე!“. ამის თქმისგან თავს ნუ შეიკავებ იმის შიშით, რომ შეყვარებულს დაკარგავ. თუ ის შენთან ურთიერთობას ამის გამო გაწყვეტს, არც ყოფილა შენი ღირსი. შენ იმსახურებ ისეთ ადამიანს, რომელიც დააფასებს შენს პატიოსნებასა და პრინციპებსc.
ფრთხილად იყავი, როცა ინტერნეტით სარგებლობ. ნურასოდეს გაამჟღავნებ პირადული ხასიათის ინფორმაციას და ნუ დადებ ისეთ სურათებს, საიდანაც შენი ადგილსამყოფლის დადგენა იქნება შესაძლებელიd. როცა სექსუალური ხასიათის არაორაზროვან შეტყობინებას იღებ, ამ დროს საუკეთესო პასუხი, როგორც წესი, ის არის, რომ საერთოდ არ უპასუხო. სრული იგნორირება სექსუალური მოძალადეების უმეტესობას, რომლებიც ინტერნეტით ეძებენ მსხვერპლს, ხელ-ფეხს უკრავს.
ზემოთ განხილული რჩევების გათვალისწინებით უკეთ შეძლებ, თავიდან აირიდო სექსუალურ მოძალადეთა თავდასხმები (იგავები 22:3). თუმცა შეუძლებელია ყოველთვის სრულად შეძლო ვითარების გაკონტროლება. მაგალითად, ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი, რომ თან გახლდეს ვინმე ან მოერიდო საშიშ უბნებს. შესაძლოა ასეთ უბანშიც კი ცხოვრობ.
შეიძლება შენი მწარე გამოცდილებიდან იცი, რომ ზოგჯერ, როგორც არ უნდა ეცადო, ხიფათს მაინც ვერ აირიდებ. ამ თავის დასაწყისში მოხსენიებული ანეტის მსგავსად, მოძალადე შეიძლება შენც მოულოდნელად დაგესხა თავს და ძალით გაჯობა. ან კარმენის მსგავსად, შეიძლება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გახდი, რისი თავიდან არიდებაც იმ დროს შენს ძალებს აღემატებოდა ან შეიძლება ბოლომდე ვერც ხვდებოდი, რა ხდებოდა. ახლა ვიმსჯელოთ, როგორ უნდა გაუმკლავდე დანაშაულის გრძნობას, რომელიც ხშირად ტანჯავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ.
დანაშაულის გრძნობასთან გამკლავება
ანეტს მომხდარის გამო დღემდე აწუხებს დანაშაულის გრძნობა. „მე თვითონ ვარ ჩემი თავის მტერი, — ამბობს ის. — სულ თავში მიტრიალებს ის საღამო. მგონია, რომ უფრო მეტადაც შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა. მაგრამ, დანა რომ დამისვა, შიშისგან ღონე დავკარგე, თუმცა ახლაც იმას ვფიქრობ, რაღაც კიდევ უნდა მეცადა“.
დანაშაულის გრძნობა ნატალისაც ტანჯავს. „ასე გულუბრყვილოდ არ უნდა მოვქცეულიყავი, — წუხს ის. — მშობლებმა მე და ჩემს დას წესი დაგვიდგინეს, რომ გარეთ თამაშისას ყოველთვის ერთმანეთის გვერდით უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ მე ეს წესი დავარღვიე. ჩემი ბრალია, მეზობელმა რომ გამაუპატიურა. რაც მოხდა, ამან ჩემს ოჯახზე საშინლად იმოქმედა. მე ვარ დამნაშავე იმაში, რომ მათ ამხელა ტკივილი მივაყენე. თუმცა ყველაზე მეტად მაინც მე ვიტანჯები“.
რა უნდა იღონო, თუ ანეტისა და ნატალის მსგავსად, შენც გაწუხებს დანაშაულის გრძნობა? პირველ რიგში, იფიქრე იმაზე, რომ გაუპატიურება შენი სურვილით არ მომხდარა. ზოგი აუბრალოებს ამ საკითხს და ამბობს: „ბიჭები არიან და რას იზამ?! ვისაც აუპატიურებენ, იმის ბრალია“. მაგრამ გაუპატიურებას არავინ იმსახურებს. თუ შენ ასეთი ამაზრზენი საქციელის მსხვერპლი გახდი, შენი ბრალი არ არის!
ცხადია, იმის წაკითხვა, რომ „შენი ბრალი არ არის“, ადვილია, მაგრამ ამის გააზრება — გაცილებით რთული. ზოგი მომხდარს არავის ეუბნება და დანაშაულის გრძნობა და სხვა უარყოფითი ემოციები მოსვენებას უკარგავს. მაგრამ დუმილი ვის წისქვილზე უფრო დაასხამს წყალს — შენი თუ შენი შეურაცხმყოფლის? შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად გადადგი.
მოუყევი ვინმეს მომხდარის შესახებ
ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ როდესაც მართალი კაცის, იობის ტანჯვამ პიკს მიაღწია, მას აღმოხდა: „წუხილს მივეცემი და სულგამწარებული ვილაპარაკებ“ (იობი 10:1). თუ ასე მოიქცევი, ეს შენც წაგადგება. სანდო ადამიანს მომხდარს რომ მოუყვები, შინაგანად დამშვიდდები და მტანჯველი ემოციებიც დაგიცხრება.
თუ ქრისტიანი ხარ, მნიშვნელოვანია, რომ მომხდარზე კრების უხუცესსაც დაელაპარაკო. მოსიყვარულე მწყემსის მანუგეშებელი სიტყვები დაგარწმუნებს, რომ შენ, როგორც გაუპატიურების მსხვერპლს, სხვის მიერ ჩადენილ ცოდვაში ბრალი არ მიგიძღვის. სწორედ ეს დაეხმარა ანეტსაც. ის ამბობს: „ჩემს ახლო მეგობარს დაველაპარაკე, რომელმაც მირჩია, ჩემი კრების უხუცესებსაც დავლაპარაკებოდი. კიდევ კარგი, დავუჯერე. რამდენჯერმე ვილაპარაკეთ და სწორედ ის მითხრეს, რისი მოსმენაც იმ წუთებში მჭირდებოდა. მათ დამარწმუნეს, რომ, რაც მოხდა, ჩემი ბრალი არ იყო და ამაში საერთოდ არ უნდა დამედანაშაულებინა საკუთარი თავი“.
მომხდარზე ლაპარაკი და გრძნობების გამოხატვა დაგეხმარება, რომ არ გაბოროტდე და გულში ბრაზი არ ჩაიტოვო (ფსალმუნი 37:8). შეიძლება წლების მანძილზე პირველადაც კი იგრძნო შვება. ნატალიმ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა, როდესაც თავის მშობლებს მოუყვა, რაც მოხდა. ის ამბობს: „თანამიგრძნეს და მითხრეს, რომ არ მომრიდებოდა საუბარი. ამან შინაგანად დამამშვიდა და დამაწყნარა“. ნატალიმ შვება ლოცვითაც იგრძნო. „ღმერთთან საუბარი ძალიან მეხმარებოდა, — ამბობს ის. — განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვასთან ლაპარაკის თავი არ მქონდა. ლოცვისას შემიძლია თავისუფლად ვილაპარაკო. ლოცვა ჩემთვის შინაგანი სიმშვიდის წყაროა“e.
შეგიძლია თავი იმითაც ინუგეშო, რომ არის „განკურნების დრო“ (ეკლესიასტე 3:3). შეინარჩუნე ახლო ურთიერთობა მეგობრებთან, რომლებსაც შენზე გული შესტკივათ და რომლებიც, უხუცესების მსგავსად, არიან „თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში“ (ესაია 32:2). იზრუნე შენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. საკმარისად დაისვენე. და რაც ყველაზე მთავარია, მიენდე ნუგეშისმცემელ ღმერთს, იეჰოვას, რომელიც მალე ახალ ქვეყნიერებას დაამყარებს, სადაც „ბოროტმოქმედნი მოისპობიან, იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (ფსალმუნი 37:9).
[სქოლიოები]
a ზოგჯერ ბიჭი სხვადასხვა მანიპულაციით იძულებით ამყარებს სქესობრივ კავშირს გოგოსთან, რომელსაც ხვდება, ზოგჯერ კი გაუპატიურებამდე ამა თუ იმ წამლით აბრუებს.
b დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე მე-2 ტომის მე-4 თავი.
c ცხადია, ამ რჩევის გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როცა გოგო უბიძგებს ბიჭს სქესობრივი ურთიერთობისკენ.
d დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე მე-2 ტომის მე-11 თავი.
e ზოგჯერ ძალადობის მსხვერპლნი ღრმა დეპრესიაში ვარდებიან. ასეთ შემთხვევაში გონივრული იქნება ექიმთან კონსულტაცია. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაუმკლავდე მტანჯველ გრძნობებს, იხილე ამავე წიგნის მე-13 და მე-14 თავები.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები . . . თბილ გრძნობებს მოკლებულები . . . თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები“ (2 ტიმოთე 3:1—3).
რჩევა
თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდი, ამოწერე მანუგეშებელი მუხლები და თან იქონიე, მაგალითად, ფსალმუნის 37:28; 46:1; 118:5—9; იგავების 17:17; ფილიპელების 4:6, 7.
იცოდი, რომ . . . ?
შეერთებულ შტატებში ახალგაზრდების 90 პროცენტზე მეტი, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, პირადად იცნობდა მოძალადეს.
რა უნდა გავაკეთო
როცა მომხდარის გამო თავს დამნაშავედ ვიგრძნობ, მე ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რით არის კარგი, თუ არ გაჩუმდები?
● რა შეიძლება მოგივიდეს როგორც შენ, ისე სხვებს, თუ დუმილს არ დაარღვევ?
[ჩანართი 232 გვერდზე]
„თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდი, ამაზე ხმის ამოღება ძალიან ძნელია, მაგრამ ამაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს. თუ არ გაჩუმდები, შეძლებ შეიმსუბუქო მწუხარება, ბრაზი გულში არ ჩაიტოვო და ძალები აღიდგინო“ (ნატალი).
[ჩარჩო 230 გვერდზე]
„თუ გიყვარვარ . . .“
არსებობს სექსუალურ მოძალადეთა ერთი კატეგორია, რომლებიც გოგოებზე ძალადობას პირდაპირ კი არ მიმართავენ, არამედ მათ გრძნობებზე ახდენენ მანიპულირებას. როგორ? ეუბნებიან: „სექსი ყველას აქვს“, „ვერავინ ვერაფერს გაიგებს“, ან როგორც ამავე წიგნის 24-ე თავშია ნახსენები, „თუ გიყვარვარ, სექსზე უარს არ მეტყვი“. თავი არ მოატყუებინო მას, ვინც გარწმუნებს, რომ სექსი სიყვარულის განუყოფელი ნაწილია. ვინც ასე აზროვნებს, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს. მას შენ არ აინტერესებ და არც შენი კეთილდღეობა აღელვებს. ნამდვილი ვაჟკაცი შენს ინტერესებს თავისაზე წინ დააყენებს და გამოიჩენს საიმისო ნებისყოფას, რომ ღვთის ზნეობრივი ნორმები დაიცვას (1 კორინთელები 10:24). ნამდვილი ვაჟკაცი გოგოებს მხოლოდ სექსის ობიექტად არ აღიქვამს. ის ისე უყურებს ‘ახალგაზრდა ქალებს, როგორც დებს, მთელი სიწმინდით’ (1 ტიმოთე 5:1, 2).
[სურათი 233 გვერდზე]
სექსუალური ძალადობის შემდეგ უარყოფით გრძნობებთან გამკლავება შენთვის ალბათ ტვირთია, რომელსაც მარტო ვერ ატარებ. სთხოვე ვინმეს დახმარება.