საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yp1 თ. 34 გვ. 246-251
  • რა არის ცუდი ბევრის დალევაში?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რა არის ცუდი ბევრის დალევაში?
  • ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • შენ რა არჩევანს გააკეთებ?
  • რა არის ცუდი გადაჭარბებულ სმაში?
    გამოიღვიძეთ! — 2004
  • რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს ალკოჰოლისადმი?
    იხარეთ ცხოვრებით მარადიულად! — ბიბლიის სასწავლო კურსი
  • იზიარებთ ღვთის თვალსაზრისს ალკოჰოლზე?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2023
  • ნუ დაემონებით ალკოჰოლს!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
იხილეთ მეტი
ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები, ტომი 1
yp1 თ. 34 გვ. 246-251

თავი 34

რა არის ცუდი ბევრის დალევაში?

როგორ უპასუხებდი შემდეგ კითხვებს? ამ ნიშნით ✔ აღნიშნე პასუხები.

იღებენ შენი თანატოლები ალკოჰოლს გადაჭარბებით ან ასაკობრივი შეზღუდვის მიუხედავად?

□დიახ □ არა

როდისმე დაუძალებიათ შენთვის ალკოჰოლის მიღება შენს თანატოლებს?

□დიახ □ არა

ბევრი დაგილევია როდისმე?

□დიახ □ არა

როგორ ახსნიდი, რა არის ბევრის დალევა? ზოგის აზრით, ეს არის დალევა დათრობამდე. შეერთებული შტატების ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისა და ალკოჰოლიზმის ეროვნული კვლევითი ცენტრის ანგარიშში უფრო ზუსტი განმარტებაა მოცემული. მასში ნათქვამია, რომ ბევრის დალევად „ჩვეულებრივ, ითვლება ერთ მიღებაზე ხუთი ან მეტი ჭიქის დალევა კაცებისთვის, ოთხი ან მეტის კი — ქალებისთვის“.

თუ ცდუნებამ გძლია და ბევრი დალიე ან თუ ასაკობრივი შეზღუდვის მიუხედვად დალიე, გამონაკლისი არა ხარ. ბევრი ახალგაზრდა იყენებს ბოროტად ალკოჰოლსa. მაგრამ ჰკითხე საკუთარ თავს: საერთოდ რატომ მინდა დალევა და როგორ იმოქმედებს ჩემზე ალკოჰოლი? წაიკითხე ქვემოთ მოცემული წინადადებები, აღნიშნე ამ ნიშნით ✔ სწორია თუ არასწორი, და შემდეგ ფაქტებით ვიმსჯელოთ.

ა. მოზარდები მხოლოდ იმიტომ სვამენ, რომ ალკოჰოლის გემო მოსწონთ.

□სწორია □ არასწორია

ბ. ვინაიდან მოზარდებს ჯანმრთელი ორგანიზმი აქვთ, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება მათ ნაკლებ ზიანს აყენებს.

□სწორია □ არასწორია

გ. ბევრის დალევა არ მოგკლავს.

□სწორია □ არასწორია

დ. ბიბლია სერთოდ კრძალავს ალკოჰოლის მიღებას.

□სწორია □ არასწორია

ე. ბევრის დალევა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არის საზიანო.

□სწორია □ არასწორია

ა. მოზარდები მხოლოდ იმიტომ სვამენ, რომ ალკოჰოლის გემო მოსწონთ. პასუხი — არასწორია. ავსტრალიაში ჩატარებული ერთი გამოკვლევის თანახმად, გამოკითხული ახალგაზრდების 36 პროცენტი იმიტომ სვამს, რომ ერთად შეკრებისას თანატოლებს არ ჩამორჩნენ. შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად კი, გამოკითხულთა 66 პროცენტი იმიტომ სვამს, რომ თანატოლები აძალებენ. თუმცა გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, როგორც თვითონ ამბობენ, კიდევ იმიტომ სვამს, რომ პრობლემებს გაექცეს.

ბ. ვინაიდან მოზარდებს ჯანმრთელი ორგანიზმი აქვთ, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება მათ ნაკლებ ზიანს აყენებს. პასუხი — არასწორია. „უახლესი გამოკვლევები აჩვენებს, რომ დალევა ახალგაზრდების ჯანმრთელობისთვის სახიფათოა“, — ნათქვამია ჟურნალ „დისქავერში“. რატომ? ჟურნალში აღნიშნული იყო: „მოზარდებს, რომლებიც ბევრს სვამენ, გონებრივი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უქვეითდებათ“.

ალკოჰოლის მუდმივად მიღება იწვევს ფერიმჭამელების გამრავლებას, კანის ნაადრევ დანაოჭებას, წონაში მატებას, ალკოჰოლზე დამოკიდებულებას და ნარკოტიკებზე მიჩვევას. მან აგრეთვე შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ნერვული სისტემა, ღვიძლი და გული.

გ. ბევრის დალევა არ მოგკლავს. პასუხი — არასწორია. ალკოჰოლის უზომოდ მიღებისას ტვინს ნაკლები რაოდენობის ჟანგბადი მიეწოდება. ამ დროს ორგანიზმში შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები მოიშალოს. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ღებინება, გონების დაკარგვა, შენელებული ან არათანაბარი სუნთქვა. ზოგჯერ ამას შეიძლება სიკვდილიც კი მოჰყვეს.

დ. ბიბლია საერთოდ კრძალავს ალკოჰოლის მიღებას. პასუხი — არასწორია. ბიბლია არც ალკოჰოლის მიღებას კრძალავს და არც იმას, რომ ახალგაზრდებმა სასიამოვნოდ გაატარონ დრო (ფსალმუნი 104:15; ეკლესიასტე 10:19). ცხადია, ალკოჰოლი რომ მიიღო, შენზე ასაკობრივი შეზღუდვა არ უნდა ვრცელდებოდეს (რომაელები 13:1).

თუმცა ბიბლია ყველას აფრთხილებს, რომ ბევრი არ დალიონ. „ღვინო დამცინავია, მათრობელი სასმელი — ხმაურიანი; ვინც მის გამო გზას ასცდა, სიბრძნე არა აქვს“, — ნათქვამია იგავების 20:1-ში. ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება სხვების დასაცინი გაგხადოს. შეიძლება დროებით სიამოვნება მიიღო, მაგრამ ბოლოს ‘გველივით გიკბენს’ და ათას პრობლემაში გაგხვევს (იგავები 23:32).

ე. ბევრის დალევა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არის საზიანო. პასუხი — არასწორია. თუ დათვრები, შეიძლება ადვილად გახდე სხვადასხვა სახის ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლი. ამავე დროს, შენ შეიძლება სხვებსაც შეუქმნა საფრთხე — დაკარგო საკუთარ თავზე კონტროლი და ისეთი რამ ჩაიდინო, რისი გაკეთებაც ფხიზელ მდგომარეობაში აზრადაც არ მოგივიდოდა. ბიბლია გაფრთხილებს, რომ თუ ბევრს დალევ, „ვერ შეძლებ თავისუფლად აზროვნებასა და საუბარს“ (იგავები 23:33, „დღევანდელი ინგლისური თარგმანი“). მოკლედ რომ ვთქვათ, სულელის შთაბეჭდილებას დატოვებ. სხვა უარყოფით შედეგებს შორის შეიძლება იყოს მეგობრების დაკარგვა, დაბალ ნიშნებზე სწავლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ციხეში მოხვედრა ან სიღარიბე (იგავები 23:21).

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაფიქრდი იმ სულიერ ზიანზე, რასაც უზომო სმა იწვევს. იეჰოვა ღმერთს უნდა, რომ მას „მთელი გონებით“ ემსახურო და არა ზედმეტი ალკოჰოლით გაბრუებული გონებით (მათე 22:37). ღვთის სიტყვა გმობს არა მარტო „ღვინის უზომოდ სმას“, არამედ „სმაში შეჯიბრებასაც“ (1 პეტრე 4:3). ამგვარად, გადამეტებული სმა ეწინააღმდეგება ჩვენი შემოქმედის ნებას და გიფუჭებს მასთან ურთიერთობას.

შენ რა არჩევანს გააკეთებ?

რა არჩევანს გააკეთებ? აჰყვები თანატოლებს, რომლებიც ალკოჰოლს ბოროტად იყენებენ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუთუ არ იცით, რომ ვისაც ემონებით და ემორჩილებით, მისი მონები ხართ, რადგან მას ემორჩილებით?“ (რომაელები 6:16). ნუთუ გინდა ალკოჰოლის ან თანატოლების მონა გახდე?

როგორ უნდა მოიქცე, თუ უზომოდ სმამ დაგიმონა? დაუყოვნებლივ მიმართე დახმარებისთვის მშობლებს ან მეგობარს, რომელსაც ენდობი. ლოცვით მიმართე იეჰოვა ღმერთს და სთხოვე დახმარება. ის არის „შველა, რომელსაც მალევე პოვებ გაჭირვების დროს“ (ფსალმუნი 46:1). რამდენადაც გადაჭარბებით სმა თუ ასაკობრივი შეზღუდვის მიუხედავად დალევა ხშირად თანატოლების ზეგავლენით ხდება, შეიძლება აუცილებელიც იყოს, რომ სხვა მეგობრები იპოვოb. სასიკეთო ცვლილებების მოხდენა არ იქნება ადვილი, მაგრამ იეჰოვას დახმარებით შეძლებ წარმატების მიღწევას.

მომდევნო თავში:

ნარკოტიკებისგან თავის დაღწევა შესაძლებელია. გაიგე, როგორ.

[სქოლიოები]

a იხილე ჩარჩო „ვინ რამდენს სვამს?“ 249-ე გვერდზე.

b დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე ამავე წიგნის მე-8 და მე-9 თავები და მე-2 ტომის მე-15 თავი.

საკვანძო ბიბლიური მუხლი

„ლოთი . . . გაღარიბდება“ (იგავები 23:21).

რჩევა

მოიყვანე მიზეზები, თუ რატომ გინდა ალკოჰოლის მიღება. შემდეგ მოიფიქრე, რა უმჯობესი საშუალებები არსებობს იმისათვის, რომ გაერთო და ნერვები დაიწყნარო.

იცოდი, რომ . . . ?

შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთი გამოკვლევის თანახმად, „ისინი, ვინც სისტემატურად ბევრს სვამს, რვაჯერ უფრო ხშირად აცდენენ გაკვეთილებს, აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება, იღებენ ფიზიკურ ტრავმებს და აზიანებენ ვინმეს საკუთრებას“.

რა უნდა გავაკეთო

თუ ჩემი თანატოლები მეტყვიან, რომ მათთან ერთად დავლიო, მე ვეტყვი, რომ ․․․․․

რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․

როგორ ფიქრობ?

● რატომ უნდათ შენს თანატოლებს, რომ სხვებმაც ბევრი ალკოჰოლი დალიონ?

● თუ ბევრ ალკოჰოლს დალევ, უფრო მეტად მოეწონები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს? რატომ პასუხობ ასე?

[ჩანართი 250 გვერდზე]

„თუ სკოლაში ალკოჰოლს მთავაზობენ, ვეუბნები, კარგ ხასიათზე რომ ვიყო, ალკოჰოლი არა მჭირდება-მეთქი“ (მარკი).

[ჩარჩო 249 გვერდზე]

ვინ რამდენს სვამს?

ინგლისის, შოტლანდიისა და უელსის საჯარო სკოლებში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, 13-14 წლის ბავშვების ოცდახუთმა პროცენტმა „თქვა, რომ, სულ ცოტა, ხუთი ჭიქა მაინც დაულევიათ ერთ ჯერზე“. 15-16 წლის ახალგაზრდების დაახლოებით ნახევარმაც იგივე თქვა. შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მონაცემებით, „ალკოჰოლს იღებს 12-დან 20 წლამდე ასაკის დაახლოებით 10,4 მილიონი მოზარდი. აქედან 5,1 მილიონი ბევრს სვამს, 2,3 მილიონი კი უზომოდ სვამს თვეში ხუთჯერ მაინც“. ავსტრალიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში გოგოები ბიჭებზე მეტს სვამენ. ისინი დაახლოებით 13—30 ჭიქამდე სვამენ ერთ ჯერზე!

[სურათი 251 გვერდზე]

ალკოჰოლმა შეიძლება გველივით გიკბინოს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება