საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • od თ. 13 გვ. 130-140
  • „ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“
  • ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • სულიერი და ზნეობრივი სიწმინდე
  • სისუფთავის დაცვა
  • ჯანსაღი დასვენება და გართობა
  • სკოლა
  • სამსახური და საქმიანი ურთიერთობები
  • ქრისტიანული ერთობა
  • ღმერთს უყვარს სისუფთავისა და სიწმინდის დამცველები
    „დარჩით ღვთის სიყვარულში“
  • სასარგებლო დასვენება გამომაცოცხლებელია
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • ერთობით ისე, როგორც ქრისტიანს შეჰფერის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • „ამათზე მეტად გიყვარვარ?“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
იხილეთ მეტი
ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას
od თ. 13 გვ. 130-140

თავი 13

„ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“

ღმერთზე მიძღვნილი მსახურები ვალდებულნი ვართ, სიტყვით თუ საქმით ვაჩვენოთ, რომ იეჰოვა დიდებული ღმერთია. პავლე მოციქული კარგ სახელმძღვანელო პრინციპს გვანახვებს: „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორ. 10:31). ამაში იგულისხმება სრულყოფილი ღმერთის მიერ დადგენილი ნორმების დაცვა (კოლ. 3:10). ჩვენ იეჰოვას უნდა ვბაძავდეთ, რადგან მისი ხალხი ვართ (ეფეს. 5:1, 2).

2 სწორედ ამისკენ მოუწოდა პეტრე მოციქულმა თანაქრისტიანებს: «როგორც გამგონი შვილები, ნუღარ აჰყვებით უწინდელ სურვილებს, უმეცრების დროს რომ გქონდათ; ყველაფერში წმინდები იყავით იმ წმინდასავით, რომელმაც მოგიხმოთ, ვინაიდან დაწერილია: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“» (1 პეტ. 1:14—16). როგორც ისრაელ ერს, ისე ქრისტიანებსაც მოგვეთხოვება სიწმინდის დაცვა. ეს ნიშნავს, რომ უბიწონი ვიყოთ და ქვეყნიერებაში მცხოვრებ ხალხს არ დავემსგავსოთ. მხოლოდ ამგვარად შევძლებთ, რომ ბოლომდე ვუერთგულოთ ღმერთს (გამ. 20:5).

3 სიწმინდის შესანარჩუნებლად საჭიროა იეჰოვას კანონებისა და პრინციპების დაცვა, რაზეც ბიბლიაში არაერთხელ მახვილდება ყურადღება (2 ტიმ. 3:16). სწორედ ბიბლიის შესწავლის წყალობით გავიცანით იეჰოვა, გავიგეთ, რა არის ღვთის ნება და დავუახლოვდით მას. ბიბლიის შესწავლის წყალობით იმის აუცილებლობაც დავინახეთ, რომ ცხოვრებაში პირველი ადგილი ღვთის სამეფოს დავუთმოთ და იეჰოვას ნება შევასრულოთ (მათ. 6:33; რომ. 12:2). ამისათვის საჭიროა, რომ „ახალი პიროვნებით“ შევიმოსოთ (ეფეს. 4:22—24).

სულიერი და ზნეობრივი სიწმინდე

4 იეჰოვას სამართლიანი ნორმების დაცვა ზოგჯერ ადვილი არ არის. ჩვენი მოწინააღმდეგე სატანა ეშმაკი ცდილობს, ჭეშმარიტების გზიდან გადაგვახვევინოს. ბოროტი ქვეყნიერება თუ ცოდვილი მიდრეკილებები დროდადრო სირთულეებს გვიქმნის. მიძღვნის თანახმად რომ ვიცხოვროთ, სულიერი ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ. არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა წინააღმდეგობას შევხვდებით, რადგან ამის შესახებ ბიბლია გვაფრთხილებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის ერთგულების გამო დევნის ატანა მოგვიწევს (2 ტიმ. 3:12). თუმცა დევნის დროსაც შესაძლებელია სიხარულის შენარჩუნება, რადგან ვიცით, რომ ღვთის ნების შესრულების გამო ვიდევნებით (1 პეტ. 3:14—16; 4:12, 14—16).

5 მართალია, იესო სრულყოფილი იყო, მაგრამ სირთულეებმა მორჩილება ასწავლა. ის არც სატანის საცდურს წამოგებია და არც ქვეყნიურ მისწრაფებებს დამონებია (მათ. 4:1—11; იოან. 6:15). იესოს კომპრომისზე წასვლა აზრადაც არ მოსვლია. მართალია, ღვთის ერთგულების გამო ქვეყნიერებისგან წინააღმდეგობას ხვდებოდა, მაგრამ ის მაინც იცავდა იეჰოვას ნორმებს. ღვთის ძემ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოწაფეები გააფრთხილა, რომ ქვეყნიერება მათაც შეიძულებდა. იმ დროიდან მოყოლებული ქრისტიანები გასაჭირს ხვდებიან, მაგრამ მათ მხნეობას მატებთ ის, რომ იესომ სძლია ქვეყნიერებას (იოან. 15:19; 16:33; 17:16).

6 ქვეყნიერების ნაწილი რომ არ ვიყოთ, იესოს უნდა მივბაძოთ და ჩვენც იეჰოვას ნორმების თანახმად უნდა ვიცხოვროთ. გარდა ამისა, არ უნდა ჩავებათ საზოგადოებრივ მოძრაობებსა თუ პოლიტიკურ საქმეებში, და თავი შორს უნდა დავიჭიროთ ზნედაცემული ქვეყნიერებისგან. იაკობის 1:21-ში საყურადღებო რჩევაა ჩაწერილი: „მოიშორეთ ყოველგვარი სიბინძურე და ბოროტება, და თავმდაბლად მიიღეთ სიტყვა, რომელსაც ღმერთი თქვენში ნერგავს და რომელსაც თქვენი ხსნა შეუძლია“. როცა ბიბლიას ვიკვლევთ და შეხვედრებს ვესწრებით, ღვთის სიტყვას გულსა და გონებაში ვინერგავთ, რის შედეგადაც აღარ გვიჩნდება იმის სურვილი, რასაც ქვეყნიერება გვთავაზობს. მოწაფე იაკობმა დაწერა: „განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა?! ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკ. 4:4). ამიტომაც მოგვიწოდებს ბიბლია, რომ დავიცვათ იეჰოვას ნორმები და ქვეყნიერების გავლენაში არ მოვექცეთ!

7 ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს, მოვერიდოთ სამარცხვინო და უწმინდურ საქციელს: „თქვენ შორის არც კი იხსენიებოდეს უზნეობა, არავითარი უწმინდურება და სიხარბე, რაც შეუფერებელია წმინდებისთვის“ (ეფეს. 5:3). ამიტომ ყურადღება არ უნდა შევაჩეროთ იმაზე, რაც უხამსობად ან სამარცხვინოდ ითვლება; ასეთი რამ მეტყველებაშიც არ უნდა შემოგვეპაროს. ამგვარად დავამტკიცებთ, რომ იეჰოვას წმინდა და სამართლიანი ნორმების დაცვა გვსურს.

სისუფთავის დაცვა

8 ქრისტიანებს გვესმის, რომ სულიერ და ზნეობრივ სიწმინდესთან ერთად სისუფთავის დაცვაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ღმერთი ისრაელი ერისგან ბანაკში სისუფთავის დაცვას მოითხოვდა. სისუფთავე ჩვენც უნდა დავიცვათ, რათა იეჰოვამ ჩვენში „უწესო არაფერი დაინახოს“ (კან. 23:14).

9 ბიბლიაში სიწმინდე და სისუფთავე ერთმანეთთანაა დაკავშირებული. პავლე მოციქული წერდა: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს სხეულსა და გონებას, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (2 კორ. 7:1). ამიტომ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა სისუფთავე უნდა დაიცვან — ხშირად იბანაონ და ტანსაცმელი გაირეცხონ. ცხადია, ყველა ქვეყანაში განსხვავებული საცხოვრებელი პირობებია, მაგრამ ყველგან მოიძებნება იმდენი წყალი და საპონი, რომ ჩვენც და ჩვენი შვილებიც სუფთად ვიყოთ.

10 ვინაიდან სამქადაგებლო საქმეში ვართ ჩაბმულნი, ბევრი გვიცნობს. ამიტომ ჩვენი სახლ-კარი სუფთა, მოწესრიგებული და დალაგებული უნდა იყოს. სახლის სისუფთავეში ოჯახის თითოეულ წევრს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა. ძმებს განსაკუთრებით უნდა აღელვებდეთ, თუ როგორ გამოიყურება მათი სახლი და ეზო, რადგან მოვლილი სახლ-კარი სხვებს ჩვენზე კარგ შთაბეჭდილებას უქმნის. თუ ოჯახისთავი სისუფთავესაც ისეთივე ყურადღებას აქცევს, როგორსაც სულიერ საკითხებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ოჯახს კარგად უძღვება (1 ტიმ. 3:4, 12). სისუფთავის დაცვა დებსაც მოეთხოვებათ, განსაკუთრებით სახლში (ტიტ. 2:4, 5). ბავშვებსაც ევალებათ სისუფთავის დაცვა; ბავშვი თავადაც სუფთად უნდა გამოიყურებოდეს და ოთახიც სუფთა და მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. ოჯახის ყველა წევრი დღესვე უნდა მიეჩვიოს სისუფთავის დაცვას, რაც ღვთის მმართველობის დროს ახალ ქვეყნიერებაში აუცილებელი მოთხოვნა იქნება.

11 ბევრი იეჰოვას მოწმე კრების შეხვედრებზე საკუთარი ავტომობილით დადის. არის ისეთი ადგილები, სადაც მანქანის გარეშე ვერ მიხვალ და ვერ იქადაგებ. ამიტომ ავტომობილი სუფთა და ტექნიკურად გამართული უნდა იყოს. ჩვენი სახლი თუ მანქანა, ჩანთა თუ ბიბლია, ყველაფერი იმაზე უნდა მოწმობდეს, რომ იეჰოვას სუფთა და წმინდა ხალხი ვართ.

12 ჩვენმა ჩაცმულობამ და გარეგნობამ უნდა აჩვენოს, რომ ღვთის პრინციპებით ვხელმძღვანელობთ. მაგალითად, ცნობილ ადამიანს, ცხადია, უსუფთაოდ და ზედმეტად თავისუფლად ჩაცმულები არ შევხვდებით. ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მსახურებაში ყოფნისას თუ სცენაზე დავალებით გამოსვლისას, რადგან ამ დროს ჩვენ იეჰოვას სიტყვას გადავცემთ. ჩვენი გარეგნობა და ჩაცმის სტილი სხვებს კარგ ან ცუდ წარმოდგენას შეუქმნის იეჰოვაზე და მის ხალხზე. ამიტომ კარგი იქნება, თუ მოკრძალებას გამოვიჩენთ და სხვებს გავითვალისწინებთ (მიქ. 6:8; 1 კორ. 10:31—33; 1 ტიმ. 2:9, 10). ასე რომ, როცა მსახურებაში, კრებაზე ან კონგრესზე წასასვლელად ვემზადებით, უნდა გვახსოვდეს, რას ამბობს ბიბლია სისუფთავესთან და მოკრძალებულ ჩაცმულობასა თუ ვარცხნილობასთან დაკავშირებით. ჩვენ იეჰოვას ყოველთვის უნდა მივაგებდეთ პატივსა და დიდებას.

ღმერთზე მიძღვნილი მსახურები ვალდებულნი ვართ, სიტყვით თუ საქმით ვაჩვენოთ, რომ იეჰოვა დიდებული ღმერთია.

13 იმავე პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში თუ ფილიალებში სტუმრობისას. როგორც ვიცით, „ბეთელი“ ღვთის სახლს ნიშნავს; ამიტომ მისი მონახულებისას ჩვენი ჩაცმულობა და ქცევები ისეთივე უნდა იყოს, როგორიც დარბაზში შეკრების დროს.

14 ისიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რა გვაცვია და როგორ გამოვიყურებით თავისუფალ დროს. თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს: თუ არაფორმალურად ქადაგების შესაძლებლობა მომეცემა, ჩემი ჩაცმულობის გამო უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ აღმოვჩნდები?

ჯანსაღი დასვენება და გართობა

15 ფიზიკური ჯანმრთელობისა და ემოციური სტაბილურობისთვის დასვენება და გართობა აუცილებელია. ერთხელ იესომ თავის მოწაფეებს შესთავაზა, რომ სადმე წასულიყვნენ და ცოტა დაესვენათ (მარ. 6:31). დასვენება და ჯანსაღი გართობა სასიამოვნოცაა და ძალასაც გვმატებს.

16 დღეს ბევრი გასართობი საშუალება არსებობს. გართობის არჩევისას ქრისტიანებმა ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ. დასვენებას ადამიანის ცხოვრებაში თავისი ადგილი უნდა ეკავოს. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ „ბოლო დღეებში“ ადამიანები იქნებოდნენ „სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა“ (2 ტიმ. 3:1, 4). დღეს ბევრი რამ, რასაც გართობად თვლიან, მიუღებელია მათთვის, ვინც ღვთის პრინციპებით ცხოვრობს.

17 პირველი საუკუნის ქრისტიანები უნდა მორიდებოდნენ სიამოვნების მოყვარულ საზოგადოებას. რომის არენაზე შეკრებილი ხალხი თავს იქცევდა საბრძოლო სანახაობებით, რასაც ხშირად ადამიანთა სიცოცხლე ეწირებოდა. ხალხისთვის ძირითადი გასართობი საშუალება ძალადობა, სისხლისღვრა და სექსუალური უზნეობა იყო, რაც ქრისტიანებისთვის მიუღებელი იყო. დღევანდელ ქვეყნიერებაშიც გართობის საშუალებათა უმეტესობა მანკიერი სურვილების დაკმაყოფილებაზეა გათვლილი. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ისეთ გართობას, რომელიც ჩვენს ზნეობრივ ფასეულობებს დააკნინებდა (ეფეს. 5:15, 16; ფსალმ. 11:5). გართობის რომელიმე სახეობა მისაღები რომც იყოს, შეიძლება ის საზოგადოება იყოს მიუღებელი, ვისთან ერთადაც ვერთობით (1 პეტ. 4:1—4).

18 ყველა ქრისტიანს შეუძლია, აირჩიოს ჯანსაღი გართობა და სასიამოვნოდ დაისვენოს. ამაში მათ ჩვენს პუბლიკაციებში მოცემული ბიბლიური რჩევები დაეხმარება.

19 დროდადრო რამდენიმე ოჯახი შეიძლება ერთად შეიკრიბოს. შესაძლოა და-ძმები ქორწილში ან რაიმე წვეულებაზე დაპატიჟონ (იოან. 2:2). ბუნებრივია, მასპინძელია პასუხისმგებელი იმაზე, რომ ასეთი შეკრების დროს ბიბლიური პრინციპები არ დაირღვეს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, როცა წვეულებაზე ბევრი ადამიანია დაპატიჟებული. ასეთ შეხვედრებზე არსებულ თავისუფალ გარემოში ზოგი შეუფერებლად მოიქცა — უზომოდ ჭამა, დალია ან სხვა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. ამიტომ წინდახედული ქრისტიანები ხედავენ, რომ გონივრულია, ბევრი სტუმარი არ დაპატიჟონ და წვეულებაც დიდხანს არ გაგრძელდეს. თუ სუფრაზე ალკოჰოლი იქნება, ვინც დალევს, ზომიერად უნდა დალიოს (ფილ. 4:5). თუ ყველა თავის წვლილს შეიტანს იმაში, რომ ასეთი შეხვედრები სასარგებლო და სულიერად გამომაცოცხლებელი იყოს, მთელი ყურადღება ჭამა-სმაზე არ იქნება გადატანილი.

20 სტუმართმოყვარეობა შესანიშნავი თვისებაა (1 პეტ. 4:9). როდესაც თანაქრისტიანებს ვუმასპინძლდებით ან დროის ერთად გასატარებლად ვეპატიჟებით, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ქრისტიანები, რომლებიც ხელმოკლედ ცხოვრობენ (ლუკ. 14:12—14). როცა სტუმრად ვართ დაპატიჟებული, არ უნდა დაგვავიწყდეს მარკოზის 12:31-ში ჩაწერილი პრინციპი. კარგი იქნება, რომ ყოველთვის დავაფასოთ სხვების მხრიდან გამოვლენილი სიკეთე.

21 ყველაფერი, რასაც იეჰოვა გვაძლევს, სიამოვნებას გვანიჭებს. ეკლესიასტეს 3:13-ში ვკითხულობთ: „ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში“. თუ მასპინძელიც და სტუმრებიც მეგობრულ შეხვედრაზე ყველაფერს ღვთის სადიდებლად გააკეთებენ, ეს შეხვედრა მათ გაამხნევებს და სასიამოვნო მოგონებადაც დარჩებათ.

სკოლა

22 იეჰოვას მოწმეთა შვილებს სკოლაში მიღებული განათლება ნამდვილად გამოადგებათ. სკოლაში ისინი წერა-კითხვას სწავლობენ. იმას, რასაც ახალგაზრდა ქრისტიანები სკოლაში ისწავლიან, შეიძლება სულიერი მიზნების მიღწევაში დაეხმაროთ. სკოლაში სწავლის დროს მათ უნდა ახსოვდეთ დიდებული შემოქმედი; ისინი ყველანაირად უნდა ეცადონ, რომ სულიერმა საკითხებმა უკანა პლანზე არ გადაიწიოს (ეკლ. 12:1).

23 თუ სკოლის მოსწავლე ხარ, ნუ გექნება თანატოლებთან იმაზე ხშირი ურთიერთობა, ვიდრე საჭიროა (2 ტიმ. 3:1, 2). იეჰოვა მრავალი რამით უზრუნველგყოფს, რათა ქვეყნიერების გავლენაში არ მოექცე (ფსალმ. 23:4; 91:1, 2). ამიტომ იეჰოვასგან ბოძებული ყველა საშუალება გამოიყენე (ფსალმ. 23:5).

24 სკოლაში სწავლის დროს ქვეყნიერებამ უარყოფითი გავლენა რომ არ მოახდინოს, ბევრი ქრისტიანი არ მონაწილეობს კლასგარეშე ღონისძიებებში. კლასელებმა და მასწავლებლებმა შეიძლება ყოველთვის ვერ გაგიგონ, რატომ ამბობ უარს ამა თუ იმ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის გულის გახარებაა. ამისათვის საჭიროა, ბიბლიით განსწავლული სინდისით იმოქმედო და არ მიიღო მონაწილეობა ორგანიზებულ შეჯიბრებებსა თუ პატრიოტულ ღონისძიებებში (გალ. 5:19, 26). ახალგაზრდებო, ღვთისმოშიში მშობლების მიერ მოცემული რჩევები და კრებაში კარგი მეგობრების შეძენა იეჰოვას ნორმების დაცვაში დაგეხმარებათ.

სამსახური და საქმიანი ურთიერთობები

25 ბიბლია ოჯახის წევრებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას ოჯახისთავს აკისრებს (1 ტიმ. 5:8). თუმცა ოჯახისთავს, როგორც ღვთის მსახურს, ესმის, რომ სამსახურზე წინ სამეფოს საქმე უნდა დააყენოს (მათ. 6:33; რომ. 11:13). ის ღვთის პრინციპებით ხელმძღვანელობს და კმაყოფილდება იმით, რაც აქვთ, იქნება ეს ტანსაცმელი თუ საკვები; შესაბამისად, მატერიალიზმის მახეში არ ებმება და თავიდან ირიდებს ზედმეტ საწუხარს (1 ტიმ. 6:6—10).

26 სამსახურში ყველა ქრისტიანმა უნდა გავითვალისწინოთ ბიბლიური პრინციპები, პატიოსნად ვიმუშაოთ და ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რითაც ღვთის ან სახელმწიფოს კანონებს დავარღვევდით (რომ. 13:1, 2; 1 კორ. 6:9, 10). ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობა სახიფათოა. ჩვენ, როგორც ღვთის მსახურები, არ უნდა ჩავებათ ისეთ კომერციულ საქმეებში, რაც დაგვარღვევინებდა ღვთის ნორმებს და რის გამოც ვერ დავიცავდით ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს ან საფრთხეს შევუქმნიდით ჩვენს სულიერობას (ეს. 2:4; 2 ტიმ. 2:4). ამასთანავე, არავითარი საერთო არ უნდა გვქონდეს ღვთის მტერთან, „დიდ ბაბილონთან“ (გამოცხ. 18:2, 4; 2 კორ. 6:14—17).

27 თუ ღვთის ნორმების თანახმად ვცხოვრობთ, ქრისტიანული შეხვედრები საკუთარი ბიზნესის წინ წასაწევად ან სხვა პირადი ინტერესებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ კრებებსა და კონგრესებზე იეჰოვას თაყვანსაცემად ვიკრიბებით, მისი სულიერი სუფრიდან ვიკვებებით და ერთმანეთს ვამხნევებთ (რომ. 1:11, 12; ებრ. 10:24, 25). ასე რომ, ამ შეხვედრებზე მთელი ყურადღება სულიერ საკითხებზე უნდა გვქონდეს გადატანილი.

ქრისტიანული ერთობა

28 იეჰოვა მოითხოვს, რომ მის ხალხს შორის ერთობა იყოს (ეფეს. 4:1—3). ღვთის თაყვანისმცემლები იმას კი არ ცდილობენ, რომ საკუთარ თავს აამონ, არამედ სხვებს გაუკეთონ სიკეთე (1 თეს. 5:15). ასეთ სულისკვეთებას შენს კრებაში უსათუოდ შეამჩნევდი. რასის, ეროვნების, განათლების, სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, თითოეული ჩვენგანი ერთი და იმავე ნორმებით ვხელმძღვანელობთ. იეჰოვას ხალხის ერთობას გარშემომყოფნიც ამჩნევენ (1 პეტ. 2:12).

29 პავლე მოციქული ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რას ეფუძნება ქრისტიანული ერთობა: „ერთია სხეული და ერთია სული, იმედიც ერთი გაქვთ, რომლისკენაც მოწოდებულნი ხართ. ერთია უფალი, ერთია რწმენა, და ნათლობაც ერთია. ერთია ყველას ღმერთი და მამა, რომელიც ყველაზე აღმატებულია, ყველას მეშვეობით მოქმედებს და ყველაშია“ (ეფეს. 4:4—6). ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანებს ერთნაირად უნდა ესმოდეთ როგორც ძირითადი ბიბლიური სწავლებები, ისე ღრმა ბიბლიური საკითხები, და ყველანი უნდა აღიარებდნენ იეჰოვას უზენაესობას. იეჰოვამ თავისი ხალხი ჭეშმარიტების სუფთა ენაზე აალაპარაკა, რისი წყალობითაც ისინი მხარდამხარ მსახურობენ (სოფ. 3:9).

30 იეჰოვას თაყვანისმცემლებს შორის არსებული ერთობა და მშვიდობა ძალას გვმატებს. საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ სრულდება იეჰოვას დანაპირები: „გავაერთიანებ მათ, როგორც ცხვარს ფარეხში“ (მიქ. 2:12). ჩვენს ერთობას საფრთხე არ დაემუქრება, თუ იეჰოვას ნორმებს დავიცავთ.

31 ბედნიერია ყველა, ვინც იეჰოვას, წმინდა ღმერთს, ემსახურება! ნებისმიერი მსხვერპლის გაღება ღირს იმისათვის, რომ იეჰოვას სახელით ვიწოდებოდეთ. მოდი იეჰოვასთან ძვირფასი ურთიერთობის შესანარჩუნებლად თავადაც ვიცხოვროთ მისი ნორმებით და სხვებსაც მოვუწოდოთ ამისკენ (2 კორ. 3:18).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება