თავი 15
ღვთისადმი მორჩილება
სამყაროს უზენაესი ღმერთის, იეჰოვას, ნება ორგანიზებულად რომ შევასრულოთ, აუცილებელია, ვემორჩილებოდეთ მას, ვაღიარებდეთ მის ძეს, იესო ქრისტეს ქრისტიანული კრების თავად და მეთაურობის პრინციპით ვხელმძღვანელობდეთ. ღვთისადმი მორჩილებას ყველასთვის მოაქვს სიკეთე.
2 მორჩილების აუცილებლობაზე ღმერთმა ჯერ კიდევ ედემის ბაღში გაამახვილა ყურადღება. ამის შესახებ დაბადების 1:28-სა და 2:16, 17-ში ვკითხულობთ. ცხოველები ადამიანებს უნდა დამორჩილებოდნენ, ადამი და ევა კი — ღმერთს. ასეთი მორჩილება მშვიდობასა და წესრიგს დაამყარებდა. მეთაურობის პრინციპზე პავლე მოციქულმაც გაამახვილა ყურადღება 1 კორინთელების 11:3-ში: „მინდა, იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი — კაცი, ქრისტეს თავი კი — ღმერთი“. აქედან გამომდინარე, იეჰოვას გარდა ყველას ჰყავს მეთაური, რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს.
3 დღეს ადამიანთა უმრავლესობა არაფრად აგდებს მეთაურობის პრინციპს. ყველაფერი ჯერ კიდევ ედემის ბაღში დაიწყო, როდესაც პირველმა ადამიანებმა შეგნებულად აირჩიეს უზენაესი ღვთისგან დამოუკიდებლობა (დაბ. 3:4, 5). მაგრამ ამას მათთვის თავისუფლება არ მოუტანია. პირიქით, ისინი ბოროტი სულიერი ქმნილების, სატანა ეშმაკის, გავლენაში მოექცნენ. ადამისა და ევას დაუმორჩილებლობამ კაცობრიობა ღვთისგან გააუცხოვა (კოლ. 1:21). დღეს ადამიანთა უმრავლესობა „ბოროტის ხელშია“ (1 იოან. 5:19).
4 ღვთის სიტყვის შესწავლამ და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებამ სატანის გავლენისგან გაგვათავისუფლა. როგორც ღვთის ერთგული მსახურები, ჩვენ ვბაძავთ მეფე დავითს და მიგვაჩნია, რომ იეჰოვა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას (1 მატ. 29:11). ჩვენც ვუერთდებით ფსალმუნმომღერალს, რომელმაც თქვა: „იცოდეთ, რომ იეჰოვაა ღმერთი! მან შეგვქმნა და მას ვეკუთვნით! ჩვენ მისი ხალხი ვართ, მისი ფარის ცხვარი“ (ფსალმ. 100:3). იეჰოვა დიდებული ღმერთია და, როგორც ყოველივეს შემოქმედი, სრულ მორჩილებას იმსახურებს (გამოცხ. 4:11). ჩვენ ვბაძავთ იესო ქრისტეს, რომელმაც ღვთისადმი მორჩილების უბადლო მაგალითი დაგვიტოვა.
5 რა ასწავლა იესოს დედამიწაზე გამოვლილმა განსაცდელებმა? ებრაელების 5:8 გვპასუხობს: „თუმცა ღვთის ძე იყო, მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა“. იესო უმძიმეს წუთებშიც კი მამის ერთგული იყო. ის ყოველთვის მამის ნებისამებრ მოქმედებდა, იმას ასწავლიდა, რაც ღვთისგან ჰქონდა ნასწავლი და საკუთარ თავს არ განადიდებდა (იოან. 5:19, 30; 6:38; 7:16—18). წინააღმდეგობისა თუ დევნის მიუხედავად, იესო მამის ნებას მაინც ასრულებდა, რაც მას სიამოვნებას ანიჭებდა (იოან. 15:20). ის ემორჩილებოდა ღმერთს. იესომ „თავი დაიმდაბლა . . . წამების ძელზე სიკვდილამდე“. იეჰოვასადმი მორჩილებამ მას მრავალი კურთხევა მოუტანა: კაცობრიობის ხსნა, ამაღლება და მამის განდიდება (ფილ. 2:5—11; ებრ. 5:9).
რაში ვლინდება ღვთისადმი მორჩილება
6 თუ ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ღვთის ნების შესრულება იქნება, აღარ შევხვდებით იმდენ საწუხარსა თუ იმედგაცრუებას, რამდენსაც ის ადამიანები ხვდებიან, რომლებიც არ ემორჩილებიან იეჰოვას, უზენაეს ღმერთს. ჩვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, გამუდმებით „ეძებს, ვინ გადაყლაპოს“. მაგრამ, თუ წინ აღვუდგებით მას, დავიმდაბლებთ თავს და მთელი გულით დავემორჩილებით იეჰოვას, სატანა ვერაფერს დაგვაკლებს (მათ. 6:10, 13; 1 პეტ. 5:6—9).
7 ჩვენ ვაღიარებთ ქრისტეს მეთაურობას და მის მიერ დანიშნული „ერთგული და გონიერი მონის“ უფლებამოსილებას. ეს გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე და სხვებთან ჩვენს დამოკიდებულებაზე. ღვთისადმი მორჩილება აღგვძრავს, რომ ვიხელმძღვანელოთ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი პრინციპებით. მაგალითად, ღვთისადმი ჩვენი მორჩილება იმაში გამოიხატება, რომ ვქადაგებთ, ვესწრებით შეხვედრებს და ვმონაწილეობთ პროგრამაში, ვთანამშრომლობთ უხუცესებთან და ვემორჩილებით ორგანიზაციის მითითებებს (მათ. 24:45—47; 28:19, 20; ებრ. 10:24, 25; 13:7, 17).
8 ღვთისადმი მორჩილება ხელს უწყობს მშვიდობასა და წესრიგს კრებაში. იეჰოვას მორჩილი ადამიანები მის დიდებულ თვისებებს ირეკლავენ (1 კორ. 14:33, 40). ჩვენც ისეთივე გრძნობები გვეუფლება, როგორიც მეფე დავითს ჰქონდა. მან განსხვავება გააკეთა ღვთის მსახურებსა და ბოროტ ადამიანებს შორის და შემდეგ დასძინა: „ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (ფსალმ. 144:15).
9 ოჯახში „ქალის თავი“ კაცია. მამაკაცი, თავის მხრივ, ქრისტეს ემორჩილება, ხოლო ქრისტე — ღმერთს (1 კორ. 11:3). ცოლები ქმრებს უნდა ემორჩილებოდნენ, ხოლო ბავშვები — მშობლებს (ეფეს. 5:22—24; 6:1). თუ ოჯახში მეთაურობის პრინციპს ყველა დაიცავს, მშვიდობა დაისადგურებს.
10 ქმარი ქრისტეს უნდა ჰბაძავდეს და ოჯახს სიყვარულით ხელმძღვანელობდეს (ეფეს. 5:25—29). როცა ოჯახისთავი ბოროტად არ იყენებს თავის უფლებამოსილებას ან უარს არ ამბობს მეთაურობის გაწევაზე, ცოლ-შვილისთვის სასიამოვნოა მისი მორჩილება. ცოლი ქმრის დამხმარე ანუ შემავსებელი უნდა იყოს (დაბ. 2:18). როცა ცოლი პატივს სცემს და მხარს უჭერს ქმარს, მის კეთილგანწყობას იმსახურებს და ღმერთს განადიდებს (1 პეტ. 3:1—4). როცა ცოლიც და ქმარიც მეთაურობის პრინციპით ხელმძღვანელობენ, ბავშვებს ღვთისადმი მორჩილების საუკეთესო მაგალითს აძლევენ.
ღვთისადმი მორჩილება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში უნდა ჩანდეს.
11 ღვთისადმი მორჩილება ხელისუფლების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზეც აისახება, რადგან მათ „ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ“ (რომ. 13:1—7). ქრისტიანები კანონმორჩილი მოქალაქეები არიან და იხდიან გადასახადებს. ისინი კეისარს კეისრისას აძლევენ, ღვთისას კი — ღმერთს (მათ. 22:21). გარდა ამისა, სამქადაგებლო უბნების დამუშავებისას ვემორჩილებით ხელისუფლების მიერ დადგენილ კანონს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. როცა ხელისუფლებას ყველაფერში ვემორჩილებით, რაც იეჰოვას ნორმებს არ ეწინააღმდეგება, ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენი ძალა და ენერგია სამქადაგებლო საქმეს მოვახმაროთ (მარ. 13:10; საქ. 5:29).
12 ღვთისადმი მორჩილება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში უნდა ჩანდეს. დადგება დრო, როცა იეჰოვა ღმერთს ყველა ადამიანი დაემორჩილება (1 კორ. 15:27, 28). მართლაც კურთხეულნი იქნებიან ისინი, ვინც აღიარებენ იეჰოვას უზენაესობას და მთელი მარადიულობის განმავლობაში მისი მორჩილნი იქნებიან!