თავი 16
მსოფლიო საძმო
იეჰოვა ღმერთსა და ისრაელ ერს შორის ურთიერთობა დაახლოებით 1 500 წელი გრძელდებოდა. თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა. ღმერთმა „მოხედა . . . უცხოტომელებს და . . . გამოარჩია მათგან ხალხი, რომ მისი სახელი ეტარებინათ“ (საქ. 15:14). ისინი, ვისაც იეჰოვას სახელი უნდა ეტარებინათ, მისი მოწმეები იქნებოდნენ, და დედამიწის რომელ კუთხეშიც არ უნდა ეცხოვრათ, ერთი აზრი ექნებოდათ და ერთ საქმეს შეასრულებდნენ. ამ ერთობის საფუძველი იმ მითითების გათვალისწინება იქნებოდა, რომელიც ქრისტემ თავის მიმდევრებს მისცა: „ამიტომ წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი; მონათლეთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ“ (მათ. 28:19, 20).
შენ შეუერთდი მსოფლიო საძმოს, რომლისთვისაც უცხოა ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური ნიშნით დაყოფა.
2 როცა იეჰოვას თავი მიუძღვენი და მოინათლე, იესო ქრისტეს მოწაფე გახდი და მსოფლიო საძმოს შეუერთდი, რომლისთვისაც უცხოა ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური ნიშნით დაყოფა (ფსალმ. 133:1). ჩვენ გვიყვარს თანაქრისტიანები და პატივს ვცემთ მათ. ზოგ მათგანთან ერთ დროს შეიძლება არც კი გვქონოდა ურთიერთობა მათი ეროვნების, რასისა თუ უმაღლესი განათლების არქონის გამო. ჩვენ გვაერთიანებს ძმური სიყვარული, რაც სოციალურ, რელიგიურ თუ ოჯახურ კავშირებზე მტკიცეა (მარ. 10:29, 30; კოლ. 3:14; 1 პეტ. 1:22).
აზროვნებისა და დამოკიდებულების შეცვლა
3 ვისაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ რასის ან სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანების მიმართ ან ვინც ვერ თავისუფლდება პოლიტიკური შეხედულებებისგან, უნდა დაფიქრდნენ პირველი საუკუნის იუდეველ ქრისტიანებზე. მათ თავიდან უნდა მოეშორებინათ წინასწარ შექმნილი აზრი, რომელიც, ებრაელებს სხვა ეროვნების ადამიანების მიმართ ჰქონდათ. ვიდრე პეტრეს რომაელ ასისთავთან საქადაგებლად გაგზავნიდა, იეჰოვამ ის წინასწარ მოამზადა (საქმეების მე-10 თავი).
4 პეტრემ ხილვაში მითითება მიიღო, რომ დაეკლა და ეჭამა ის ცხოველები, რომლებსაც ებრაელები უწმინდურად თვლიდნენ. როცა პეტრემ იუარა, ზეციდან ხმა მოესმა: „ნუღარ უწოდებ ბილწს იმას, რაც ღმერთმა განწმინდა“ (საქ. 10:15). ღმერთი იმიტომ ჩაერია, რომ პეტრეს აზროვნება შეეცვალა და მზად ყოფილიყო ახალი დავალების შესასრულებლად, კერძოდ კი უცხოტომელთან წასასვლელად და საქადაგებლად. პეტრე დაემორჩილა იეჰოვას მითითებას და კორნელიუსთან შეკრებილ ხალხს უთხრა: „თქვენ კარგად იცით, რომ კანონი იუდეველს უცხოტომელთან მისვლასაც უკრძალავს და ურთიერთობასაც, მაგრამ ღმერთმა დამანახვა, რომ არავის ვუწოდო ბილწი და უწმინდური. ამიტომ, როცა მომიხმეს, მეც წამოვედი“ (საქ. 10:28, 29). მალე პეტრემ საკუთარი თვალით იხილა, რომ იეჰოვა კეთილგანწყობილი იყო კორნელიუსისა და მისი ოჯახის მიმართ.
5 ტარსოსელ სავლეს, განათლებულ ფარისეველს, თავი უნდა დაემდაბლებინა და ისეთ ხალხთან ჰქონოდა ურთიერთობა, ვისაც ერთ დროს თავს არ გაუყადრებდა. მეტიც, მათი მითითებებიც უნდა გაეთვალისწინებინა (საქ. 4:13; გალ. 1:13—20; ფილ. 3:4—11). არანაკლები ცვლილებების მოხდენა დასჭირდებოდათ სერგიუს პავლუსს, დიონისეს, ფილიმონს, ონისიმესა და სხვებს, როცა სასიხარულო ცნობას გამოეხმაურნენ და ქრისტეს მოწაფეები გახდნენ (საქ. 13:6—12; 17:22, 33, 34; ფლმ. 8—20).
მსოფლიო საძმოს ერთობა
6 იეჰოვასთან და მის ორგანიზაციასთან დაახლოებაში შენ, ალბათ, და-ძმებს შორის არსებული სიყვარული დაგეხმარა. შენ საკუთარი თვალით დაინახე სიყვარული, რომელიც იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეების განმასხვავებელი ნიშანია. იესომ თქვა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი! ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:34, 35). იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ მადლიერების გრძნობა, ალბათ, გაგიათკეცდა, როცა დაინახე, რომ შენს კრებაში და-ძმებს შორის არსებული სიყვარული იმ სიყვარულის პატარა ნაპერწკალია, რომელიც იეჰოვას მსახურთა მსოფლიო საძმოში სუფევს! უკანასკნელ დღეებთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება იმის თაობაზე, რომ ღვთის თაყვანისმცემლებს შორის მშვიდობა და ერთობა იქნებოდა, შენ თვალწინ სრულდება (მიქ. 4:1—5).
7 დღეს საზოგადოება იმდენადაა დაქსაქსული, რომ ბევრისთვის წარმოუდგენელია, არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც გაერთიანებულნი იქნებიან „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხ. 7:9). დაფიქრდი, რამხელა სხვაობაა განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებსა და მათ შორის, ვინც დღემდე უძველესი ტომების წეს-ჩვეულებებით ცხოვრობს. გარდა ამისა, ვხედავთ რელიგიურ დაპირისპირებებს, რომლებიც ერთი და იმავე რასისა თუ ერის წარმომადგენლებს შორის იჩენს ხოლმე თავს. ნაციონალიზმის გაღვივების გამო დღეს ხალხი ისეა დაყოფილი პოლიტიკურად, როგორც არასდროს. ამასთანავე, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური უთანასწორობისა თუ სხვა ფაქტორების ფონზე, რომლებიც ადამიანთა დაყოფას იწვევს, სასწაულია ის, რომ ყველა ერის, ეთნიკური ჯგუფისა თუ ფენის ადამიანები გაერთიანებულნი არიან და მათ შორის სიყვარული და მშვიდობა სუფევს, რაც მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთის ძალითაა შესაძლებელი (ზაქ. 4:6).
8 დღეს ასეთი საძმო ნამდვილად არსებობს. როცა თავი მიუძღვენი იეჰოვას და მოინათლე, შენ ამ საძმოს შეუერთდი. ამ საძმოს ერთობაში ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი, მათ შორის შენც. ამაში პავლე მოციქულის რჩევის გათვალისწინება დაგეხმარება, რომელიც გალატელების 6:10-შია ჩაწერილი: „ვიდრე დრო ხელს გვიწყობს, ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი თანამორწმუნეებს“. საჭიროა შემდეგი რჩევის გათვალისწინებაც: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ; მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილ. 2:3, 4). თუ ვეცდებით, რომ და-ძმებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ და მათში ნაკლოვანებები არ ვეძებოთ, ამით მშვიდობიან და სასიამოვნო ურთიერთობას შევუწყობთ ხელს (ეფეს. 4:23, 24).
ვიზრუნოთ ერთმანეთზე
9 პავლე მოციქულმა და-ძმები სხეულის ნაწილებს შეადარა და ამით ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთზე ზრუნვა (1 კორ. 12:14—26). მართალია, ზოგიერთი და-ძმისგან დიდი მანძილი გვაშორებს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა არ გვაღელვებს. როცა ვიგებთ, რომ ზოგ ქვეყანაში ჩვენს და-ძმებს დევნიან, თითოეული ჩვენგანი ვწუხვართ. თუ ვინმეს მატერიალურად უჭირს ან სტიქიური უბედურების, ომისა თუ სამოქალაქო დაპირისპირების გამო რთულ ვითარებაშია, ყველა ღონეს ვხმარობთ მათთვის სულიერი და მატერიალური დახმარების აღმოსაჩენად (2 კორ. 1:8—11).
10 ჩვენ თანამორწმუნეებისთვის ყოველდღე უნდა ვილოცოთ. ზოგი ამა თუ იმ ცდუნებას ებრძვის, ზოგს ისეთი პრობლემები აქვს, რომელთა შესახებაც ბევრმა იცის, ზოგი კი ისეთ პრობლემებს ხვდება, რის შესახებაც სხვებმა არაფერი იციან, მაგალითად, ყოველდღიურად უწევს წინააღმდეგობის ატანა თანამშრომლებისა თუ ოჯახის წევრების მხრიდან (მათ. 10:35, 36; 1 თეს. 2:14). ცხადია, როცა ჩვენი და-ძმები სირთულეებს ხვდებიან, ჩვენც განვიცდით, რადგან ყველანი მსოფლიო საძმოს ნაწილი ვართ (1 პეტ. 5:9). იეჰოვას საქმეში არაერთი ძმა ირჯება; ზოგი ხელმძღვანელობას უწევს კრებებსა და სამქადაგებლო საქმიანობას, ზოგს კი მსოფლიოში მიმდინარე სამქადაგებლო საქმის ზედამხედველობა აკისრია. მათ სჭირდებათ ჩვენი ლოცვები; სწორედ ლოცვებით ვამტკიცებთ მათდამი სიყვარულსა და გულწრფელ ინტერესს მაშინაც კი, როცა სხვა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია (ეფეს. 1:16; 1 თეს. 1:2, 3; 5:25).
11 ამ ბოლო დღეებში იეჰოვას ხალხი მზად უნდა იყოს ერთმანეთის დასახმარებლად, რადგან ცხოვრება უფრო და უფრო რთულდება. სტიქიური უბედურებების, მიწისძვრებისა თუ წყალდიდობების დროს საჭირო ხდება სტიქიით დაზარალებულთა მატერიალური დახმარება. ამ მხრივ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს პირველმა ქრისტიანებმა. ანტიოქიელი და-ძმები გამოეხმაურნენ იესოს რჩევას და იუდეაში მცხოვრებ თანაქრისტიანებს მატერიალურად დაეხმარნენ (საქ. 11:27—30; 20:35). მოგვიანებით პავლე მოციქულმა კორინთელ ქრისტიანებს მოუწოდა, თავიანთი წვლილი შეეტანათ თანაქრისტიანების დახმარების საქმეში (2 კორ. 9:1—15). დღესაც, როცა ძმები რთულ ვითარებაში არიან და მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ, როგორც ორგანიზაცია, ისე ცალკეული ქრისტიანები, სწრაფად რეაგირებენ საჭირო დახმარების აღმოსაჩენად.
შევასრულოთ იეჰოვას ნება
12 დღეს მსოფლიო საძმო ორგანიზებულად ასრულებს იეჰოვას ნებას. ღვთის ნებაა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს ექადაგოს (მათ. 24:14). იეჰოვას ისიც სურს, რომ მის მაღალზნეობრივ ნორმებს ვიცავდეთ (1 პეტ. 1:14—16). ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და ხელი შევუწყოთ სასიხარულო ცნობის გავრცელებას (ეფეს. 5:21). დღეს, როგორც არასდროს, პირველ ადგილზე არა საკუთარი, არამედ ღვთის საქმე უნდა დავაყენოთ (მათ. 6:33). თუ ეს ყოველივე გვემახსოვრება, სასიხარულო ცნობის ქადაგება დღესვე მოგვიტანს სიხარულსა და კმაყოფილებას, ხოლო მომავალში — მარადიულ სიცოცხლეს.
13 იეჰოვას მოწმეები სიწმინდითა და ღვთისადმი გულმოდგინე მსახურებით გამოვირჩევით (ტიტ. 2:14). ამის მიზეზი ისაა, რომ იეჰოვას ვცემთ თაყვანს. ჩვენს ერთობას არა მხოლოდ მხარდამხარ მსახურება განაპირობებს, არამედ „სუფთა ენა“ და ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრება. ამის შესახებ იეჰოვამ სოფონიას მეშვეობით იწინასწარმეტყველა: „მივცემ ხალხებს სუფთა ენას, რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს და ერთსულოვნად ემსახურონ მას“ (სოფ. 3:9).
14 სოფონიამ იეჰოვას შთაგონებით მსოფლიო საძმოს შესახებ აგრეთვე იწინასწარმეტყველა: „ისრაელის დარჩენილი ნაწილი უმართლოდ არ მოიქცევა; არც სიცრუეს ილაპარაკებენ და არც ბოროტი ენა ექნებათ; შეჭამენ, მოისვენებენ და ვერავინ შეაშინებს მათ“ (სოფ. 3:13). ერთობას იმის წყალობით ვინარჩუნებთ, რომ შევიძინეთ ბიბლიური ცოდნა, განვიახლეთ გონება და ცხოვრება იეჰოვას ნორმებს შევუსაბამეთ. ჩვენ ვასრულებთ იმ საქმეს, რომლის შესრულებაც ადამიანური გადასახედიდან შეუძლებელია. ჩვენი მსოფლიო საძმო მართლაც გამორჩეულია. ჩვენ ნამდვილად ღვთის ხალხი ვართ, რომელიც დიდებას მიაგებს მას მთელ დედამიწაზე! (მიქ. 2:12)