წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან
ძვირფასო მაუწყებელო!
მართლაც დიდი პატივია, რომ თაყვანს ვცემთ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იეჰოვას! ჩვენ, „ღვთის თანამშრომლებს“, მონდობილი გვაქვს წმინდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე — ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და სწავლება (1 კორ. 3:9; მათ. 28:19, 20). ამ საქმის მსოფლიო მასშტაბით შესასრულებლად მშვიდობა და ერთობა გვჭირდება, რაც ორგანიზებულობის გარეშე წარმოუდგენელია (1 კორ. 14:40).
ამ წიგნიდან გაიგებ, თუ როგორ ფუნქციონირებს ქრისტიანული კრება. შეიტყობ იმასაც, თუ რა პატივი გხვდა წილად და რა მოვალეობა გაკისრია როგორც იეჰოვას მოწმეს. თუ დააფასებ ამ პატივს და პირნათლად შეასრულებ ღვთის მოთხოვნებს, რწმენა განგიმტკიცდება (საქ. 16:4, 5; გალ. 6:5).
კარგი იქნება, თუ ამ წიგნს საფუძვლიანად შეისწავლი და მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში გამოიყენებ. თუ ახლახან გახდი მოუნათლავი მაუწყებელი, გაიგებ, რა ნაბიჯები უნდა გადადგა, რომ მოინათლო და იეჰოვას მოწმე გახდე, ხოლო თუ უკვე მონათლული ხარ, შეიტყობ, რისი გაკეთება გმართებს, რომ სულიერად გაიზარდო და მსახურება გააფართოო (1 ტიმ. 4:15). აგრეთვე დაინახავ, როგორ უნდა შეუწყო ხელი კრებაში მშვიდობას (2 კორ. 13:11).
თუ მონათლული ძმა ხარ, რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ჯერ მომსახურედ, ხოლო შემდეგ უხუცესად დაინიშნო? ღვთის ორგანიზაციას უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება, შესაბამისად, ხელმძღვანელობის გასაწევად მეტი გამოცდილი ძმაა საჭირო. ეს წიგნი დაგეხმარება ამ სულიერი მიზნების მიღწევაში (1 ტიმ. 3:1).
ვლოცულობთ, რომ ამ წიგნის დახმარებით დაინახო და დააფასო შენი ადგილი იეჰოვას ორგანიზაციაში. ძალიან გვიყვარხარ და განუწყვეტლივ ვლოცულობთ, რომ მათ შორის იყო, ვინც მარადიულად შეასხამს ხოტბას ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას (ფსალმ. 37:10, 11; ეს. 65:21—25).
შენი ძმები,
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო