კითხვა 7
როგორ მოვიქცე, თუ სექსს მთავაზობენ?
როგორ მოიქცეოდი?
წარმოიდგინე, რომ ერთი გოგონა, პირობითად სარა, სულ რაღაც, ორი თვეა, რაც მაიკს ხვდება, მაგრამ ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს მთელი ცხოვრებაა იცნობს. ისინი გამუდმებით უგზავნიან ერთმანეთს მესიჯებს, საათობით ლაპარაკობენ ტელეფონზე და, შეიძლება ითქვას, უკვე უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს. მაგრამ მაიკს მხოლოდ საუბარი აღარ აკმაყოფილებს.
ორი თვის განმავლობაში მაიკი და სარა ხელიხელჩაკიდებული დადიოდნენ და მხოლოდ კოცნით შემოიფარგლებოდნენ. სარას არ სურს ღრმად შეტოპვა, თუმცა არც მაიკის დაკარგვა უნდა. ის ერთადერთია, ვის გვერდითაც თავს პრინცესასავით გრძნობს. თანაც, სარა საკუთარ თავს არწმუნებს, რომ მას და მაიკს ძალიან უყვართ ერთმანეთი.
სარას ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი?
შეჩერდი და დაფიქრდი!
სქესობრივი ურთიერთობა ღვთის ძღვენია, რომელიც მან მხოლოდ დაქორწინებულებს უბოძა. ამიტომ ქორწინებამდე სექსი შეურაცხყოფს ამ ძღვენს. ეს იმის მსგავსია, ვიღაცამ ძვირფასი ტანსაცმელი გაჩუქოს, შენ კი ჩვრად გამოიყენო.
ადამიანს ზნეობრივი ნორმების დარღვევა შეიძლება ისევე ძვირად დაუჯდეს, როგორც მიზიდულობის კანონის უგულებელყოფა. მაგალითად, ბიბლიაში ასეთი კანონია ჩაწერილი: „არ მოიქცეთ უზნეოდ“ (1 თესალონიკელები 4:3).
რა შედეგები მოჰყვება ამ კანონის უგულებელყოფას? ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც გარყვნილებას სჩადის, საკუთარ სხეულს ბღალავს“ (1 კორინთელები 6:18). სიმართლეს შეესაბამება ეს განაცხადი?
დაკვირვებებმა ცხადყო, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ქორწინებამდე ერთხელ მაინც ჰქონიათ სექსი, ისეთი უარყოფითი გრძნობები ტანჯავთ, როგორიცაა:
სინანული. იმ ახალგაზრდების უმეტესობა, რომელთაც ქორწინებამდე ჰქონდათ სქესობრივი კავშირი, ძალიან ნანობს თავის საქციელს.
უნდობლობა. სექსის შემდეგ თითოეულს ისეთი განცდა ეუფლება, რომ მისი პარტნიორისთვის ის არც პირველია და არც — უკანასკნელი.
იმედგაცრუება. გულის სიღრმეში ბევრი გოგო ოცნებობს ისეთ ბიჭზე, რომელიც დაიცავს მას და უხეშად არ მოეპყრობა. სინამდვილეში, ბევრი ბიჭი ინტერესს კარგავს იმ გოგოს მიმართ, რომელთანაც სექსი ჰქონდა.
დასკვნა: ფაქტია, თუ ქორწინებამდე გექნება სქესობრივი კავშირი, ამით ფეხქვეშ გათელავ იმას, რაც ძალიან ძვირფასია და რასაც წესით უნდა უფრთხილდებოდე (რომაელები 1:24).
დაამტკიცე, რომ ძლიერი პიროვნება ხარ და შეგიძლია დაემორჩილო ბიბლიაში ჩაწერილ შემდეგ კანონს: „არ მოიქცეთ უზნეოდ“ (1 თესალონიკელები 4:3). თუ ერთ მშვენიერ დღეს ოჯახს შექმნი, მაშინ ყოველგვარი სინდისის ქენჯნისა და სინანულის გარეშე გექნება სქესობრივი ურთიერთობა შენს მეუღლესთან (იგავები 7:22, 23; 1 კორინთელები 7:3).
რას ფიქრობ?
განა მოგაყენებს ოდესმე ემოციურ ტკივილს ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ის, ვისაც ნამდვილად უყვარხარ?
განა შეუქმნის საფრთხეს ღმერთთან შენს ურთიერთობას ის, ვინც ნამდვილად ზრუნავს შენზე? (ებრაელები 13:4).