ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 41
დავითი და საული
გოლიათის დამარცხების შემდეგ საულმა დავითი ისრაელთა ჯარის მეთაურად დანიშნა. დავითმა ბევრ ბრძოლაში გაიმარჯვა და ძალიან ცნობილი ადამიანი გახდა. როცა ის ომიდან ბრუნდებოდა ხოლმე, ქალები ცეკვითა და სიმღერით ეგებებოდნენ და ამბობდნენ: საულმა ათასი მოკლა, დავითმა – ათი ათასი! საულს შეშურდა დავითის და მისი მოკვლა გადაწყვიტა.
დავითი ძალიან კარგად უკრავდა ქნარზე. ერთხელ, როცა ის სასახლეში იყო და საულის თხოვნით ქნარზე უკრავდა, მეფემ შუბი ესროლა. დავითმა აიცდინა და შუბი კედელს შეერჭო. საული ამის მერეც არაერთხელ შეეცადა დავითის მოკვლას. ბოლოს დავითი გაიქცა და უდაბნოს შეაფარა თავი.
საულმა შეკრიბა 3 ათასი კაცი და დავითის მოსაკლავად გაემართა. ის შემთხვევით იმ გამოქვაბულში შევიდა, სადაც დავითი და მისი მებრძოლები იმალებოდნენ. დავითს წასჩურჩულეს თავისმა მებრძოლებმა: საულის მოკვლის კარგი შესაძლებლობა მოგეცა. დავითი ჩუმად მიეპარა საულს და ისე ჩამოაჭრა მოსასხამის ბოლო, რომ მეფემ ვერაფერი გაიგო. მოგვიანებით, დავითმა ძალიან ინანა, რომ უპატივცემულოდ მოექცა იეჰოვას მიერ დანიშნულ მეფეს. მან არ მისცა თავის მებრძოლებს საულის მოკვლის უფლება. შემდეგ, როცა ყველანი გამოვიდნენ გამოქვაბულიდან, დავითმა შორიდან დაუძახა საულს და უთხრა, რომ შეეძლო მოეკლა მეფე, მაგრამ ასე არ მოქცეულა. არც ამის შემდეგ გადაიფიქრებდა საული დავითის მოკვლას?
არა, საული კვლავ განაგრძობდა დავითის დევნას. ერთხელ ღამით დავითი და მისი დისშვილი აბიშაი საულის კარავში შეიპარნენ. საულსა და მის ხალხს ისე ღრმად ეძინათ, რომ მეფის მცველმა აბნერმაც კი ვერაფერი გაიგო. აბიშაიმ უთხრა დავითს: არ გაუშვა ეს შესაძლებლობა ხელიდან; მომეცი უფლება, მოვკლა საული. დავითმა უპასუხა: იეჰოვა აგებინებს პასუხს საულს. მოდი მისი შუბი და მათარა ავიღოთ და წავიდეთ.
დავითი ახლომდებარე მთაზე ავიდა, საიდანაც საულის კარავი მოჩანდა და მთიდან შესძახა: აბნერ, რატომ არ დაიცავი მეფე? სად არის საულის მათარა და შუბი? საულმა ხმაზე იცნო დავითი და უპასუხა: შენ შეგეძლო ჩემი მოკვლა, მაგრამ არ მომკალი. ახლა უკვე ვიცი, რომ შენ იქნები ისრაელის შემდეგი მეფე. ამის შემდეგ საული სასახლეში დაბრუნდა. საულის ოჯახის ყველა წევრს არ სძულდა დავითი.
„რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან. შურს ნუ იძიებთ, საყვარელნო, დაე ღმერთმა რისხვით მიაგოს ყველას საზღაური“ (რომაელები 12:18, 19).