ᲐᲚᲔᲥᲡᲐᲜᲓᲠᲔ
(კაცის მცველი)
1. ალექსანდრე მაკედონელი, მაკედონიის მეფე ფილიპე II-სა და მისი მეუღლის, ოლიმპიას, ვაჟი. დაიბადა პელაში ძვ. წ. 356 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი ბიბლიაში მოხსენიებული არ არის, მის დაბადებამდე ორი საუკუნით ადრე ჩაიწერა ღვთის სიტყვაში, რომ ის გახდებოდა მეხუთე მსოფლიო იმპერიის მმართველი (დნ. 8:5-7, 20, 21).
მედალი, სავარაუდოდ, ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულებით
ალექსანდრე ტახტზე მამამისის მკვლელობის შემდეგ ავიდა. ორი წლის შემდეგ მან დაპყრობითი ომები წამოიწყო (დნ. 8:5). ის ამ დროს 20 წელს გადაცილებული იქნებოდა. ამ ახალგაზრდა ენერგიულმა მებრძოლმა დახვეწა მამამისის მიერ შემუშავებული საბრძოლო ტაქტიკა – ფალანგების გამოყენება, რისი წყალობითაც მისი შედარებით მცირერიცხოვანი ჯარი უფრო დიდ წარმატებას აღწევდა.
მას შემდეგ, რაც ალექსანდრემ ორჯერ დაამარცხა სპარსელები მცირე აზიაში (პირველად მდინარე გრანიკოსთან, მეორედ კი ისოსის ველზე, რომლის დროსაც სპარსელების ნახევარ-მილიონიანმა ჯარმა სრული მარცხი განიცადა), აღარ დაედევნა მათ და ყურადღება ქალაქ ტვიროსზე გადაიტანა, რომელიც კუნძულზე იყო გაშენებული. საუკუნეებით ადრე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ტვიროსის გალავანი, კოშკები, სახლები და ქალაქის ნანგრევებიც კი ზღვაში ჩაიყრებოდა (ეზკ. 26:4, 12). აღსანიშნავია, რომ ალექსანდრემ ტვიროსის კუნძულოვან ნაწილამდე მისასვლელად გამოიყენა ის ნანგრევები, რომლებიც შემორჩენილი იყო ნაბუქოდონოსორის მიერ ქალაქის კონტინენტური ნაწილის განადგურების შემდეგ. ამ ქვაყრილით მან კუნძულამდე მისასვლელი 800-მეტრიანი გზა გაიყვანა. ძვ. წ. 332 წლის ივლისში ალექსანდრემ საზღვაო ფლოტისა და საბრძოლო მანქანების გამოყენებით ძირს დასცა ზღვის ეს ამაყი მბრძანებელი.
მეორე მხრივ, იერუსალიმმა თავად გაუღო კარი ალექსანდრეს და უბრძოლველად ჩაჰბარდა. იოსებ ფლავიუსის სიტყვებიდან („იუდეველთა სიძველენი“, XI, 8. 5) ვიგებთ, რომ ალექსანდრეს უჩვენეს დანიელის წინასწარმეტყველება, სავარაუდოდ მერვე თავი, სადაც ნათქვამია, რომ ძლევამოსილი ბერძენი მეფე დაიპყრობდა და დაიმორჩილებდა სპარსეთის იმპერიას. ამიტომაც ალექსანდრემ დაინდო იერუსალიმი და გეზი აიღო სამხრეთისკენ, ეგვიპტისკენ, სადაც მას ისე შეხვდნენ, როგორც მხსნელს. აქ მან დააარსა ქალაქი ალექსანდრია – განათლების ცენტრი, სადაც შეიქმნა საღვთო წერილის ძველი ბერძნული თარგმანი – სეპტუაგინტა. შემდეგ ალექსანდრემ გზა აღმოსავლეთის მიმართულებით განაგრძო, გაიარა პალესტინა და გავგამელასთან ახლოს 47 000-იანი ჯარით დაამარცხა სპარსეთის დიდძალი არმია. ამ მოვლენიდან მალევე დარიოს III ყოფილმა მეგობრებმა მოკლეს, ბაბილონი დანებდა ალექსანდრეს, რის შემდეგაც მან გზა განაგრძო სუსისა (შუშანი) და პერსეპოლისის დასაპყრობად. მათი აღების შემდეგ ის ინდოეთში შეიჭრა, მერე კი ისევ დასავლეთისკენ გაბრუნდა.
შემდგომ განვითარებული მოვლენები. ალექსანდრეს სერიოზული გეგმა ჰქონდა ბაბილონთან დაკავშირებით. მას სურდა, აღედგინა ბაბილონი და სატახტო ქალაქად გამოეცხადებინა, თუმცა მან ეს ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. როგორც დანიელმა იწინასწარმეტყველა, ვაცს, როგორც კი გაძლიერდებოდა, მოსტყდებოდა დიდი რქა ანუ მოკვდებოდა (დნ. 8:8). ალექსანდრეს ამბიციას, აღედგინა ბაბილონი, ხორცი არ შეესხა, რადგან ძვ. წ. 323 წელს დიდების ზენიტში მყოფი ალექსანდრე მოულოდნელად გარდაიცვალა 32 წლის ასაკში. მისი სიკვდილის მიზეზი შესაძლოა იყო მალარიით გამოწვეული ციებ-ცხელება, რომელიც კიდევ უფრო გაურთულდა დაუდევარი ცხოვრების წესის გამო. მას ბალზამირება გაუკეთეს და ალექსანდრიაში, ეგვიპტეში, დაკრძალეს.
ალექსანდრე დაქორწინებული იყო როქსანეზე, რომელიც მის მიერ დაპყრობილი ბაქტრიის მეფის ასული გახლდათ, და აგრეთვე სტატირაზე, სპარსეთის მეფე დარიოს III-ის ასულზე. როქსანესგან მას ჰყავდა ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვა. გარდა ამისა, ვინმე ბარსინასგან მას შეეძინა უკანონო ვაჟი ჰერაკლე (ჰერკულესი). თუმცა დანიელის წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო, რომ მისი სამეფო მის შთამომავლებს არ გადაეცემოდათ (დნ. 11:3, 4). ასეც მოხდა: ალექსანდრეს სიკვდილიდან გარკვეული ხნის შემდეგ ყველა მისი მემკვიდრე სიცოცხლეს გამოასალმეს. ბიბლიაში აგრეთვე ნაწინასწარმეტყველები იყო: „მოტეხილი რქის ნაცვლად ამოსული ოთხი რქა მისი ერიდან აღმდგარი ოთხი სამეფოა, რომლებსაც მისნაირი ძლევამოსილება არ ექნებათ“ (დნ. 8:22). აქედან გამომდინარე, უბრალო დამთხვევა არ ყოფილა ის ფაქტი, რომ ალექსანდრეს იმპერია მისმა ოთხმა მხედართმთავარმა გადაინაწილა: სელევკე ნიკატორს შეხვდა შუამდინარეთი და სირია; კასანდრეს – მაკედონია და საბერძნეთი; პტოლემეს – ეგვიპტე და პალესტინა, ხოლო ლისიმაქეს – თრაკია და მცირე აზია.
ალექსანდრეს მიერ წარმოებულმა დაპყრობითმა ომებმა უდიდესი კვალი დააჩნია ისტორიას. დაპყრობილ ტერიტორიებზე მან განავრცო ბერძნული ენა და კულტურა. უბრალო ბერძნული ენა, კოინე, საერთაშორისო ენა გახდა, ამიტომაც ბიბლიის ბოლო წიგნები კოინე ენაზე დაიწერა და არა ებრაულზე.
2. სიმონ კირენელის ვაჟი და რუფუსის ძმა. ალექსანდრესა და რუფუსის მამა აიძულეს, იესოს წამების ძელი ეტარებინა (მრ. 15:21; ლკ. 23:26).
3. უფროსი მღვდლის, ანას, ნათესავი, რომელიც ესწრებოდა პეტრესა და იოანეს დაკითხვას (სქ. 4:6).
4. იუდეველი, რომელიც ეფესოში იმყოფებოდა მაშინ, როცა ვერცხლის მჭედლებმა პავლეს წინააღმდეგ ბრბო აამხედრეს. როდესაც ალექსანდრე მათთან დალაპარაკებას შეეცადა, გახელებულმა ბრბომ მას არ მისცა ამის საშუალება (სქ. 19:33, 34).
5. ის, ვისაც ჰიმენეოსის მსგავსად, რწმენა ხომალდივით დაემსხვრა და ღვთის გმობის გამო არ მიეცა ნება, დარჩენილიყო ქრისტიანულ კრებაში (1ტმ. 1:19, 20). შესაძლოა იგივეა, ვინც №6, ქვემოთ.
6. მესპილენძე, რომელმაც პავლეს ბევრი ბოროტება გაუკეთა. პავლემ უთხრა ტიმოთეს, ფრთხილად ყოფილიყო მასთან მიმართებით (2ტმ. 4:14, 15).