საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მოკავშირეობა, დამოყვრება“
  • მოკავშირეობა, დამოყვრება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოკავშირეობა, დამოყვრება
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იუდა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეჰოშაფატი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ისრაელი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ღვთის სამეფო
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მოკავშირეობა, დამოყვრება“

მოკავშირეობა, დამოყვრება

სხვადასხვა მხარის, ოჯახის, ცალკეული პირის, ან სახელმწიფოს მიერ კავშირის შეკვრა. ეს შეიძლება მოხდეს ქორწინების, ორმხრივი შეთანხმებისა თუ იურიდიული ხელშეკრულების მეშვეობით. ჩვეულებრივ, მოკავშირეობა გულისხმობს ორმხრივ სარგებლობას ან სასურველი მიზნის მისაღწევად თანამშრომლობას. ებრაული სიტყვა ხავარ სიტყვასიტყვით შეერთებას ნიშნავს, თუმცა გადატანითი მნიშვნელობით მოკავშირეობას გულისხმობს (გმ. 28:7; ფს. 94:20; 2მტ. 20:35). მონათესავე სიტყვა ხავერ მოკავშირეზე ან პარტნიორზე მიუთითებს (მსჯ. 20:11; ფს. 119:63).

აბრაამი ამორეველი მამრეს, ეშქოლისა და ანერის მოკავშირე გახდა. ბიბლიაში არ არის დაკონკრეტებული, რას მოიცავდა ეს კავშირი, თუმცა ვიცით, რომ აბრაამის მოკავშირეებმა მასთან ერთად გაილაშქრეს, რათა თავდამსხმელებისგან მისი ძმისშვილი ლოტი დაეხსნათ (დბ. 14:13—24). აბრაამი ხიზნობდა ქანაანის მიწაზე, რომელიც პატარ-პატარა სამეფოებად იყო დაყოფილი. მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველსაყოფად შესაძლოა საჭირო იყო შეთანხმების სახით ოფიციალური განცხადების გაკეთება. თუმცა აბრაამი თავს იკავებდა ამ მმართველების წინაშე ზედმეტი ვალდებულების აღებისგან, რაც კარგად ჩანს დაბადების 14:21—24-ში სოდომის მეფისთვის ნათქვამი სიტყვებიდან. მოგვიანებით გერარში ფილისტიმელთა მეფე აბიმელექმა შეახსენა აბრაამს, რომ ხიზანი იყო და ფილისტიმელთა მიწაზე მისი ნებართვით ცხოვრობდა. აბიმელექმა მას ერთგულების ფიცის დადება სთხოვა. აბრაამი დათანხმდა და მოგვიანებით ჭის გამო დაწყებული დავის მოსაგვარებლად აბიმელექთან შეთანხმება დადო (დბ. 20:1, 15; 21:22—34).

აბრაამის შვილი ისაკიც გერარში ცხოვრობდა. მოგვიანებით აბიმელექმა ისაკს სთხოვა, საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყო, რაზეც ის დათანხმდა. ჭებზე კიდევ არაერთხელ დავობდნენ, მაგრამ აბიმელექი და მისი მეგობრები ისაკთან მივიდნენ და სთხოვეს, ერთმანეთისთვის შეეფიცათ და შეთანხმება დაედოთ, რაშიც, როგორც ჩანს, აბრაამთან დადებული შეთანხმების განახლება იგულისხმებოდა. ორივე მხარემ ერთმანეთს შეჰფიცა, რომ მშვიდობიანი ურთიერთობა ექნებოდათ (დბ. 26:16, 19—22, 26—31; შდრ. დბ. 31:48—53). მოციქული პავლეს სიტყვების თანახმად, ძველი დროის პატრიარქები სახალხოდ აღიარებდნენ, რომ უცხონი და დროებით მცხოვრებნი იყვნენ იმ ქვეყანაში და ელოდნენ ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთი იყო (ებ. 11:8—10, 13—16).

მაგრამ ქანაანში ანუ აღთქმულ მიწაზე ისრაელი ერის შესვლის დროს საქმე სულ სხვაგვარად იდგა. უზენაესმა ღმერთმა მათ ამ მიწის დაპატრონების სრული უფლება მისცა, როგორც მათ მამა-პაპას დაჰპირდა. ასე რომ, ისინი აღთქმულ მიწაზე ხიზნებად არ შესულან. იეჰოვამ აუკრძალა მათ იქ მცხოვრებ წარმართ ხალხებთან კავშირის შეკვრა (გმ. 23:31—33; 34:11—16). მათ უნდა დაეცვათ ღვთის კანონები და წესები და არა იმ ერებისა, რომლებიც უნდა გაეძევებინათ იმ მიწიდან (ლვ. 18:3, 4; 20:22—24). ღმერთმა პირდაპირ გააფრთხილა ისრაელები, არ დამოყვრებოდნენ ამ ერებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ახლო ურთიერთობა ექნებოდათ არა მხოლოდ წარმართ ცოლებთან, არამედ მათ ნათესავებთანაც. ამასთან, ისინი იძულებულები გახდებოდნენ, მათ ცრურელიგიურ წეს-ჩვეულებებში მიეღოთ მონაწილეობა, რაც მათთვის მახე და ღვთისგან განდგომის მიზეზი იქნებოდა (კნ. 7:2—4; გმ. 34:16; იეს. 23:12, 13).

დამოყვრება. ებრაული ზმნა ხათან, რომელიც დამოყვრებად ითარგმნა, ხოთენის (სიმამრი), ხათანის (ნეფე, სიძე), ხოთენეთისა (სიდედრი) და ხათუნნაჰის (ქორწინება) მონათესავე სიტყვაა (1სმ. 18:22; გმ. 3:1; 4:25; დბ. 19:14; კნ. 27:23; ქბ. 3:11).

აბრაამი კატეგორიულად ითხოვდა, რომ ისაკისთვის ქანაანელი ცოლი არ მოეყვანათ (დბ. 24:3, 4). ისაკმაც მსგავსი მითითება მისცა იაკობს (დბ. 28:1). ხიველი შექემის მიერ დინას გაუპატიურების შემდეგ შექემის მამა ხამორმა იაკობის ოჯახს მის ტომთან დამოყვრება შესთავაზა. იაკობის ვაჟებმა ვითომ მიიღეს ეს წინადადება, მაგრამ სინამდვილეში არ აპირებდნენ მის გათვალისწინებას. თუმცა მას შემდეგ, რაც დინას შეურაცხყოფის გამო შური იძიეს, ტყვედ წაასხეს ხიველი ქალები და ბავშვები (დბ. 34:1—11, 29). მოგვიანებით იუდამ ქანაანელი ქალი მოიყვანა ცოლად (დბ. 38:2), იოსებს კი ეგვიპტელი ცოლი ჰყავდა (დბ. 41:50). მოსეს ცოლი ციფორა მიდიანელი იყო (გმ. 2:16, 21). რიცხვების 12:1-ში მას „ქუშელი“ ეწოდება. ვინაიდან ეს ოჯახები კანონის მიცემამდე შეიქმნა, ამას კანონის დარღვევად ვერ მივიჩნევთ.

მიდიანთან ბრძოლის დროს ისრაელები მხოლოდ იმ ქალებსა და გოგონებს ტოვებდნენ ცოცხლად, რომლებიც კაცთან არ წოლილან (რც. 31:3, 18, 35). კანონი მათ ასეთი ტყვეების ცოლებად მოყვანის უფლებას აძლევდა (კნ. 21:10—14). აღთქმული მიწის დამკვიდრების შემდეგ ისრაელები ხშირად უგულებელყოფდნენ ღვთის გაფრთხილებას, არ დამოყვრებოდნენ წარმართებს, რასაც პრობლემები და ღვთის გზიდან ჩამოშორება მოჰყვებოდა (მსჯ. 3:5, 6).

ზოგჯერ დამოყვრება გარკვეული მიზნის მისაღწევად ხდებოდა. მაგალითად, მეფე საულმა დავითს შესთავაზა, დამოყვრებოდა მას და მისი ასული მიქალი მოეყვანა ცოლად (1სმ. 18:21—27). ერთ-ერთი იმ ექვსი ცოლიდან, რომლებმაც დავითს ხებრონში შვილები გაუჩინეს, გეშურის მეფის ასული იყო (2სმ. 3:3). ვინაიდან გეშურის პატარა სამეფო დავითის მეტოქის, იშ-ბოშეთის, სატახტო ქალაქ მახანაიმის მეზობლად მდებარეობდა, ზოგი მიიჩნევს, რომ დავითი გეშურის მეფეს იშ-ბოშეთის გავლენის დასასუსტებლად დაუმოყვრდა. თავისი მეფობის დასაწყისში სოლომონი ფარაონს დაუმოყვრდა და მისი ასული შეირთო ცოლად (1მფ. 3:1; 9:16). ამ ქორწინებამ და მოაბელ, ამონელ, ედომელ, სიდონელ და ხეთელ ქალებთან ქორწინებამ საბოლოოდ სოლომონი კერპთაყვანისმცემლობის მახეში გააბა (1მფ. 11:1—6). მეფე ახაბი დაუმოყვრდა სიდონის მეფეს და მისი ასული იზებელი მოიყვანა ცოლად, რაც ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოსთვის დამღუპველი აღმოჩნდა (1მფ. 16:31—33). მოგვიანებით მეფე იეჰოშაფატი უგუნურად მოიქცა და ახაბის კერპთაყვანისმცემელ ოჯახს დაუმოყვრდა, რასაც საბოლოოდ იუდას სამეფოს განადგურება მოჰყვა (2მტ. 18:1; 21:4—6; 22:2—4).

გადასახლების შემდეგ ეზრა გააოგნა იმის გაგებამ, რომ მღვდლებსაც და ლევიანებსაც ქანაანელი თუ სხვა უცხოელი ქალები ჰყავდათ ცოლებად. მან დაუყოვნებლივ მიიღო ზომები ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად (ეზრ. 9:1—3, 12—14; 10:1—5, 10—14, 44). მოგვიანებით ნეემიას დროს ამ პრობლემამ კვლავ იჩინა თავი, როცა ამონელი ტობია იერუსალიმში მღვდლის ოჯახს დაუმოყვრდა და იუდას წარჩინებულებს შორის ბევრი მოკავშირე გაიჩინა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მღვდელმა ელიაშიბმა ღვთის კანონი დაარღვია (კნ. 23:3) და ტაძრის ეზოში ამ ამონელ მამაკაცს სასადილო დარბაზი მოუწყო. განრისხებულმა ნეემიამ ტობიას ავეჯი გარეთ გაყარა (ნემ. 6:18; 13:4—9, 25—27; იხ. ქორწინება).

შეთანხმებები. კავშირის შეკვრა ხშირად შეთანხმების დადებით ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელები შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი, როცა გაბაონელებთან შეთანხმება დადეს (იეს. 9:3—15), ისინი შეთანხმების ერთგულები დარჩნენ და მზად იყვნენ, გაბაონელების დასაცავად საბრძოლველადაც კი გასულიყვნენ (იეს. 9:19—21; 10:6, 7). იონათანმა და დავითმა ერთმანეთს დაუდეს შეთანხმება (1სმ. 18:3; 20:11—17), რომელსაც საული შეთქმულებად მიიჩნევდა (1სმ. 22:8). ტვიროსის მეფე ხირამი მეგობრულად იყო განწყობილი საულის ტახტის მემკვიდრის, დავითის მიმართ. ბიბლიაში წერია, რომ „უყვარდა ხირამს დავითი“ (2სმ. 5:11; 1მფ. 5:1). მეგობრული ურთიერთობა სოლომონის გამეფების შემდეგაც გაგრძელდა. სოლომონმა და ხირამმა ხელშეკრულება დადეს, რომლის თანახმადაც ხირამი ტაძრის ასაშენებლად საჭირო მასალების დიდ ნაწილს მისცემდა (1მფ. 5:2—18). ამასთან, ათასობით ისრაელ მუშას ლიბანსა და ლიბანის ტყეებში შესვლის უფლება ექნებოდა. ხირამი სოლომონს თავის ძმად მოიხსენიებდა (1მფ. 9:13). ტვიროსის მეფემ მეზღვაურებიც გაგზავნა ეციონ-გებერში, სადაც სოლომონის ფლოტი იყო განლაგებული (1მფ. 9:26, 27). როცა ტვიროსის სამეფო მოგვიანებით ისრაელის წინააღმდეგ წავიდა და ისრაელი ტყვეები ედომს ჩაუგდო ხელში, იეჰოვამ ის „ძმებს შორის დადებული შეთანხმების“ დარღვევაში დაადანაშაულა (ამ. 1:9).

მოკავშირეობა სხვა ერებთან. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის წინასწარმეტყველები იუდასა და ისრაელის მეფეებს მკაცრად აფრთხილებდნენ, სხვა ერების მოკავშირეები არ გამხდარიყვნენ, საფრთხის ან პირადი ამბიციის გამო ისინი ხშირად უგულებელყოფდნენ ამ გაფრთხილებებს (ეს. 30:2—7; იერ. 2:16—19, 36, 37; ოს. 5:13; 8:8—10; 12:1). როგორც ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ასეთ კავშირებს ყოველთვის სავალალო შედეგები მოჰყვებოდა.

იუდას მეფე ასამ მეფის სასახლის საგანძურიდან სირიის მეფე ბენ-ჰადად I-ს ოქრო-ვერცხლი გაუგზავნა, რათა ისრაელის მეფე ბააშასთან დადებული შეთანხმება დაერღვია (1მფ. 15:18—20). იმის გამო, რომ ასა სირიას მიენდო და არა იეჰოვას, წინასწარმეტყველმა ხანანიმ ის შემდეგი სიტყვებით შეაგონა: „ამჯერად უგუნურად მოიქეცი, ამიტომ ომები გექნება ამიერიდან“ (2მტ. 16:7—9). მოგვიანებით ღვთის წინასწარმეტყველმა მსგავსად გაკიცხა ისრაელის მეფე ახაბი, რომელმაც დამარცხებულ ბენ-ჰადად II-სთან დადო შეთანხმება (1მფ. 20:34, 42). იეჰოშაფატი სირიის წინააღმდეგ წარუმატებელ ლაშქრობაში შეუერთდა მეფე ახაბს, რის გამოც მას წინასწარმეტყველმა იეჰუმ ჰკითხა: „განა ბოროტს უნდა ეხმარებოდე და იეჰოვას მოძულეები უნდა გიყვარდეს?! ამის გამო განრისხებულია იეჰოვა შენზე“ (2მტ. 18:2, 3; 19:2). მოგვიანებით იეჰოშაფატმა ბოროტ მეფე ახაზიასთან დადო გემთმშენებლობის სავაჭრო ხელშეკრულება, თუმცა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ხომალდები დაიმსხვრა (2მტ. 20:35—37). იუდას მეფე ამაციამ გაითვალისწინა ღვთის რჩევა და ისრაელიდან დაქირავებული ჯარი სახლში გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ქირაში გადახდილი თანხა, 100 ტალანტი ვერცხლი ($660 600) დაკარგა (2მტ. 25:6—10).

ძვ. წ. მერვე საუკუნეში ასურეთი თანდათანობით ძლიერდებოდა და მსოფლიო იმპერიის სახელს იმკვიდრებდა. ვინაიდან ის სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა პატარ-პატარა სამეფოებს, ისინი იძულებულნი იყვნენ, ერთმანეთის მოკავშირეები გამხდარიყვნენ და შეთქმულებები მოეწყოთ (შდრ. ეს. 8:9—13). ერებში შიში უფრო გაამძაფრა ახალი საბრძოლო იარაღების გამოგონებამ (შდრ. 2მტ. 26:14, 15). ისრაელის მეფე მენახემმა შემოტევისგან თავის დასახსნელად ქრთამი მისცა ასურეთის მეფე ფულს (ტიგლათფილესერ III) (2მფ. 15:17—20). სირიის მეფე რეცინი და ისრაელის მეფე ფეკახი იუდას მეფე ახაზის წინააღმდეგ შეითქვნენ; მეფე ახაზმა კი მეფის სასახლისა და ტაძრის საგანძურებიდან ოქრო-ვერცხლი გაუგზავნა ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-ს, რათა დაეცვა იგი. შედეგად, ასურეთმა სირიის დედაქალაქი დამასკო გაანადგურა (2მფ. 16:5—9; 2მტ. 28:16). ისრაელის მეფე ჰოშეა ეგვიპტის მეფე სოსთან შეითქვა იმ იმედით, რომ სალმანასარ V-ის დადგმულ უღელს გადაიგდებდა, მაგრამ მისდა საუბედუროდ ძვ. წ. 740 წელს ისრაელი დამარცხდა (2მფ. 17:3—6). მიუხედავად იმისა, რომ იუდას ერთგულ მეფე ხიზკიას ეგვიპტეზე დაიმედებას აბრალებდნენ, ის მხოლოდ იეჰოვას მიენდო და ასურეთის მეფე სინახერიბის თავდასხმას გადაურჩა (2მფ. 18:19—22, 32—35; 19:14—19, 28, 32—36; შდრ. ეს. 31:1—3).

იუდას სამეფოს ბოლო წლებში ის ხან ეგვიპტეს ემხრობოდა, ხან ბაბილონს — ორივე ძალასთან „მეძაობდა“ (ეზკ. 16:26—29; 23:14). იეჰოიაკიმის მეფობის დროს იუდა ეგვიპტის გავლენაში მოექცა (2მფ. 23:34), თუმცა მალე ბაბილონის უღელქვეშ აღმოჩნდა (2მფ. 24:1, 7, 12—17). უკანასკნელმა მეფე ციდკიამ ეგვიპტესთან ამაოდ დადო შეთანხმება ბაბილონის უღლის გადასაგდებად. მისი წარუმატებელი მცდელობა იერუსალიმის განადგურებით დასრულდა (2მფ. 24:20; ეზკ. 17:1—15). იუდას მეფეებმა ყური არ დაუგდეს ესაიას პირით წარმოთქმულ ღვთივშთაგონებულ რჩევას: „თუ დაბრუნდებით და დამშვიდდებით, გადარჩებით. თქვენი ძლევამოსილება მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“ (ეს. 30:15—17).

მაკაბელების ეპოქაში იუდეველები მრავალ შეთანხმებას დებდნენ სირიელებსა და რომაელებთან პოლიტიკური ინტერესების დასაცავად, მაგრამ ისრაელმა დამოუკიდებლობა მაინც ვერ მოიპოვა. მოგვიანებით სადუკეველები განსაკუთრებით აქტიურად უჭერდნენ მხარს პოლიტიკურ თანამშრომლობას და მას ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევის საშუალებად მიიჩნევდნენ. არც ისინი და არც ფარისევლები არ გამოეხმაურნენ იესო ქრისტეს ნაქადაგებ ცნობას. პირიქით, ისინი რომს ერთგულებას უცხადებდნენ და ამბობდნენ: „ჩვენ არა გვყავს მეფე კეისრის გარდა“ (ინ. 19:12—15). რომთან მათი რელიგიურ-პოლიტიკური მოკავშირეობა ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებით დასრულდა (ლკ. 19:41—44; 21:20—24).

პოლიტიკურ თუ რელიგიურ კავშირებზე სიმბოლური ენით საუბარია გამოცხადების 17:1, 2, 10—18-სა და 18:3-ში (შდრ. იაკ. 4:1—4). მთელ წმინდა წერილში ხაზგასმულია პრინციპი, რომელიც პავლემ ასე ჩამოაყალიბა: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან. რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან? .. გამოდით მათგან და გამოეყავით“ (2კრ. 6:14—17).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება