ᲡᲐᲛᲡᲮᲕᲔᲠᲞᲚᲝ
შემაღლებული ადგილი, რომელზეც მსხვერპლს სწირავენ ან საკმეველს უკმევენ ჭეშმარიტ ღმერთს ან ღვთაებას. ებრაული სიტყვა მიზბეახის (სამსხვერპლო) ზმნური ფუძეა ზავახ (დაკვლა; შეწირვა). აქედან გამომდინარე, მიზბეახ აღნიშნავს ადგილს, სადაც პირუტყვს კლავდნენ ან სწირავდნენ (დბ. 8:20; კნ. 12:21; 16:2). სამსხვერპლოს აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა თისიასტერიონის ზმნური ფუძეა თიო, რაც აგრეთვე დაკვლასა და შეწირვას ნიშნავს (მთ. 22:4; მრ. 14:12), ხოლო ბერძნული სიტყვა ბომოს ღვთაების სამსხვერპლოს აღნიშნავს (სქ. 17:23).
სამსხვერპლო პირველად წარღვნის შემდეგ მოიხსენიება. ნოემ სამსხვერპლო აუგო იეჰოვას და ზედ დასაწვავი მსხვერპლი შესწირა (დბ. 8:20). წარღვნამდე მხოლოდ აბელისა და კაენის მსხვერპლია ნახსენები. მათ, სავარაუდოდ, სამსხვერპლოზე მიიტანეს შესაწირავი, თუმცა ბიბლიაში ამის შესახებ არაფერი წერია (დბ. 4:3, 4).
სამსხვერპლო აბრაამმაც ააგო შექემში (დბ. 12:7), რომელიც ბეთელსა და აის შორის იყო (დბ. 12:8; დბ. 13:3), აგრეთვე ხებრონში (დბ. 13:18) და, სავარაუდოდ, მორიას მთაზე, სადაც მან ისაკის მაგივრად ვერძი შესწირა (დბ. 22:9—13). მხოლოდ ამ უკანასკნელ შემთხვევაზეა კონკრეტულად ნათქვამი, რომ აბრაამმა მსხვერპლი სამსხვერპლოზე შესწირა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მიზბეახის მნიშვნელობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აბრაამმა დანარჩენ ორ სამსხვერპლოზეც შესწირა მსხვერპლი. მოგვიანებით ისაკმაც ააგო სამსხვერპლო ბეერ-შებაში (დბ. 26:23, 25), ხოლო იაკობმა — შექემსა და ბეთელში (დბ. 33:18, 20; 35:1, 3, 7). პატრიარქების მიერ აგებული სამსხვერპლოები ისეთივე იქნებოდა, როგორიც ღმერთმა მოგვიანებით კანონის შეთანხმებით მოითხოვა, კერძოდ, მიწაყრილი ან გაუთლელი ქვით აგებული შემაღლებული ადგილი (გმ. 20:24, 25).
სამსხვერპლო მოსემაც ააგო ამალეკზე გამარჯვების შემდეგ და მას იეჰოვა-ნისი („იეჰოვაა ჩემი ნიშანსვეტი“) უწოდა (გმ. 17:15, 16). მოსემ იეჰოვას მიერ ისრაელთან კანონის შეთანხმების დადების შემდეგაც ააგო სამსხვერპლო სინას მთის ძირას, ზედ მსხვერპლი შესწირა და სისხლი მოასხურა სამსხვერპლოს, შეთანხმების წიგნსა და ხალხს, და ამგვარად შეთანხმება ძალაში შევიდა (გმ. 24:4—8; ებ. 9:17—20).
კარვის სამსხვერპლოები. კარავთან ერთად ღვთის მითითებით ორი სამსხვერპლოც იქნა აგებული. აქედან ერთ-ერთი, დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო (იგივე „სპილენძის სამსხვერპლო“ [გმ. 39:39]) იყო. ის აკაციის ხისგან დამზადებული უთავსახურო და უძირო კვადრატული ყუთის ფორმისა იყო. თითო გვერდის სიგრძე 2,2 მ-ს შეადგენდა, ხოლო სიმაღლე —1,3 მ-ს. სამსხვერპლოს ზედა ოთხივე კუთხეში რქები ჰქონდა ამოშვერილი. იგი მთლიანად სპილენძით იყო მოვარაყებული. სპილენძის ცხაურა სამსხვერპლოს შიგნით, შუაში სარტყლის ქვემოთ იყო მოთავსებული. ცხაურასთან სამსხვერპლოს ოთხივე მხარეს ოთხი რგოლი ჰქონდა მიმაგრებული, რომლებშიც, როგორც ჩანს, აკაციის ხისგან დამზადებული და სპილენძით მოვარაყებული კეტები იყო გაყრილი სამსხვერპლოს გადასატანად. სამსხვერპლოს შესაძლოა აქეთ-იქიდან ჭრილი ჰქონდა გაკეთებული და შიგ ცხაურა იყო ჩასმული, რომელსაც ორივე მხარეს რგოლები ჰქონდა მიმაგრებული. რგოლების რაოდენობასთან დაკავშირებით მეცნიერებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ბევრი მათგანი ვარაუდობს, რომ ოთხი რგოლი ცხაურაზე იყო მიმაგრებული და ოთხიც სამსხვერპლოს გარედან ჰქონდა მიმაგრებული კეტების გასაყრელად. სამსხვერპლოს სპილენძის ნივთებს შორის იყო ქვაბები, ნიჩბები ნაცრისთვის, თასები სისხლისთვის, სამკაპები ხორცისთვის და საცეცხლურები (გმ. 27:1—8; 38:1—7, 30; რც. 4:14).
დასაწვავი შესაწირავისთვის განკუთვნილი სპილენძის სამსხვერპლო კარვის შესასვლელის წინ იდგა (გმ. 40:6, 29). სამსხვერპლო არცთუ ისე მაღალი იყო და სპეციალური ასასვლელი არ სჭირდებოდა, თუმცა მსხვერპლის მიტანის გაადვილების მიზნით მის გარშემო შესაძლოა მიწაყრილი ან დახრილი ბაქანი იყო გაკეთებული (ლევიანების 9:22-ში ნათქვამია, რომ აარონი მსხვერპლის შეწირვის შემდეგ „ძირს ჩამოვიდა“). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცხოველებს „სამსხვერპლოს ჩრდილოეთით“ (ლვ. 1:11) კლავდნენ, ხოლო სამსხვერპლოდან აღებული ქონნარევი ნაცრისთვის განკუთვნილი ადგილი აღმოსავლეთით იყო (ლვ. 1:16) და დასაბანად დამზადებული სპილენძის აუზი დასავლეთით (გმ. 30:18), სამსხვერპლოს მისასვლელი სამხრეთიდან ექნებოდა.
საკმევლის სამსხვერპლო. საკმევლის სამსხვერპლოც (იგივე „ოქროს სამსხვერპლო“ [გმ. 39:38]) აკაციის ხისგან იყო დამზადებული, მისი ზედაპირი და გვერდები ოქროთი იყო მოვარაყებული და ზედა კიდეზე ოქროს არშია ჰქონდა შემოვლებული. იგი კვადრატული იყო, თითო გვერდის სიგრძე 44,5 სმ-ს შეადგენდა, ხოლო სიმაღლე — 89 სმ-ს. მასაც ოთხივე კუთხეში რქები ჰქონდა ამოშვერილი. მის ორ მოპირდაპირე გვერდზე ოქროს არშიის ქვემოთ მიმაგრებული იყო ორ-ორი ოქროს რგოლი ოქროთი მოვარაყებული აკაციის კეტების გასაყრელად (გმ. 30:1—5; 37:25—28). ამ სამსხვერპლოზე საკმეველს დღეში ორჯერ, დილა-საღამოს აკმევდნენ (გმ. 30:7—9, 34—38). სხვა მუხლებში ის აზრიც გვხვდება, რომ საკმეველს სასაკმევლით ანუ საცეცხლურით აკმევდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი საკმევლის სამსხვერპლოსგან დამოუკიდებლად არ გამოიყენებოდა (ლვ. 16:12, 13; ებ. 9:4; გმც. 8:5; შდრ. 2მტ. 26:16, 19). საკმევლის სამსხვერპლო კარავში იდგა წმინდათაწმინდის ფარდის წინ. ამიტომ წერია, რომ ის „მოწმობის კიდობნის წინ“ იყო (გმ. 30:1, 6; 40:5, 26, 27).
კარვის სამსხვერპლოების განწმენდა და გამოყენება. მღვდლობის დაწესების ცერემონიის დროს დასაწვავი შესაწირავისა და საკმევლის სამსხვერპლოებს ზეთი სცხეს და განწმინდეს (გმ. 40:9, 10). ამ ცერემონიის დროს შეწირული ცხოველის სისხლი მოსემ დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს რქებს წაუსვა, დარჩენილი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარა. მსგავსი პროცედურა სრულდებოდა ზოგიერთი ცოდვის შესაწირავის აღვლენისას (გმ. 29:12; ლვ. 8:15; 9:8, 9). ამ ცერემონიის დასასრულს მოსემ საცხები ზეთი და სამსხვერპლოდან აღებული სისხლი აარონს, მის ვაჟებს და მათ ტანსაცმელს შეასხურა (ლვ. 8:30). დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს განწმენდა მთლიანობაში შვიდ დღეს გაგრძელდა (გმ. 29:37). დასაწვავი შესაწირავის, მშვიდობის მსხვერპლისა და დანაშაულის შესაწირავის აღვლენისას მღვდლები ცხოველების სისხლს სამსხვერპლოს ასხურებდნენ, ხოლო ფრინველების სისხლს სამსხვერპლოს გვერდზე ასხურებდნენ და შემდეგ მის ძირას წრეტდნენ (ლვ. 1:5—17; 3:2—5; 5:7—9; 7:2). მღვდლები მარცვლეულ შესაწირავსაც სამსხვერპლოზე აბოლებდნენ როგორც „დამამშვიდებელ სურნელებას იეჰოვასთვის“ (ლვ. 2:2—12). მორჩენილ მარცვლეულ შესაწირავს მღვდელმთავარი და მისი ვაჟები სამსხვერპლოსთან ჭამდნენ (ლვ. 10:12). ყოველწლიურად, გამოსყიდვის დღეს, სამსხვერპლოს განსაწმენდად მღვდელმთავარი შეწირული ცხოველების სისხლს სამსხვერპლოს რქებს სცხებდა, თვითონ სამსხვერპლოს კი შვიდჯერ ასხურებდა (ლვ. 16:18, 19).
შესაწირი ცხოველის ზოგიერთი ნაწილი სამსხვერპლოზე უნდა დაეწვათ, რომელზეც ცეცხლი არასოდეს უნდა ჩამქრალიყო (ლვ. 6:9—13). საკმევლის საკმევად ცეცხლს სამსხვერპლოდან იღებდნენ (რც. 16:46). სამსხვერპლოსთან მსახურება მხოლოდ აარონსა და მის შთამომავლებს შეეძლოთ, რომლებსაც ფიზიკური ნაკლი არ ჰქონდათ (ლვ. 21:21—23). სხვა ლევიანები მხოლოდ მათი დამხმარეები იყვნენ. თუ ვინმე აარონის შთამომავლების გარდა სამსხვერპლოს გაეკარებოდა, სიკვდილით დაისჯებოდა (რც. 16:40; 18:1—7). კორახმა და მისმა კრებულმა არად ჩააგდეს ღვთის ეს მითითება და სიკვდილით დაისაჯნენ. მათი სპილენძის საცეცხლურებისგან თხელი ფირფიტები გააკეთეს და სამსხვერპლო მოჭედეს, რაც ყველას შეახსენებდა, რომ აარონის შთამომავლების გარდა მას არავინ უნდა გაჰკარებოდა (რც. 16:1—11, 16—18, 36—40).
წელიწადში ერთხელ ოქროს საკმევლის სამსხვერპლოს გამოსყიდვაც მის რქებზე სისხლის ცხებით ხდებოდა. იგივე პროცედურა სრულდებოდა მაშინაც, როცა ცოდვის შესაწირავი სამღვდელოებისთვის აღევლინებოდა (გმ. 30:10; ლვ. 4:7).
ვიდრე კეჰათის ძეები ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანდნენ, საკმევლის სამსხვერპლოს ლურჯ ქსოვილსა და სელაპის ტყავს აფარებდნენ, დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს კი — მოშინდისფრო შალსა და სელაპის ტყავს (რც. 4:11—14; იხ. ᲙᲐᲠᲐᲕᲘ №2).
ტაძრის სამსხვერპლოები. სოლომონის ტაძრის მიძღვნამდე მსხვერპლი იწირებოდა უდაბნოში დამზადებულ სპილენძის სამსხვერპლოზე, რომელიც გაბაონის მაღლობზე იდგა (1მფ. 3:4; 1მტ. 16:39, 40; 21:29, 30; 2მტ. 1:3—6). ტაძრისთვის დამზადებული სპილენძის სამსხვერპლო ზომით 16-ჯერ აღემატებოდა კარვის სამსხვერპლოს. მისი თითო გვერდის სიგრძე 8,9 მ იყო, ხოლო სიმაღლე — 4,5 მ (2მტ. 4:1). თუ გავითვალისწინებთ მის სიმაღლეს, მას ასასვლელი დასჭირდებოდა. მაგრამ ღვთის კანონით სამსხვერპლოსთვის საფეხურების გაკეთება იკრძალებოდა, რათა მღვდლებს სასირცხო ადგილები არ გამოსჩენოდათ (გმ. 20:26). ზოგი ფიქრობს, რომ სელის საცვლები, რომლებიც აარონსა და მის ვაჟებს ეცვათ, გამორიცხავდა მათი სიშიშვლის გამოჩენას, ამიტომ სამსხვერპლოსთვის საფეხურების გაკეთებით არაფერი დაშავდებოდა (გმ. 28:42, 43). როგორც ჩანს, დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოსთან ასასვლელად დახრილი ბაქანი იყო გაკეთებული. იოსებ ფლავიუსი გვამცნობს, რომ ჰეროდეს მიერ აგებული ტაძრის სამსხვერპლოსაც ასეთივე ასასვლელი ჰქონდა („იუდეველთა ომი“, V, 225 [v, 6], ინგლ.). თუ ტაძრის სამსხვერპლოც ისე იდგა, როგორც კარვის სამსხვერპლო, მაშინ ასასვლელი მასაც სამხრეთით ექნებოდა. სპილენძის ზღვა, რომელსაც მღვდლები დასაბანად იყენებდნენ, მათთვის ადვილად მისადგომი იქნებოდა, რადგან ისიც სამხრეთით იდგა (2მტ. 4:2—5, 9, 10). ბიბლია დეტალურად არ აღგვიწერს ტაძრის სამსხვერპლოს. როგორც ჩანს, ის კარვის სამსხვერპლოს ნიმუშის მიხედვით იყო აგებული.
ტაძრის სამსხვერპლო მორიას მთაზე იდგა, იქ, სადაც ადრე დავითმა ააგო სამსხვერპლო (2სმ. 24:21, 25; 1მტ. 21:26; 2მტ. 8:12; 15:8). გადმოცემის თანახმად, ეს ის ადგილი იყო, სადაც აბრაამი ისაკს სწირავდა (დბ. 22:2). მსხვერპლად შეწირული ცხოველების სისხლი სამსხვერპლოს ძირას იღვრებოდა. სამსხვერპლოსთან, როგორც ჩანს, იყო არხი, რომლითაც სისხლი ტაძრის ტერიტორიის გარეთ გაედინებოდა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ჰეროდეს ტაძრის ტერიტორიაზეც იყო მსგავსი სადინარი, რომელიც სამსხვერპლოს სამხრ.-დას. რქაზე იყო მიერთებული. ტაძრის სიახლოვეს კლდეში აღმოაჩინეს ხვრელი, რომელიც კედრონის ხევამდე მიმავალ მიწისქვეშა არხს უერთდებოდა.
ტაძრის საკმევლის სამსხვერპლო კედრის ხისგან იყო დამზადებული. მხოლოდ ამით განსხვავდებოდა ის კარვის სამსხვერპლოსგან. ტაძრის საკმევლის სამსხვერპლოც ოქროთი იყო მოვარაყებული (1მფ. 6:20, 22; 7:48; 1მტ. 28:18; 2მტ. 4:19).
ტაძრის მიძღვნის დროს სოლომონმა ლოცვა აღავლინა დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოს წინ. როგორც კი ლოცვა დაასრულა, ცეცხლი ჩამოვიდა ზეციდან და სამსხვერპლოდან შესაწირავი შთანთქა (2მტ. 6:12, 13; 7:1—3). მართალია სპილენძის სამსხვერპლოს ფართობი 79 მ2 იყო, მაგრამ საკლავის სიმრავლის გამო საჭირო გახდა შუა ეზოს განწმენდა, რათა მსხვერპლის ნაწილი იქაც შეეწირათ (1მფ. 8:62—64).
სოლომონის მეფობის ბოლოს და რობოამისა და აბიამის მეფობის წლებში უპატრონოდ მიგდებული დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო მეფე ასამ აღადგინა (2მტ. 15:8). როცა მეფე უზიამ ოქროს საკმევლის სამსხვერპლოზე საკმევლის კმევა სცადა, კეთრი შეეყარა (2მტ. 26:16—19). მეფე ახაზმა დასაწვავი შესაწირავის სპილენძის სამსხვერპლო გადაადგილა და მის ადგილას წარმართული სამსხვერპლო დადგა (2მფ. 16:14). მისმა ვაჟმა ხიზკიამ მამამისისგან განსხვავებით სპილენძის სამსხვერპლო თავისი მოწყობილობითურთ განწმინდა და მასზე მსხვერპლშეწირვა განაახლა (2მტ. 29:18—24, 27; იხ. ᲢᲐᲫᲐᲠᲘ).
სამსხვერპლოები ბაბილონის ტყვეობის შემდეგ. პირველი, რაც იერუსალიმში ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა ააშენეს ზერუბაბელისა და მღვდელმთავარ იეშუას ხელმძღვანელობით, დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო იყო (ეზრ. 3:2—6). დროთა განმავლობაში მათ საკმევლის სამსხვერპლოც დაამზადეს.
სირიის მეფე ანტიოქე ეპიფანემ ოქროს საკმევლის სამსხვერპლო წაიღო და ორი წლის შემდეგ (ძვ. წ. 168 წ.) იეჰოვას დიდ სამსხვერპლოს სხვა სამსხვერპლო დააშენა და მასზე ზევსს შესწირა მსხვერპლი (1 მაკაბელები 1:20—64, სსგ). მოგვიანებით იუდა მაკაბელმა გაუთლელი ქვებისგან ახალი სამსხვერპლო ააგო და საკმევლის სამსხვერპლოც აღადგინა (1 მაკაბელები 4:44—49, სსგ).
ჰეროდეს ტაძრის დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოც გაუთლელი ქვებისგან იყო აგებული. იოსებ ფლავიუსი იუწყება, რომ მისი თითოეული გვერდის სიგრძე 50 წყრთა იყო და სიმაღლე 15 წყრთა, თუმცა იუდეველთა მიშნას (მიდოთი 3:1) მიხედვით, ის ზომით უფრო პატარა იყო („იუდეველთა ომი“, V, 225 [v, 6], ინგლ). იესომ სწორედ ეს სამსხვერპლო იგულისხმა ქადაგებისას (მთ. 5:23, 24; 23:18—20). ბიბლია არ აღგვიწერს, როგორ გამოიყურებოდა ჰეროდეს ტაძრის საკმევლის სამსხვერპლო. ლუკას 1:11-ში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ანგელოზი სამსხვერპლოს მარჯვნივ იდგა, როცა იოანეს მამას, ზაქარიას გამოეცხადა.
ეზეკიელის ტაძრის სამსხვერპლო. ეზეკიელის ხილვაში დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო ტაძრის წინ იდგა (ეზკ. 40:47). სხვა სამსხვერპლოებისგან ის მხოლოდ ფორმით განსხვავდებოდა. იგი ტერასისებრი იყო და გრძელი წყრთით (51,8 სმ) იყო გაზომილი. მისი ძირი სიმაღლით ერთი წყრთა იყო და შემოსაზღვრული იყო ერთმტკაველიანი (შესაძლოა 26 სმ) შემაღლებული კიდით, რომელიც ერთგვარ არხს ქმნიდა და რომელშიც, სავარაუდოდ, სისხლი ჩაედინებოდა (ეზკ. 43:13, 14). ძირს ზემოდან ედგა ერთი წყრთით შიგნით შეჭრილი ნაწილი, რომელიც სიმაღლით ორი წყრთა (დაახლ. 104 სმ) იყო. მესამე ნაწილიც, რომლის სიმაღლე ოთხ წყრთას (დაახლ. 207 სმ) შეადგენდა, ერთი წყრთით იყო შეჭრილი. ისიც შემოსაზღვრული იყო ნახევარწყრთიანი (დაახლ. 26 სმ) კიდით, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ ერთ არხს ანუ დამცავ ზღუდეს ქმნიდა. სამსხვერპლოს ზედა ნაწილი, საცეცხლე, სიმაღლით ოთხი წყრთა იყო და ერთი წყრთით იყო შეჭრილი. მასზე ოთხი რქა იყო ამოშვერილი. საცეცხლესთან ასასვლელად სამსხვერპლოს აღმოსავლეთიდან საფეხურები ჰქონდა მიდგმული (ეზკ. 43:14—17). ამ სამსხვერპლოს გამოსყიდვა და განწმენდა უდაბნოში აღმართული სამსხვერპლოს მსგავსად შვიდ დღეს უნდა გაგრძელებულიყო (ეზკ. 43:19—26). ყოველწლიურად, ნისანის პირველ დღეს სამსხვერპლოსა და მთელი საწმინდრის გამოსყიდვა უნდა შესრულებულიყო (ეზკ. 45:18, 19). სამკურნალო წყალი ტაძრის აღმოსავლეთით და შესაბამისად, სამსხვერპლოს სამხრეთით მიედინებოდა (ეზკ. 47:1).
ეზეკიელის ხილვაში კიდევ ერთი სამსხვერპლოა მოხსენიებული, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, იყო თუ არა ეს საკმევლის სამსხვერპლო. ეზეკიელის 41:22-ში მოხსენიებული „ხის სამსხვერპლოს“ აღწერილობა, რომელსაც აგრეთვე ეწოდება „მაგიდა, რომელიც იეჰოვას წინაშეა“, იმაზე მიუთითებს, რომ ეს სამსხვერპლო საკმევლის სამსხვერპლო იყო და არა წარსადგენი პურის მაგიდა (შდრ. გმ. 30:6, 8; 40:5; გმც. 8:3). მისი სიმაღლე სამი წყრთა (დაახლ. 155 სმ) იყო, ხოლო მისი ყოველი გვერდი — სავარაუდოდ, ორი წყრთა (დაახლ. 104 სმ).
სხვა სამსხვერპლოები. წარღვნის შემდეგ ხალხი, თუ არ ჩავთვლით ნოესა და მის ოჯახს, თაყვანს არ სცემდა ჭეშმარიტ ღმერთს, ამიტომ ცრუღმერთებს მრავალ სამსხვერპლოს უგებდნენ. ქანაანში, შუამდინარეთსა თუ სხვა ტერიტორიებზე წარმოებულმა გათხრებმა ცხადყო, რომ ხალხი ოდითგანვე აგებდა სამსხვერპლოებს. ბალაამმა შვიდი სამსხვერპლო ააგებინა ბალაკს სამ სხვადასხვა ადგილას ისრაელის დასაწყევლად, თუმცა მისი გეგმა ჩაიფუშა (რც. 22:40, 41; 23:4, 14, 29, 30).
ისრაელებს ღვთის ბრძანების თანახმად წარმართული სამსხვერპლოები უნდა დაენგრიათ და მათ გვერდით აღმართული წმინდა ბოძები და სვეტები დაემტვრიათ (გმ. 34:13; კნ. 7:5, 6; 12:1—3). ისრაელებს არ უნდა მიებაძათ წარმართი ქანაანელებისთვის და თავიანთი შვილები ცეცხლში არ უნდა დაეწვათ (კნ. 12:30, 31; 16:21). მათ მხოლოდ ერთი სამსხვერპლო უნდა ჰქონოდათ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანსაცემად და ისიც მხოლოდ იმ ადგილზე, რომელსაც იეჰოვა ამოირჩევდა (კნ. 12:2—6, 13, 14, 27; ბაბილონელებმა მხოლოდ ქალღმერთ იშთარს 180 სამსხვერპლო აუგეს). ისრაელებს იორდანის გადაკვეთის შემდეგ გაუთლელი ქვებით უნდა აეგოთ სამსხვერპლო (კნ. 27:4—8), რაც იესო ნავეს ძემ გააკეთა კიდეც ებალის მთაზე (იეს. 8:30—32). დაპყრობილი მიწის განაწილების შემდეგ რეუბენისა და გადის ტომებმა და მენაშეს ტომის ნახევარმა დიდი, შთამბეჭდავი სამსხვერპლო ააგეს იორდანესთან, რამაც სხვა ტომები აღაშფოთა. საბოლოოდ გაირკვა, რომ სამსხვერპლო ააგეს არა იმიტომ, რომ ღმერთს განუდგნენ, არამედ იმის ნიშნად, რომ იეჰოვას, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულები იქნებოდნენ (იეს. 22:10—34).
სამსხვერპლოებს ზოგჯერ განსაკუთრებულ შემთხვევებშიც აგებდნენ, ოღონდ არა მუდმივი გამოყენებისთვის, მაგალითად მაშინ, როცა ანგელოზი გამოეცხადებოდათ ან მისგან მიიღებდნენ ასეთ მითითებას. ამის მაგალითებია ბოქიმში აგებული სამსხვერპლო და გედეონისა და მანოახის მიერ აგებული სამსხვერპლოები (მსჯ. 2:1—5; 6:24—32; 13:15—23). იმ ბიბლიური მონაკვეთიდან, რომელიც ბენიამინის ტომის გადაშენების თავიდან ასარიდებლად ბეთელში სამსხვერპლოს აგების შესახებ მოგვითხრობს, არ ჩანს, ეს ღვთის მითითებით მოხდა თუ იმიტომ, რომ იმ დროს „ვისაც რა მიაჩნდა სწორად, იმას აკეთებდა“ (მსჯ. 21:4, 25). როგორც ღვთის წარმომადგენელმა, სამუელმა ღმერთს მსხვერპლი შესწირა მიცფაში და სამსხვერპლო აუგო რამაში (1სმ. 7:5, 9, 10, 17). ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ შილოში მდგარი კარვიდან კიდობნის წაღების შემდეგ იეჰოვას იქ ყოფნაზე აღარაფერი მოწმობდა (1სმ. 4:4, 11; 6:19—21; 7:1, 2; შდრ. ფს. 78:59—64).
დროებითი სამსხვერპლოები. ზოგჯერ სამსხვერპლოებს დროებითი გამოყენებისთვის აგებდნენ. მაგალითად, საულმა გილგალში მსხვერპლი შესწირა და აიალონში სამსხვერპლო ააგო (1სმ. 13:7—12; 14:33—35). პირველ შემთხვევაში საული სამუელმა იმის გამო გაკიცხა, რომ არ დაელოდა მას და თავად შესწირა მსხვერპლი, და არა იმიტომ, რომ მსხვერპლის შესაწირავად შეუფერებელი ადგილი შეარჩია.
ერთხელ დავითმა იონათანს სთხოვა, ახალმთვარობისას მეფის სუფრასთან მისი არყოფნის მიზეზი საულისთვის იმით აეხსნა, რომ ის ბეთლემში იყო წასული ოჯახთან ერთად ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირავად. ვინაიდან ეს თავის დასაძვრენად მოყვანილი მიზეზი იყო, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მართლა აპირებდა თუ არა დავითი ოჯახთან ერთად მსხვერპლის შეწირვას (1სმ. 20:6, 28, 29). გამეფების შემდეგ დავითმა არავნას (ორნანი) კალოზე იეჰოვას მითითებით სამსხვერპლო აღმართა (2სმ. 24:18—25; 1მტ. 21:18—26; 22:1). 1 მეფეების 9:25-ში ნათქვამია, რომ სოლომონი სამსხვერპლოზე სწირავდა მსხვერპლს. სინამდვილეში კი მსხვერპლს უფლებამოსილი მღვდლები სწირავდნენ სოლომონის ინიციატივით (შდრ. 2მტ. 8:12—15).
იერუსალიმში ტაძრის აგების შემდეგ სამსხვერპლო იეჰოვას არჩეულ ადგილზე აღმართეს (კნ. 12:5). თუ არ ჩავთვლით ელიას მიერ ქარმელის მთაზე აგებულ სამსხვერპლოს, რომელიც მან ბაალის წინასწარმეტყველებთან დაპირისპირების დროს ააგო (1მფ. 18:26—35), სხვა სამსხვერპლოების აგების ერთადერთი მიზეზი განდგომილება იყო. პირველი განდგომილი, რომელმაც ცრუღმერთებს სამსხვერპლო აუგო, უცხოელ ცოლებს აყოლილი სოლომონი გახდა (1მფ. 11:3—8). ახლად ჩამოყალიბებული ჩრდილოეთი სამეფოს მეფე იერობოამმა ბეთელსა და დანში სამსხვერპლოები აღმართა, რათა მის ქვეშევრდომებს იერუსალიმის ტაძარში აღარ ევლოთ (1მფ. 12:28—33). ერთმა ღვთის კაცმა იწინასწარმეტყველა, რომ იუდას მეფე იოშიას მეფობის დროს ბეთელის სამსხვერპლოსთან მომსახურე მღვდლებს დახოცავდნენ და ადამიანთა ძვლებს ამ სამსხვერპლოზე დაწვავდნენ. იმის ნიშნად, რომ მისი სიტყვები უსათუოდ შესრულდებოდა, სამსხვერპლო დაიშალა, მისი წინასწარმეტყველება კი მოგვიანებით ზედმიწევნით შესრულდა (1მფ. 13:1—5; 2მფ. 23:15—20; შდრ. ამ. 3:14).
ახაბის მეფობის დროს ისრაელში წარმართული სამსხვერპლოები მომრავლდა (1მფ. 16:31—33). იუდას მეფე ახაზის დროს სამსხვერპლოები „იერუსალიმის ყოველ კუთხეში დაიდგა“ და მაღლობები მოეწყო (2მტ. 28:24, 25). მენაშემ კი სამსხვერპლოები თვით იეჰოვას სახლში ააგო, ხოლო იეჰოვას სახლის ეზოში ცის ლაშქარს აღუმართა სამსხვერპლოები (2მფ. 21:3—5).
ერთგული მეფეები დროდადრო წარმართულ სამსხვერპლოებს ანადგურებდნენ (2მფ. 11:18; 23:12, 20; 2მტ. 14:3; 30:14; 31:1; 34:4—7), თუმცა აი, როგორ აღწერს იერემია იერუსალიმში არსებულ მდგომარეობას: „რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდა, და რამდენი ქუჩაც არის იერუსალიმში, იმდენ სამსხვერპლოს უდგამთ სამარცხვინოს; დგამთ სამსხვერპლოებს ბაალისთვის შესაწირავის ასაბოლებლად“ (იერ. 11:13).
ბაბილონში გადასახლების პერიოდში და მოციქულების დროს. ელეფანტინის პაპირუსის ცნობის თანახმად, ბაბილონში გადასახლების პერიოდში იმ ებრაელებმა, რომლებიც ელეფანტინეში (ზემო ეგვიპტე) გაიქცნენ, ტაძარი და სამსხვერპლო ააგეს. საუკუნეების შემდეგ იგივე გააკეთეს ლეონტოპოლისის მახლობლად მცხოვრებმა ებრაელებმაც („იუდეველთა სიძველენი“, წ. XIII, თ. 3, აბზ. 1; „იუდეველთა ომი“, VII, 420-432 [x, 2, 3], ინგლ.). ლეონტოპოლისის მახლობლად ტაძარი და სამსხვერპლო მღვდელმა ონიასმა ააგო იმ განზრახვით, რომ ესაიას 19:9, 20-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება შესრულებულიყო.
ახ. წ. I საუკუნეში ათენელებთან მსჯელობისას პავლე მოციქულმა მოიხსენია სამსხვერპლო, რომელზეც ეწერა „უცნობ ღმერთს“ (სქ. 17:23). ამ სამსხვერპლოს არსებობის არაერთი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს. აპოლონიოს ტიანელს, რომელიც პავლეს შემდეგ სტუმრობდა ათენს, უთქვამს: „დიდი სიბრძნისა და გამჭრიახობის მაჩვენებელია ყველა ღმერთის განდიდება, განსაკუთრებით ათენში, სადაც სამსხვერპლოები უცნობი ღმერთების სახელზეც კია აგებული“ (ფილოსტრატე, The Life of Apollonius of Tyana, VI, III). ახ. წ. II საუკუნეში მოღვაწე გეოგრაფი პავსანია ამბობდა, რომ ფალერონის ყურიდან ათენისკენ მიმავალმა გზად ნახა უცნობი ღმერთებისა და გმირების სამსხვერპლოები. მან უცნობი ღმერთების სამსხვერპლოები ოლიმპიაშიც ნახა (Description of Greece, ატიკა, I, 4; ელიდა I, XIV, 8). ამგვარი სამსხვერპლო 1909 წელს პერგამონშიც აღმოაჩინეს დემეტრას ტაძართან ახლოს.
სამსხვერპლოების მნიშვნელობა. „ებრაელების“ მე-8 და მე-9 თავებში პავლე მოციქულმა ახსნა, რომ ტაძრისა თუ კარვის ყველა მოწყობილობას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა (ებ. 8:5; 9:23). ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ნათელს ჰფენს ორივე სამსხვერპლოს მნიშვნელობას. დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო განასახიერებდა ღვთის ნებას, კერძოდ მის მზადყოფნას, მიეღო თავისი მხოლოდშობილი ძის სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე (ებ. 10:5—10). ის ფაქტი, რომ ეს სამსხვერპლო საწმინდრის შესასვლელის წინ იდგა, იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აუცილებელი წინაპირობა გამოსასყიდისადმი რწმენაა (ინ. 3:16—18). ღვთის მოთხოვნა, რომ დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო ერთი ყოფილიყო, შეესაბამება იესოს სიტყვებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“, აგრეთვე ბევრ სხვა მუხლს, სადაც ქრისტიანული რწმენის ერთიანობაზეა საუბარი (ინ. 14:6; მთ. 7:13, 14; 1კრ. 1:10—13; ეფ. 4:3—6; იხ. აგრეთვე წინასწარმეტყველება ესაიას 56:7-სა და 60:7-ში, სადაც ნათქვამია, რომ ხალხი ყველა ერიდან ღვთის სამსხვერპლოსთან შეგროვდებოდა).
მართალია ზოგი გადარჩენის იმედით სამსხვერპლოსთან გარბოდა და მის რქებს ეჭიდებოდა, ღვთის კანონში გარკვევით იყო ნათქვამი, რომ განზრახ მკვლელობის ჩამდენი სამსხვერპლოდანაც კი უნდა წაეყვანათ მოსაკლავად (გმ. 21:14; შდრ. 1მფ. 1:50—53; 2:28—34). ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „უდანაშაულობით დავიბან ხელს და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, იეჰოვა“ (ფს. 26:6).
ფსევდოქრისტიანები სამსხვერპლოების (საკურთხეველი) მოწყობას, როგორც წესი, ებრაელების 13:10-ით ამართლებენ, თუმცა კონტექსტიდან ჩანს, რომ პავლე სამსხვერპლოს აქ სიმბოლური მნიშვნელობით მოიხსენიებს (ებ. 13:10—16). მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: «ძველ აპოლოგეტებს ტაძრების, სამსხვერპლოებისა და სამლოცველოების უქონლობაში ადანაშაულებდნენ, რაზეც ისინი ასე პასუხობდნენ: „სამლოცველოები და სამსხვერპლოები ჩვენ არ გვაქვს“» (Cyclopædia, 1882, ტ. 1, გვ. 183). ერთ ნაშრომში ებრაელების 13:10-ის შესახებ ნათქვამია: „არ იქნებოდა მართებული ქრისტიანობაში რომელიმე კონკრეტული საგანი, მაგალითად, ჯვარი, საკურთხევლის ტრაპეზი, ან თუნდაც ქრისტე სამსხვერპლოსთან დაგვეკავშირებინა. ღმერთთან დაახლოების ისეთი საშუალებები, როგორიცაა მსხვერპლი, გამოსყიდვა, მონანიება, მიტევება და ხსნა სიმბოლურ სამსხვერპლოში ერთიანდება, რადგან თავად იუდეველთა ცნობიერებაში სამსხვერპლო ამ ყველაფერს მოიცავდა“ (Word Studies in the New Testament, მ. ვინსენტი, 1957, ტ. IV, გვ. 567). სამსხვერპლოების მომრავლებას ებრაელი წინასწარმეტყველები მკაცრად განსჯიდნენ (ეს. 17:7, 8). ოსია ამბობდა: „ცოდვის ჩასადენად ამრავლებს ეფრემი სამსხვერპლოებს“ (ოს. 8:11; 10:1, 2, 8; 12:11). იერემიას თქმით, იუდას ცოდვა „მათი სამსხვერპლოების რქებზე“ იყო ამოტვიფრული (იერ. 17:1, 2), ეზეკიელის წინასწარმეტყველების თანახმად კი ცრუთაყვანისმცემლები თავიანთი „სამსხვერპლოების გარშემო“ გაიჟლიტებოდნენ (ეზკ. 6:4—6, 13).
სამსხვერპლოს აგრეთვე წინასწარმეტყველურად უკავშირდება ღვთის სამსჯავრო (ეს. 6:5—12; ეზკ. 9:2; ამ. 9:1). იოანე მოციქულმა ხილვაში ღვთის სიტყვისა და დამოწმების საქმის გამო სამსხვერპლოს ძირთან დახოცილთა სულები ნახა, რომლებიც ღმერთს სიმბოლურად შეღაღადებდნენ: „უზენაესო უფალო, წმინდაო და ჭეშმარიტო, როდემდე უნდა იკავებდე თავს გასამართლებისგან და დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის შურისძიებისგან?“ (გმც. 6:9, 10; შდრ. გმც. 8:5; 11:1; 16:7).
გამოცხადების 8:3, 4-ში ოქროს საკმევლის სამსხვერპლო უშუალოდ მართალთა ლოცვებთან არის დაკავშირებული. იუდეველებს წესად ჰქონდათ ლოცვა „საკმევლის კმევის საათს“ (ლკ. 1:9, 10; შდრ. ფს. 141:2). ის ფაქტი, რომ საკმევლის სამსხვერპლოც ერთი უნდა ყოფილიყო, იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთთან დასაახლოებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რაც თვალნათლივ ჩანს ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან (ინ. 10:9; 14:6; 16:23; ეფ. 2:18—22; იხ. ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲔᲑᲘ).