ამოსი (ბიბლიის წიგნი)
ბიბლიის ამ წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველება უშუალოდ ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს ეხებოდა. როგორც ჩანს, ის პირველად ამოსმა სიტყვიერად წარმოთქვა ისრაელის მეფე იერობოამისა (II) და იუდას მეფე უზიას დროს, რომლებიც ძვ. წ. 829 წლიდან დაახლ. 804 წლამდე ერთდროულად მეფობდნენ (ამ. 1:1). როგორც ჩანს, იუდაში დაბრუნების შემდეგ, დაახლ. ძვ. წ. 804 წელს, ამოსმა ეს წინასწარმეტყველება დაწერა. წინასწარმეტყველზე მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ სტატია ამოსი №1.
წიგნის კანონიკურობა სადავო არასდროს გამხდარა. იუდეველები მას უძველესი დროიდან აღიარებდნენ. ის ადრინდელ ქრისტიანულ კატალოგებშიც გვხვდება. ახ. წ. მეორე საუკუნეში მოღვაწე იუსტინე წამებული ამოსის წიგნიდან ციტირებდა თავის ნაშრომში „დიალოგი ტრიფონ იუდეველთან“ (თ. XXII). თავად წიგნი ჰარმონიულად ერწყმის ბიბლიის დანარჩენ წიგნებს, რასაც ცხადყოფს მწერლის მიერ მოსეს კანონიდან თუ ბიბლიური ისტორიიდან მოყვანილი არაერთი ფაქტი (ამ. 1:11; 2:8—10; 4:11; 5:22, 25; 8:5). პირველი საუკუნის ქრისტიანები ამოსის წიგნს ღვთივშთაგონებულად მიიჩნევდნენ. მაგალითად, სტეფანემ (სქ. 7:42, 43; ამ. 5:25—27) და იესოს ნახევარძმა იაკობმა (სქ. 15:13—19; ამ. 9:11, 12) აღნიშნეს ზოგიერთი წინასწარმეტყველების შესრულება.
სხვა ისტორიული ფაქტებიც ადასტურებს წინასწარმეტყველის სიტყვების სანდოობას. ისტორიიდან ჩანს, რომ ამოსის მიერ გასამართლებული ყველა ერი ცეცხლით განადგურდა. ძვ. წ. 740 წელს კარგად გამაგრებულ სამარიას ალყა შემოარტყეს და დაიპყრეს. ამოსის წინასწარმეტყველების თანახმად, ასურეთის ჯარმა სამარიის მოსახლეობა „დამასკოს იქით“ გადაასახლა (ამ. 5:27; 2მფ. 17:5, 6). სამხრეთით მდებარე იუდაზეც აღსრულდა სასჯელი და ის ძვ. წ. 607 წელს გაანადგურეს (ამ. 2:5). გამართლდა ამოსის პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვები და ძვ. წ. 537 წელს ისრაელიდან და იუდადან გადასახლებულთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა თავიანთი ქალაქების აღსადგენად (ამ. 9:14; ეზრ. 3:1).
ბიბლიური არქეოლოგიაც ადასტურებს, რომ ამოსი თავისი დროის ჭეშმარიტი მემატიანე იყო. ის ზუსტად აღწერს მდიდრების შთამბეჭდავ ფუფუნებას, „სპილოს ძვლის სახლებსა“ და „სპილოს ძვლის ტახტებს“ (ამ. 3:15; 6:4). ამ აღმოჩენების შეფასებისას ჯეკ ფინეგანმა აღნიშნა: „განსაკუთრებით საინტერესოა სამარიის გათხრების დროს უამრავი სპილოს ძვლის ნაკეთობის აღმოჩენა. ეს არის ძირითადად დეკორატიული და მოსაპირკეთებელი ფილები, რომლებიც, სავარაუდოდ, ოდესღაც ავეჯის ან კედლის ჩუქურთმა იყო“ (Light From the Ancient Past, 1959, გვ. 187, 188).
იეჰოვას სულმა აღძრა ამოსი, რომ ღვთის წინასწარმეტყველისთვის შესაფერისი უბრალო, პირდაპირი და ხატოვანი ენა გამოეყენებინა. მან გამოიყენა უბრალო, ძლიერი და აზრიანი სიტყვები, რათა განათლებულ თუ გაუნათლებელ ადამიანებს ადვილად გაეგოთ მისი სათქმელი. ამოსი იყენებდა მრავალფეროვან, მათ შორის სოფლის ცხოვრებასთან დაკავშირებულ მაგალითებს, რათა მისი ცნობა უფრო ცოცხალი და ქმედითი ყოფილიყო (ამ. 2:13; 4:2; 9:9). წიგნში ზუსტად არის აღწერილი ისტორიული მოვლენები (1:9, 11, 13; 4:11). აგრეთვე, მოხსენიებულია გავრცელებული ჩვეულებები (2:8; 6:4—6). ის კარგად არის შედგენილი და განსაზღვრული ფორმა და მიზანი აქვს.
ამოსმა, როგორც იეჰოვას ერთ-ერთმა მსახურმა, განადიდა ყოვლისშემძლის სიტყვა და სახელი, სიმართლე და უზენაესობა. ის აღწერს, რომ „უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ უსაზღვროდ დიდებულია და მის თვალსა და ძალას ვერავინ დაემალება (ამ. 9:2—5). იეჰოვას ბრძანებებს ემორჩილება მზე, მთვარე, თანავარსკვლავედები და ბუნების ძალები (5:8; 8:9). ამგვარად, ღვთისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს იმის ჩვენება, რომ ერებზე აღმატებულია (1:3—5; 2:1—3; 9:7).
ამოსმა გაამართლა თავისი სახელის მნიშვნელობა და წარმართ ერებს, აგრეთვე იუდასა და ისრაელს დამამწუხრებელი და მამხილებელი ცნობა გაუცხადა. ის აგრეთვე აცხადებდა სამშობლოში დაბრუნების შესახებ მანუგეშებელ ცნობას, რაზეც იეჰოვას ერთგულები დაამყარებდნენ იმედს.
[ჩარჩო 100 გვერდზე]
მნიშვნელოვანი აზრები ამოსიდან
წინასწარმეტყველება, ძირითადად, ეხება ისრაელის ჩრდილოეთ ათტომიან სამეფოს, რომლის ტერიტორიაზეც დანი და ბეთელი ხბოს თაყვანისმცემლობის ცენტრები იყო.
დაიწერა დაახლ. ძვ. წ. 804 წელს ისრაელში იერობოამ II-ის მეფობის დროს.
იეჰოვას განაჩენი აუცილებლად აღსრულდება მეზობელ ერებზეც და ისრაელზეც (1:1—2:16)
სირია, ფილისტიმი და ტვიროსი განადგურდება ისრაელისადმი უმოწყალო მოპყრობისთვის;
ედომი (ესავის შთამომავლები) და ამონი (ლოტის შთამომავლები) — თავისი ძმების, ისრაელისადმი სიძულვილისა და ცუდი მოპყრობისთვის, მოაბი კი იმისთვის, რომ კირისთვის წვავდა ედომის მეფის ძვლებს;
იუდა — იეჰოვას კანონის უარყოფისთვის;
ისრაელი — ღარიბების ჩაგვრისთვის, უზნეობისთვის, ღვთის დაყენებული წინასწარმეტყველებისა და ნაზირების უპატივცემულობისთვის. ვერავინ დააღწევს თავს ღვთის სასჯელს.
იეჰოვას განაჩენი ისრაელის წინააღმდეგ (3:1—6:14)
ღმერთი განსაკუთრებით სწყალობდა ისრაელს, რაც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა მათ.
როცა იეჰოვა თავის განზრახვას თავის მსახურებს უმჟღავნებს, ისინი წინასწარმეტყველებენ. ამიტომ ამოსი იძლევა გაფრთხილებას, რომ იეჰოვა პასუხს მოსთხოვს ბეთელში ცრუ რელიგიის მიმდევრებს და სამარიაში ფუფუნების მოყვარულთ, რომლებიც გამომძალველები არიან.
ასეთი სასჯელების მიუხედავად, ისრაელი მაინც არ დაუბრუნდა იეჰოვას, ამიტომ ეძლევა გაფრთხილება: „გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად“.
მოსალოდნელი უბედურების მიუხედავად, იეჰოვა მოუწოდებს მათ: „მეძებეთ და იცოცხლეთ!“, „შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია“.
ხილვები და წინასწარმეტყველებები ისრაელის მოახლოებულ აღსასრულზე მიანიშნებს (7:1—8:14)
ხილვა გამანადგურებელი კალიების შესახებ. წინასწარმეტყველის ვედრება.
ხილვა გამანადგურებელი ცეცხლის შესახებ. ამოსი კვლავ ევედრება იეჰოვას.
იეჰოვა შვეულით სცდის ისრაელს. ის მეტად აღარ აპატიებს მათ.
ბეთელელი მღვდელი ამოსს იქ წინასწარმეტყველებას უკრძალავს. ამოსი უბედურებას უწინასწარმეტყველებს მას.
ზაფხულის მალფუჭებადი ხილით სავსე კალათა ისრაელის მოახლოებულ აღსასრულზე მიანიშნებს.
მიწას მოევლინება იეჰოვას სიტყვების მოსმენის შიმშილი.
დასჯა და აღდგენა (9:1—15)
ისინი ვერსად დაიმალებიან. უზენაეს უფალ იეჰოვას ვერსად გაექცევიან.
დავითის დაცემული კარავი (სამეფო საგვარეულო) კვლავ აღიმართება. დატყვევებულები შეიკრიბებიან და მარადიული უსაფრთხოებით გაიხარებენ.