საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ცხოველები“
  • ცხოველები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ცხოველები
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • უწმინდური ცხოველები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ცხოველები
    გამოიღვიძეთ! — 2015
  • არასწორია ცხოველებისადმი სისასტიკის გამოვლენა?
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • მიდიან ცხოველები ზეცაში?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ცხოველები“

ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘ

ცოცხალი არსებები, რომლებიც ადამიანთა მოდგმას არ მიეკუთვნებიან (შდრ. რც. 31:28). ებრაული სიტყვა ბეჰემა მიანიშნებს დიდი ზომის ოთხფეხა არსებებზე, ჩვეულებრივ, შინაურ ცხოველებზე, ზოგჯერ კი — გარეულ ცხოველებზე. ის შეიძლება ითარგმნოს როგორც შინაური ცხოველები, მსხვილფეხა საქონელი და გარეული ცხოველები (დბ. 1:26; 9:10; 34:23; ფს. 107:38). ებრაული სიტყვა რემეს მიანიშნებს მოძრავ ან მხოხავ არსებებზე და მომდინარეობს ძირიდან რამას, რაც ნიშნავს „მოძრაობას, ხოხვას“ (დბ. 6:20; ეზკ. 8:10; დბ. 1:28). აგრეთვე ებრაული სიტყვა ხაიაჰ, რომელიც სიტყვასიტყვით ცოცხალ არსებას ნიშნავს, გამოიყენება მხეცებთან ან გარეულ ცხოველებთან მიმართებით (დბ. 1:28; 3:14; ეს. 56:9). მსგავსი მნიშვნელობის ბერძნული სიტყვა ზოონ (ცოცხალი არსება) აგრეთვე ითარგმნება როგორც ცხოველი (გმც. 4:7; 2პტ. 2:12).

იეჰოვამ შექმნა ყველა ცხოველი; თითოეულ ოჯახს თავისი თავდაპირველი წარმომადგენელი ჰყავდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა ისინი „მათი გვარისდა მიხედვით“ შექმნა (დბ. 1:25). წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ ხმელეთის ცხოველებზე.

ვინაიდან ღმერთმა სრულყოფილ ადამიანს მისცა დედამიწაზე არსებულ ყველა ქმნილებაზე ბატონობის უფლება, სავსებით ლოგიკურია, რომ სწორედ ადამს დაევალა მათთვის სახელების დარქმევა (დბ. 1:26; 2:19, 20). ცხოველებზე ბატონობის უფლება ადამიანს ღვთის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა (ლკ. 12:48).

ცხოველები ისე არიან შექმნილები, რომ ადამიანების მიმართ შიში და ძრწოლა აქვთ (დბ. 9:2, 3). ნატურალისტების სიტყვების თანახმად, გარეული ცხოველები, მაგალითად ლეოპარდი და სამეფო კობრა, როგორც წესი, გაურბიან ადამიანთან შეხვედრას. თუმცა შეიძლება თავს დაესხან, თუ ადგილი აქვს პროვოცირებას ან მოულოდნელობას, ცხოველი დაჭრილია ან კუთხეშია მიმწყვდეული. მიიჩნევენ, რომ ვეფხვები კაციჭამიები ხდებიან სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, მაგალითად, როცა სიბერის ან ტრავმის გამო ცხოველი ვეღარ ნადირობს ან მისი სანადირო არეალი მცირდება მონადირეების გამო.

ტანსაცმლის დასამზადებლად და შესაწირავებისთვის ცხოველებს წარღვნამდეც ხოცავდნენ (დბ. 3:21; 4:4). თუმცა მხოლოდ წარღვნის შემდეგ მისცა იეჰოვამ ნოესა და მის ოჯახს უფლება, საკვებად ცხოველის ხორცი გამოეყენებინათ იმ პირობით, რომ სისხლისგან ბოლომდე დაცლიდნენ (დბ. 9:3, 4). მართალია, ადამიანს შეეძლო ცხოველი საკვებისთვის მოეკლა, მაგრამ ეს არ აძლევდა უფლებას, რომ გართობის ან საკუთარი ძალის დემონსტრირების მიზნით დაეხოცა ისინი, როგორც ამას ღვთის მოწინააღმდეგე ნიმროდი აკეთებდა (დბ. 10:9).

ზოგის აზრით, ცხოველთა არსებობა ისეთ დაშორებულ კუნძულებზე, როგორიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია, იმაზე მიანიშნებს, რომ წარღვნის დროს კიდობნის გარეთ დარჩენილი ხმელეთის ცხოველებიდან ყველა არ დახოცილა. თუმცა, როგორც ოკეანოგრაფები ამბობენ, ერთ დროს ზოგიერთი დაშორებული ტერიტორია მატერიკებს ქედებით უკავშირდებოდა. მაგალითად, ოკეანოგრაფების კვლევები ცხადყოფს, რომ შუა-ატლანტიკური ქედი სავარაუდოდ კვეთდა ატლანტის ოკეანეს და წყლის ზედაპირზე ჩანდა. შესაძლოა იქ სხვა ქედებიც იყო, საიდანაც ცხოველებს შეეძლოთ მიგრაცია, ვიდრე მათ ოკეანის წყალი დაფარავდა. სხვა კვლევების თანახმად, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ოდესღაც მდებარეობდა უზარმაზარი კონტინენტი, რომელსაც მიეკუთვნებოდა ავსტრალია და სამხრეთის ოკეანის სხვა კუნძულები. თუ ეს სინამდვილეში ასე იყო, რასაკვირველია, ცხოველებს არ გაუჭირდებოდათ ამ კუნძულებზე მიგრაცია.

წმინდა და უწმინდური ცხოველები. ცხოველების კლასიფიკაცია მოხსენიებულია ღვთის მითითებებში, რომლებიც ნოეს მიეცა. კიდობანში მას წმინდა ცხოველთაგან შვიდ-შვიდი, ხოლო უწმინდურ ცხოველთაგან ორ-ორი უნდა შეეყვანა (დბ. 7:2, 3, 8, 9). ვინაიდან ხორცის საკვებად გამოყენება ჯერ ნებადართული არ იყო, განსხვავება წმინდასა და უწმინდურს შორის სავარაუდოდ განისაზღვრებოდა იმის მიხედვით, თუ რომელი იყო მისაღები იეჰოვასთვის შესაწირავად. შედეგად, კიდობნიდან გამოსულმა ნოემ იცოდა, რომელი ქმნილებები იყო წმინდა და შესაწირავად ვარგისი (დბ. 8:20). იმ დროს არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა იმ ცხოველებთან დაკავშირებით, რომლის ჭამაც შეეძლო ნოესა და მის ოჯახს, როგორც ეს იეჰოვას სიტყვებიდან ჩანს: „საჭმელად გაძლევთ ყველა ცხოველს“ (დბ. 9:3).

შესაბამისად, ისრაელებისთვის მიცემული ღვთის კანონებით ახალი განსხვავება გამოიკვეთა, თუ რომელი ცხოველი იყო წმინდა, რომელი უწმინდური და რომლის გამოყენება იკრძალებოდა საკვებად. კანონში ნათქვამი იყო: „ყველა ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაყოფილი აქვს და იცოხნის, გეჭმებათ“ (ლვ. 11:3). აგრეთვე: „არ ჭამოთ არანაირი სისაძაგლე. აი, რომელი ცხოველები გეჭმებათ: ხარი, ცხვარი, თხა, ირემი, ქურციკი, შველი, გარეული თხა, ანტილოპა, გარეული ცხვარი და მთის ცხვარი. ყველა ცხოველი, რომელსაც ჩლიქი გაყოფილი აქვს და იცოხნის, გეჭმებათ“ (კნ. 14:3—6).

მათ, ვინც ამ კანონის შეთანხმებას ექვემდებარებოდა, ეკრძალებოდათ იმ ცხოველების ჭამა, რომელთაც ზემოჩამოთვლილი მახასიათებლებიდან რომელიმე არ ექნებოდათ. აკრძალულ ცხოველებს მიეკუთვნებოდა დამანი, კურდღელი, ღორი და აქლემი. აგრეთვე იკრძალებოდა იმ ცხოველების ჭამა, რომელთაც თათები აქვთ. უეჭველია, მათ შორის იქნებოდა ლომი, დათვი და მგელი (ლვ. 11:4—8, 26, 27; კნ. 14:7, 8).

საკვებთან დაკავშირებული ეს შეზღუდვები მხოლოდ მათ ეხებოდა, ვინც მოსეს კანონს ექვემდებარებოდა. ლევიანების 11:8-ში ჩაწერილი სიტყვები: „ისინი უწმინდურნი იქნებიან თქვენთვის“, ისრაელებისთვის იყო ნათქვამი. როცა იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე გაუქმდა კანონი, ეს შეზღუდვებიც მოიხსნა და ყველა ადამიანისთვის ამოქმედდა საერთო პრინციპი, რომელიც ნოეს წარღვნის შემდეგ მიეცა (კლ. 2:13—17; დბ. 9:3, 4).

ვინაიდან კანონში უწმინდურ საკვებთან დაკავშირებით აკრძალვა გაუქმდა, შეიძლება დაიბადოს შეკითხვა, რატომ არ ჭამდა პეტრე თითქმის სამწელიწად-ნახევრის შემდეგაც კი „უწმინდური“ ცხოველების ხორცს (სქ. 10:10—15). უნდა გვახსოვდეს, რომ კანონის გაუქმებამ დიდი ცვლილებები მოახდინა ქრისტეს მიმდევართა ცხოვრებაში და ლოგიკურია, მათ გარკვეული დრო დასჭირდათ ამ ყველაფრის გასათავისებლად.

სიმბოლური მნიშვნელობა. ბიბლიის დამწერები ცხოველებისთვის დამახასიათებელ ამა თუ იმ თვისებას სხვადასხვა თვისებისა და ძალის სიმბოლოდ იყენებდნენ. ზოგჯერ ცხოველის მახასიათებლების მაგალითით თვალსაჩინოდ არის აღწერილი ღვთისა თუ ადამიანის შესანიშნავი თვისებები (ეზკ. 1:10, 11; გმც. 4:6, 7). სხვა შემთხვევებში კი ცხოველების სახით წარმოდგენილია მხეცისმაგვარი მთავრობები, რომლებიც ჩაგრავენ და ანადგურებენ ადამიანებს (დნ. 7:2—7; 8:5—8, 20, 21; გმც. 13:1—17; იხ. ᲛᲮᲔᲪᲔᲑᲘ, ᲡᲘᲛᲑᲝᲚᲣᲠᲘ).

ცხოველების მიმართ სწორი დამოკიდებულება. მოსეს კანონის თანახმად თაყვანისცემლობის დროს უნდა შეეწირათ რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა. შესაწირავი ცხოველი უნდა ყოფილიყო საღი და არ უნდა ჰქონოდა დაზიანებული, მოგლეჯილი ან მოკვეთილი სათესლეები (ლვ. 22:23—25). მსხვერპლშეწირვის გარდა, ცხოველის სისხლი არც საკვებად უნდა გამოეყენებინათ და არც სხვა მიზნით (ლვ. 17:13, 14). სასტიკად იკრძალებოდა ცხოველების ან სხვა ქმნილებების გამოსახულებების თაყვანისცემა (გმ. 20:4, 5).

ბიბლია მოუწოდებს ადამიანებს, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ქმნილებებს სამართლიანად და გულმოწყალედ მოეპყრონ. თავად იეჰოვა კარგ მაგალითს იძლევა და სიყვარულით ზრუნავს მათ სიცოცხლესა და კეთილდღეობაზე (იგ. 12:10; ფს. 145:15, 16). მოსეს კანონიც შეიცავდა მითითებებს, რომ სათანადოდ ეზრუნათ შინაურ ცხოველებზე. თუ ვინმე დაკარგულ ცხოველს წააწყდებოდა, პატრონისთვის უვნებელი უნდა დაებრუნებინა. თუ ტვირთქვეშ მოყოლილს დაინახავდნენ, მისთვის ტვირთი უნდა მოეხსნათ (გმ. 23:4, 5). მუშაობის დროს ცხოველებს უმოწყალოდ არ უნდა მოქცეოდნენ (კნ. 22:10; 25:4). ადამიანების მსგავსად შაბათ დღეს მათაც უნდა დაესვენათ (გმ. 20:10; 23:12; კნ. 5:14). აგრესიული ცხოველისთვის თვალყური უნდა ედევნებინათ ან მოეკლათ (დბ. 9:5; გმ. 21:28, 29). აკრძალული იყო სხვადასხვა ცხოველის შეჯვარება (ლვ. 19:19).

ღვთისმოშიში ადამიანები ცხოველებს ღვთის გულუხვობის გამოვლინებად მიიჩნევენ, რაც მათ კეთილდღეობას ემსახურება. ადამიანები ცხოველებს იყენებენ ტვირთის საზიდად, საკვებად, ტანსაცმლისა და სასოფლო-სამეურნეო საქმეებისთვის. ისინი აგრეთვე ასრულებენ სანიტრის ფუნქციას. მათი მრავალფეროვნება ადამიანის თვალს ახარებს; მათი ქცევები და ინსტინქტები ღვთის შემოქმედების კვლევა-ძიების უსაზღვრო შესაძლებლობას იძლევა. იმის მიუხედავად, რომ ცხოველი ადამიანის მსგავსად კვდება, მათზე არ ვრცელდება მკვდრეთით აღდგომის იმედი (2პტ. 2:12; დამატებით იხ. ცალკეული ცხოველები, ფრინველები, მწერები, ქვეწარმავლები მათი სახელების მიხედვით. აგრეთვე იხ. ᲤᲠᲘᲜᲕᲔᲚᲔᲑᲘ, ᲗᲔᲕᲖᲔᲑᲘ, ᲛᲬᲔᲠᲔᲑᲘ).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება