არქელაე
[ხალხის მმართველი]
ჰეროდე დიდისა და მისი მეოთხე ცოლის, მალთაკიას ვაჟი. არქელაე იუდაში მაშინ გამეფდა, როცა ყრმა იესო იოსებთან და მარიამთან ერთად ეგვიპტეში იყო. ეგვიპტიდან დაბრუნებული იოსები ოჯახთან ერთად გალილეის ქალაქ ნაზარეთში დასახლდა, ტირანი არქელაეს საბატონოს ფარგლებს გარეთ (მთ. 2:22, 23).
ჰეროდე დიდმა თავის ვაჟს, არქელაეს, იუდა, სამარია და იდუმეა უანდერძა. ფაქტობრივად, მას ორმაგი წილი ერგო იმასთან შედარებით, რაც ჰეროდემ თავის სხვა ორ ვაჟს არგუნა სათითაოდ. არქელაეს სამფლობელოში შედიოდა ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქები, როგორებიც იყო: იერუსალიმი, სამარია, იოპე და კესარეა. ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ არქელაე თავისი მმართველობის გასამყარებლად ავგუსტუსს ეახლა რომში. თავისი ოპონენტების, რომელთა შორის იყვნენ მისი ძმა და იუდეველთა დელეგაცია, პროტესტის მიუხედავად, არქელაემ შეინარჩუნა ძალაუფლება, თუმცა ავგუსტუსმა მას მეფის ნაცვლად ეთნარქის ტიტული უბოძა, ანუ ის გახდა ვასალი, რომელიც რანგით ტეტრარქზე მაღლა იდგა. მათე არქელაეზე წერს, რომ ის „მეფობდა“, რაც სავსებით შეესაბამება სიმართლეს, რადგან ადგილობრივ ჯარს არქელაე უკვე მეფედ ჰყავდა გამოცხადებული („იუდეველთა სიძველენი“, იოსებ ფლავიუსი, XVII, 194, 195 [viii, 2], ინგლ.).
არქელაე სასტიკი მმართველი იყო და იუდეველებში ცუდი სახელით სარგებლობდა. ერთხელ აჯანყების ჩასახშობად მან 3000 იუდეველი უმოწყალოდ დახოცა ტაძრის ტერიტორიაზე. მან ორჯერ გადააყენა მღვდელმთავარი. გარდა ამისა, არქელაეს ცოლთან გაყრისა და ხელმეორედ ქორწინების ფაქტი იუდეველთა კანონს ეწინააღმდეგებოდა. იუდეველებისგან და სამარიელებისგან ავგუსტუსს საჩივრები მისდიოდა, რასაც მოჰყვა საქმის გამოძიება. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ არქელაე თავისი მეფობის მეცხრე თუ მეათე წელს გადაასახლეს. იუდეის გამგებლობა რომაელების ხელში გადავიდა (იხ. ჰეროდე №1 და №2).