ᲐᲠᲔᲝᲞᲐᲒᲘ
[არესის ბორცვი; მარსის ბორცვი]
ათენის აკროპოლისის ჩრდ.-დას.-ით მდებარე ბორცვი, რომელიც მისგან ოდნავ ჩაღრმავებული ველით არის გამოყოფილი. ეს საკმაოდ ვიწრო, კირქვის მოშიშვლებული ქედი სიმაღლეში 113 მ-ს აღწევს, მისგან სამხრ.-აღმ.-ით მდებარე აკროპოლისი მასზე 43 მ-ით მაღალია. მარსის ბორცვზე ასვლა მოსახერხებელია ჩრდ.-დან; სამხრ.-დან მკვეთრი დაქანებაა. ოდესღაც ამ ბორცვის თხემზე შეხვდებოდით ბერძენთა საკურთხევლებს, ტაძრის საწმინდრებს, ქანდაკებებსა და არეოპაგის უზენაეს სასამართლოს, რომელიც ღია ცის ქვეშ იმართებოდა. დღეს იქ მსგავს ვერაფერს ნახავთ, მხოლოდ კლდეში გამოკვეთილი რამდენიმე დასაჯდომი ადგილიღაა შემორჩენილი.
ერთხელ, როდესაც მოციქული პავლე ათენში ქადაგებდა, ათენელებმა მას ხელი სტაცეს, არეოპაგში მიიყვანეს და უთხრეს: „ისეთ უცნაურ რამეებს ამბობ, რაც არასოდეს გვსმენია. გაგვაგებინე, რაზე გველაპარაკები“ (სქ. 17:19, 20). პავლემ სარწმუნო ფაქტები მოიშველია და ლოგიკური და დამაჯერებელი არგუმენტებით დაიწყო მათთან მსჯელობა. მაგრამ „როცა [მათ] მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოისმინეს, ზოგს ეს სიცილად არ ეყო“. ამის მიუხედავად, პავლეს მსჯელობის შედეგად მსმენელი სამ ნაწილად დაიყო: ზოგმა დასცინა, „ზოგი კი ამბობდა, ამის შესახებ სხვა დროსაც მოგისმენთო … [ხოლო] ზოგიერთები გაჰყვნენ მას და ირწმუნეს. მათ შორის იყვნენ არეოპაგის მოსამართლე დიონისე, ერთი ქალი, სახელად დამარისი, და სხვები“ (სქ. 17:22–34). დღეს ამ მოვლენის სამახსოვროდ მარსის ბორცვზე გაკრულ ბრინჯაოს ფირფიტაზე მოციქული პავლეს ეს ქადაგებაა ამოტვიფრული. მართალია, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ პავლემ ეს სიტყვები არეოპაგის სასამართლოს წინაშე წარმოთქვა, მაგრამ მის მსმენელთა შორის, სულ მცირე, ერთი ნამდვილად იყო არეოპაგის მოსამართლე (სურათი, ტ. 2, გვ. 746).