საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „შეთანხმების კიდობანი“
  • შეთანხმების კიდობანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შეთანხმების კიდობანი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • რა არის შეთანხმების კიდობანი?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • წარღვნას რვა ადამიანი გადაურჩა
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ნოეს კიდობანი და გემთმშენებლობა
    გამოიღვიძეთ! — 2007
  • დიდი წარღვნა
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „შეთანხმების კიდობანი“

შეთანხმების კიდობანი

წმინდა სკივრი, რომელიც ჯერ კარვის, შემდეგ კი სოლომონის მიერ აგებული ტაძრის წმინდათაწმინდაში იდგა. კიდობანი იეჰოვას მითითებითა და მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით აიგო.

ბიბლიის დამწერები კიდობანს 20 სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. მათგან ყველაზე ხშირად გვხვდება „შეთანხმების კიდობანი [ებრ. ʼარონ ჰაბბერით; ბერძ. კიბოტოს ტეს დიათეკეს]“ (იეს. 3:6; ებ. 9:4) და „მოწმობის კიდობანი“ (გმ. 25:22). ისინი ხან ერთ სახელწოდებას იყენებდნენ, ხან — მეორეს.

აგებულება და ზომები. როცა იეჰოვამ მოსეს კარვის აგება უბრძანა, პირველ რიგში აუხსნა, როგორი აგებულებისა და რა ზომისა უნდა ყოფილიყო კიდობანი, რადგან ის უმთავრესი ნივთი იყო კარავში და მას ისრაელის ბანაკში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. იგი სიგრძით 2,5 წყრთა იყო, სიგანითა და სიმაღლით — 1,5 წყრთა (დაახლ. 111 × 67 × 67 სმ). კიდობანი აკაციის ხისგან იყო დამზადებული და შიგნიდანაც და გარედანაც სუფთა ოქროთი იყო მოვარაყებული; ზედა კიდეზე შემოვლებული ჰქონდა ოქროს არშია. სახურავი მთლიანად სუფთა ოქროსი იყო და არა უბრალოდ ოქროთი მოვარაყებული. სახურავის სიგრძე-სიგანე ზუსტად შეესაბამებოდა კიდობნის ზომებს. მასზე ორი ოქროს ქერუბიმი იდგა, ერთი — ერთ ბოლოში, მეორე — მეორე ბოლოში. სახეები მათ ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიქცეული და სახურავს დაჰყურებდნენ. ორივე ფრთა ზემოთ ჰქონდათ აწვდილი და ფრთებით კიდობანს ფარავდნენ (გმ. 25:10, 11, 17—22; 37:6—9). კიდობნის სახურავს „შერიგების საფარსაც“ უწოდებდნენ (გმ. 25:17; ებ. 9:5; იხ. შერიგების საფარი).

კიდობანს სატარებლად გვერდებზე მიმაგრებულ ორ ოქროს რგოლში აკაციის ხისგან დამზადებული და ოქროთი მოვარაყებული ორი გრძელი კეტი ჰქონდა გაყრილი. კეტები რგოლებიდან არ უნდა გამოეძროთ, შესაბამისად, გადამტანებს არ მოუწევდათ კიდობნის შეხება. კიდობანი ოთხ მოხრილ ფეხზე (სიმაღლე უცნობია) იდგა და ძირით იატაკს არ ეხებოდა (Commentary on the Old Testament, კ. ფ. კაილი და ფ. დელიჩი, 1973, ტ. 1, The Second Book of Moses, გვ. 167). რგოლები შესაძლოა კიდობნის ფეხებს ოდნავ ზემოთ ან ფეხებზევე იყო მიმაგრებული.

მიძღვნა და გამოყენება. ბეცალელი და მისი დამხმარე გულბრძენი კაცები ზედმიწევნით მიჰყვნენ გეგმას და კიდობანი ხალხის შემოწირული მასალით დაამზადეს (გმ. 35:5, 7, 10, 12; 37:1—9). ეგვიპტიდან გამოსვლის წლისთავზე, კარვის აგების შემდეგ, მოსემ აიღო ქვის ორი ფილა, რომლებზეც კანონი იყო ამოტვიფრული, და კიდობანში ჩააწყო (კანონის 10:1—5-დან ჩანს, რომ აკაციის ხის დროებით კიდობანში ფილები მხოლოდ რამდენიმე თვე ინახებოდა, მოსეს მიერ მათი მთიდან ჩამოტანიდან ბეცალელის დამზადებულ კიდობანში გადატანამდე). ამის შემდეგ მოსემ კიდობანს კეტები გაუყარა, სახურავი დააფარა და კარავში შეიტანა, ხოლო წმინდასა და წმინდათაწმინდას შორის ფარდა ჩამოკიდა. მიძღვნის დროს მოსემ ზეთი სცხო კიდობანსა და კარავში არსებულ სხვა ნივთებს. იმ დღიდან მოყოლებული, როცა მღვდლები კარავს ბანაკის დასაძვრელად შლიდნენ, გამყოფ ფარდასთან ერთად კიდობანს სელაპის ტყავსა და ლურჯ ქსოვილს აფარებდნენ, რათა ვინმეს თვალი არ მოეკრა და არ მომკვდარიყო (გმ. 40:3, 9, 20, 21; რც. 3:30, 31; 4:5, 6, 19, 20; 7:9; კნ. 10:8; 31:9; იხ. კარავი №2).

კიდობანი ერთგვარი წმინდა საცავი იყო, რომელშიც წმინდა შეხსენებები, ანუ მოწმობა ინახებოდა. კიდობნის მთავარი შიგთავსი მოწმობის ორი ფილა ანუ ათი მცნება იყო (გმ. 25:16). მოგვიანებით მასში ჩააწყვეს „ოქროს ჭურჭელი მანანით“ და აარონის აყვავებული კვერთხი, რომლებიც სოლომონის ტაძრის აშენებამდე ამოიღეს (ებ. 9:4; გმ. 16:32—34; რც. 17:10; 1მფ. 8:9; 2მტ. 5:10). სიკვდილამდე მოსემ „კანონის წიგნის“ ასლი მისცა ლევიან მღვდლებს და დაარიგა, რომ კიდობანში კი არ ჩაედოთ, არამედ იეჰოვას, თავიანთი „ღვთის შეთანხმების კიდობნის გვერდით“ დაედოთ, რათა ყოფილიყო მოწმე მათ წინააღმდეგ (კნ. 31:24—26).

მიუთითებდა ისრაელთან ღვთის ყოფნაზე. კიდობანი თავისი არსებობის მანძილზე ყოველთვის ისრაელთან ღვთის ყოფნას განასახიერებდა. იეჰოვა დაჰპირდა მოსეს: „იქ გამოგეცხადები და დაგელაპარაკები სახურავის ზემოდან, ორ ქერუბიმს შორის, რომლებიც მოწმობის კიდობანზე არიან“; „ღრუბელში გამოვცხადდები სახურავის ზემოთ“ (გმ. 25:22; ლვ. 16:2). სამუელმა იეჰოვას „ქერუბიმებზე მჯდომი“ უწოდა (1სმ. 4:4). ქერუბიმები იეჰოვას ეტლს განასახიერებდნენ (1მტ. 28:18), ამიტომ „როდესაც მოსე შეხვედრის კარავში შედიოდა მასთან [იეჰოვასთან] სალაპარაკოდ, ესმოდა მოსაუბრე ხმა მოწმობის კიდობნის სახურავიდან, ორი ქერუბიმის შუიდან; და ისიც ესაუბრებოდა მას“ (რც. 7:89). მოგვიანებით იესო ნავეს ძეცა და მღვდელმთავარი ფინხასიც კიდობნის წინაშე დამხობილნი აღუვლენდნენ იეჰოვას სათხოვარს (იეს. 7:6—10; მსჯ. 20:27, 28). მაგრამ წმინდათაწმინდაში შესვლა და კიდობნის ხილვა წელიწადში ერთხელ მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო, ისიც არა იეჰოვასთან სასაუბროდ, არამედ გამოსყიდვის დღის რიტუალის შესასრულებლად (ლვ. 16:2, 3, 13, 15, 17; ებ. 9:7).

კიდობანს, რომელიც იეჰოვას ისრაელთან ყოფნას განასახიერებდა, ისრაელისთვის სხვა მხრივაც მოჰქონდა კურთხევები. ჩვეულებრივ, ისრაელთა ბანაკს წინ მიუძღოდა კიდობანი და მის თავზე აღმართული ღრუბელი (რც. 10:33, 34). როცა კიდობნის მატარებელმა მღვდლებმა იორდანეში ფეხი ჩადგეს, იეჰოვამ წყლის დინება შეაჩერა და მათ თავისუფლად გაიარეს (იეს. 3:1—4:18). იერიხონის გარს შემოვლისას შეიარაღებულ მამაკაცებს უკან მიჰყვებოდნენ შვიდი მღვდელი, რომლებიც საყვირებს აყვირებდნენ, შემდეგ კიდობნის მტვირთველნი და შემდეგ შეიარაღებული კაცები (იეს. 6:3—13). მათ იერიხონში გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ მოგვიანებით, როცა ზოგიერთი მეამბოხე გაკადნიერდა და ღვთის მითითების საწინააღმდეგოდ აღთქმული მიწის დაპყრობა მოინდომა, დამარცხდნენ. მაშინ „არც იეჰოვას შეთანხმების კიდობანი დაძრულა ბანაკიდან და არც მოსე“ (რც. 14:44, 45). როცა კიდობანი ბრძოლის ველზე მიიტანეს, მოწინააღმდეგე ფილისტიმელებმაც კი აღიარეს, რომ ეს იეჰოვას იქ ყოფნის ნიშანი იყო. ისინი შეშინებული აყვირდნენ: „ღმერთი მისულა მათ [ისრაელის] ბანაკში! ვაი ჩვენ! ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. ვაი ჩვენ! ვინ გვიხსნის დიდებული ღვთის ხელიდან? ეს ის ღმერთია, რომელმაც ყველანაირად გვემა ეგვიპტე უდაბნოში“ (1სმ. 4:6—8).

კიდობანი ამა თუ იმ ადგილას იეჰოვას ყოფნის სიმბოლო რომ იყო, ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა იგი ფილისტიმელებმა იგდეს ხელთ და აშდოდში დაგონის გამოსახულების გვერდით დადგეს. იმავე ღამეს დაგონი პირქვე დაენარცხა, მეორე ღამეს კი ის კვლავ იეჰოვას კიდობნის წინ დაგდებული ნახეს თავხელფეხმომტვრეული. მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში კიდობანი ფილისტიმელთა ერთი ქალაქიდან მეორეში გადაჰქონდათ. ყველა ამ ქალაქის მცხოვრებთ ბუასილი შეეყარა. როცა კიდობანი ეკრონში მიიტანეს, „სიკვდილის შიშით აურზაურმა მოიცვა ქალაქი“. ბოლოს კიდობანი შესაბამის შესაწირავთან ერთად ისრაელში დააბრუნეს (1სმ. 5:1—6:12).

კიდობნის მიმართ ისრაელები პატივისცემითა და მოწიწებით უნდა ყოფილიყვნენ გამსჭვალული, ვინაიდან ის მათთან იეჰოვას ყოფნას განასახიერებდა. ამიტომაც ასხამდა მოსე იეჰოვას ხოტბას კიდობნის დაძვრისას და გაჩერებისას (რც. 10:35, 36). მღვდელმთავარი ელი იმდენად შეაშფოთა ფილისტიმელების მიერ კიდობნის გატაცების ამბავმა, რომ თავი ვეღარ შეიმაგრა, უკან გადავარდა და კისერი გადაიმტვრია. მის მომაკვდავ რძალს აღმოხდა: „წაღებულია ისრაელის დიდება, რადგან წაიღეს ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი“ (1სმ. 4:18—22). მეფე სოლომონმა აღიარა: „წმინდაა იეჰოვას კიდობნის სამყოფელი ადგილები“ (2მტ. 8:11).

არ ყოფილა თილისმა. კიდობანი თილისმის ფუნქციას არ ასრულებდა; შესაბამისად, ამა თუ იმ ადგილზე მისი ყოფნა წარმატების გარანტია ვერ იქნებოდა. იეჰოვას კურთხევა დამოკიდებული იყო კიდობნის მფლობელთა მორჩილებასა და სულიერ მდგომარეობაზე. მაგალითად, ისრაელები, რომლებსაც იესო ნავეს ძე მეთაურობდა, ორგულობის გამო აისთან დამარცხდნენ, მიუხედავად იმისა, რომ კიდობანი მათ ბანაკში იყო (იეს. 7:1—6). ფილისტიმელებთან ბრძოლის დროს ისრაელებს იმედი ჰქონდათ, რომ ბრძოლის ველზე მიტანილი კიდობანი გაამარჯვებინებდათ, მაგრამ ფილისტიმელებმა მათ 30 000 კაცი დაუხოცეს და კიდობანი გაიტაცეს (1სმ. 4:1—11). ისრაელებმა ძალიან გაიხარეს, ფილისტიმელებისგან კიდობანი რომ დაიბრუნეს და მადლიერების ნიშნად ღმერთს მსხვერპლი შესწირეს, მაგრამ იეჰოვამ გაჟლიტა ხალხი, რადგან დაარღვიეს მისი მითითება და „კიდობანს დაუწყეს ყურება“ (1სმ. 6:11—21; რც. 4:6, 20). უცნობია, ზუსტად რამდენი დაიხოცა იმ დღეს. მასორულ ტექსტში ნათქვამია: „მან დასცა სამოცდაათი კაცი — ორმოცდაათი ათასი კაცი“. ეს ორაზროვანი წინადადება შესაძლოა იმაზე მიუთითებს, რომ „ორმოცდაათი ათასი კაცი“ ტექსტში მოგვიანებითაა ჩამატებული. სირიული ფეშიტისა და საღვთო წერილის არაბული თარგმანის მიხედვით „ხუთი ათასი და სამოცდაათი კაცი დაეცა“, იონათანის თარგუმის მიხედვით „ხალხის უხუცესთაგან სამოცდაათი კაცი და კრებულიდან ორმოცდაათი ათასი კაცი“, ხოლო ბერძნული სეპტუაგინტის თანახმად „სამოცდაათი კაცი და ორმოცდაათი ათასი კაცი“. იოსებ ფლავიუსის ცნობით მხოლოდ სამოცდაათი კაცი იქნა მოკლული („იუდეველთა სიძველენი“, წ. VI, თ. 1, აბზ. 4).

კიდობნის სხვადასხვა ადგილსამყოფელი. სოლომონის ტაძრის აგებამდე კიდობანს მუდმივი ადგილსამყოფელი არ ჰქონია. აღთქმული მიწის ძირითადი ნაწილის დაპყრობის შემდეგ (დაახლ. ძვ. წ. 1467) ის შილოში გადაიტანეს, სადაც, სავარაუდოდ, იქამდე დარჩა (თუ არ ჩავთვლით კიდობნის ბეთელში ყოფნას), ვიდრე ფილისტიმელები ჩაიგდებდნენ ხელში (იეს. 18:1; მსჯ. 20:26, 27; 1სმ. 3:3; 6:1). ისრაელის ტერიტორიაზე დაბრუნების შემდეგ ის ჯერ ბეთ-შემეშში იდგა, ხოლო შემდეგ დაახლოებით 70 წლის განმავლობაში — კირიათ-იეარიმში (1სმ. 6:11—14; 7:1, 2; 1მტ. 13:5, 6).

მასორული ტექსტის მიხედვით 1 სამუელის 4:18-ში წერია, რომ ფილისტიმელებთან ბრძოლის დროს მეფე საულმა მღვდელმთავარ ახიას ბანაკში კიდობანი მიატანინა. თუმცა ბერძნული სეპტუაგინტის თანახმად, საულმა ახიას უთხრა: „მოიტანე ეფოდი (იმ დღეს მას ეფოდი ემოსა ისრაელის წინაშე)“.

დავითს კარგი მოტივი ამოძრავებდა, როცა კიდობნის იერუსალიმში გადატანა მოინდომა, თუმცა პირველ ჯერზე კიდობნის გადატანას უბედურება მოჰყვა. ნაცვლად იმისა, რომ კიდობანი კეტებით მხრებზე შეედგათ და ისე გადაეტანათ, დავითმა კეჰათელ ლევიანებს ის ურემზე დაადგმევინა. ხარებმა კინაღამ გადააყირავეს კიდობანი, უზამ მას ხელი შეაშველა, რითაც ღვთის კანონი დაარღვია, და იქვე მოკვდა (2სმ. 6:2—11; 1მტ. 13:1—11; 15:13; რც. 4:15).

ბოლოს ლევიანებმა კიდობანი ყველა წესის დაცვით იერუსალიმში მიიტანეს (1მტ. 15:2, 15), სადაც დავითის მეფობის ბოლომდე კარავში იდგა (2სმ. 6:12—19; 11:11). როცა დავითი და მისი მომხრეები აბესალომს გაურბოდნენ, მღვდლებს უნდოდათ, კიდობანი თან წაეღოთ, მაგრამ დავითმა ის იერუსალიმში დაატოვებინა იმ იმედით, რომ იეჰოვა ყველას მშვიდობით დააბრუნებდა (2სმ. 15:24, 25, 29; 1მფ. 2:26). დავითს სურდა, კიდობნისთვის მუდმივი ადგილსამყოფელი აეგო, მაგრამ იეჰოვამ ეს სურვილი სოლომონს განახორციელებინა (2სმ. 7:2—13; 1მფ. 8:20, 21; 1მტ. 28:2, 6; 2მტ. 1:4). ტაძრის მიძღვნის დროს სიონში მდგარი კარვიდან კიდობანი მორიას მთაზე აგებული ტაძრის წმინდათაწმინდაში გადაიტანეს და ორი დიდი ქერუბიმის ფრთებქვეშ დადგეს. ძველი კარვის ნივთებიდან ის ერთადერთი იყო, რომელიც სოლომონის ტაძრის კუთვნილება გახდა (1მფ. 6:19; 8:1—11; 1მტ. 22:19; 2მტ. 5:2—10; 6:10, 11; იხ. ტაძარი [სოლომონის ტაძარი]; ქერუბიმი).

შეთანხმების კიდობანი სოლომონის მეფობის შემდეგ კვლავ მოიხსენიება 2 მატიანეს 35:3-ში. მეფე იოშიამ ძვ. წ. 642 წელს, ანუ კიდობნის აგებიდან 900 წლის შემდეგ, მისი ტაძარში დაბრუნება ბრძანა. ბიბლია არ აკონკრეტებს, რატომ გაიტანეს ის ტაძრიდან. იოშიას წინამორბედი მეფეების უმეტესობა განდგომილი იყო. ერთ-ერთმა თავისი გაკეთებული ქანდაკებაც კი დადგა იეჰოვას სახლში. შესაძლოა კიდობანი ამ მეფეებიდან რომელიმემ გაიტანა ტაძრიდან (2მტ. 33:1, 2, 7), ან თავად იოშიამ გაატანინა, და შემთხვევით რომ არ დაზიანებულიყო, ტაძრის შეკეთების დაწყებამდე სხვაგან შეანახვინა (2მტ. 34:8—35:19). ბიბლია არაფერს ამბობს კიდობნის ბაბილონში წაღების შესახებ. ტაძრის იმ ნივთებს შორის, რომლებიც ბაბილონში გაზიდეს, კიდობანი არ არის ნახსენები. შესაბამისად, არც მისი დაბრუნებისა და ზერუბაბელის მიერ აღდგენილ ტაძარში დადგმის შესახებ არის რაიმე ნათქვამი. უცნობია, შეიქმნა თუ არა მისი ასლი, ან სად და როგორ გაუჩინარდა იგი (2მფ. 25:13—17; 2მტ. 36:18; ეზრ. 1:7—11; 7:12—19).

იერემიას წინასწარმეტყველების თანახმად, მოვიდოდა დრო, როცა კიდობანი აღარ იარსებებდა. მიუხედავად ამისა, ის არავის მოენატრებოდა და იეჰოვას თაყვანისმცემლებს მისი არქონა სირთულეებს არ შეუქმნიდა. „იეჰოვას ტახტი“ თავად იერუსალიმს დაერქმეოდა (იერ. 3:16, 17).

წიგნ „გამოცხადებაში“ იოანემ დაწერა, რომ ზეციერი „ტაძრის საწმინდარში გამოჩნდა ... შეთანხმების კიდობანი“. ეს შეთანხმების კიდობანი ღვთის მიერ ადამიანებთან დადებულ ახალ შეთანხმებას უკავშირდება და მისი გამოჩენა იმაზე მიანიშნებს, რომ იეჰოვა კვლავ მეფობს თავისი ცხებულის მეშვეობით (გმც. 11:15, 19).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება