აზაზელი
[გაუჩინარებული თხა]
ბიბლიაში სიტყვა „აზაზელი“ სულ ოთხჯერ გვხვდება გამოსყიდვის დღის კონტექსტში (ლვ. 16:8, 10, 26).
ამ სიტყვის ზუსტი ეტიმოლოგია დღემდე დაუდგენელია. ებრაულ მასორეტულ ტექსტში ამ სიტყვის დაწერილობიდან გამომდინარე, ʽაზაზელ, როგორც ჩანს, ორფუძიანი („თხა“ და „გაუჩინარება“) კომპოზიტია და ნიშნავს გაუჩინარებულ თხას. სხვა ვერსიის თანახმად, მოხდა ორი თანხმოვნის გადანაცვლება, ამიტომ ეს სიტყვა ნიშნავს ღვთის ძალას. ლათინურ ვულგატაში ეს ებრაული სიტყვა ნათარგმნია „გაშვებულ თხად“ (caper emissarius), ბერძნულ სეპტუაგინტაში კი — „ბოროტების მომშორებლად [ამცილებლად]“ (ქართულ თარგმანებში გამოყენებულია „განტევების ვაცი“).
გამოსყიდვის ყოველწლიურ დღეს მღვდელმთავარს ისრაელის ძეების კრებულიდან მოჰყავდა ორი თხა (მამალი თიკნები). წილისყრით ერთი ერგებოდა იეჰოვას, მეორე კი — აზაზელს. მღვდელმთავრისა და მისი სახლისთვის (იგულისხმება უკლებლივ ყველა ლევიანი) ხარის შეწირვის შემდეგ იეჰოვასთვის განკუთვნილი თხა ცოდვის შესაწირავად იკვლებოდა. მაგრამ აზაზელისთვის განკუთვნილ თხას ცოცხლად ტოვებდნენ იეჰოვას წინაშე, რათა მღვდელმთავარს შეესრულებინა გამოსყიდვის წესი და გაეშვა ის აზაზელისთვის უდაბნოში (ლვ. 16:5, 7—10). ამ ცოცხალი თხის გამოსყიდვა ხდებოდა იეჰოვასთვის განკუთვნილი თხის სისხლით (ვინაიდან ხორციელის სიცოცხლე მის სისხლშია), რომელიც ცოდვის შესაწირავად იკვლებოდა (ლვ. 17:11). დაკლული თხის სისხლის ანუ სიცოცხლის ფასი ცოცხალ, აზაზელისთვის განკუთვნილ თხაზე გადადიოდა. მართალია, ამ თხას მღვდელი არ კლავდა, მაგრამ მას მაინც ჰქონდა ცოდვების მიტევებისა და სიცოცხლის მინიჭების ძალა. იეჰოვას წინაშე ცოცხალი თხის მიყვანა, როგორც ჩანს, იეჰოვას მიერ იმის აღიარებაზე მიანიშნებდა, რომ მასზე იყო გადასული ცოდვების გამოსყიდვის ძალა. ამ რიტუალის ანალოგი კეთრისგან განკურნებული ებრაელის ან წყლულმოშორებული სახლის განწმენდის წესი იყო, რომლის დროსაც ცოცხალ ფრინველს დაკლული ფრინველის სისხლში აწობდნენ და ცოცხლად უშვებდნენ, რათა თან წაეღო ცოდვა (ლვ. 14:1—8, 49—53).
ორივე თხა უნაკლო, საღი და, შეძლებისდაგვარად, ერთნაირი უნდა ყოფილიყო. წილისყრა გამოაჩენდა, ამ ორი თხიდან რომელი იქნებოდა იეჰოვასი. იეჰოვასთვის განკუთვნილი თხის შეწირვის შემდეგ მღვდელმთავარი ორივე ხელს თავზე ადებდა ცოცხალ თხას და აღიარებდა ხალხის ცოდვებს. „საამისოდ განწესებული კაცის ხელით“ თხას უდაბნოში უშვებდნენ (ლვ. 16:20—22). ამგვარად, აზაზელისთვის განკუთვნილ თხას სიმბოლურად მიჰქონდა გასულ წელს ხალხის ჩადენილი ცოდვები და უდაბნოში უჩინარდებოდა.
ბიბლიაში ორივე თხა ცოდვის ერთ შესაწირავად მოიხსენიება (ლვ. 16:5). როგორც ჩანს, ორს იმისთვის სწირავდნენ, რომ ხალხს კარგად სცოდნოდა, რა მიიღწეოდა მათი ცოდვების გამოსყიდვით. პირველი თხა იკვლებოდა, ხოლო მეორე, რომელზეც ცოდვებს აღიარებდნენ და უდაბნოში უშვებდნენ, იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ხალხს უკეთ დაენახა, რაოდენ მპატიებელია იეჰოვა მომნანიე შემცოდველების მიმართ. ფსალმუნის 103:12 გვარწმუნებს: „როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები“.
პავლე მოციქულმა თქვა, რომ იესომ კაცობრიობის ცოდვებისთვის თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო და ამით გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე „ხარებისა და თხების სისხლით“ მიიღწეოდა (ებ. 10:4, 11, 12). მან, როგორც განტევების ვაცმა, „ატარა ჩვენი სნეულებები“ და „ჩვენი ცოდვებისთვის განიგმირა“ (ეს. 53:4, 5; მთ. 8:17; 1პტ. 2:24). იესომ საკუთარ თავზე აიღო ყველას ცოდვა, ვისაც სწამს, რომ მის მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს. მან დაამტკიცა, რომ ღმერთი სამუდამოდ წარხოცავს ცოდვას. ამგვარად, აზაზელისთვის განკუთვნილი თხა იესო ქრისტეს მსხვერპლს განასახიერებდა.