ᲡᲘᲛᲔᲚᲝᲢᲔ, ᲡᲘᲥᲐᲩᲚᲔ
მთლიანი ან ნაწილობრივი თმის ცვენა. ხშირ შემთხვევაში თმის ცვენა ალაგ-ალაგ ხდება, მაშინ როცა სხვაგან ჩვეულებრივ იზრდება. ეს არის სიმელოტის ყველაზე გავრცელებული ფორმა (დაახლ. 90 პროცენტი). ბიბლიაში გამოყენებულია სიმელოტის აღმნიშვნელი ოთხი ებრაული სიტყვა: კორხაჰ, კარახათ, გიბბეახ და გაბბახათ (ლვ. 13:41—44; 21:5). თმის გაცვენის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა თვლიან, რომ ძირითადი გამომწვევი ფაქტორი გენეტიკაა. გარდა ამისა, თმის ცვენა შეიძლება განპირობებული იყოს ინფექციით, ჰორმონალური დისბალანსით, ასაკით, ნერვული აშლილობით, სიფილისით ან იყოს რაიმე სახის მკურნალობის გვერდითი მოვლენა.
ბევრი თვლის, რომ სიმელოტე ადამიანს ნაკლებად მიმზიდველს ხდის. ძველ ხალხებშიც სიმელოტე ასოცირდებოდა სირცხვილთან, გლოვასა და უბედურებასთან (ეს. 3:24; 15:2; იერ. 47:5; ეზკ. 27:31; ამ. 8:10; მქ. 1:16). თუმცა მოსეს კანონის თანახმად, მელოტი ადამიანი გაუწმინდურებულად არ ითვლებოდა (ლვ. 13:40). კანონი არც იმ ლევიანებს უკრძალავდა მღვდელმსახურებას, რომლებიც მელოტები იყვნენ. წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ხილვაში მითითება მიიღო, რომ მღვდლებს არც უნდა გადაეპარსათ თავი და არც გრძელი თმა ეტარებინათ; მათ თმა შეკრეჭილი უნდა ჰქონოდათ (ეზკ. 44:20).
წინასწარმეტყველი ელისე მელოტი იყო. მას შემდეგ, რაც თავისი წინამორბედის, ელიას, ადგილი დაიკავა, იერიხონიდან ბეთელისკენ მიმავალ გზას დაადგა. გზად ბავშვები შემოხვდნენ და დაცინვა დაუწყეს: „წადი [სიტყვასიტყვით, ზემოთ ადი], შე მელოტო, წადი, შე მელოტო!“. როგორც ჩანს, მათ ელისეს სიმელოტის გამო კი არ დასცინეს, არამედ იმის გამო, რომ ელიას მოსასხამი ეცვა და არ უნდოდათ, რომ ვინმეს მისი საქმე გაეგრძელებინა. მათ იმის თქმა სურდათ, რომ ელისეს ან ბეთელისკენ უნდა გაეგრძელებინა გზა, რომელიც შედარებით მაღლა მდებარეობდა, ან თავისი წინამორბედის მსგავსად ქარიშხლით ზეცაში ასულიყო (2მფ. 2:11). იმის დასანახვებლად, რომ ის ნამდვილად იყო ელიას საქმის გამგრძელებელი და რომ ამ ბიჭებსა და მათ მშობლებს იეჰოვას წინასწარმეტყველის მიმართ სათანადო პატივისცემა უნდა გამოევლინათ, ელისემ ეს ბავშვები ელიას ღვთის სახელით დაწყევლა. იეჰოვამ კი იმის საჩვენებლად, რომ ელისეს თავის წინასწარმეტყველად მიიჩნევდა, ტყიდან გამოსულ ორ დათვს 42 ბავშვი დააგლეჯინა (2მფ. 2:23, 24).
ზოგიერთ ხალხში თმის მოპარსვას რელიგიური დატვირთვა ჰქონდა; თმას ნათესავის გარდაცვალების გამოც იპარსავდნენ. ასეთი ჩვეულების შესრულება ისრაელებს ეკრძალებოდათ (კნ. 14:1). კანონი მღვდლებს მკვდრის გამო თავის გადაპარსვას და წვერის კიდეების შეკრეჭას უკრძალავდა (ლვ. 21:5). არც სხვა ისრაელებს უნდა დაემახინჯებინათ წვერის კიდეები და არც საფეთქლებთან შეეჭრათ თმა (ლვ. 19:27; იერ. 9:26; იხ. ᲬᲕᲔᲠᲘ).
ეგვიპტელი მამაკაცები, ჩვეულებრივ, თავგადაპარსულები იყვნენ. მათთვის წვერის ტარება გლოვასთან ან მოუვლელობასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ იოსებმა საპყრობილიდან გათავისუფლების შემდეგ, სანამ ფარაონის წინაშე წარდგებოდა, თავიც გადაიპარსა და პირიც გაიპარსა (დბ. 41:14). თუმცა როგორც მელოტი, ისე თავგადაპარსული და წვერმოპარსული ეგვიპტელები პარიკებს და ხელოვნურ წვერს ატარებდნენ. ეგვიპტურ სამედიცინო კრებულში, ებერსის პაპირუსში, რომელიც ძვ. წ. მე-2 ათასწლეულით თარიღდება, 11 რჩევაა მოცემული, თუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ არ გამელოტდეს.
მოსეს კანონის თანახმად, ვისაც თავზე კეთრი გამოაჩნდებოდა, თავი უნდა გადაეპარსა კარანტინის პერიოდის დასაწყისში, განწმენდის დღეს და განწმენდიდან მეშვიდე დღეს (ლვ. 13:33; 14:8, 9). თუ ნაზირი გაუწმინდურდებოდა, განწმენდის დღეს თავი უნდა გადაეპარსა (რც. 6:9). ვიდრე ისრაელი მეომარი ტყვედწამოყვანილ ქალს ცოლად მოიყვანდა, ქალს თავი უნდა გადაეპარსა (კნ. 21:12).
ნაბუქოდონოსორის მეომრებს რაღაც პერიოდი თავები გამელოტებული ჰქონდათ ტვიროსის კონტინენტური ნაწილის ხანგრძლივი ალყის გამო. როგორც იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს, ტვიროსზე მისი განაჩენის აღსრულებისას ბაბილონის მეფის ჯარში „ყველას გაუმელოტდა თავი და ყველას გადაეყვლიფა მხარი“. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მეომრებს გამუდმებით ეხურათ მუზარადები, მხრებით კი კოშკებისა თუ სხვა საალყო ნაგებობების მასალის ზიდვა უწევდათ (ეზკ. 26:7—12; 29:17, 18).
მოციქულთა პერიოდში ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, უზნეობით ცნობილ ქალაქ კორინთში, თუ ქალს მრუშობის ან მეძაობის დროს წაასწრებდნენ, სასჯელად თავს ჰპარსავდნენ. მოახლე გოგონებს თმა მოკლედ უნდა ჰქონოდათ შეჭრილი. როგორც ჩანს, პავლეს ეს ჩვეულება ჰქონდა მხედველობაში, როცა თქვა, რომ ქალი, რომელსაც თავზე თმა აქვს, მაგრამ კრებაში თავდაუხურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, მეთაურობის პრინციპის უარყოფის. მას უკვე აღარაფერი უშლის ხელს, რომ ბოლომდე შეირცხვინოს თავი და თმა გადაიპარსოს (1კრ. 11:3—10).