ᲥᲐᲚᲜᲔ
1. ნიმროდის მიერ შინარის მიწაზე დაარსებული ქალაქი (დბ. 10:10). აქედან გამომდინარე, ის, სავარაუდოდ, სამხრეთ შუამდინარეთში მდებარეობდა, თუმცა მისი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. თალმუდსა და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით დიდი ხნის მანძილზე მიიჩნევდნენ, რომ იგი ქალაქ ბაბილონის სამხრ.-აღმ.-ით დაახლოებით 85 კმ-ში მდებარე ბაბილონელთა ძველი ქალაქი ნიფურია. თუმცა, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ის იგივე ქულუნუა (ასე ეწოდებოდა ძველად ბაბილონის მახლობლად მდებარე საკმაოდ გავლენიან ქალაქს). კიდევ ერთი მოსაზრების თანახმად, ეს არის ქალაქ კიშის მეზობლად მდებარე ქალაქი ჰურსაგქალამა, რომლის სახელის ბოლო ნაწილიც (-ქალამა), სავარაუდოდ, ქალნეს შეესაბამება. ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში (RS, JB, NE) ქალნე ნათარგმნია არა ადგილის სახელწოდებად, არამედ ფრაზად „ყველა მათგანი“ და ტექსტი დაახლოებით ასე იკითხება: „ბაბილონი, ერექი და აქადი, ყველა მათგანი შინარის მიწაზე“. თუმცა ასეთი თარგმანი მასორეტული ტექსტისგან განსხვავებული ხმოვნების ჩასმას ითხოვს.
2. ქალაქი, რომელიც წინასწარმეტყველმა ამოსმა ხამათსა და გათთან ერთად მოიხსენია, როცა ისრაელისა და იუდას მოსახლეობას მოახლოებული უბედურების შესახებ აფრთხილებდა (ამ. 6:2). ზოგი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს იგივე ქალაქია, რაც №1, თუმცა უმეტესობა ფიქრობს, რომ ქალნე მდებარეობდა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში და არა შუამდინარეთში, ვინაიდან ამოსმა ის ხამათსა და გათთან ერთად მოიხსენია. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალნე უნდა გავაიგივოთ ასურული წარწერებიდან ცნობილ ქალაქ კულანისთან, რომელიც ჩრდ. სირიაში მდებარეობდა (სავარაუდოდ, ეს არის თანამედროვე ქულან-ქოი, რომელიც არფადის სამხრ.-აღმ.-ით დაახლოებით 16 კმ-ში მდებარეობს) და მოიხსენიება ტიგლათფილესერ III-ის მიერ დაპყრობილ ადგილებს შორის, როცა ასურელებმა დასავლეთით გაილაშქრეს. თუ ეს ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ქალნე შესაძლოა იყოს ესაიას 10:9-ში მოხსენიებული ქალნო.