საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ბანაკი“
  • ბანაკი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბანაკი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • გერშონელები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იეჰოვა ორგანიზებას უწევს თავის ხალხს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
  • რიცხვები (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • როგორ მიუძღვის იეჰოვა თავის ხალხს
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ბანაკი“

ბანაკი

ბანაკის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა (მახანე) მომდინარეობს ზმნის ფუძიდან ხანაჰ, რაც ნიშნავს დაბანაკებას (მსჯ. 15:9; გმ. 14:2; დბ. 33:18). ეს სიტყვები ბიბლიაში გამოყენებულია მომთაბარე ხალხის დროებით სადგომთან (დბ. 32:21; 33:18), უდაბნოში ისრაელთა ხეტიალის დროს გარკვეული წესის მიხედვით მათი კარვების განლაგებასთან (რც. 2:17) ან ლაშქრის გასაჩერებელ დაცულ ადგილთან (2მფ. 25:1). ბანაკის აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა არის პარემბოლე (იხ. ლაშქარი).

ისრაელთა ბანაკი. ეგვიპტიდან ისრაელები ქაოსურად არ გამოსულან, ისინი კარგად ორგანიზებულ რაზმებად გამოვიდნენ, როგორც ეს იეჰოვას ლაშქარს შეეფერებოდა (გმ. 13:18; 12:41; 6:26). როგორც ჩანს, ხალხი ჯარის მსგავსად დაყოფილი იყო ხუთ ნაწილად: მოწინავე რაზმი, მთავარი ძალები, ზურგის რაზმი და ორი ფლანგი. იმ დროისთვის ისრაელებში ისევ პატრიარქალური წყობა იყო, რაც მსვლელობის დროს ტომებისა და საგვარეულოების განლაგებაში ჩანდა. მაშინდელი წესის მიხედვით, მსახურები, მონები და ოჯახს მიკედლებული სხვა ხალხი სახლეულობის ნაწილად ითვლებოდნენ. ამგვარად, ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, როგორც ჩანს, სხვადასხვა ტომს, საგვარეულოსა თუ ოჯახს „უამრავი ჭრელი ხალხი“ ახლდა (გმ. 12:38; რც. 11:4; კნ. 29:11).

გამოსვლიდან მეორე წლის დასაწყისში კარვის აგების შემდეგ ღვთის მითითებით მოხდა ბანაკის რეორგანიზება. იეჰოვას ისრაელთან ყოფნის სიმბოლო, ანუ კარავი თავის ეზოსთან ერთად ბანაკის ცენტრალური ადგილი იყო პირდაპირი გაგებითაც და მნიშვნელობითაც. აღმოსავლეთით, კარვის შესასვლელის მხარეს, მოსე, აარონი და მღვდლები იყვნენ დაბანაკებული (რც. 3:38). სხვა ლევიანები (ერთი თვიდან ზემოთ მათი რიცხვი 22 000-ს შეადგენდა) ბანაკის დანარჩენ სამ მხარეს დაბანაკდნენ: კეჰათელები — სამხრეთით, გერშონელები — დასავლეთით და მერარელები — ჩრდილოეთით (რც. 3:23, 29, 35, 39). უკანასკნელ ორ ჯგუფს ებარა საბარგულები, ურმები და ცხოველები კარვისა და მისი მოწყობილობების გადასატანად. იეჰოვას საწმინდარში მომსახურენი კარავთან ახლოს, მის ირგვლივ ცხოვრობდნენ და ამგვარად, წმინდა ადგილს იცავდნენ იქ არალევიანთა შესვლისგან, რათა არ დასტყდომოდა „რისხვა ისრაელის ძეების კრებულს“ (რც. 1:53; 7:3—9).

ლევიანების კარვებიდან მოშორებით, მათ ირგვლივ ოთხივე მხარეს — აღმოსავლეთით, სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით — განლაგებული იყო 12 ტომის კარვები. როგორც ჩანს, ისინი საწმინდრიდან საკმაოდ შორს ცხოვრობდნენ. ზოგი ბიბლეისტი ვარაუდობს, რომ ეს მანძილი დაახლოებით 900 მეტრს შეადგენდა, რადგან იორდანეს გადაკვეთისას ხალხი შეთანხმების კიდობნიდან „დაახლოებით ორი ათასი წყრთის მოშორებით“ უნდა ყოფილიყო (იეს. 3:4). 12 ტომი 4 დიდ ნაწილად იყო დაყოფილი, რომელთაგან თითოეულს ცენტრალური ტომის სახელი ერქვა. ამგვარად, კარვის აღმოსავლეთით დაბანაკებულ სამტომიან დანაყოფს იუდას დანაყოფი ერქვა. მის ერთ მხარეს ისაქარი იყო დაბანაკებული, მეორე მხარეს კი — ზებულონი (რც. 2:3—8). როცა ეს ღონისძიება ძვ. წ. 1512 წელს ამოქმედდა, იუდას სამტომიან დანაყოფში 20 წლიდან ზემოთ 186 400 მამაკაცი იყო (რც. 1:1—3; 2:9). სამხრეთით დაბანაკდა რეუბენის სამტომიანი დანაყოფი, რომელშიც სიმონისა და გადის ტომები რეუბენის ორივე მხარეს იყვნენ განლაგებულნი. ამ დანაყოფში 151 450 მეომარი აღირიცხა (რც. 2:10—16). ლევიანების გარდა, აღმოსავლეთით და სამხრეთით დაბანაკებული ეს ორი დანაყოფი იაკობის იმ ძეების შთამომავლები იყვნენ, რომლებიც მას ლეამ და მისმა მოახლე ზილფამ გაუჩინეს (დბ. 35:23, 26). საწმინდრის სამხრეთით განლაგებულები იყვნენ რეუბენელები და კეჰათელები, რითაც აიხსნება ის ახლო ურთიერთობა, რაც მეამბოხე რეუბენელ დათანსა და აბირამს კეჰათელ კორახთან ჰქონდათ (რც. 16:1). დასავლეთით მდებარეობდა ეფრემის სამტომიანი დანაყოფი, რომელშიც ეფრემის ერთ მხარეს მენაშე იყო დაბანაკებული, მეორე მხარეს კი — ბენიამინი. სამივე ტომი რახელისგან წარმოიშვა და მათში 108 100 მეომარი აღირიცხა (რც. 2:18—24). ბოლოს, ჩრდილოეთით დაბანაკებული იყო დანის სამტომიანი დანაყოფი, რომელშიც აშერისა და ნაფთალის ტომები შედიოდნენ. ამ დანაყოფში 157 600 მეომარი იყო (რც. 2:25—31). დანი და ნაფთალი რახელის მოახლის, ბილჰას შთამომავლები იყვნენ, აშერი კი — ლეას მოახლის, ზილფას შთამომავალი (დბ. 35:25, 26).

ისრაელის ბანაკი ძალიან დიდი იყო. ზემოთ მოყვანილი მეომრების რაოდენობა ჯამში 603 550-ს შეადგენდა. მათ ახლდნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები და ხეიბრები, 22 000 ლევიანი და „უამრავი ჭრელი ხალხი“. მთლიანობაში მათი რიცხვი, შესაძლოა, 3 000 000 ან მეტი იყო (გმ. 12:38, 44; რც. 3:21—34, 39). დანამდვილებით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამხელა ტერიტორია ეკავათ მათ. მეცნიერთა ვარაუდებს შორის რადიკალური განსხვავებაა. ბიბლიის თანახმად, როცა ისინი მოაბის ველზე იერიხონის პირისპირ დაბანაკდნენ, მათი ბანაკი „ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე“ იყო გადაჭიმული (რც. 33:49).

ჩვეულებრივ, ნახაზებში ისრაელის ბანაკს მართკუთხედის ან კვადრატის ფორმა აქვს. მიიჩნევა, რომ ასეთი განლაგება ბანაკისთვის ოპტიმალური იყო და საუკეთესო თავდაცვის საშუალებას იძლეოდა. ბანაკის დადგენილი საზღვრების არსებობა იქიდან ჩანს, რომ ხალხს შეეძლო ბანაკიდან გასვლა ან ბანაკში შესვლა (ლვ. 13:46; 16:26, 28; 17:3). ბანაკს ჰქონდა კარიბჭეები, ანუ შესასვლელები (გმ. 32:26, 27). იოსებ ფლავიუსი წერდა, რომ ბანაკს ქუჩებიც ჰქონდა („იუდეველთა სიძველენი“, წ. III, თ. 12, აბზ. 5). ახალ ადგილზე სწრაფად და ნაკლები ძალისხმევით ბანაკის გასაშლელად კარგი ხელმძღვანელობა და ორგანიზება იყო საჭირო.

ბანაკში ორიენტირების გასაადვილებლად თითოეულ საგვარეულოს თავისი ნიშანი ჰქონდა (რც. 2:2). ვინაიდან ებრაული სიტყვა დეგელ, რომელიც სამტომიან დანაყოფად ითარგმნა, დროშასაც ნიშნავს (მაგ., ქბ. 2:4-ში), შესაძლებელია, რომ ტომებსა და ოჯახებს თავიანთი ნიშნები ჰქონდათ. ბიბლია ამ ნიშნების რაოდენობას არ აკონკრეტებს და არც მათ აღწერილობას იძლევა.

იეჰოვას ბანაკის მართვა ძალიან ეფექტურად ხდებოდა. თეოკრატიული წესის მიხედვით, ათისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ასისთავებად და ათასისთავებად დაინიშნენ „უნარიანი, ღვთისმოშიში, სანდო და უკანონო შემოსავლის მოძულე კაცები“ (გმ. 18:21; კნ. 1:15). ისინი კარგ ხელმძღვანელობას უწევდნენ ბანაკს, უზრუნველყოფდნენ წესრიგს და მიუკერძოებლად უჩენდნენ ხალხს სამართალს. აგრეთვე მათი მეშვეობით შეიძლებოდა ხალხისთვის ინფორმაციის სწრაფად მიწოდება. საყვირით იძლეოდა სხვადასხვანაირი სიგნალი იმისდა მიხედვით, თუ ვინ უნდა შეკრებილიყო კარვის შესასვლელთან — მთელი კრებული თუ ტომების წარმომადგენელი თავკაცები, ათასისთავები (რც. 1:16; 10:2—4, 7, 8).

კანონთა კრებული შეიცავდა მითითებებს, რომლებიც ბანაკში ცხოვრების ყველა მხარეს არეგულირებდა. სანიტარული წესები იქ მცხოვრებთა ჯანმრთელობასა და სიწმინდეს უწყობდა ხელს. კეთროვნები, ყველა გადამდები დაავადებით დაავადებული თუ გამონადენიანი, აგრეთვე მკვდართან შეხებით გაუწმინდურებულები ბანაკის გარეთ უნდა ყოფილიყვნენ, ვიდრე მღვდელი წმინდებად არ გამოაცხადებდა მათ (რც. 5:2, 3). მიცვალებულებს ბანაკის გარეთ მარხავდნენ (ლვ. 10:4, 5). ბანაკის გარეთ გაჰქონდათ აგრეთვე დასაწვავი შესაწირავების ნაცარი და მსხვერპლად მიტანილი ზოგიერთი ცხოველის გვამი (ლვ. 4:11, 12; 6:11; 8:17). სიკვდილით დასჯაც ბანაკის გარეთ სრულდებოდა (ლვ. 24:14; რც. 15:35, 36). ტყვეები და ლაშქრობიდან დაბრუნებული მეომრები გაწმენდის პერიოდის განმავლობაში უნდა დარჩენილიყვნენ ბანაკგარეთ (რც. 31:19).

ამ უზარმაზარი ბანაკის გადაადგილებისას ჩანდა, რომ ის ოსტატურად იყო ორგანიზებული (რიცხვების 33-ე თავში მოსე მოიხსენიებს ისრაელთა დაახლოებით 40 დროებით სადგომს). ბანაკი ერთ ადგილას ჩერდებოდა მანამ, სანამ ღრუბელი კარვის თავზე იყო გაჩერებული. როცა ღრუბელი იწეოდა, ბანაკიც იძვრებოდა. „იეჰოვას ბრძანებაზე ბანაკდებოდნენ და იეჰოვას ბრძანებაზე იძვრებოდნენ“ (რც. 9:15—23). იეჰოვას ამ ბრძანებებს ვერცხლის ორი საყვირით აგებინებდნენ ხალხს (რც. 10:2, 5, 6). საყვირის ცვალებადი ხმა ბანაკის აშლის ნიშანი იყო. პირველად ისრაელთა ბანაკი „მეორე წლის [ანუ ძვ. წ. 1512] მეორე თვის მეოცე დღეს“ დაიძრა. ჯერ ადგილიდან შეთანხმების კიდობანი დაიძრა, შემდეგ კი — იუდას სამტომიანი დანაყოფი ისაქარსა და ზებულონთან ერთად. მათ უკან მიჰყვებოდნენ გერშონელები და მერარელები, რომელთაც კარვის გარკვეული ნაწილები ებარათ. შემდეგ დაიძრა სამტომიანი დანაყოფი, რომელსაც სათავეში რეუბენის ტომი ედგა, უკან კი სიმონისა და გადის ტომები მიჰყვებოდნენ. მათ მიჰყვებოდნენ კეჰათელები, რომელთაც საწმინდარი მიჰქონდათ, და სხვა სამტომიანი დანაყოფი შემდეგი თანმიმდევრობით: ეფრემი, მენაშე და ბენიამინი. ბოლოს დაიძრა ზურგის რაზმი, ანუ დანის დანაყოფი აშერსა და ნაფთალთან ერთად. ამგვარად, მსვლელობის დროს მოწინავე რაზმისა და ზურგის რაზმის ადგილს ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი დანაყოფები იკავებდნენ (რც. 10:11—28).

„მიდიოდნენ იეჰოვას მთიდან სამი დღის სავალზე და ... იეჰოვას ღრუბელი იყო მათზე“ (რც. 10:33, 34). ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რა სიგრძისა იყო ხალხის ეს კოლონა, რომელსაც წინ ღრუბელი მიუძღოდა, რა სიჩქარით მიდიოდნენ ისინი ან რა მანძილს ფარავდნენ ერთ დღეში. ისინი საკმაოდ ნელა გადაადგილდებოდნენ, რადგან ბავშვები და ფარები ჰყავდათ. ამ სამდღიანი მსვლელობის დროს ღამის გასათევ ადგილებში ისინი, ალბათ, დადგენილი განლაგების მიხედვით არ ბანაკდებოდნენ და წმინდა კარავს არ შლიდნენ. როგორც ჩანს, ხალხი მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, რაც საჭირო იყო საჭმლის მოსამზადებლად და ღამის გასათევად.

სამხედრო ბანაკები. საომარი მოქმედებების აღწერისას სიტყვა „ბანაკი“ შეიძლება სხვადასხვა რამეზე მიუთითებდეს, მაგალითად შტაბ-ბინაზე, ან ბაზაზე, საიდანაც ლაშქარი გადის საბრძოლველად. ამის მაგალითებია გილგალი და შილო (იეს. 4:19; 5:10; 9:6; 10:6, 15, 43; 18:9; მსჯ. 21:12). ზოგჯერ ბანაკში ჯარი იგულისხმება და არა ის ადგილი, სადაც ღამის გასათევად არიან დაბანაკებულები (იეს. 10:5; 11:4, 5). რომელიმე ქალაქთან დაბანაკებაში მის წინააღმდეგ შებრძოლება იგულისხმება, ზოგჯერ კი დაბანაკება საომრად მომზადებას გულისხმობს (მსჯ. 9:50; 1სმ. 11:1; 28:4; 2მფ. 25:1).

ბანაკისთვის ადგილის შერჩევისას მხედველობაში სხვადასხვა ფაქტორს იღებდნენ. შემაღლებული და რთულად მისადგომი ადგილი ბუნებრივად დაცული იყო. ის გაცილებით ადვილი იყო დასაცავად, ვიდრე გაშლილი ადგილი (1სმ. 26:3). ბანაკის სიახლოვეს წყალი უნდა ყოფილიყო (2მფ. 3:9). იესო ნავეს ძემ მერომის წყალთან დაბანაკებული მოკავშირე მეფეები დაამარცხა (იეს. 11:5). გედეონის ლაშქარი ხაროდის ჭასთან დაბანაკდა (მსჯ. 7:1), დავითის ლაშქრის მესამედი კი ბესორის ხევში დარჩა, ვიდრე დანარჩენი მეომრები ბრძოლიდან გამარჯვებულები არ დაბრუნდნენ უკან (1სმ. 30:9, 10).

ზოგჯერ ბანაკის დასაცავად მის ირგვლივ ბარგს ალაგებდნენ და ურმებსა და ცხოველებს აყენებდნენ. ამის მაგალითია საულის ბანაკი (1სმ. 26:7). თუ ჯარს ეტლები ჰქონდა, ბანაკის გარშემო მათი განლაგება შეიძლებოდა. ზოგ შემთხვევაში თხრილს ავლებდნენ და მიწაყრილს უკეთებდნენ იმ ბანაკებს, რომელთაც შედარებით დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ. როგორც წესი, ბრძოლები ბანაკებთან ახლოს არ იმართებოდა, თუ არ ჩავთვლით მოულოდნელ თავდასხმებს (იეს. 11:7), ამიტომ მათ თხრილებითა და კედლებით არ ამაგრებდნენ.

საერო ისტორია წარმოდგენას გვიქმნის ბიბლიურ დროში წარმართი ერების სამხედრო ბანაკებზე. რამსეს II-ის ბანაკი ფარებით იყო შემოღობილი. ასურელთა ბანაკი, როგორც წესი, წრის ფორმისა იყო და გამაგრებული იყო კედლებითა და კოშკებით. სპარსელთა ბანაკებში კარვებს შესასვლელი აღმოსავლეთით ჰქონდა და ბანაკის დასაცავად თხრილები და მიწაყრილები იყო გაკეთებული. ბერძენთა სამხედრო ბანაკებსაც წრის ფორმა ჰქონდა. ბანაკის შუაგულში დგამდნენ მეთაურის კარავს. როცა რომის ჯარი ახალ ადგილას შლიდა ბანაკს, მის გარშემო დიდ თხრილს ავლებდნენ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება