მონუსხვა
ესაიას 19:3-ში მოხსენიებული ებრაული სიტყვა ʼიტტიმ გამოყენებულია ეგვიპტელ მომნუსხველთა აღსანიშნავად. ებრაული სიტყვა ხევერ (გადმოტანილია ჯადოდ) მიუთითებს მაგიურ ფორმულაზე, რომელსაც წარმოთქვამენ, მღერიან ან წერენ ვინმესთვის ჯადოს გასაკეთებლად (ფს. 58:5; ეს. 47:9, 12). სიონის ასულებს ეკეთათ „მოჩუქურთმებული ავგაროზები“ ანუ თილისმები. „მოჩუქურთმებულ ავგაროზებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა (ლეხაშიმ) მომდინარეობს ფუძიდან, რომელიც ნიშნავს ჩურჩულს, მონუსხვას (ეს. 3:20; შდრ. 2სმ. 12:19; ფს. 58:5). სპირიტიზმის ეს სახეობა იმ სისაძაგლეთა შორის იყო მოხსენიებული, რომლებიც იეჰოვას აკრძალული ჰქონდა თავისი ხალხისთვის (კნ. 18:9—11). ძველად ბაბილონელები, ეგვიპტელები და სხვა ხალხები ცნობილი იყვნენ იმით, რომ სწამდათ მონუსხვისა და ჯადოს კეთების (ეს. 19:3; 47:9, 12).
გველის მონუსხვა. გველის მონუსხვა შეიძლება უკავშირდებოდეს სპირიტიზმს. ის გველის თაყვანისმცემლობის უძველესი კულტის გადმონაშთია. როგორც მიიჩნევენ, მომნუსხველი სალამურზე ან სხვა ჩასაბერ ინსტრუმენტზე დაკვრით აჯადოებს გველს, ხშირ შემთხვევაში კობრას, რომელიც თითქოსდა მელოდიით მოჯადოებული სამალავიდან ჩნდება. ზოგის აზრით, გველს საერთოდ არ ესმის ან დაქვეითებული სმენა აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. როგორც ფსალმუნის 58:4, 5-დან ჩანს, გველს შეუძლია გაიგოს როგორც მომნუსხველის, ისე მუსიკის ხმა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ გველებს უბრალოდ წვრთნიან (სხვა ცხოველების ან ფრინველების მსგავსად): ის თავდახურულ კალათაში ჰყავთ; შემდეგ ხმადაბლა უკრავენ მუსიკას; თუ ის გაქცევას შეეცდება, მაშინვე ზემოდან აფარებენ და ამას იმდენჯერ იმეორებენ, ვიდრე გველი არ ისწავლის მუსიკის თანხლებით თავის ამოყოფას და ვერტიკალურად დგომას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეს შეიძლება ასეც იყოს, გველის მონუსხვა, ხშირ შემთხვევაში, დემონური ძალის დახმარებით ხდება.
სპირიტიზმის ეს სახეობა რომ ძველი დროიდან იღებს სათავეს, ბიბლიური მუხლებით მტკიცდება (ფს. 58:4, 5; ეკ. 10:11; ეს. 3:3; იერ. 8:17).