საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მოქალაქე, მოქალაქეობა“
  • მოქალაქე, მოქალაქეობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოქალაქე, მოქალაქეობა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • რომაელი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • კლავდიუს ლისია
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • იცოდით თუ არა?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2015
  • სავლე — უფლის რჩეული ჭურჭელი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მოქალაქე, მოქალაქეობა“

მოქალაქე, მოქალაქეობა

ამა თუ იმ ქალაქში ან ქვეყანაში დაბადებული ან მოქალაქეობამინიჭებული ადამიანი; სარგებლობს გარკვეული უფლებებითა და თავისუფლებით, რომლებიც სხვებს არა აქვთ და ასრულებს ამ ქალაქის ან ქვეყნის მთავრობის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. ბიბლიაში სიტყვები „მოქალაქე“ და „მოქალაქეობა“ მხოლოდ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში გვხვდება. ბერძნული სიტყვები პოლიტეს (მოქალაქე), პოლიტეა (მოქალაქის უფლებები, მოქალაქეობა; სახელმწიფო), პოლიტევმა (მოქალაქეობა; მოქალაქეებად ყოფნა), სინპოლიტეს (თანამოქალაქე) და პოლიტევომე (მოქალაქის ქცევა) სიტყვა პოლისის (ქალაქი) მონათესავე სიტყვებია.

მიუხედავად იმისა, რომ ებრაულ წერილებში სიტყვები „მოქალაქე“ და „მოქალაქეობა“ არ გვხვდება, ამ ცნების გამოსახატავად გამოყენებულია სიტყვა „მკვიდრი“, საპირისპირო ცნების გამოსახატავად კი — სიტყვა „ხიზანი“ (ლვ. 24:22). მოსეს კანონის ძალაში ყოფნის დროს ისრაელის კრებული წარმოადგენდა საზოგადოებას, რომლის წევრად გახდომა ხიზნებსაც შეეძლოთ. მათ გარკვეული შეზღუდვები ჰქონდათ, თუმცა ისრაელების მსგავსად ბევრი უფლებითაც სარგებლობდნენ. ხიზანი მამაკაცების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭება წინადაცვეთით ხდებოდა. ამგვარად, მათ შეეძლოთ უფრო სრულად მიეღოთ მონაწილეობა იეჰოვას თაყვანისმცემლობაში და ყოველწლიური პასექიც კი აღენიშნათ (გმ. 12:43—49; რც. 9:14; იხ. ხიზანი; უცხოელი).

რომის მოქალაქეობა. რომის მოქალაქეობა ადამიანს განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებდა და ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდა. ამ უფლებებს იმპერიის მთელ ტერიტორიაზე აღიარებდნენ და იცავდნენ. მაგალითად, უკანონოდ ითვლებოდა აღიარების მიღების მიზნით რომის მოქალაქის წამება ან გაშოლტვა. დასჯის ეს მეთოდები მეტისმეტად დამამცირებლად მიიჩნეოდა და მათი გამოყენება მხოლოდ მონებთან შეიძლებოდა. იერუსალიმში რომაელმა ჯარისკაცებმა პავლე იუდეველთა ბრბოსგან იხსნეს. თავიდან პავლეს არ უთქვამს, რომ რომის მოქალაქე იყო, მაგრამ, როცა გაშოლტვა დაუპირეს, ასისთავს უთხრა: „განა გაქვთ იმის უფლება, რომ რომაელი კაცი გაუსამართლებლად გაშოლტოთ?“. «როცა ასისთავმა ეს გაიგონა, ათასისთავთან მივიდა და მოახსენა: „რას აპირებ? რომაელი ყოფილა ეს კაცი“». ყველაფრის გარკვევის შემდეგ „მათ, ვინც წამებით უპირებდა დაკითხვას, მიატოვეს ის. ათასისთავს შეეშინდა, როცა გაიგო, რომ ის რომაელი ყოფილა, რადგან მან შებოჭა იგი“ (სქ. 21:27—39; 22:25—29; იხ. აგრეთვე სქ. 16:37—40).

კიდევ ერთი უპირატესობა, რითაც რომის მოქალაქეები სარგებლობდნენ, იყო რომის იმპერატორთან პროვინციის გამგებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. თუ მოქალაქეს ბრალს დასდებდნენ ისეთ დანაშაულში, რომლისთვისაც შეიძლებოდა სიკვდილით დაესაჯათ, მას რომში იმპერატორის წინაშე სასამართლოზე წარდგომის უფლება ჰქონდა. ამიტომ ფესტუსის მიერ გასამართლებისას პავლემ განაცხადა: „მე ვდგავარ კეისრის სასამართლო ტახტის წინ, სადაც უნდა გავსამართლდე კიდეც ... [იუდეველებს] ჩემს თავს ვერავინ გადასცემს მათი გულის მოსაგებად. კეისართან ვასაჩივრებ!“ (სქ. 25:10—12). ამ უფლებით სარგებლობის მსურველის თხოვნა აუცილებლად კმაყოფილდებოდა. პავლეს საქმის განხილვის შემდეგ მეფე აგრიპა II-მ ფესტუსს უთხრა: „კეისართან რომ არ გაესაჩივრებინა, შეიძლებოდა მისი გათავისუფლება“ (სქ. 26:32).

რომის მოქალაქეობის მიღება სხვადასხვანაირად ხდებოდა. ზოგჯერ იმპერატორები გაწეული სამსახურისთვის მას მთელი ქალაქების ან მხარეების მოსახლეობას ან ცალკეულ ადამიანებს ანიჭებდნენ. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელი იყო მისი შეძენა. ამის მაგალითია ათასისთავი კლავდიუს ლისია, რომელმაც პავლეს უთხრა: „მე დიდი თანხა დამიჯდა ამ მოქალაქეობის მიღება“. პავლემ ათასისთავს მიუგო: „მე კი ამ მოქალაქის უფლებებით დავიბადე“ (სქ. 22:28).

სულიერი მოქალაქეობა. თავის წერილებში პავლე სულიერ მოქალაქეობაზეც საუბრობდა. წინადაუცვეთელ უცხოტომელებზე, რომლებიც სულიერი ისრაელები გახდნენ, პავლემ თქვა, რომ ერთ დროს ისინი იყვნენ ქრისტესგან შორს, ისრაელისგან გაუცხოებულები და შეთანხმებებისთვის უცხოები, უიმედოები და უღვთოები, ახლა კი „ქრისტე იესოსთან ერთობაში“ არიან. შემდეგ თავისი აზრის გასავრცობად პავლემ დასძინა: „ამიტომ უკვე აღარა ხართ უცხოები და ხიზნები, არამედ წმინდათა თანამოქალაქენი და ღვთის ოჯახის წევრები ხართ“ (ეფ. 2:12, 13, 19). განსაკუთრებით საყურადღებოა პავლეს სიტყვები, რომლებიც ფილიპელ ქრისტიანებს მისწერა. ფილიპე ერთ-ერთი იყო იმ ქალაქებიდან, რომელთა მოსახლეობასაც რომის მოქალაქეობა მიენიჭა. სწორედ ამ ქალაქში დაახლოებით ათი წლით ადრე პავლეს მოქალაქეობრივი უფლებები შელახეს. პავლემ ფილიპელებს მისწერა: „ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია“ (ფლ. 3:20). იმავე წერილში მან თანაქრისტიანებს მოუწოდა, „სასიხარულო ცნობის ღირსად“ მოქცეულიყვნენ. მოქცევად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა (პოლიტევომე) სიტყვასიტყვით მოქალაქის ქცევას ნიშნავს (ფლ. 1:27; შდრ. Int).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება