კორნელიუსი
ასისთავი, რომელიც იტალიური რაზმის ასეულს მეთაურობდა (იხ. ასისთავი). კესარეაში მსახურების დროს მას საკუთარი სახლი ჰქონდა. მისი რომაული სახელი შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ იგი რომში მცხოვრებ დიდგვაროვანთა ოჯახს მიეკუთვნებოდა. ის მორწმუნე იყო, „უხვად გასცემდა მოწყალებას და ყოველთვის ევედრებოდა ღმერთს“. მას ახასიათებდნენ როგორც მართალ და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც მთელ იუდეველ ხალხში კარგი სახელი ჰქონდა. სწორედ კორნელიუსს გამოეცხადა ხილვაში ანგელოზი ახ. წ. 36 წლის შემოდგომაზე და უთხრა: „შენი ლოცვები და მოწყალება გახსენებულ იქნა ღვთის წინაშე“. ანგელოზმა მას ისიც უთხრა, რომ იოპეში პეტრეს მოსაყვანად ხალხი გაეგზავნა (სქ. 10:1—22).
როცა პეტრე მივიდა, კორნელიუსმა „თავისი ნათესავებისა და ახლო მეგობრების“ თანდასწრებით მას უთხრა: „ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რის თქმაც იეჰოვასგან გაქვს ნაბრძანები“ (სქ. 10:24, 33). „პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა წმინდა სული გადმოვიდა ყველაზე, ვინც სიტყვას ისმენდა“. შეკრებილები, რომელთა შორისაც მხოლოდ კორნელიუსის სახელია მოხსენიებული მისი გამოჩენილი მდგომარეობის გამო, პირველი წინადაუცვეთელი უცხოტომელები ანუ არაიუდეველები იყვნენ, რომლებმაც „უსასყიდლო ძღვენი, წმინდა სული“ მიიღეს (სქ. 10:44, 45). ამის შემდეგ ისინი დაუყოვნებლივ მოინათლნენ წყალში. კორნელიუსის შემდგომი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
რატომ იყო კორნელიუსის გაქრისტიანება განსაკუთრებული მოვლენა?
მიუხედავად იმისა, რომ კორნელიუსი გაცნობილი იყო წინასწარმეტყველთა წიგნებს, მოწყალებას გასცემდა იუდეველ ხალხში, ღვთისმოშიში იყო, გამუდმებით ლოცულობდა და იყენებდა ღვთის სახელს, იეჰოვას, იგი არ იყო პროზელიტი იუდეველი, როგორც ამას ზოგი მიიჩნევს. წმინდა წერილებიდან აშკარად ჩანს, რომ ასისთავი კორნელიუსი წინადაუცვეთელი უცხოტომელი იყო. პეტრემ უეჭველად კარგად იცოდა კანონი ხიზანთან ურთიერთობაზე, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის კორნელიუსს უცხოტომელად არ მოიხსენიებდა და არ იტყოდა, რომ, როგორც იუდეველს, მასთან ურთიერთობას კანონი უკრძალავდა, ასისთავი პროზელიტი რომ ყოფილიყო (ლვ. 19:33, 34; სქ. 10:28). კორნელიუსი პროზელიტი რომ ყოფილიყო, არც პეტრესთან მყოფ ექვს იუდეველს გაუკვირდებოდა იმის დანახვა, რომ „უცხოტომელებსაც მიეცათ უსასყიდლო ძღვენი, წმინდა სული“ (სქ. 10:45; 11:12), და ისიც რთული გასაგები იქნებოდა, თუ რატომ დაუწყეს პეტრეს „წინადაცვეთის მომხრეებმა“ მომხდარის გამო კამათი (სქ. 11:2).
სინამდვილეში, კორნელიუსი პირველი იყო წინადაუცვეთელ არაიუდეველთაგან, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ. მისი შემთხვევიდან გამოჩნდა, რომ ქრისტიანულ კრებაში მსახურებისთვის აღარ იყო საჭირო, ეთიოპი საჭურისის მსგავსად, უცხოტომელი იუდეველი პროზელიტი ყოფილიყო. პეტრემ, ამ ისტორიული მოვლენის თვითმხილველმა, შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (სქ. 10:34, 35). სწორედ პეტრემ გაუხსნა ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პირველად გზა ებრაელებს, და ახლაც ის იყო პირველი, ვინც ხსნის შესახებ სასიხარულო ცნობა წინადაუცვეთელ უცხოტომელებს აუწყა. იაკობმაც დაამოწმა, რომ პირველად ღმერთმა უცხოტომელებს სწორედ მაშინ მოხედა (სქ. 15:7, 14).