დანი
[მოსამართლე].
1. იაკობის 12 ვაჟიდან მეხუთე; დაიბადა ფადან-არამში (დბ. 35:25, 26). დანი იყო უშვილო რახელის მოახლის, ბილჰას პირმშო, რომელიც მან იაკობისგან გააჩინა. რახელმა იშვილა ახალშობილი და დანი დაარქვა. მან თქვა: „ღმერთმა სამართალი გამიჩინა ... და მომცა ვაჟი“ (დბ. 30:6). დანის ღვიძლ ძმას ნაფთალი ერქვა. იმ დროს, როცა იაკობი ეგვიპტეში ჩავიდა და მთელი სახლეულობა ჩაიყვანა, დანს უკვე ჰყავდა ვაჟი, ხუშიმი (რიცხვების 26:42-ში მოხსენიებულია როგორც შუხამი) (დბ. 46:7, 23, 26). ჩვიდმეტი წლის შემდეგ, როცა სიკვდილის პირას მყოფმა იაკობმა მოუხმო შვილებს, დანი ყველა იმ უფლებით სარგებლობდა, რითაც ისრაელის 12 ტომის სხვა 11 თავკაცი. დანის კურთხევის დროს იაკობმა თქვა: „დანი, ისრაელის ერთ-ერთი ტომი, თავის ხალხს განსჯის. გზისპირა გველი იყოს დანი, გზისპირა გველგესლა, რომელიც ისე ჰკბენს ცხენს ფლოქვზე, რომ ის მხედარს უკან აგდებს. ხსნას შენგან დაველოდები, იეჰოვა“ (დბ. 49:16—18).
2. ისრაელის ერთ-ერთი ტომი, რომელსაც იაკობის მეხუთე ვაჟის სახელი ეწოდა. დანის ვაჟს, ხუშიმს, შუხამსაც უწოდებდნენ. შუხამელები დანისგან წარმოშობილი ერთადერთი საგვარეულო იყო (რც. 26:42). ეგვიპტეში შესვლისას დანს მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავდა, ხოლო დაახლოებით ორი საუკუნის შემდეგ, როცა ისრაელი ეგვიპტის მონობისგან გათავისუფლდა, დანის ტომში ოცი წლიდან ზემოთ 62 700 კაცი აღირიცხა (დბ. 46:23; რც. 1:1, 38, 39). ომში გამსვლელი მამაკაცების რაოდენობის მიხედვით ის მეორე იყო ტომთა შორის. უდაბნოში დანის ტომი, რომელსაც სათავეში ედგა თავკაცი ახიეზერი, კარვის ჩრდილოეთით იყო დაბანაკებული აშერისა და ნაფთალის ტომებთან ერთად. მსვლელობის დროს დანის ტომს მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა — ის ზურგს უმაგრებდა ისრაელებს, რაც მისი სიმამაცის, ერთგულებისა და საიმედოობის ნიშანი იყო (რც. 2:25—31; 10:25).
აღთქმული მიწის გაყოფისას რიცხობრივად მეორე ადგილზე მყოფ ამ ტომს ერთ-ერთი მცირე ზომის ტერიტორია შეხვდა. ამ დროს დანის ტომს იოგლის ვაჟი, თავკაცი ბუკი წარმოადგენდა. თუმცა დანის წილი მეშვიდე იყო, საკმაოდ ნაყოფიერი მიწა შეხვდა, რომელსაც იუდას, ეფრემისა და ბენიამინის ტომთა ტერიტორიები ესაზღვრებოდა. დანის ტერიტორია გადაჭიმული იყო შეფელას ნაყოფიერი ველებიდან ხმელთაშუა ზღვისპირა დაბლობამდე. ვინაიდან მათ იეჰოვას მითითებისამებრ არ განდევნეს იმ ტერიტორიაზე უკანონოდ მცხოვრები ერები, დანი შევიწროებული იყო (რც. 26:43; 34:22; იეს. 19:40—46; მსჯ. 1:34). ამ მიზეზით ტომის ნაწილი პალესტინის უკიდურეს ჩრდილოეთში წავიდა, აიღო ქალაქი ლეშემი, იგივე ლაიში, და „დანი“ უწოდა (იეს. 19:47, 48; მსჯ. 18:11—31). გზად დანელებმა გაძარცვეს ერთი კაცი სახელად მიქა, წაიღეს მისი ჩამოსხმული კერპი და დაიყენეს ის თავიანთ ღმერთად, იმის მიუხედავად, რომ წლებით ადრე ისინი ებალის მთაზე ისმენდნენ წყევლას, რომელშიც ითქვა: „წყეული იყოს, ვინც გამოთლის ან ჩამოასხამს ქანდაკებას, რაც სისაძაგლეა იეჰოვასთვის“ (კნ. 27:13—15). მსაჯული ბარაკის დროს ყველა ტომმა შენიშნა, რომ დანი არ დაეხმარა მას სისერას წინააღმდეგ ბრძოლაში (მსჯ. 5:17).
ბიბლიური ისტორიის თანახმად, დანის ტომში იყვნენ გამორჩეული ადამიანები, მაგალითად, ახისამაქის ძე ოჰოლიაბი, რომელსაც ღმერთმა სიბრძნით აუვსო გული ბეცალელის დასახმარებლად. ის იყო ქარგვისა და ქსოვის დიდოსტატი და კარვის მოწყობილობებისთვის ქარგავდა და ქსოვდა ძვირფას ქსოვილებს (გმ. 31:1—6; 35:34, 35; 38:22, 23). იეჰოვას ერთგულ მსახურ სამსონზე, რომელიც 20 წელს ისრაელის მსაჯული იყო, გამართლდა იაკობის მიერ სიკვდილის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება („დანი ... თავის ხალხს განსჯის“) და მოსეს წინასწარმეტყველება („ლომის ბოკვერია დანი“) (დბ. 49:16; კნ. 33:22; მსჯ. 13:2, 24, 25; 15:20). როცა დავითი მეფე გახდა, დანის ტომიდან მისი ერთგული 28 600 კაცი იყო. მოგვიანებით იეროხამის ვაჟი აზარელი მოიხსენიება ტომის მთავრად (1მტ. 12:35; 27:22). აგრეთვე დანის ტომიდან იყო იმ „მცოდნე კაცის“ დედა, რომელიც ტვიროსის მეფემ ტაძრის მშენებლობაში დასახმარებლად გაუგზავნა სოლომონს (2მტ. 2:13, 14).
3. ქალაქი პალესტინის უკიდურეს ჩრდილოეთში. ვიდრე დანის ტომი დაიპყრობდა, მისი წარმართი მოსახლეობა ქალაქს ლეშემს ან ლაიშს უწოდებდა (იეს. 19:47; მსჯ. 18:7, 27). დანელებმა აღადგინეს დანგრეული ქალაქი და „თავიანთი მამის სახელი, დანი დაარქვეს“ (მსჯ. 18:28, 29). მაგრამ ქალაქი ამ სახელით მოხსენიებული იყო დაახლოებით ოთხი საუკუნით ადრე ბიბლიის იმ მონაკვეთში, სადაც ნათქვამია, რომ აბრაამმა „დანამდე სდია“ ქედარლაომერსა და მის მოკავშირეებს (დბ. 14:14). არაფერი ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ აბრაამის დროს დანი კონკრეტულ ადგილს ერქვა. ამ ადგილის ძველი სახელწოდებისა და დანის ტომის წინაპრის სახელის იგივეობა ან უბრალოდ დამთხვევა იყო, ან ღვთის ხელმძღვანელობა.
სახელი „დანი“ აგრეთვე ჩნდება ხუთწიგნეულში, კანონის 34:1-ში, სადაც ის მოხსენიებულია ტერიტორიის უკიდურეს ნაწილად, რომელიც მოსემ ნებოს მთიდან აღთქმული მიწის დათვალიერებისას დაინახა. ვინაიდან დანი ანტილიბანის მთების ძირში მდებარეობდა (ხერმონის მთასთან ახლოს), ეს შესაძლოა იმაზე მიანიშნებს, რომ მოსემ ეს მთები დაინახა. სახელი „დანი“ აქაც, ალბათ, იმავე მიზეზების გამო მოიხსენიება, რაც აბრაამის შემთხვევაში იყო, ან იმის გამო, რომ ამ წიგნის ბოლო ნაწილი, რომელშიც მოსეს სიკვდილის შემდეგ განვითარებული მოვლენებია აღწერილი, იესო ნავეს ძემ დაწერა.
დანი „ბეთ-რეხობის ველზე იყო“; ეს ადგილი მდებარეობდა მერომის წყლების ჩრდილოეთით და ლიბანის ქვემოთ, ამიტომ ძალიან ნაყოფიერი და წყალუხვი ტერიტორია იყო (მსჯ. 18:28). ამ ადგილს აიგივებენ თელ-ელ-კადთან (თელ-დანი). ეს არაბული სახელწოდება ნიშნავს მოსამართლის გორაკს და მასში შემორჩენილია ებრაული სახელის, „დანის“ მნიშვნელობა. აქ ერთმანეთს უერთდება ორი ნაკადული და ქმნის ნაჰრ-ელ-ლედანს, ყველაზე წყალუხვ შენაკადს მათგან, რომლებიც რამდენიმე კილომეტრში უერთდებიან ერთმანეთს და ქმნიან მდინარე იორდანეს. ქალაქი გაშენებული იყო ხერმონის მთის ძირში შემაღლებულ გორაკზე და ხულას ტბის ფართო აუზს გადაჰყურებდა. მას სტრატეგიული ადგილიც ეკავა, რადგან ტვიროსსა და დამასკოს შორის მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა.
დანი ისრაელის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილის სინონიმი გახდა, რაც კარგად ჩანს ბიბლიაში ხშირად გამოყენებული გამოთქმიდან: „დანიდან ბეერ-შებამდე“ (მსჯ. 20:1; 1სმ. 3:20; 2სმ. 3:10; 1მფ. 4:25; 2მტ. 30:5). სინამდვილეში ისრაელში სხვა ქალაქებიც იყო უფრო ჩრდილოეთით, ვიდრე დანი, და უფრო სამხრეთით, ვიდრე ბეერ-შება, მაგრამ, როგორც ჩანს, დანი მთავარი ქალაქი იყო ჩრდილოეთში, ისევე როგორც ბეერ-შება — სამხრეთში. ლოგიკურია, რომ სწორედ თავისი მდგომარეობის გამო პირველად ის ზარალდებოდა, როცა ქვეყანას ჩრდილოეთიდან მტერი ესხმოდა, როგორც ეს სირიელი ბენ-ჰადადის შემოჭრის დროს მოხდა (1მფ. 15:20; 2მტ. 16:4). ეჭვგარეშეა, ამაზე მიანიშნებს იერემიას 4:15-სა და 8:16-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები. სამეფოს გაყოფის შემდეგ იერობოამმა ოქროს ხბოები დადგა დანსა და ბეთელში, რათა მის ქვეშევრდომებს იერუსალიმის ტაძარში აღარ ევლოთ (1მფ. 12:28—30; 2მფ. 10:29).
[სურათი]
დანის ნანგრევები იორდანეს სათავესთან ახლოს. აქ, უკიდურეს ჩრდილოეთში, იერობოამმა ხბოს თაყვანისმცემლობის მეორე ცენტრი დააარსა, როცა ათი ტომი ჩამოსცილდა იუდას