დეკაპოლისი
ათი ქალაქის გაერთიანება (ბერძ.-დან დეკა- ათი და პოლის ქალაქი). ამ სახელით იმ მხარესაც მოიხსენიებდნენ, სადაც დეკაპოლისის ქალაქების უმეტესობა მდებარეობდა (მთ. 4:25).
დაახლოებით ძვ. წ. 332 წელს სირიისა და პალესტინის დაპყრობის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა ამ ტერიტორიებზე მრავალი ბერძნული კოლონია დააარსა. ამ კოლონიებში, როგორც ჩანს, თავიდან ალექსანდრეს ვეტერანი ჯარისკაცები დასახლდნენ, რომლებსაც მოგვიანებით ბერძნულენოვანი იმიგრანტები შეუერთდნენ. კოლონიების უმეტესობა იუდეველთა ნაქალაქარებზე აღმოცენდა, ზოგი კი დაუსახლებელ ადგილებში დაარსდა, კერძოდ, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით. დეკაპოლისის ქალაქები საკმაოდ განვითარებული იყო მაშინ, როცა სირიას სელევკიდები მართავდნენ, ეგვიპტეს კი — პტოლემეები, თუმცა მაკაბელთა მიერ ჩამოყალიბებული იუდეის სახელმწიფოს აღზევებამ (დაახლ. ძვ. წ. 168 წლიდან) დიდი საფრთხე შეუქმნა მათ შედარებით დამოუკიდებლობას. მართალია, ამ ქალაქებში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, მაგრამ მაინც ძლიერ იგრძნობოდა ბერძნული კულტურისა და წესწყობილების გავლენა, რაც მაკაბელთა ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ძვ. წ. 63 წელს პომპეუსის მიერ პალესტინის დაპყრობისა და რეორგანიზების შემდეგ ეს ელინისტური ქალაქები რომის მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა და პრივილეგიური სტატუსი მიიღო. მათ ნება დართეს, საკუთარი ფული მოეჭრათ და დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი თვითმმართველობა ჰქონოდათ, თუმცა მაინც მოეთხოვებოდათ სირიის ადგილობრივი ხელისუფლებისა და რომის მორჩილება, გადასახადების გადახდა და სამხედრო სამსახურში მამაკაცების გაწვევა.
გაერთიანების ჩამოყალიბება. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, როდის ჩამოყალიბდა დეკაპოლისის სახელით ცნობილი ათი ელინისტური ქალაქის თავისუფალი გაერთიანება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პომპეუსის მიერ პალესტინის დაპყრობის შემდეგ, ჰეროდე დიდის სიკვდილამდე მოხდა (დაახლ. ძვ. წ. 1-ლი წ.). ამ ქალაქების გაერთიანება, როგორც ჩანს, საერთო ინტერესებმა — მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების დამყარებამ და პალესტინაში მოქმედი ანტიელინისტური ძალებისგან ან აღმოსავლეთით მდებარე უდაბნოს მომთაბარე აგრესიული ტომებისგან თავდაცვის აუცილებლობამ განაპირობა. „დეკაპოლისი“ პირველად ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში გვხვდება, აგრეთვე იოსებ ფლავიუსისა და პლინიუს უფროსის ნაშრომებში (ორივე ახ. წ. I საუკუნეში მოღვაწეობდა). პლინიუსი აღიარებდა, რომ ჯერ კიდევ მის დროს სხვადასხვა მოსაზრება არსებობდა დეკაპოლისში შემავალი ქალაქების რაოდენობაზე, თუმცა თვითონ პირვანდელ ათეულში შეიტანა დამასკო, ფილადელფია, რაფანა, სკითოპოლისი, გადარა, ჰიპოსი, დიონი, პელა, გერასა და კანათა (Natural History, V, XVI, 74). ამ ქალაქებიდან მხოლოდ სკითოპოლისი (ბეთ-შეანი) მდებარეობდა იორდანეს დასავლეთით. ეზდრაელონის ველის სტრატეგიული მდებარეობის გამო სკითოპოლისი ხმელთაშუაზღვისპირეთსა და საპორტო ქალაქებთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი რგოლი გახდა. ამ ქალაქებიდან შორს, ჩრდილოეთით, სირიის ტერიტორიაზე მდებარე დამასკო, როგორც ჩანს, მათ რიცხვს იმიტომ მიაკუთვნეს, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ათი ქალაქიდან უკიდურეს სამხრეთით ფილადელფია (ძველი რაბა, დღევანდელი ამანი) იყო, რომელიც მკვდარი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობდა. დანარჩენი ქალაქები გალაადის ნაყოფიერ ტერიტორიასა და მის მოსაზღვრე ბაშანის მიწაზე იყო გაშენებული. როგორც ამბობენ, ამ ქალაქთა უმეტესობა მთავარ გზებზე ან მათ მახლობლად მდებარეობდა. კანათა, როგორც ჩანს, რიცხვების 32:42-ში მოხსენიებული კენათია.
ახ. წ. II საუკუნეში მოღვაწე სწავლული, პტოლემე, დეკაპოლისში შემავალ 18 ქალაქს ასახელებს, რაც, შესაძლოა, იმაზე მიანიშნებს, რომ ამ სახელწოდებამ ზოგადი მნიშვნელობა შეიძინა და მასში შემავალი ქალაქების რაოდენობა დროდადრო იცვლებოდა. ზოგი მეცნიერის აზრით, თავდაპირველ ათეულში რაფანას ნაცვლად პტოლემეს მიერ მოხსენიებული აბილა უნდა ყოფილიყო. ასე იყო თუ ისე, აშკარაა, რომ დეკაპოლისის საზღვრები განსაზღვრული არ ყოფილა და მისი ქალაქების მმართველთა ძალაუფლება მოსაზღვრე მხარეებზე კი არა, თითოეულ ქალაქსა და უშუალოდ მის შემადგენლობაში არსებულ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.
იესოს მსახურება და დეკაპოლისი. გალილეაში იესოს ქადაგების მოსასმენად შეკრებილთა შორის დეკაპოლისელებიც იყვნენ (მთ. 4:25), მაგრამ ბიბლია კონკრეტულად არაფერს ამბობს, იქადაგა თუ არა იესომ ამ ელინისტური ქალაქებიდან რომელიმეში. თუმცა ის კი ცნობილია, რომ ამ მხარეს ის გალილეაში მსახურების პერიოდში ეწვია, როცა გალილეის ზღვის გაღმა გავიდა გერასელთა (მთ. 8:28-ის თანახმად „გადარელთა“) მხარეში (მრ. 5:1). იესომ იქ დემონებით შეპყრობილი კაცი განკურნა და დემონებს ღორების კოლტში შესვლის უფლება მისცა, რის შედეგადაც მთელი კოლტი ამოწყდა. ახლომდებარე ქალაქისა და სოფლების მკვიდრნი იესოს შეეხვეწნენ, „იქაურობას გასცლოდა“. იესო ასეც მოიქცა; დემონისგან განთავისუფლებულმა კაცმა კი იესოს მითითებისამებრ თავსგადამხდარი შინაურებს უამბო და მისი სასწაულების შესახებ დეკაპოლისში გააცხადა (მრ. 5:2—20). ზოგი სწავლულის აზრით, ღორების კოლტის არსებობა იმ მხარეში არაებრაელთა საკმაოდ ძლიერ გავლენაზე მეტყველებს.
ახ. წ. 32 წელს, პასექის დღესასწაულის შემდეგ, იესომ გაიარა ფინიკიაში მდებარე ტვიროსი, შემდეგ სიდონი და „დეკაპოლისის მხარის გავლით გალილეის ზღვისკენ გაემართა“ (მრ. 7:31). მან იქ ერთი ყრუ-მუნჯი განკურნა, მოგვიანებით კი 4 000 კაცი სასწაულებრივად დააპურა (მრ. 7:32—8:9).
გვიანდელი ისტორია. ევსები კესარიელის ცნობით, ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებამდე იუდეაში მცხოვრები ქრისტიანები იესოს გაფრთხილებისამებრ გალაადის მთიან მხარეში, დეკაპოლისის ერთ-ერთ ქალაქში, პელაში, გაიქცნენ (ლკ. 21:20, 21; „საეკლესიო ისტორია“, წ. III, თ. V, მთარგმნელი ზ. ჯაში, თბილისი, 2007, გამომცემლობა „ახალი ივირონი“).
მართალია, ელინიზმის გავლენა მეტ-ნაკლებად პალესტინის ბევრ ქალაქში იგრძნობოდა, მაგრამ დეკაპოლისის ქალაქებში ის განსაკუთრებით შესამჩნევი იყო. როგორც ვარაუდობენ, ამ ქალაქების განვითარებამ ზენიტს ახ. წ. II საუკუნეში მიაღწია, ხოლო მომდევნო საუკუნეში ეს გაერთიანება ნელ-ნელა დაიშალა. გერასაში (დღევანდელი ჯარაში) თუ დეკაპოლისის სხვა ქალაქებში აღმოჩენილი თეატრების, ამფითეატრების, ტაძრების, აბანოების, აკვედუკებისა თუ სხვა შთამბეჭდავი ძეგლების ნანგრევები ძლიერ ბერძნულ გავლენასა და ამ ქალაქთა სიმდიდრეზე მოწმობს.
[რუკა]
დეკაპოლისი–გზები
დიდი ზღვა
დამასკო
რაფანა (?)
ჰიპოსი
გალილეისზღვა
დიონი
კანათა
აბილა (?)
გადარა
სკითოპოლისი (ბეთ-შეანი)
პელა
გერასა
ფილადელფია (რაბა)
მარილოვანი ზღვა