საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „მეორე კანონი“
  • მეორე კანონი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მეორე კანონი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბიბლიის წიგნი 5 — მეორე კანონი
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე რჯული“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2004
  • გავეცნოთ იეჰოვას გზებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • „იეჰოვას კანონი სრულყოფილია“
    დაუახლოვდი იეჰოვას
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „მეორე კანონი“

ᲛᲔᲝᲠᲔ ᲙᲐᲜᲝᲜᲘ

ხუთწიგნეულის (პენტატევხი) ამ მეხუთე წიგნის ებრაული სახელია დევარიმ (სიტყვები), რომელიც ებრაულ ტექსტში პირველივე სიტყვაა. სახელწოდება „მეორე კანონი“ მომდინარეობს სეპტუაგინტიდან, სადაც მას დევტერონომიონ ეწოდება (სიტყვასიტყვით „მეორე კანონი“; „კანონის გამეორება“). ეს ბერძნული სახელწოდება ნათარგმნია კანონის 17:18-ში ჩაწერილი ებრაული ფრაზიდან მიშნე ჰათთორაჰ, რომელიც სიტყვასიტყვით კანონის ასლს ნიშნავს.

წიგნის კანონიკურობასა და მოსეს ავტორობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ებრაელები მას ყოველთვის მოსეს კანონის ნაწილად მიიჩნევდნენ. წიგნის კანონიკურობის დასამტკიცებლად, ძირითადად, იგივე მტკიცებები შეგვიძლია მოვიყვანოთ, რაც ხუთწიგნეულის დანარჩენი წიგნების კანონიკურობის დასამტკიცებლად (იხ. ᲮᲣᲗᲬᲘᲒᲜᲔᲣᲚᲘ; იხ. აგრეთვე სტატიები თითოეული წიგნის სახელწოდებით). „მეორე კანონის“ კანონიკურობის ყველაზე დამაჯერებელი მტკიცება ის არის, რომ იესო სამჯერ ციტირებდა ამ წიგნიდან სატანა ეშმაკის მიერ მის საცდუნებლად გამიზნული შეთავაზებების უკუსაგდებად (მთ. 4:1—11; კნ. 6:13, 16; 8:3). აგრეთვე კითხვაზე, რომელი იყო უპირველესი და უდიდესი მცნება, იესომ მეორე კანონის 6:5-დან გასცა პასუხი (მრ. 12:30). ამ წიგნიდან პავლესაც მოჰყავდა ციტატები, კერძოდ, კანონის 30:12—14-დან და 32:35, 36-დან (რმ. 10:6—8; ებ. 10:30).

წიგნში მოთხრობილია ძვ. წ. 1473 წელს დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მომხდარი მოვლენები. იგი აღთქმულ მიწაზე შესვლამდე დაიწერა მოაბის ველზე და შეიცავს ოთხ მოხსენებას, ერთ სიმღერას და ქანაანის საზღვართან დაბანაკებული ისრაელისთვის მოსეს წარმოთქმულ კურთხევას (კნ. 1:3; იეს. 1:11; 4:19).

მიზანი. სახელწოდების მიუხედავად, ეს წიგნი არ წარმოადგენს მეორე კანონს ან მთელი კანონის გამეორებას, არამედ, 1:5-ის თანახმად, არის კანონის ახსნა. წიგნში მოსემ ისრაელებს იეჰოვას ერთგულებისკენ მოუწოდა და მათ გასაფრთხილებლად მოიყვანა უდაბნოში 40 წლის განმავლობაში მოხეტიალე თაობის მაგალითი. ვინაიდან ისრაელის მდგომარეობა აღთქმულ მიწაზე დაფუძნების შემდეგ შეიცვლებოდა, მოსემ ახსნა და წვრილმანებში განავრცო კანონის ზოგიერთი ძირითადი საკითხი და პრინციპი. მან ცვლილება შეიტანა ზოგ კანონში და ისრაელების ახალ მდგომარეობას მოარგო, აგრეთვე იმ მიწაზე ხალხის მართვასთან დაკავშირებით ახალი მითითებები ჩაწერა.

წიგნი მოუწოდებს ისრაელებს, მოსეს მეშვეობით განაახლონ შეთანხმება იეჰოვასთან, და ყურადღებას ამახვილებს ცოდნაზე, სწავლებასა და რჩევა-დარიგებაზე. „გამოსვლასთან“, „ლევიანებსა“ და „რიცხვებთან“ შედარებით „მეორე კანონში“ ყველაზე ხშირად გვხვდება სიტყვები, რომლებიც მომდინარეობს სიტყვა „სწავლების“ ფუძიდან. მოსემ აუხსნა ისრაელებს, რომ იეჰოვა ასწავლიდა მათ, როცა მანანით კვებავდა (კნ. 8:3). მან უთხრა ისრაელებს, იეჰოვას კანონი გადატანითი მნიშვნელობით შუბლზე გაეკეთებინათ და სახლის წირთხლებსა და კარიბჭეზე დაეწერათ (6:8, 9). მოსემ უბრძანა მათ, რომ კანონი თავიანთი ვაჟებისთვის ჩაეგონებინათ (6:6, 7). მისი მითითებით ის უნდა წაეკითხათ ყოველ მეშვიდე წელს კარვობის ყოველწლიურ დღესასწაულზე (31:10—13). კონკრეტული მითითებები მიეცა მეფეს, რომელიც ისრაელს შეიძლებოდა მომავალში ჰყოლოდა. მას უნდა გადაეწერა კანონი და ყოველდღე წაეკითხა ის (17:18—20). მტერთან საბრძოლველად გასვლის წინ მღვდლებს უნდა მოეწოდებინათ ისრაელებისთვის, ჰქონოდათ რწმენა და გაბედულება, და ისინი გამარჯვებაში დაერწმუნებინათ, რადგან მათთან ერთად საბრძოლველად გადიოდა იეჰოვა, მათი ღმერთი (20:1—4). აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ ტომები ორ ჯგუფად უნდა დაეყოთ. ერთი ჯგუფი ებალის მთაზე უნდა დამდგარიყო, მეორე კი — გერიზიმის მთაზე, რის შემდეგაც მათთვის ღვთის კანონი უნდა წაეკითხათ (27:11—26; შდრ. იეს. 8:33—35).

ყურადღება მახვილდება სიყვარულზე. „მეორე კანონი“ აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს სიყვარულისა და სიკეთის გამოვლენასა და სხვების მდგომარეობის გათვალისწინებაზე. სიტყვა „სიყვარული“ და მისი ზმნური ფორმები „მეორე კანონში“ ხუთჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე „გამოსვლაში“, „ლევიანებსა“ და „რიცხვებში“ ერთად აღებული. უდიდესი მცნება, რომელიც იესომ მოიხსენია (მთ. 22:36, 37), შემდეგნაირად არის გადმოცემული: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით“ (კნ. 6:5; იხ. აგრეთვე 10:12; 11:13). ამ წიგნში იეჰოვა არაერთხელ არწმუნებს ისრაელს თავის სიყვარულში (7:7—9; 23:5; 33:3). „მეორე კანონი“ ისეა დაწერილი, რომ იგრძნობა თავისი ხალხისადმი იეჰოვას სიყვარული: „ნეტავ ისეთი გული ჰქონდეთ, რომ ეშინოდეთ ჩემი და ყოველთვის იცავდნენ ჩემს მცნებებს, რომ მარადიულად მოემართოთ ხელი მათაც და მათ შვილებსაც“ (5:29). მასში ხშირად გვხვდება ისეთი ფრაზები, როგორიცაა „რათა ხელი მოგემართოს“ და „რათა დღეგრძელი იყო“ (კნ. 4:40; 5:16; 6:3; 22:7; 30:19, 20).

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელებს მიწის დასამკვიდრებლად არაერთხელ მოუწევდათ ბრძოლა, იეჰოვა სიყვარულიდან გამომდინარე ითვალისწინებდა სხვადასხვა გარემოებას. გამარჯვების მოპოვება ისეთი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი არ იყო, რომ ხალხისთვის მკაცრი მოთხოვნები წაეყენებინათ. ბრძოლაში წასვლისგან თავისუფლდებოდა დანიშნული მამაკაცი (კნ. 20:7), აგრეთვე ახალდაქორწინებული, რათა სულ მცირე ერთი წელი მაინც ყოფილიყო ცოლთან და ეზრუნა მასზე (24:5). თუ კაცი ახალჩაყრილი ვენახიდან მოსავლის აღებას ვერ მოასწრებდა ან ახალაშენებულ სახლში ჯერ არ ექნებოდა გამართული ზეიმი, ისიც თავისუფლდებოდა ომში წასვლისგან, რათა თავისი შრომის ნაყოფით გაეხარა (20:5, 6).

ისრაელებს კონკრეტული მითითებები მიეცათ ომის წარმოებასა და ქანაანის მიწის დაპყრობაზე. მშიშრებს სახლში უშვებდნენ, რათა თავიანთი ძმების გული არ შეეკრთოთ (კნ. 20:8). ისრაელებს უპირობოდ უნდა გაენადგურებინათ ქანაანის მიწაზე მცხოვრები დასახელებული ერები, რომელთა ბოროტება ზღვარს გასცდა, თუმცა იმ ერებისთვის, რომლებიც მათ შორის არ იყო მოხსენიებული, არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა უნდა მიეცათ — ან დანებება, ან განადგურება. თუ დანებდებოდნენ, მათი მონები გახდებოდნენ, თუმცა კანონის თანახმად, ისრაელები მონებს კეთილად უნდა მოპყრობოდნენ. კანონი დაპყრობილ ქალაქებში მცხოვრებ ქალებსაც იცავდა შეურაცხყოფისგან. თუ ქალაქი არ დანებდებოდა, ყველა მამაკაცს კლავდნენ და ცოცხლად მხოლოდ ბავშვებსა და იმ ქალებს ტოვებდნენ, რომლებსაც კაცთან სქესობრივი ურთიერთობა არ ჰქონდათ (20:10—18; შდრ. რც. 31:17, 18). ისრაელებს ქალაქის გარშემო საალყო ნაგებობის ასაგებად ნაყოფის მომცემი ხეების მოჭრის უფლება არ ჰქონდათ (კნ. 20:19, 20).

„კანონში“ ყურადღება მახვილდება იმაზეც, თუ როგორ უნდა მოპყრობოდნენ ცხოველებს. ისრაელებს ეკრძალებოდათ ჩიტის წაყვანა, რომელიც ბარტყებზე იჯდა, რადგან ამ დროს ის დაუცველი იყო. ბარტყების წაყვანა შეეძლოთ, ჩიტი კი უნდა გაეშვათ, რომ ახალი ბარტყები გამოეჩეკა (კნ. 22:6, 7). არ შეიძლებოდა ვირისა და ხარის ერთ უღელში შებმა, რათა სუსტი ცხოველი წელში არ გაწყვეტილიყო (22:10). მლეწავი ხარისთვის პირი არ უნდა აეკრათ, რათა შიმშილით არ გასავათებულიყო, მაშინ როცა გარშემო საკვები უხვად ჰქონდა, ის კი მთელ თავის ძალას ლეწვას ახმარდა (25:4).

ოჯახსა თუ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი იყო სიკეთის გამოვლენა. პირმშოს ორმაგი წილი ეკუთვნოდა, მიუხედავად იმისა, ის საყვარელი ცოლისგან იყო თუ საძულველი ცოლისგან (კნ. 21:15—17). პირველად დაკანონდა მაზლის ვალდებულება და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში — სასჯელი (25:5—10). კანონით ისრაელებს ზუსტი საწონისა და საწყაოს გამოყენება მოეთხოვებოდათ (25:13—16). სიცოცხლის დასაფასებლად მათ მიეცათ მითითება, რომ სახლის ბანისთვის მოაჯირი გაეკეთებინათ (22:8). კეთილად უნდა მოპყრობოდნენ გასაჯოხ დამნაშავესაც და კანონის თანახმად, მისთვის ორმოცზე მეტჯერ არ უნდა დაერტყათ (25:1—3). ეს მითითებები კანონს უფრო აკონკრეტებდა და იეჰოვას მზრუნველობაზე მოწმობდა. ამასთან კანონი შედარებით გამკაცრდა.

გაფრთხილებები და კანონები. წიგნში მრავლად გვხვდება ცრუ თაყვანისმცემლობისა და ორგულობის შესახებ გაფრთხილებები, აგრეთვე მითითებები, თუ როგორ დაეცვათ წმინდა თაყვანისმცემლობა. „მეორე კანონის“ ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ მასში ხშირია სიწმინდის დაცვის შესახებ მოწოდებები. ისრაელებს ეკრძალებოდათ გარშემო მცხოვრებ ერებთან დამოყვრება, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნიდა წმინდა თაყვანისმცემლობასა და იეჰოვასადმი მათ ერთგულებას (კნ. 7:3, 4). წიგნში ჩაწერილია გაფრთხილებები მატერიალიზმისა და საკუთარი თავის მართლად წარმოჩენის შესახებ (8:11—18; 9:4—6). არაერთი მკაცრი კანონით განისჯება განდგომილება. ისინი ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ, რომ სხვა ღმერთებისთვის არ ეცათ თაყვანი (11:16, 17). მათ ეძლეოდათ გაფრთხილება ცრუწინასწარმეტყველების შესახებ. წიგნში ორ ადგილას არის მიცემული მითითება, თუ როგორ უნდა ამოეცნოთ ცრუწინასწარმეტყველი და როგორ უნდა მოქცეოდნენ მას (13:1—5; 18:20—22). თუ ოჯახის წევრი განდგომილი გახდებოდა, ოჯახს კი არ უნდა შეებრალებინა ის, არამედ სხვებთან ერთად უნდა ჩაექოლა (13:6—11).

ისრაელში განდგომილი ქალაქები უნდა გაენადგურებინათ და იქიდან არავის არაფერი არ უნდა წამოეღო. იკრძალებოდა ქალაქის ხელმეორედ აშენება (კნ. 13:12—17). ურჩი შვილები, რომლებსაც მშობლები ვერ იმორჩილებდნენ, უნდა ჩაექოლათ (21:18—21).

სიწმინდესა და სისხლის ღვრისგან უდანაშაულობას ხაზს უსვამდა კანონი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, როცა მკვლელი უცნობი იყო (კნ. 21:1—9). წმინდა თაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობაზე მოწმობს მითითებები, თუ ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო იეჰოვას კრებულის წევრი და როდის. მეათე თაობამდე კრებულში ვერ შევიდოდა უკანონო ვაჟი, სამარადისოდ ვერ შევიდოდა მოაბელი, ამონელი და საჭურისი. თუმცა მესამე თაობაში ეგვიპტელებსა და ედომელებს შეეძლოთ კრებულში შესვლა (23:1—8).

„მეორე კანონში“ ჩაწერილია სამართლებრივი ღონისძიებები აღთქმულ მიწაზე დამკვიდრებული ისრაელისთვის. მოცემულია მოთხოვნები მსაჯულებისთვის და ნათქვამია, რომ სასამართლო ქალაქის კარიბჭესთან უნდა გამართულიყო, ხოლო ქვეყნის უზენაესი სასამართლო — საწმინდარში. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებებს ყველა ისრაელი უნდა მიჰყოლოდა (კნ. 16:18—17:13).

წიგნში ხაზგასმულია, რომ იეჰოვა ერთადერთი ღმერთია (კნ. 6:4), ისრაელი კი — მისი რჩეული ხალხი (4:7, 8), და თაყვანისმცემლობის ადგილი ერთი უნდა ყოფილიყო (12:4—7). მასში ნაწინასწარმეტყველებია მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველის გამოჩენა, რომელიც იეჰოვას სახელით ილაპარაკებდა და რომელსაც ყველა უნდა დამორჩილებოდა (18:18, 19).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება