ეკლესიასტე
ებრაული სახელწოდება კოჰელეთ (ნიშნავს შემკრებს; კრებულის მომწვევს) ზუსტად აღწერს მეფის როლს ისრაელის თეოკრატიულ მმართველობაში (ეკ. 1:1, 12). მმართველს ევალებოდა, რომ ღვთის მიძღვნილ ხალხს ერთგულად და გაერთიანებულად ემსახურა თავიანთი ნამდვილი მეფისა და ღვთისთვის (1მფ. 8:1—5, 41—43, 66). აქედან გამომდინარე, მეფის ავკარგიანობა დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, რამდენად შეეცდებოდა ის, რომ ხალხი იეჰოვას თაყვანისმცემელი დარჩენილიყო (2მფ. 16:1—4; 18:1—6). შემკრებმა სოლომონმა ამ წიგნის დაწერამდე უკვე ბევრი გააკეთა, რომ ისრაელი და ხიზნები ტაძარში შეკრებილიყვნენ. ამ წიგნის მეშვეობით ის მოუწოდებდა ღვთის ხალხს, ქვეყნიერების ამაო და უნაყოფო საქმეების ნაცვლად ეკეთებინათ ღვთისადმი მიძღვნილი ერისთვის შესაფერისი საქმეები. ქართულ ბიბლიებში წიგნის სახელწოდება „ეკლესიასტე“ სეპტუაგინტიდან შემოვიდა, სადაც ებრაული სიტყვა კოჰელეთ ითარგმნა როგორც ეკკლესიასტეს, რაც ეკლესიის [კრებულის, კრების] წევრს ნიშნავს.
დამწერი. მხოლოდ ერთადერთი „დავითის ძე“, კერძოდ სოლომონი, განაგებდა „ისრაელს იერუსალიმიდან“ (ეკ. 1:1, 12), რადგან შემდგომი მეფეები არ განაგებდნენ მთელ ისრაელს. სწორედ სოლომონი იყო სიბრძნით განთქმული (ეკ. 1:16; 1მფ. 4:29—34). ის იყო მშენებელი (ეკ. 2:4—6; 1მფ. 6:1; 7:1—8), ადგენდა იგავებს (ეკ. 12:9; 1მფ. 4:32) და ცნობილი იყო თავისი სიმდიდრით (ეკ. 2:4—9; 1მფ. 9:17—19; 10:4—10, 14—29). ვინაიდან წიგნში მოხსენიებულია სოლომონის მშენებლობები, ის დაიწერა ამ მშენებლობების დამთავრებიდან სოლომონის მიერ იეჰოვას თვალში ბოროტების ჩადენამდე პერიოდში (1მფ. 11:6). ამგვარად, წიგნი ძვ. წ. 1000 წლამდე დაიწერა იერუსალიმში. სოლომონს საუკეთესოდ შეეძლო ამ წიგნის დაწერა, რადგან ის არა მხოლოდ ყველაზე მდიდარი კაცი იყო, არამედ თავის ეპოქაში ყველაზე მცოდნეც; მისი მეზღვაურები და ვაჭრები, აგრეთვე სტუმრად მისული დიდებულები, მას ახალ ამბებსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ხალხების შესახებ ინფორმაციას უზიარებდნენ (1მფ. 9:26—28; 10:23—25, 28, 29).
კანონიკურობა. როგორც იუდაიზმის მიმდევრები, ისე ქრისტიანული ეკლესიები კოჰელეთს ანუ „ეკლესიასტეს“ კანონიკურ წიგნად მიიჩნევენ. ის ეთანხმება ბიბლიის სხვა მონაკვეთებს, სადაც იმავე საკითხებზეა საუბარი, რაზეც ამ წიგნში. მაგალითად, ის ეთანხმება „დაბადებაში“ ჩაწერილს, რომ ადამიანი მიწის მტვრისგან შეიქმნა, მას ღმერთმა სული ანუ სასიცოცხლო ძალა მისცა და სიცოცხლის სუნთქვა ჩაჰბერა (ეკ. 3:20, 21; 12:7; დბ. 2:7; 7:22; ეს. 42:5). წიგნი ადასტურებს ბიბლიის სწავლებას, რომ ღმერთმა ადამიანი მართლად შექმნა, მაგრამ მან თავისი ნებით ღვთის დაუმორჩილებლობა არჩია (ეკ. 7:29; დბ. 1:31; 3:17; კნ. 32:4, 5). მასში ღმერთს შემოქმედი ეწოდება (ეკ. 12:1; დბ. 1:1). ის ბიბლიის დანარჩენი წიგნების მსგავსად აღწერს მკვდრების მდგომარეობას (ეკ. 9:5, 10; დბ. 3:19; ფს. 6:5; 115:17; ინ. 11:11—14; რმ. 6:23). ის ცალსახად საუბრობს ღვთის თაყვანისმცემლობისა და ღვთისადმი შიშის აუცილებლობაზე. მასში 32-ჯერ არის გამოყენებული ფრაზა ჰაʼელოჰიმ, რაც ჭეშმარიტ ღმერთს ნიშნავს. სირიულ ფეშიტასა და იუდაურ თარგუმში ეკლესიასტეს 2:24-ში მოხსენიებულია ღვთის საკუთარი სახელი — იეჰოვა. ბევრის აზრით, წიგნი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. თუმცა მათ მხედველობიდან რჩებათ, რომ წიგნში ღვთის სიბრძნე ხშირად უპირისპირდება გავრცელებულ აზრს (შდრ. ეკლ. 1:18; 7:11, 12). ასე რომ, მკითხველი უნდა შეეცადოს, ჩასწვდეს აზრს და არ დაავიწყდეს წიგნის თემა.
[ჩარჩო]
მნიშვნელოვანი აზრები ეკლესიასტედან
წიგნში ცოცხლად არის აღწერილი ამაო და ღირებული საქმეები.
დაწერა სოლომონმა თავისი მეფობის ბოლო წლებში, წიგნში აღწერილი მრავალი საქმის დასრულების შემდეგ.
ამაოების დევნა ამაოებაა
ხორციელად მოაზროვნე ადამიანისთვის ყველაფერი ამაოებაა. ერთ თაობას მეორე ცვლის, ბუნებრივი ციკლები მეორდება და დამღლელია (1:1—11).
ადამიანური სიბრძნის მატება ტკივილის მატებას იწვევს. ამ ქვეყნიერებაში გამრუდებული ვერ გასწორდება (1:12—18).
სიმდიდრეში სიამოვნების ძებნა ქარის დევნაა (2:1—11, 26).
სიბრძნე სჯობია უგუნურებას, მაგრამ ბრძენიც კვდება და უგუნურიც და ორივე დავიწყებას ეძლევა (2:12—16).
მთელი ცხოვრება გარჯა და ნაღვაწის ისეთი ადამიანისთვის დატოვება, რომელმაც შეიძლება არ დააფასოს ის, დიდი უბედურებაა (2:17—23).
დედამიწაზე მოვლენები ხშირად მეორდება და ადამიანს უმეტესწილად არ შეუძლია მათზე გავლენის მოხდენა (3:1—9).
ახლანდელ ქვეყნიერებაში ყველა კვდება, ადამიანიც და პირუტყვიც (3:18—22).
დღეს ბევრი იჩაგრება და, ადამიანური თვალსაზრისით, მდგომარეობის შეცვლის იმედი არ არსებობს (4:1—3).
გარჯა და სიმარჯვე მხოლოდ მეტოქეობისა და გამდიდრების მიზნით, ამაოებაა, ზარმაცი ადამიანი კი სულელია (4:4—8).
მმართველის ცხოვრებაც შეიძლება ამაო იყოს (4:13—16).
სიმდიდრის დაგროვებას კმაყოფილება არ მოაქვს და მის პატრონს შეიძლება ძილი გაუკრთოს. როცა კვდება, სხვას უთმობს ყველაფერს (5:9—17).
მაშინაც კი, თუ ადამიანს დიდი ქონება აქვს, სხვადასხვა რამემ, მაგალითად, ავადმყოფობამ ან აუხდენელმა ოცნებამ, შეიძლება სიხარული წაართვას (6:1—12).
დღევანდელ ქვეყნიერებაში ერთი ბოლო აქვს მართალსაც და ბოროტსაც — ყველა კვდება, რის გამოც ზოგი თავს არ იკავებს ბოროტებისგან (9:2, 3).
გაჭირვებულის სიბრძნე ზოგჯერ არ ფასდება (9:13—18).
უგუნურება სახელს უტეხს ადამიანს. როცა საქმეში ჩაუხედავ კაცს ძალაუფლება ეძლევა, ეს მისთვის სახიფათოა, სხვებისთვის კი — ძნელად ასატანი (10:1—19).
ამაოებაა ახალგაზრდობა და საუკეთესო წლები. ახალგაზრდული ძალა შეიძლება მოულოდნელად გამოეცალოს ადამიანს (11:10).
თუ ადამიანს თავისი შემოქმედი არ ახსოვს, მისი ცხოვრება ამაოებაა! (12:8).
ღირებული საქმეები, რომლებიც აზრს სძენს ცხოვრებას
გაიხარე შენი შრომის ნაყოფით და გახსოვდეს, რომ ეს ღვთის ძღვენია (2:24, 25; 5:18—20).
ღვთის ყველა საქმე მშვენიერია. ის ადამიანებს მარადიული სიცოცხლის იმედს აძლევს (3:10—13).
ადამიანს არ შეუძლია ღვთის მიერ დაშვებულის ან განზრახულის შეცვლა. ასე რომ, დაელოდე დროს, როცა ღმერთი გასამართლებას დაიწყებს (3:14—17; 5:8).
მარტო შრომას სხვასთან ერთად შრომა სჯობია (4:9—12).
ღვთისადმი ჯანსაღმა შიშმა უნდა აღძრას ადამიანი, გულისყურით მოისმინოს მისი მოთხოვნები და შეასრულოს მის წინაშე დადებული ნებისმიერი აღთქმა (5:1—7).
გესმოდეს კარგი სახელის მნიშვნელოვნება, რა ცოტა დრო აქვს ადამიანს მის შესაძენად, რამხელა სარგებლობა მოაქვს მოთმინებას, რამდენად აღმატებულია სიბრძნე და რამდენად საჭიროა, კაცმა თავმდაბლად მიიღოს ღვთისგან დაშვებული (7:1—15).
მოერიდე უკიდურესობებს. იხელმძღვანელე ღვთის შიშით. ზედმეტად არ იფიქრო იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები. გაექეცი მეძავის მახეს (7:16—29).
იყავი კანონმორჩილი. მაშინაც კი, თუ კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ და მაშინვე არ ხდება სამართლის აღსრულება, სიხარულს ნუ დაკარგავ. გახსოვდეს, ჭეშმარიტი ღვთის მოშიშთ ხელი მოემართებათ. ნუ შეეცდები, ბოლომდე ჩასწვდე ყველაფერს, რასაც ღმერთი აკეთებს ან უშვებს (8:1—17; 10:20).
მართალიც და ბრძენიც ჭეშმარიტი ღვთის ხელშია, ამიტომ ორივე მიიღებს თავის ჯილდოს. მკვდრებმა არაფერი იციან და არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, ამიტომ იცხოვრე ღვთის მოსაწონად და ვიდრე ცოცხალი ხარ, გაიხარე აზრიანი ცხოვრებით (9:1, 4—12).
ხელიდან არ გაუშვა გულუხვობისა და სიკეთის კეთების შესაძლებლობა. ცხოვრების არასტაბილურობამ უმოქმედო არ გაგხადოს (11:1—8).
გაიხარე ახალგაზრდობით, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ შენი საქმეებისთვის პასუხს აგებ ღვთის წინაშე. გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი სიჭაბუკეში, ვიდრე სიბერის უძლურება და სიცოცხლის აღსასრული დამდგარა (11:9; 12:1—7).
ყველაზე სასარგებლო ჩანაწერები ისინია, რომლებიც „ერთი მწყემსის“, იეჰოვა ღმერთის სიბრძნეს ირეკლავს (12:9—12).
გეშინოდეს ჭეშმარიტი ღვთისა და მისი მცნებები დაიცავი. ის ხედავს ჩვენს საქმეებს და გაგვასამართლებს (12:13, 14).