ელიფაზი
1. ესავის პირმშო ქანაანელი ცოლისგან, ადასგან. ელიფაზის შვიდი ან ექვსი ვაჟი, მათ შორის თემანი, ომარი და ამალეკი, ედომელთა ტომების თავკაცები გახდნენ (დბ. 36:4, 10—12, 15, 16; 1მტ. 1:35, 36; იხ. თავკაცი).
2. იობის სამი მეგობრიდან ერთ-ერთი (იობ. 2:11). ის თემანელი იყო და, როგორც ჩანს, ზემოთ მოხსენიებული №1 ელიფაზის შთამომავალი, შესაბამისად, აბრაამის შთამომავალი და იობის შორეული ნათესავი. ის და მთელი მისი შთამომავლობა თავიანთი სიბრძნით იკვეხნიდნენ (იერ. 49:7). იობის სამი ვაი-მანუგეშებლიდან ელიფაზი ყველაზე გავლენიანი იყო და, შესაძლოა, ასაკით უფროსიც. სამივე ჯერზე ის პირველი იწყებდა ლაპარაკს და ყველაზე დიდხანს საუბრობდა.
ელიფაზის პირველი სიტყვის არსი შემდეგი იყო: „თუ დაღუპულა ვინმე უდანაშაულო? თუ ამოწყვეტილან სადმე მართლები?“. ასეთი მსჯელობის საფუძველზე, მან დაასკვნა, რომ იობს რაღაც ბოროტება უნდა ჩაედინა ღვთისგან ასეთი სასჯელის დასატეხად (იობ. თ-ები 4, 5). მეორე საყვედურის დროს ელიფაზმა დასცინა იობის სიბრძნეს: „განა ბრძენი კაცი პასუხად ამაო ცოდნას გამოიყენებს ან აივსებს მუცელს აღმოსავლეთის ქარით?.. რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით?“. ელიფაზის აზრით, იობი ცდილობდა, „ყოვლისშემძლეზე ძლიერად“ ეჩვენებინა თავი. თავისი მეორე შეურაცხმყოფელი საუბრის დასასრულს, ედომელმა მართალი იობი განდგომილ, მექრთამეთა კარვებში მცხოვრებ და მზაკვრობით სავსე კაცად წარმოაჩინა (იობ. 15). ბოლოს ელიფაზმა მესამედ ჩასცა ლახვარი გულში იობს, როცა ყველანაირი დანაშაული დააბრალა, თითქოს ის გამომძალველი იყო, გაჭირვებულს წყალსა და პურს უკავებდა და ქვრივ-ობლებს ჩაგრავდა (იობ. 22).
ელიფაზის მეორე სიტყვის შემდეგ იობმა თქვა: „ყველანი ვაი-ნუგეშისმცემლები ხართ! ექნება დასასრული ფუჭ სიტყვებს?“ (იობ. 16:2, 3). მათი საუბრის დასასრულს, იეჰოვამ ელიფაზს მიმართა: „აღეგზნო ჩემი რისხვა შენზე და შენს ორ მეგობარზე, რადგან ჭეშმარიტება არ ილაპარაკეთ ჩემზე, როგორც ჩემმა მსახურმა იობმა ილაპარაკა“. შემდეგ მან თქვა, რომ მათ მსხვერპლი უნდა შეეწირათ, იობი კი ილოცებდა მათთვის (იობ. 42:7—9).