ერასტე
[ძვირფასი; საყვარელი].
1. ქრისტიანი, რომელიც პავლეს მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ემსახურებოდა და რომელიც მან ტიმოთესთან ერთად აზიიდან მაკედონიაში გაგზავნა (სქ. 19:22). სავარაუდოდ, ეს ის ერასტეა, რომელიც კორინთში დარჩა იმ დროისთვის, როცა პავლემ ტიმოთეს მეორე წერილი მისწერა (2ტმ. 4:20).
2. ქალაქ კორინთის მმართველი, რომლის მოკითხვებიც პავლემ რომაელებს გადასცა (რმ. 16:23). კორინთში არქეოლოგიური გათხრების დროს პროფესორმა თ. ლ. შირმა ქვაფენილს მიაკვლია (1929), რომელზეც ლათინურად შემდეგი სიტყვები იკითხებოდა: „ეს ქვაფენილი თავისი ხარჯებით დააგო პროკურატორმა [და] ედილმა ერასტემ“. უცნობია, ამავე ერასტეზე საუბრობდა თუ არა პავლეც, თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს ქვაფენილი ახ. წ. პირველ საუკუნეში უკვე დაგებული უნდა ყოფილიყო. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც ქალაქის მმართველი ერასტე პავლეს მისიონერული მოგზაურობის დროსაც ახლდა თან (იხ. №1). ვინაიდან ერასტესთვის რთული იქნებოდა, რომ ერთდროულად პავლესთან ერთადაც ემოგზაურა და თავისი, როგორც ქალაქის მმართველის, მოვალეობებიც შეესრულებინა, ამ მოსაზრების მხარდამჭერნი თვლიან, რომ ერასტე თავისი ცხოვრების შედარებით ადრეულ ეტაპზე მსახურობდა ქალაქის მმართველად და ამიტომ მოიხსენიებს პავლე მას ამ ტიტულით.