ᲔᲗᲐᲛᲘ
მოსეს მიერ მოხსენიებული მეორე გეოგრაფიული ადგილი, სადაც ისრაელი იყო დაბანაკებული ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ (გმ. 13:20; რც. 33:3—7). ეთამში, „უდაბნოს პირას“, ისრაელებმა იცვალეს გეზი და „წავიდნენ ქვემოთ“ ფი-ჰახიროთისკენ, სადაც გადაკვეთეს ზღვა (რც. 33:7, 8). აქედან ჩანს, რომ ისრაელები ეთამის გავლით დატოვებდნენ ეგვიპტეს, ღმერთს რომ არ შეეცვალა მათთვის კურსი.
ისრაელების უკან დახევამ ფარაონს აფიქრებინა, რომ ისინი „დაბნეულები დაეხეტებოდნენ უდაბნოში“ და გადაწყვიტა, დადევნებოდა მათ. შედეგად, ღმერთმა დასაჯა ეგვიპტელები წითელ ზღვასთან (გმ. 14:1—4).
ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ეთამი მწარე ტბების ჩრდილოეთით, უადი-ტუმილათის აღმოსავლეთ კიდესთან მდებარეობდა. თუმცა ეს იმითაა განპირობებული, რომ ისინი ებრაულ სიტყვა „ეთამ“-ს უკავშირებენ ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელ ძველ ეგვიპტურ სიტყვას „ჰტმ“. ეს მოსაზრება სწორი რომც იყოს, არსებობდა უამრავი ადგილი, რომელთაც ეს ეგვიპტური სახელწოდება მიესადაგებოდა. რამდენადაც ეთამი არ შედიოდა ეგვიპტიდან ჩრდილოეთის მიმართულებით აღებულ მარშრუტში, რომელიც ისრაელებს „ფილისტიმელთა მიწის გავლით“ გაატარებდა (გმ. 13:17), შეიძლება ითქვას, რომ ის მდებარეობდა წითელი ზღვის ჩრდილოეთით, უდაბნოს საზღვარზე, რომელიც სინის ნახევარკუნძულის ჩრდ.-დას. ნაწილს მიეკუთვნებოდა.
რიცხვების 33:8-სა და გამოსვლის 15:22-ის შედარების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ეთამის მახლობლად არსებული უდაბნო იგივე „შურის უდაბნოა“. და თუ ეს ასე არ იყო, მაშინ — იმის მიხედვით, თუ რომელი იყო უფრო დიდი — ან ეთამის უდაბნო შედიოდა შურის უდაბნოში, ან პირიქით, შურის უდაბნო შედიოდა ეთამის უდაბნოში (იხ. ᲨᲣᲠᲘ).