საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „შიმშილი“
  • შიმშილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • შიმშილი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ჭირი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • საკვებით მომარაგება მოუსავლიანი წლებისთვის
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2020
  • ეგვიპტე, ეგვიპტელი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • დიდი შიმშილობა ირლანდიაში სიკვდილიანობისა და ემიგრაციის წლები
    გამოიღვიძეთ! — 2002
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „შიმშილი“

შიმშილი

საკვების უკიდურესი ნაკლებობით შექმნილი მდგომარეობა; აგრეთვე, სულიერი შიმშილი, კერძოდ, „იეჰოვას სიტყვების მოსმენის შიმშილი“ (ამ. 8:11). შიმშილობა ერთ-ერთი „წყლულია“, რომელიც თავს უნდა დასტყდომოდა სიმბოლურ დიდ ბაბილონს (გმც. 18:8).

შიმშილის მიზეზები და შედეგები. ბიბლიურ დროში შიმშილობის ყველაზე ხშირი მიზეზები იყო გვალვა, ძლიერი სეტყვა (გმ. 9:23—25), მავნებელი მწერები, ხორშაკი, ჭრაქი და ომი (ამ. 4:7—10; ანგ. 2:17). მოსავალს აჩანაგებდნენ კალიების გუნდებიც (გმ. 10:15). ზოგჯერ შიმშილს იწვევდა არა გვალვა, არამედ უდროოდ, მაგალითად, ხორბლის ან ქერის მოსავლის აღების დროს მოსული წვიმა (შდრ. ლვ. 26:4; 1სმ. 12:17, 18).

მცირე დროის მანძილზე უჭმელობით გამოწვეული შიმშილი ბუნებრივია, მაგრამ ხანგრძლივი დროით უჭმელობა საზიანოა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. შიმშილობას თან სდევს ძილად მივარდნა, ემოციებისა და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება. ადამიანის გონება მხოლოდ საჭმელზე ფიქრით არის მოცული (შდრ. გმ. 16:3). დამშეულისთვის უფასურდება ზნეობრივი ღირებულებები (შდრ. ეს. 8:21). ხანგრძლივი შიმშილის გამო ადამიანმა შეიძლება ადამიანური სახე დაკარგოს და არ მოერიდოს ქურდობას, მკვლელობას და კანიბალიზმსაც კი. შიმშილობას ხშირად თან სდევს ავადმყოფობა და ეპიდემიები, რადგან ამ დროს ორგანიზმი გამოფიტულია (შდრ. კნ. 32:24).

ძველ დროში. პირველი, ისტორიულად დადასტურებული შიმშილობა აბრამის (აბრაამის) დროს ჩამოვარდა. მაშინ აბრაამს ქანაანის დატოვება და ეგვიპტეში გადასვლა მოუწია (დბ. 12:10). კიდევ ერთი შიმშილობა ისაკის დროს ჩამოვარდა, თუმცა ამჯერად იეჰოვამ ისაკს ეგვიპტეში წასვლა აუკრძალა (დბ. 26:1, 2). ეგვიპტეში დაწყებული შვიდწლიანი შიმშილობა, რომლის დროსაც იოსები ფარაონის შემდეგ პირველი პირის მოვალეობას ასრულებდა და საკვების განაწილებას ხელმძღვანელობდა, როგორც ჩანს, საკმაოდ ფართომასშტაბიანი იყო, რადგან „მთელი დედამიწის ხალხი ეგვიპტეში ჩადიოდა იოსებისგან საკვების საყიდლად“ (დბ. 41:54—57).

ეგვიპტურ წარწერებში სიტყვაც არ არის ნახსენები ეგვიპტეში ისრაელების ცხოვრების შესახებ, თუმცა ზოგიერთ უძველეს ეგვიპტურ ჩანაწერში აღწერილია შიმშილობის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც მდინარე ნილოსის არასაკმარისად ადიდებამ გამოიწვია. ერთ-ერთი ტექსტი მოგვითხრობს შვიდი წლის მანძილზე მდინარე ნილოსში წყლის დაბალი დონის შესახებ, რამაც შიმშილობა გამოიწვია. ამ ტექსტის თანახმად შიმშილობის დასრულების შემდეგ ქურუმებს მიწის ნაკვეთები გადაეცათ. მართალია, არსებობს ვარაუდი, რომ „ეს ყალბი დოკუმენტია, რომელიც ქურუმებმა მოგვიანებით შექმნეს მიწებზე თავიანთი პრეტენზიების გასამართლებლად“, მაგრამ ამ ტექსტიდან იმას მაინც ვიგებთ, რომ ეგვიპტეს შვიდი მოუსავლიანი წელი ედგა (Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქციით, 1974, გვ. 31).

ვიდრე ისრაელი აღთქმულ მიწაზე შევიდოდა, იეჰოვამ ხალხს მოსეს მეშვეობით აღუთქვა, რომ თუ ისინი მას უერთგულებდნენ, საკვები უხვად ექნებოდათ (კნ. 28:11, 12), ხოლო, თუ უორგულებდნენ, ღმერთი მათ სხვა უბედურებებთან ერთად შიმშილსაც მოუვლენდა (კნ. 28:23, 38—42). მსაჯულების დროს ჩამოვარდნილმა შიმშილობამ ელიმელექი აიძულა ოჯახთან ერთად ბეთლემიდან წასულიყო და მოაბის მიწას შეხიზვნოდა (რთ. 1:1, 2). დავითის მეფობის დროს იეჰოვამ ისრაელის მიწაზე სამწლიანი შიმშილობა ჩამოაგდო, რადგან საულის სახლი გაბაონელების სისხლისღვრაში იყო დამნაშავე (2სმ. 21:1—6). ელიას ლოცვის შემდეგ იეჰოვამ ორგულ ისრაელს სამწლინახევრიანი გვალვა მოუვლინა (იაკ. 5:17; 1მფ. 17). ელისეს დროს მომხდარი რამდენიმე შიმშილობის გარდა, შიმშილი ჩამოვარდა სირიელების მიერ სამარიის ალყაში მოქცევის გამო. მაშინ ადამიანის ჭამის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა (2მფ. 4:38; 8:1; 6:24—29).

ღვთის წინასწარმეტყველებები აფრთხილებდნენ განდგომილ იუდეველებს, რომ შიმშილით, ჭირითა და მახვილით გაწყდებოდნენ, მაგრამ იუდეველები ცრუწინასწარმეტყველებს უგდებდნენ ყურს, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ უბედურება არ ეწეოდათ (იერ. 14:11—18; ეზკ. 5:12—17). და მაინც, ღვთის წინასწარმეტყველთა სიტყვები გამართლდა. ბაბილონელების ალყის დროს (ძვ. წ. 609—607) იერუსალიმში ისეთი შიმშილი მძვინვარებდა, რომ ქალები საკუთარ შვილებს ხარშავდნენ და ჭამდნენ (გდ. 4:1—10; 5:10; 2მფ. 25:1—3; იერ. 52:4—6; შდრ. კნ. 28:51—53).

წინასწარმეტყველ იოელის მეშვეობით იეჰოვამ გააფრთხილა ისრაელები, რომ „იეჰოვას დღის“ დადგომამდე მიწას მწერები შეესეოდნენ და ყველაფერს გააჩანაგებდნენ, რაც დიდ შიმშილს გამოიწვევდა (იოლ. 1).

საუკუნეების შემდეგ იესომ იწინასწარმეტყველა, რომ „ქვეყნიერების აღსასრულის“ ერთ-ერთი თავისებურება საკვების უკმარისობა იქნებოდა (მთ. 24:3, 7; შდრ. გმც. 6:5, 6). ქრისტიანი წინასწარმეტყველის, აგაბეს, სიტყვისამებრ იმპერატორ კლავდიუსის (ახ. წ. 41—54) დროს დიდი შიმშილობა ჩამოვარდა (სქ. 11:28). მანამდე რამდენიმე წლით ადრე, კერძოდ, ახ. წ. 42 წელს, დიდი შიმშილობა ეგვიპტესაც (იქ ბევრი ებრაელი ცხოვრობდა) დაატყდა. იუდეა და იერუსალიმი „დიდი გასაჭირის“ თვითმხილველი ახ. წ. 70 წელს გახდა, როცა რომაელებმა გენერალ ტიტუსის მეთაურობით იერუსალიმი ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს (ლკ. 21:23). როგორც იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს, ქალაქში შიმშილობა მძვინვარებდა. ხალხი ჭამდა ტყავს, ბალახს, თივას; იყო შემთხვევა, როცა დედამ საკუთარი შვილი შეწვა და შეჭამა („იუდეველთა ომი“, VI, 193—213 [iii, 3, 4], ინგლ.). თუმცა, საკვების უკმარისობის შესახებ იესოს წინასწარმეტყველებიდან გამოჩნდა, რომ ის მხოლოდ იერუსალიმის განადგურებამდე მომხდარ მოვლენებს არ გულისხმობდა, არამედ იმ მოვლენებსაც, რომლებიც კაცის ძის სამეფო დიდებით მოსვლამდე მოხდებოდა (ლკ. 21:11, 27, 31; შდრ. გმც. 6:5, 6).

შიმშილობა წარსულს ჩაჰბარდება. იესო ქრისტე გვარწმუნებს, რომ ღმერთი შეისმენს თავის ერთგულ მსახურთა ლოცვას, მისცემს მათ დღიურ პურს და იზრუნებს მათზე, ვინც ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე აყენებს (მთ. 6:11, 33; შდრ. ფს. 33:19; 37:19, 25). თუმცა იესომ ისიც თქვა, რომ დევნისა და წინააღმდეგობის გამო მის მსახურებს ზოგჯერ შიმშილის ატანა მოუწევდათ (მთ. 25:35, 37, 40). პავლე მოციქული თავად ყვება, რამდენჯერ მოუწია მძიმე პირობებში მსახურებისას შიმშილისა და წყურვილის ატანა (1კრ. 4:11—13; 2კრ. 11:27; ფლ. 4:12). და მაინც, მას სჯეროდა, რომ ფიზიკური შიმშილი ვერ ჩამოაშორებდა ღვთის ერთგულ მსახურებს ღვთის სიყვარულს, რომელიც მათ ყოველგვარ გასაჭირს გადაატანინებდა (რმ. 8:35, 38, 39; შდრ. ლკ. 6:25).

სიმართლესა და ჭეშმარიტებას მოწყურებული თუ მოშიებული ადამიანი სულიერად ყოველთვის დანაყრებული იქნება (მთ. 5:6; ინ. 6:35). მათ რიცხვს მიეკუთვნება „უამრავი ხალხი“, რომელსაც „დიდ გასაჭირში“ გადარჩენის იმედი აქვს. მათზე ნათქვამია, რომ „აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ“ (გმც. 7:9, 13—17). ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მთელ კაცობრიობას უხვად ექნება ფიზიკური საკვები (ფს. 72:16; ეს. 25:6).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება