ფელიქსი
[ლათ-დან, ნიშნავს ბედნიერს]
იუდეის (რომის პროვინცია) პროკურატორი, რომელმაც პავლე ორი წელი ამყოფა ციხეში მას შემდეგ, რაც მოციქული, სავარაუდოდ, ახ. წ. 56 წელს ბოლოჯერ ჩავიდა იერუსალიმში. ტაციტუსი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ფელიქსი რამდენიმე წლის განმავლობაში კუმანთან ერთად მსახურობდა პროკურატორად, ხოლო შემდეგ უკვე მარტო ასრულებდა ამ მოვალეობას იუდეაში (The Annals, XII, LIV). ვინაიდან იოსებ ფლავიუსი არაფერს ამბობს ფელიქსისა და კუმანის თანადროულ მუშაობაზე, ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ ფელიქსი პროკურატორი ახ. წ. 52 წელს გახდა („იუდეველთა სიძველენი“, XX, 137 (vii, 1), ინგლ.; „იუდეველთა ომი“, II, 247, 248 (xii, 8), ინგლ.). აღსანიშნავია, რომ პავლემ მას ასეთი სიტყვებით მიმართა: „მრავალი წელია თქვენ ამ ერის მოსამართლე ბრძანდებით“ (სქ. 24:10).
ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ფელიქსი ერთ დროს მონა იყო, რომლის ნამდვილი სახელიც იყო ანტონიუსი და რომ თავისუფლება მას და მის ძმა პალასს იმპერატორმა კლავდიუსმა უბოძა. მათი აზრით, იგი სასტიკი და უზნეო მმართველი იყო. ტაციტუსი წერს, რომ ფელიქსი „სისასტიკით იყო ცნობილი, ყველა სურვილს იკმაყოფილებდა და მეფური ძალაუფლების გამოყენებისას მისი მონური მენტალიტეტი ყოველ ნაბიჯზე ვლინდებოდა“ (The Histories, V, IX). როგორც ცნობილია, მას მღვდელმთავარ იონათანის სიკვდილში მიუძღოდა ბრალი. სვეტონიუსი წერს, რომ ფელიქსი სამი დედოფლის მეუღლე გახდა („თორმეტი კეისრის ცხოვრება“, წიგნი მეხუთე, ღვთაებრივი კლავდიუსი, 28, გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი, თარგმანი მიხო მოსულიშვილისა, გამომცემლობა „პეგასი“, 2011). ყოველივე ზემოთქმული სრულ თანხმობაშია ფელიქსის შესახებ ბიბლიაში მოცემულ ცნობებთან.
პავლეს დაპატიმრების შემდეგ, რომაელმა ათასისთავმა კლავდიუს ლისიამ, იმის შიშით, რომ მოციქულს იერუსალიმში რამეს მოსწევდნენ, მრავალი ჯარისკაცის თანხლებით იგი სასწრაფოდ კესარეაში გაგზავნა და უბრძანა პავლეს ბრალმდებლებს, რომ ფელიქსის წინაშე მის წინააღმდეგ ელაპარაკათ (სქ. 23:23—30). ხუთი დღის შემდეგ მღვდელმთავარი ანანია, ვინმე ტერტულუსი და სხვები იერუსალიმიდან ფელიქსთან ჩავიდნენ და პავლეს აბსურდული ბრალდებები წაუყენეს. ფელიქსმა, რომელიც სასამართლოს უძღვებოდა, განაჩენის გამოტანა გადადო. მან ბრძანება გასცა, რომ თვალყური ედევნებინათ პავლესთვის, შეემსუბუქებინათ მისთვის პატიმრობა და არავისთვის აეკრძალათ მისი მომსახურება (სქ. 24:1—23).
მოგვიანებით „ფელიქსმა პავლე გამოაძახებინა და ისმენდა, რასაც ის ქრისტე იესოსადმი რწმენაზე ამბობდა“. სწორედ ამ დღეს პავლემ ფელიქსის და შესაძლოა მისი ცოლის, დრუზილას წინაშეც „სიმართლეზე, თავშეკავებასა და მომავალ სასამართლოზე“ ისაუბრა. ამის მოსმენაზე ფელიქსი შეშინდა და მოციქულს უთხრა: „ახლა წადი და როცა მოვიცლი, კვლავ დაგიძახებ“. შემდეგი ორი წლის მანძილზე ფელიქსი არაერთხელ უხმობდა პავლეს და ესაუბრებოდა იმ იმედით, რომ მოციქული მოსასყიდად ფულს მისცემდა (სქ. 24:24—27).
იუდეველები ფელიქსით ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ. სავარაუდოდ, ახ. წ. 58 წელს „ფელიქსი პორციუს ფესტუსმა შეცვალა და რადგან ფელიქსს იუდეველებს შორის კეთილგანწყობილების მოხვეჭა უნდოდა, პავლე შებორკილი დატოვა“ (სქ. 24:27). თუმცა ამ ნაბიჯით მან ვერ შეძლო, იუდეველთათვის მიყენებული ზიანის გადაფარვა და მათი გულის მოგება. მის წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად იუდეველებმა მაინც გაგზავნეს რომში დელეგაცია. მიჩნეულია, რომ რომში დაბარების შემდეგ ფელიქსი მხოლოდ იმის წყალობით გადაურჩა დასჯას, რომ მისი ძმა პალასი ნერონის კეთილგანწყობილებით სარგებლობდა და მასზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო.