ᲡᲔᲚᲘ
[ებრ. ფეშეთ, ფიშთაჰ; ბერძ. ლინონ].
მცენარე, რომელიც ძველი დროიდანვე მოჰყავთ. მისი ბოჭკოსგან ამზადებენ ტილოს ქსოვილს. სელი (Linum usitatissimum) შეიძლება გაიზარდოს 0,3 მ-დან 1,2 მ-მდე. მცენარის სუსტ ღეროს ღია მწვანე შეფერილობის ლანცეტისებრი ფოთლები აქვს და მხოლოდ წვერში იტოტება. თითოეულ პატარა ტოტს გამოაქვს მუქი ან ღია ლურჯი ფერის (იშვიათად თეთრი) ხუთფურცლიანი ყვავილი (სურათი, ტ. 1, გვ. 544).
სელის გაყვავილება იმის მიმანიშნებელი იყო, რომ ის მზად იყო მოსამკელად (გმ. 9:31), და მას ფესვიანად იღებდნენ. ამის შემდეგ სელს აშრობდნენ. როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზნით ჰქონდა რახაბს გაშლილი სელის კონები სახლის ბანზე იერიხონში (იეს. 2:6).
შესაძლოა, ებრაელები ამუშავებდნენ სელს ზუსტად ისე, როგორც ამას აღწერს ახ. წ. პირველ საუკუნეში მოღვაწე ბუნებისმეტყველი პლინიუს უფროსი (Natural History, XIX. 3. 17, 18) და როგორც ეს გამოსახულია ქალაქ ბენი-ჰასანთან (ეგვიპტე) არსებულ სამარხებში შემორჩენილ უძველეს ნახატებზე. სათესლე კოლოფების მოშორების შემდეგ სელის კონებს მთლიანად წყლის ქვეშ ათავსებდნენ და ზემოდან ქვებს ადებდნენ, რომ სელი არ ამოტივტივებულიყო. სელი რომ წყლით გაიჟღინთებოდა, ღეროების გახევებული ნაწილები ლპებოდა, რის შედეგადაც ხდებოდა ბოჭკოების გამოთავისუფლება. როდესაც ღეროებს გარსი უკვე ადვილად სძვრებოდა, წყლიდან იღებდნენ და აშრობდნენ მზეზე, თან გამუდმებით ატრიალებდნენ სრულ გაშრობამდე. ამის შემდეგ სელს ქვის ფილებზე ათავსებდნენ და ხის ჩაქუჩებს ურტყამდნენ, შემდეგ ვარცხნიდნენ, რის შედეგადაც ხდებოდა ბოჭკოების გამოცალკევება და წმენდა. უშუალოდ ჩენჩოს შიგნით არსებულ ბოჭკოვან მასალას იყენებდნენ პატრუქის დასამზადებლად (იხ. ეს. 42:3; 43:17; მთ. 12:20), მაშინ როცა უფრო თეთრი და წმინდა შიდა ბოჭკოვანი მასალისგან ართავდნენ ნართს, რომელსაც გასწორების მიზნით ქვაზე დიდხანს ურტყამდნენ.
ითვლება, რომ ეგვიპტის მიწისთვის დამახასიათებელი დაბლობები და ალუვიური ნიადაგი სელის მოსაყვანად განსაკუთრებულ პირობებს ქმნის. ძველ დროში ეგვიპტე განთქმული იყო საუკეთესო სელის წარმოებით. სწორედ ამიტომ იყო, რომ დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა ეგვიპტეს ღვთის მიერ მოვლენილმა ერთ-ერთმა სასჯელმა, სეტყვამ, რომელმაც გაანადგურა სელი და ქერი (გმ. 9:23, 31). მოგვიანებით, იეჰოვას მიერ ეგვიპტის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენში, რომელიც ესაიამ ჩაწერა, ნათქვამი იყო, რომ სხვებთან ერთად შერცხვებოდნენ „დაჩეჩილ სელზე მომუშავეებიც“ (ეს. 19:9).
სელის ბოჭკოსგან დამზადებული ძაფი ან ქსოვილი (გმ. 25:4; მსჯ. 15:14). ებრაელები ძირითადად შალის ან სელის (ტილოს) სამოსს ატარებდნენ (ლვ. 13:47; იგ. 31:13, 22; ოს. 2:5, 9). ისრაელებს, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ სამღვდელო შტოს, ეკრძალებოდათ ორი სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ტანსაცმლის ჩაცმა (კნ. 22:11). სელისგან ამზადებდნენ აგრეთვე სარტყლებს (იერ. 13:1) და იალქნებს (ეზკ. 27:7). მართალია, ისრაელები თავადაც ამზადებდნენ სელის ქსოვილებს, თუმცა ის ეგვიპტიდანაც შემოჰქონდათ (იგ. 7:16).
ბიბლიაში მოხსენიებულია „ძვირფასი სელი“ და „ძვირფასი ქსოვილი“, აქედან გამომდინარე სელი სხვადასხვა ხარისხის იყო (ეზკ. 16.10; 27:16). მდიდრები, მეფეები და სამეფო კარის წარჩინებულები საუკეთესო ხარისხის სელის სამოსით იმოსებოდნენ (დბ. 41:42; 1მტ. 15:27; ესთ. 8:15; ლკ. 16:19). მდიდარმა მამაკაცმა, იოსებ არიმათეელმა, იესოს ცხედარი „საუკეთესო სელის სუფთა ტილოში გაახვია“ (მთ. 27:57–59).
ისრაელი ქალების მიერ დართული ძვირფასი სელის ძაფით დამზადდა შემდეგი ქსოვილები: ათი ქსოვილი კარვისთვის; ფარდა, რომელიც წმინდას წმინდათაწმინდისგან ჰყოფდა; კარვის შესასვლელში ჩამოსაკიდებელი ფარდა; ფარდები ეზოსთვის და ეზოს შესასვლელის ფარდა (გმ. 35:25; 36:8, 35, 37; 38:16, 18). ძვირფასი გრეხილი სელისგან იყო დამზადებული მღვდელმთავრის სარტყელი, ეფოდი და სამკერდე (გმ. 39:2, 3, 5, 8). ძვირფასი სელისგან მზადდებოდა აგრეთვე გრძელი სამოსელი სხვა მღვდლებისთვის (გმ. 39:27-29). შესაძლოა სელი იყო ის ძირითადი ქსოვილი, რომლისგანაც იყო დამზადებული საწმინდარში გამოსაყენებელი ფარდები და სამოსელი, რომლებიც მოქარგული იყო შეღებილი შალის ძაფით და ოქროთი (გმ. 35:35; 38:23).
სიმბოლური მნიშვნელობა. ბიბლიაში დიდი ბაბილონი აღწერილია როგორც ძვირფასი სელის, იისფერი და ალისფერი სამოსით მოსილი, რაც მის ფუფუნებაზე მიუთითებს (გმც. 18:16). თუმცა, ძვირფასი სელის სამოსი, რომლითაც შემოსილია ქრისტეს პატარძალი, „წმინდების სიმართლის საქმეებს განასახიერებს“. მსგავსადვე, ზეციერ ლაშქარზე ნათქვამია, რომ თეთრი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსითაა მოსილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის სამართლიან ომს ეწევა (გმც. 19:8, 11, 14; იხ. აგრეთვე დნ. 10:5; გმც. 15:6; ᲡᲔᲚᲘ).